"ლეგენდად დარჩეს!" - გალაკტიონი და ტიციანი - გზაპრესი

"ლეგენდად დარჩეს!" - გალაკტიონი და ტიციანი

ცნობილია, რომ მკვიდრ ბიძაშვილებს, გალაკტიონსა და ტიციანს სიჭაბუკეში ახლო, თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, მოგვიანებით კი ეს სიახლოვე გაუცხოებაში გადაიზარდა. მათი ურთიერთობის დეტალები სხვადასხვა მოსაზრებისა და მიზეზის გამო საზოგადოებისთვის დღემდე ცნობილი არ არის.

"ერთი ოცნებისა და ერთი გვარის ტყუპისცალების", თუმცა, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებების შესახებ, რომელთაც "რიონის ტალღად დაედევნათ სიტყვა "ანკარა", მათი მეგობრობისა თუ დაპირისპირების დღემდე უცნობი დეტალების შესახებ "გალაკტიონის კვლევის ცენტრის" უფროსი მეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი ნათია სიხარულიძე გვესაუბრა.

galak-1644482428.jpg

ბავშვობა

ყველაფერი ტიციანის დაბადებამდე - უფროსი ბიძაშვილის, გალაკტიონის "ფერხაობით", ანუ მეკვლეობით დაიწყო. ელისაბედი, ტიციანის დედა ასე იხსენებს ამ ამბავს: "მახსოვს, ორსულად ვიყავი. ტიციანი დაბადებული არ იყო. ვიწექი. ახალწლის ღამეს ჩემმა დედამთილმა შემოიყვანა გალაკტიონი, ჯერ პატარა, ფეხზე ვერ დადიოდა. შემოიყვანა და ლოგინში შემომიგორა: კარგი ფეხის არისო! როდესაც გათენდა, მე წამოვდექი. ოთახში გავიარე. პირველად იმ ახალწელიწად დღეს ნელა დადგა ფეხზე და გაიარა გალაკტიონმაც. მან ფეხი აიდგა და ჩემს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა".

გალაკტიონის უბის წიგნაკებმა ტიციანთან დაკავშირებული რამდენიმე მოგონება შემოგვინახა. პოეტი მოგვითხრობს, როგორ გადაარჩინა უმცროსი ბიძაშვილი ხიფათს: "ორი თუ სამი წლით ვიყავი უფროსი ტიციანზე. ჩვენს ადგილს ერქვა ჯერ ეზო, მერე შარა, შემდეგ გადაღმა, მერე ფშანი, მერე იქითა გადაღმა, შემდეგ იწყებოდა ჩვენი ტყე... ყველა ამ ადგილებში დამყვებოდა ტიტია და სრულებით კი არა ესმოდა რა: ვეტყოდი რაიმეს თუ არა, ვგრძნობდი, რომ ვერ გაიგო, მხოლოდ დიდი თვალები უფართოვდებოდა და დიდხანს, დიდხანს მიყურებდა... ტიტია, ბიჭო, - შევძახე უეცრად. - ადგილიდან არ დაიძრა...

მე საშინლად ავღელდი, ბუჩქიდან, რომლის ახლოს ვიდექით, ამოძვრა უზარმაზარი მწვანე გველი... ტიტიას ხელი ჩავავლე. გველმა ფშანისკენ გასწია კლაკვნით. ვაკვირდებოდი და განვიცდიდი, რას, არ შემიძლია, ეხლა ვთქვა...“

ამ დაძაბულ ამბავს სახალისო გაგრძელება აქვს: გალაკტიონის სიტყვები: "ტიტია, ხედავ, გველი!" ტიციანმა არასწორად გაიგო და შარაგზისკენ გაიქცა ყვირილით: "მგელი! მგელი! მგელი!.." მისმა ყვირილმა მთელი სოფელი ფეხზე დააყენა. გამოცვენილა ყველა: ქალი თუ კაცი, შეშინებული იმით, რომ სოფელს თავს მგლები დაესხა, რაც იმ დროს ხშირი მოვლენა იყო.

ლექსების წერა ორივემ ბავშვობიდან დაიწყო. პირველი მკითხველები და ერთმანეთის შემფასებლებიც თავადვე იყვნენ. ტიციანს ახარებდა უფროსი ბიძაშვილის წარმატება. როდესაც გალაკტიონის პირველი ლექსები დაიბეჭდა, ტიციანმა წერილი გაუგზავნა და აღტაცება ასე გამოხატა: „რომ იცოდე, გალაკტიონ, როგორ გამიორკეცდა შენდამი სიყვარული, როდესაც პირველად „ჩვენ კვალში“ შენი პირველი ლექსი წავიკითხე. რაც შეეხება „ნიავს“ და „მომაკვდავს“, მათ ხომ საზღვარს გადააჭარბეს. წარმოიდგინე, ძმაო, რომ პირველად შენ ეს ლექსები წამიკითხე, რავა ვიფიქრებდი, თუ ეს ლექსები საქართველოს პირველ ჟურნალში, როგორიც „ფასკუნჯია“, დაიბეჭდებოდა. მაშ, ვუსურვებ შენს კალამს გამარჯვებას, რომ ემსახუროს ჩვენს ღარიბ ლიტერატურას...“

პირველი სიყვარული

გალაკტიონის პირველი სერიოზული გატაცება ქუთაისელი რაისა ჩიხლაძის სახელს უკავშირდება. მშვენიერი, განათლებული, პოეზიის მოყვარული რაისა პოეტის მასწავლებლის - რაფიელ ჩიხლაძის ქალიშვილი იყო. გალაკტიონმა მას არაერთი ლექსი მიუძღვნა. საინტერესოა, რომ ქუთაისელი ლამაზმანისადმი გულგრილი არც ტიციანი ყოფილა. ტიციანის ძმა, სიმონ ტაბიძე იხსენებს: "რაისა ჩიხლაძე მოსწონდა ტიციანს და მასთან ძალიან ხშირად საუბრობდა. ტიციანმა რაისა გააცნო გალაკტიონს. როგორც ეტყობა, გალაკტიონსაც მოეწონა. მე ვფიქრობ, მიწერ-მოწერაც ჰქონდათ ერთმანეთთან. გალაკტიონიც ხშირად მინახავს მასთან მოსაუბრე. ტიციანმა და გალაკტიონმა არ იცოდნენ, რომ მათ ერთი და იგივე ქალი მოსწონდათ, მაგრამ ბედმა არც ერთს არ გაუღიმა და რაისა სხვაზე გათხოვდა”.

1912 წელს გალაკტიონმა მომავალი მეუღლე - ოლია ოკუჯავა გაიცნო. ამ დროს გალაკტიონთან ერთად ყოფილა ტიციან ტაბიძე და მას ბიძაშვილისთვის უთქვამს, ოლიას გენიალური თვალები აქვსო. გალაკტიონს ტიციანის ეს სიტყვები სამუდამოდ დარჩა მეხსიერებაში. ოლიას გადასახლების შემდეგ, 1930-იან წლებში დაწერილ გალაკტიონის გამოსათხოვარ ლექსში ვხვდებით გენიალურ თვალებს: "იმ გენიალური თვალებით დიადით,/ რაითაც ცოცხალი ხდებოდა წყვდიადი,/ ისე, ვით შორს, სადღაც იელვებს სიათი,/ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა".

სიჭაბუკის წლები

მოსკოვიდან არდადეგებზე ჩამოსული ტიციანი და საქართველოში უკვე ცნობილი პოეტი, გალაკტიონი ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, საუბრობდნენ წაკითხულ წიგნებზე, ტკბებოდნენ ჭყვიშის სიმშვიდით. შემორჩენილია გალაკტიონის პირადი წერილი ოლიასადმი, სადაც პოეტი დეტალურად აღწერს ტიციანთან ურთიერთობას: "მე და ტიტე ვკითხულობთ ერთად წიგნებს. შეღამებისას გავალთ რიონს გაღმა ყანებში, დავსხდებით რიონის პირზე ვერხვის ძირში, გვაქვს თან დოქით ღვინო, თან ვსვამთ და თან ვსაუბრობთ, ვიგონებთ ნაცნობებს, მეგობრებს, ნათესავებს; ტიტე მიამბობს მოსკოვის ამბებს, მე ვუამბობ ქუთაისისას. ხანდახან გამოდის, რომ ქუთაისის ამბები ჯობნებია მოსკოვისას, რადგან მე უფრო მეტ ტყუილებს ვამბობ, ვინემ ტიტე... მთვარე ამ დროს მაღლა სივრცეზეა ასული; ნიავი ქრის, რიონის ზვირთების ბუტბუტი არღვევს მყუდროებას. შემდეგ მივსეირნობთ ნავით. ვერ წარმოიდგენ, რა საუცხოვო რამაა ნავით სეირნობა მთვარიან ღამეს..."

ბიძაშვილებს ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ, ფაქტებსა და მოვლენებს სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ. გალაკტიონი მეოცნებე იყო, რომანტიკული ბუნების, ტიციანი უფრო რეალისტურად აღიქვამდა გარემოს. 1918 წელს მოსკოვში, კინოში ახალგაზრდა გალაკტიონს გვერდით ძალიან ლამაზი ქალი მიუჯდა და პოეტს არშიყობა დაუწყო: ხელზე ხელი მოჰკიდა, მაგრად მოუჭირა. დიდხანს ისხდნენ ასე. გალაკტიონის წარმოდგენაში ამ გარემოებამ რომანტიკული ელფერი მიიღო: ღამე, კინო, უცნობი ლამაზი ქალი. ალბათ ძალიან მოვეწონეო, – ფიქრობდა. ეს ამბავი მოგვიანებით აღტაცებით უამბო ტიციანს, მან გაიღიმა და გულგამგმირავი ირონიით დაასკვნა, ბოზი იქნებოდაო... გალაკტიონს ძალიან ეწყინა, რადგან დარწმუნებული იყო, მოარშიყე უცნობი უსათუოდ იდეალური, მიუწვდომელი ქალი იქნებოდა; სწორედ ისეთი, რომანებში რომ მოგვითხრობენ.

