ბავშვები, რომლებსაც მხოლოდ სიყვარული შეუძლიათ... - გზაპრესი

ბავშვები, რომლებსაც მხოლოდ სიყვარული შეუძლიათ...

სწორედ ამ ქალბატონის დამსახურებაა, რომ შიდა ქართლში - გორში, ქარელსა და ხაშურში შშმ პირებს აქვთ ადგილი, სადაც რეაბილიტაციასა და თერაპიას გადიან, სხვადასხვა ხელობასაც ეუფლებიან. რამდენად არის დღეს დაცული შშმ პირების უფლებები და კიდევ რისი გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით? - ამის შესახებ თინა ბრეგვაძესთან ვისაუბრეთ.

- ქალბატონო თინა, იმ პერიოდში დააფუძნეთ ორგანიზაცია, როდესაც არ არსებობდა არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა, რომლის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვნად ჩართვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, ასევე, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. თვითონ შშმ პირებშიც არ შეინიშნებოდა მზადყოფნა, ამ პროცესებში ჩაბმულიყვნენ.

- 1994 წელს გავხდი ეტლით მოსარგებლე. 8 თვე ერევნის სარეაბილიტაციო ცენტრში ვიწექი და პირველად იქ ვნახე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები; ახალგაზრდები, რომლებიც მშობლებთან ერთად იყვნენ და რეაბილიტაციას გადიოდნენ. ვიფიქრე, როგორც კი გორში დავბრუნდები, აუცილებლად დავაფუძნებ ორგანიზაციას და ასეთებს ყველანაირად დავეხმარები-მეთქი. იმ პერიოდში მარტო შიდა ქართლში კი არა, სხვა რეგიონებშიც იდგა შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა. ჯერ კიდევ არავინ საუბრობდა მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენების შეცვლის, განათლებისა თუ სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობის შესახებ. თბილისში ახალი დაწყებული იყო მოძრაობა შშმ პირთა გააქტიურების მიზნით. გიორგი ძნელაძემ ჩამოაყალიბა კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ და ჩემმა შვილმა მითხრა ამის შესახებ. დავუკავშირდი გიორგის და შევხვდი. რამდენიმე ტრენინგი გავიარე ამერიკიდან ჩამოსულ სპეციალისტებთან და გორში დაბრუნებულმა ყველა სოფელი შემოვიარე ინფორმაციის შესაგროვებლად. მივაკვლიე 25 ეტლით მოსარგებლეს და 1997 წელს გორში მარათონი გავმართეთ. ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვე დაგვხმარებოდა ამ სპორტული ღონისძიების ორგანიზებასა და ჩატარებაში. მარათონი გავმართეთ სტალინის ძეგლიდან (მაშინ ჯერ კიდევ იდგა) სახლ-მუზეუმის გარშემო. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადავეცით. ეს იყო ზეიმი ჩვენთვის, მაგრამ მახსოვს, საზოგადოება უარყოფითად შეხვდა ჩვენს აქტიურობას. რა გამოსასვლელები იყვნენ გარეთ ან საერთოდ, რა საჭირო იყო ეს რბოლაო? ერთდროულად ბედნიერიც ვიყავი იმ დღით, რაკი სიხარული მივანიჭეთ ამდენ ადამიანს და უბედურიც, საზოგადოების მხრიდან ასეთი დამოკიდებულების გამო. ამის შემდეგ ხშირად ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით. მახსოვს, ზოგს ეტლიც კი არ ჰქონდა, სკამით მოჰყავდათ ოჯახის წევრებს, ზოგისთვის ჩვენ ვიშოვეთ სავარძელი და ასე, ნელ-ნელა აეწყო საქმე. იოლი არ იყო შშმ პირების დათანხმება, შინიდან გამოსულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში. სხვები კი არა, მათი მშობლებიც გვეუბნებოდნენ, - კარგი და, რომ წამოვიდეს, რა უნდა გააკეთოს ან რას მიაღწევსო?!. არადა, ბევრ რამეს მიაღწიეს. მაგალითად, ნინო საბაშვილმა, დიანა ჯიშიაშვილმა, ლევან მახათაძემ და კიდევ ბევრმა!.. 5 შშმ პირი გორის მუნიციპალიტეტში მუშაობს სხვადასხვა თანამდებობაზე. ეს ხომ ჩვენი, ყველას წარმატებაა. მათ მიეცათ შესაძლებლობა, იყვნენ რეალიზებულები, დამოუკიდებლები და ოჯახებს მიეხმარონ.

„ინვალიდთა კლუბი“ - თავდაპირველად ასე დავარქვი ორგანიზაციას. თუ გახსოვთ, მაშინ სიტყვა „ინვალიდი“ გამოიყენებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. ორი პროექტი დავწერე და ორივე დამიფინანსდა. თავდაპირველად სამუშაო ფართიც არ გვქონდა და კეთილი ადამიანის დახმარებით ვიქირავეთ ბინა, მერე ადგილობრივი ხელისუფლებისგან იჯარით ავიღეთ და დავიწყეთ აქტიურად მუშაობა. დაფინანსება რომ მოვიპოვე, ორგანიზაციაში გაწევრებულ შშმ პირებს ხელობა ვასწავლეთ, ფეხსაცმლის შეკერვა. 2008 წელს უკვე დღის ცენტრიც შეიქმნა. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, მაგრამ ეს ყველაფერი შევძელი და ასობით და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარე.

- რამდენი ბავშვისთვისაა გახსნილი დღის ცენტრი, რას შეისწავლიან და ეს სერვისი მათთვის რამდენად ხელმისაწვდომია?

- 85 ბავშვისთვისაა გათვალისწინებული და ხელმისაწვდომია სწავლა, რადგან სახელმწიფო აფინანსებს. ძირითადად, 3 მიმართულებით ვმუშაობთ - გვყავს შშმ ბავშვები 6-დან 18 წლამდე, 18-დან 35 წლამდე და ასევე, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები, რომლებიც ხელობას სწავლობენ. გვაქვს ცენტრი, სადაც იღებენ ფიზიოთერაპევტის, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მომსახურებას. უკვე ხაშურსა და ქარელშიც გავხსენით დღის ცენტრები. ქარელში, ერთ-ერთი ორგანიზაციის დაფინანსებით, 35 ბავშვი სწავლობს, ხაშურში - 20, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვეთ, რომ 15 შშმ პირი კიდევ დააფინანსოს... რომ ნახოთ ეს ბავშვები, გაოცებული დარჩებით მათი მონდომებით, სიხარულისა და სიყვარულის უნარით. მათ არასდროს არანაირი ბოროტება არ გაუვლიათ გულში, მხოლოდ სიყვარული შეუძლიათ. უფალს სულ მადლობას ვწირავ, რომ მათთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ბედნიერებას მანიჭებს, რომ თვითონაც ეტლით მოსარგებლემ შევძელი ასეთი კარგი საქმის გაკეთება.

- რას სწავლობენ ცენტრში?

- ვისაც რა შეუძლია და მოსწონს: ზოგს მძივების ასხმა, ზოგს - ხატვა, ზოგს - თიხაზე მუშაობა. თეორიულ კურსთან ერთად გადიან პრაქტიკასაც. ქარელში ძირითადად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები გვყავს და მათ საოცარი ნაკეთობები აქვთ. გორში გვაქვს სამკერვალოც, კერამიკის საამქროც, ტიხრული მინანქრის შესწავლაც შეუძლიათ. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, დღემდე ონლაინსწავლებაზე ვართ. არადა, ბავშვებს უყვართ დღის ცენტრში მოსვლა, ერთმანეთთან მეტი კონტაქტი აქვთ. დილით მოგვყავს მიკროავტობუსებით და 5 საათამდე ჩვენთან არიან.

