"არ გაჩერდეთ არც მაშინ, თუ თქვენს გეგმებზე გაიცინებენ" - გზაპრესი

"არ გაჩერდეთ არც მაშინ, თუ თქვენს გეგმებზე გაიცინებენ"

ფოთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული - გიორგი კოპალიანი ამერიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია, 100%-იანი დაფინანსებით. უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრების პირველი ნაბიჯები გერმანიაში გადადგა და როგორც ამბობს, 20 წლის ასაკში მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ამერიკაში წასვლით მან ბავშვობის ოცნება აისრულა. როგორია 60 ევროდ შეცვლილი ცხოვრება, ამის შესახებ თავად გვიყვება.

- დავამთავრე ქალაქ ფოთის მერვე საჯარო სკოლა და გავხდი საუკეთესო კურსდამთავრებული - ეს სტატუსი სკოლამ და ქალაქის მერიამ მომანიჭes... ამერიკა არ ყოფილა ჩემთვის პირველი უცხო ქვეყანა, სადაც ვიცხოვრე. ამერიკამდე იყო გერმანია, სადაც 2 დაუვიწყარი წელი გავატარე. გერმანიაში „ოპერ“ პროგრამით ვიმყოფებოდი, რაც გულისხმობდა მუშაობას ბავშვებთან და გერმანული ენის შესწავლას. ისე მოხდა, რომ საქართველოში ვერ მოვახერხე სწავლის გაგრძელება, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. მიზნად დავისახე მესწავლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ეს იყო „მარკონის მაიამის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. ჩემდა საბედნიეროდ, აქ სწავლა გრანტით შევძელი. მაქვს 100%-იანი დაფინანსება. აქედან 50%-ს უნივერსიტეტი მიფინანსებს, ხოლო 50%-ს კერძო კომპანია, რომელიც აფინანსებს წარმატებულ სტუდენტებს. ვსწავლობ ბაკალავრიატზე, ბიზნესის განხრით.

- როგორი იყო გზა საქართველოდან ამერიკამდე, თქვენ ხომ სრულიად უცხო და აბსოლუტურად განსხვავებულ ქვეყანაში მიემგზავრებოდით?

- აქამდე მოსასვლელი გზა ძალიან დიდი და რთული იყო, თუმცა მაშინ, როცა მთელი გულით გვსურს რამე, არანაირი დაბრკოლება არ გვაჩერებს. მაინც ვაღწევთ შედეგს, რომლითაც შემდეგ აუცილებლად ვიამაყებთ.

გერმანიიდან ამერიკის მიმართულებით აფრენილმა ერთმა ჩვეულებრივმა რეისმა შეცვალა ჩემი ცხოვრება! თავიდან იყო ძალიან დიდი შიში, რადგან 20 წლისა მივდიოდი სულ მარტო, სრულიად უცხო ქვეყანაში. წარუშლელად რჩება ის ემოციები, რომელიც მაშინ დამეუფლა, როდესაც თვითმფრინავი ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ვხვდებოდი, რომ გაჩერების უფლება არ მქონდა. ყოველთვის ვცდილობდი ახალი ამოცანები დამესახა, რომლებიც იქნებოდა ძალიან რთული, თუმცა დასაძლევი.

fb-img-1644673696964-1645095698.jpg

- რა გხიბლავთ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში?

- ამერიკაში სტუდენტად ყოფნის ყოველი დღე არის განსაკუთრებული, გამორჩეული და დაუვიწყარი! ყოველდღე გეუფლება შეგრძნება, რომ შენ ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია. აქ მხოლოდ ლექციებს არ გვიტარებენ, უნივერსიტეტი გვამზადებს იმ ცხოვრებისთვის, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ გველოდება.

- რას ეტყოდით საქართველოში დარჩენილ სტუდენტებს, აქვს თუ არა ყველას შანსი, გახდეს წარმატებული სხვადასხვა უნივერსიტეტში?

- ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს ვეტყოდი, რომ თუ მათ რამე მთელი გულით სურთ და ამაზე ბევრს იმუშავებენ, ოცნებას აუცილებლად აქცევენ რეალობად. მერწმუნეთ, ფინანსები არის მეასეხარისხოვანი მაშინ, როდესაც მიზანი გამოძრავებს. შეერთებულ შტატებში სწავლის დასაწყებად მხოლოდ 60 ევროს გადახდამ მომიწია, ესეც მხოლოდ საკონსულოს მომსახურების თანხაა. სულ წინ იარეთ, არასდროს გაჩერდეთ! არ გაჩერდეთ არც მაშინ, თუ თქვენს გეგმებსა და ოცნებებზე გაიცინებენ! არასდროს აირჩიოთ მარტივი გზა მიზნის მისაღწევად, ეცადეთ ერთი და იმავე კარის გაღებას მანამდე, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. დღევანდელი სამყარო გვაძლევს უსაზღვროდ დიდ შესაძლებლობებს, ამიტომ არც ერთი წამი არ უნდა დავკარგოთ.

ფიქრია რობაქიძე

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონiდან