ჩოხებით შემოსილი ბოთლები და თელაველი, რომელსაც დაბადების ადგილად გურჯაანი უწერია - გზაპრესი

ჩოხებით შემოსილი ბოთლები და თელაველი, რომელსაც დაბადების ადგილად გურჯაანი უწერია

ხელსაქმე ყოველთვის ეხერხებოდა, საკუთარი ხელით განსაკუთრებული, ლამაზი ნივთების შექმნაც სიამოვნებას ანიჭებდა და წლების შემდეგ, უკვე დაოჯახებულმა შეძლო და ჭიათურაში, თავის სახლში პატარა ატელიეც მოაწყო.

- თელაველი ვარ, მაგრამ დაბადების ადგილად გურჯაანი მიწერია. 1984 წელს თელავის სამშობიაროს არემონტებდნენ თურმე და ამიტომაც მოხდა ასე. თელაველს დაბადების ადგილად გურჯაანი რომ უწერია, ეს უკვე ანეკდოტიაო, - ხუმრობენ ჩემი მეგობრები. დედა იმერელი მყავს, ითხვისიდან, სტუდენტობისას გაიცნო მამაჩემი და თელავში გათხოვდა. ხშირად მეტყოდა ხოლმე, ჭიათურის გარდა, სადაც გინდა, იქ გათხოვდიო, მაგრამ მაინც ჭიათურაში წამოვედი. თვე არ გავა, რომ კახეთში არ ჩავიდე, მეუღლეს ჩემზე მეტად უყვარს იქაურობა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ვმუშაობ კვლევებზე, პროფესიით ექიმი ვარ. სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ ექიმობა არასდროს მსურდა. უბრალოდ, მამას ძალიან უნდოდა, შვილები ექიმები ვყოლოდით და ანგარიში გავუწიე. ჩემმა დამ გაუმართლა და დღეს ძალიან კარგი ექიმია თელავში, მე კი ყოველთვის ბიზნესი და ხელოვნება მიზიდავდა. ჩემი ხელით რაღაცის კეთება, შექმნა მსიამოვნებდა და საბოლოოდ მაინც ავისრულე სურვილი. 6 წლის წინ კოსმეტოლოგიის კურსი გავიარე ქუთაისში. მაშინ გავიცანი ქალბატონი, რომელიც ულამაზეს სადედოფლო კაბებს კერავდა. იმდენად მომწონდა, რასაც აკეთებდა, მეც მომინდა მესწავლა და პირდაპირ ჩოხებით დავიწყე.

- მაგრამ ჩოხის შეკერვა ხომ ძალიან რთულია...

273160291-549738119347268-4423089877431179107-n-copy-1645096440.jpg

- ბავშვობიდან ვხატავ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მივლია ხატვის წრეზე, არც ჭრა-კერვა უსწავლებია ვინმეს. როდესაც რამეს დავისახავ მიზნად, არ ვიშურებ ენერგიასა და მონდომებას, რეალობად უნდა ვაქციო ჩანაფიქრი. ყველაზე დიდი სირთულე ალბათ საქილეების გამოყვანაა, მაგრამ მე არ გამჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი არ მყავდა.

ქორეოგრაფიული სტუდიაა ჭიათურაში, ჩემი შვილები დამყავდა იქ და მასწავლებლებს ვთხოვე, ყველაზე ძველი ჩოხა ეთხოვებინათ თარგის ასაღებად. მადლობელი ვარ, რომ ყურადღებით მოეკიდნენ ჩემს თხოვნას და ძველი ჩოხა მაჩუქეს, დაშალე და ამის მიხედვით აიღე თარგიო. მართლაც, ასე მოვიქეცი. ახლა უკვე 200-მდე ჩოხა მაქვს შეკერილი, ასევე ცეკვის ფორმებიც - კინტოურის, მთიულურის, აჭარულის და ა.შ. ფორმებს ზეიმებისთვის ვაქირავებ. ასევე, საქორწილო, სამეფო ჩოხები და სადედოფლო კაბებიც მაქვს. მიხარია, რომ ბოლო წლებში ტრადიციული სამოსი ასე მოსწონთ ახალგაზრდებს. ხშირად საზღვარგარეთიდანაც მაქვს შეკვეთები - ლონდონიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან. ახალდაბადებულებისთვისაც ხშირად მაკერვინებენ ჩოხებს. ახალი დანადგარები მაქვს „აწარმოე საქართველოს“ წყალობით. შარშან გრანტი მოვიგე და საქარგავი მანქანა ვიყიდე. ახლა, ნათლობისთვის ჩოხას რომ მიკვეთავენ, ბავშვის სახელს ქართულად ვაქარგავ და მთელი სიცოცხლე სამახსოვროდ რჩებათ.

- ჩოხების გარდა, ხელნაკეთ სუვენირებსაც ამზადებთ ქართულ თემატიკაზე.

- ერთხელ ლილოში სუვენირების მაღაზიაში რაღაცას ვყიდულობდი. კარგად ვიცნობდი მაღაზიის მეპატრონეს. დაინახა, რომ სხვადასხვა ფერის ლენტი მეწყო ჩანთაში და მკითხა, რად გინდაო? ვუთხარი, რომ ჩოხებს ვკერავდი და ვაქირავებდი. იქნებ ისეთი ჩოხა შეკერო, შამპანურისა და ღვინის ბოთლს რომ ჩამოვაცვათ და სუვენირად გაიყიდოსო. ჭიათურაში რომ დავბრუნდი, ვერ მოვითმინე და იმ ღამესვე ვცადე, რა გამოვიდოდა. წარმოვიდგინე, სად ექნებოდა მხარი, სად მკლავი, მუცელი და გავაკეთე თარგი, შევკერე კიდეც და ფოტოც გადავუგზავნე. ძალიან მოეწონა, - არ მეგონა, ასეთი ეფექტური თუ გამოვიდოდაო. მერე პატარა ბეწვის ბოხოხებიც შევუკერე, ხმალიც ავჭერი, მერე უკვე ბარბის თოჯინებიც შევმოსე ტრადიციული ქართული სამოსით. ბათუმსა და თბილისში რამდენიმე მაღაზიაში ვაბარებ და ძალიან მოსწონთ უცხოელებს. ამას წინათ თბილისში ყოფნისას, ჩემმა მეუღლემ რუსთაველზე, ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში დაინახა ჩემი თოჯინა. გულწრფელად გითხრათ, გამიხარდა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც შენი შრომა დაფასებულია და სხვების აღტაცებას იმსახურებს. ამიტომაც არ ვგრძნობ დაღლას მაშინაც კი, როდესაც ღამის 2 საათზე ვიძინებ. 3 შვილი მყავს, ვცდილობ, მათ ყურადღება და მზრუნველობა არ მოვაკლო და დროს ისე ვანაწილებ, რომ ყველაფერი მოვასწრო ოჯახშიც, სამსახურშიც, ბიზნესშიც და მაინც, ამდენი საქმის მიუხედავად, სულ ვფიქრობ, კიდევ რისი გაკეთება შემიძლია.

ნინო ჯავახიშვილი