131675399-10226767928688975-8636136330861370302-n-1645096616.jpg

- როგორც თქვით, მძიმე იყო პერიოდი, როდესაც საზოგადოებისგან უარყოფით დამოკიდებულებას გრძნობდით. საინტერესოა, რა ან ვინ დაგეხმარათ მძიმე რეალობის დაძლევაში?

- ბევრი უძილო ღამე და თვალცრემლიანი დღე მახსოვს, რთული იყო. მანამდე ეტლით მოსარგებლე არასდროს მყავდა ნანახი. ერევანში კი ვხედავდი ახალგაზრდებს, რომლებსაც მშობლები უვლიდნენ. მათი დედები ისეთ დღეში იყვნენ, ახლაც მეტირება, რომ ვიხსენებ. მაშინაც მადლობას ვწირავდი უფალს, რომ მე ვიყავი ეტლში და არა - ჩემი შვილი. სწორედ ეს მაძლევდა ძალას, ყველა დაბრკოლება დამეძლია და რადაც უნდა დამჯდომოდა, ასეთ ახალგაზრდებს დედასავით დავხმარებოდი. ჩემი გასაკეთებელი უნდა გამეკეთებინა!

- ვიცი, არ გიყვართ იმ შემთხვევის გახსენება, მაგრამ იქნებ მითხრათ, როგორია თქვენი ამბავი, რა მოხდა 1994 წელს?

- მაშინ როგორი არეულობა იყო ქვეყანაში, ალბათ გახსოვთ. სოფელ დიცში ვიყავით გასვენებაში. ტყვიავთან საწვავი ჩაასხა ჩემმა მეუღლემ. როგორც ჩანს, იქიდან გამოგვყვნენ და კარალეთთან ჩაგვცხრილეს. მანქანაში ოთხი ვისხედით, ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, დანარჩენები დავიჭერით. 42 წლის ვიყავი მაშინ.

ძალიან კარგი მეუღლე მყავდა, ვიცე-პოლკოვნიკი. სამი შვილი მყავს, ბიჭები. უფროსი, მამა მიქაელი თბილისშია, შუათანა ჩემთან მუშაობს, ასევე, ჩემი რძლებიც. ორგანიზაცია დიდია და საქმე ბევრია. რომ არა ოჯახი, რომ არა მეუღლე, შვილები, რძლები, არ ვიცი, შევძლებდი თუ არა ამდენის გაკეთებას.…სასოწარკვეთილი ვიყავი, წარმოიდგინეთ, სახლში მყავდა 4 კაცი, მე კი აბსოლუტურად არაფრის კეთება არ შემეძლო. ძალიან მძიმე იყო ჩემი მდგომარეობა... საავადმყოფოში ორი თვე უგონოდ ვიყავი, შემდეგ თბილისში გადამიყვანეს. რეაბილიტაციას ორი წელი დასჭირდა, მაგრამ მაინც შევძელი - მთავარია, მოინდომო და ყველაფერს შეძლებ!

მინდა, უფრო მეტი გავაკეთო. მათთვის, ვინც გაუარესებული მდგომარეობის ან უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებს გარეთ გამოსვლას, ვფიქრობ პატარა სასტუმროს გაკეთებას - მშობელს შეეძლება, შვილი ერთი ან ორი კვირით დატოვოს, რეაბილიტაციის კურსსაც გაივლიან. კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, პირველ რიგში - უსინათლოებისა და სმენადაქვეითებულებისთვის, ძალიან ჭირს მათი დასაქმება. მინდა ვთხოვო შშმ პირების ოჯახის წევრებს, ხელი შეუწყონ მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში. მათი დახმარების გარეშე არაფერი გამოვა. ეს ცხოვრება მეტი არაფერია, გარდა სიყვარულისა, სიკეთისა. ამ ბავშვების გაღიმებულ სახეებს რომ ვუყურებ, მეც ბედნიერი ვარ, ჩემი შვილებივით და შვილიშვილებივით მიყვარს ყველა.

ნინო ჯავახიშვილი