tic-1644482418.jpg

უთანხმოება

გალაკტიონისა და ტიციანის გზები ცისფერყანწელთა ჯგუფის დაარსების შემდეგ თანდათან გაიყარა. იყო უთანხმოებაც, კონფლიქტიც, მაგრამ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა მაინც შეინარჩუნეს. გული სწყდებოდათ, ძველებური ურთიერთობება რომ აღარ ჰქონდათ. გალაკტიონის ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ: "ტიციანს თავს დასხმიან მძარცველები, პალტო უნდა გაეხადათ, მაგრამ ტიციანი ყოჩაღად დახვედრია, არ დაბნეულა, უყვირია: - მე პოეტი ტაბიძე ვარ, არ გრცხვენიათ, თქვენ პოეტს ძარცვავთო? მძარცველებს უკითხავთ: მართლა გალაკტიონი ბრძანდებითო? ჰო, მართლა გალაკტიონი ვარ, - უპასუხია ტიციანს. მძარცველებს იმწამსვე ბოდიში მოუხდიათ და თავი დაუნებებიათ. ასე გადავარჩინე ჩვენი ტიციანელო, ჩემი სისხლით ნათესავი, მარა მაინც არ არის ჩემი კმაყოფილი..."

1937 წლის 15 დეკემბერს ტიციანს საბოლოო, უმკაცრესი განაჩენი, დახვრეტა გამოუტანეს. მას ბრალად ედებოდა ნაციონალურ-ფაშისტური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრობა, ძირგამომთხრელი მუშაობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში...

ტიციანის ტრაგიკულმა აღსასრულმა უმძიმესი კვალი დატოვა გალაკტიონის ცნობიერებაზე: ამას მისი არქივი ცხადყოფს. 1937 წლის შემდეგ გალაკტიონი ხშირად ხატავს ტიციანს. იმავე პერიოდის დღიურებში გალაკტიონი იგონებს უმცროს ბიძაშვილს. გადაწყვეტს, დაწეროს "ტიციანის ბავშვობა“. გეგმა დაახლოებით ას ერთეულს აღწევს. ტიციანის აღსასრულის შესახებ ორ თუ სამ ჩანაწერში ვხვდებით რამდენიმე სტრიქონს. ერთგან ქართველი მწერლებისა და პოეტების სიაა, სადაც სხვებთან ერთად დასახელებულია ტიციანი და იქვე შენიშვნაა: "აქ ოდესმე ჯანსაღი 33 კაციდან 20 ცოცხალი აღარ არის". გალაკტიონი (1954, 21 ნოემბერი); ხოლო მეორე ადგილას ერთადერთი ფრაზა იკითხება: "კრიმიანი - ტიციან ტაბიძის მწამებელი - მაშინ იყო თურმე 21 წლის (1955 წელი)".

არსებობს თვალსაზრისი, რომ ტიციანის ტრაგიკული აღსასრულის კვალი, ამ ამბის გაგებით გამოწვეული მტანჯველი განცდები არაპირდაპირ, მაგრამ განსაკუთრებული სიმძაფრითაა ასახული გალაკტიონის 1930-იანი წლების მიწურულს დაწერილ ლექსში "აბესინელი ჯარისკაცი". ლექსში გამოხატულია მტრის მიერ მოკლული ძმის სისხლის აღების სურვილი და რაც მთავარია, გალაკტიონის ლირიკისათვის სრულიად უჩვეულო, სასტიკი შურისძიების წყურვილიც. "ძმა წამართვა ზუზუნმა მომხდურ მტერთა ტყვიების,/ აწ გულს ცეცხლად ედება გრძნობა შურისძიების", - ამბობს პოეტი და პირობას დებს, რომ "სისხლის აღების ფიქრი არ მოასვენებს".

1950-იან წლებში, ტიციანის რეაბილიტაციის შემდეგ, მისი წიგნი გამოიცა. იხსენებენ, როგორ დაატარებდა ამ წიგნს გალაკტიონი თან, როგორ აჩვენებდა ნაცნობსა თუ უცნობს თავისი უსაყვარლესი ბიძაშვილის - ტიციანელოს ლექსებს, როგორ უკითხავდა მისდამი მიძღვნილ სტრიქონებს სევდიანი ხმით მსმენელებს.

შორენა ლაბაძე