შველიძე, თოიძე, ახვლედიანი... - გზაპრესი

შველიძე, თოიძე, ახვლედიანი...

მირიან შველიძე

საქართველოს არაერთ თეატრში აქვს სპექტაკლი გაფორმებული, თუმცა, რუსთაველის თეატრის საამქროში უფრო ხშირად იყო თუ შინ, რთული სათქმელია. მას შემდეგ, რაც სამხატვრო აკადემია დაასრულა, თეატრში მოხვდა და სიცოცხლის ბოლომდე ზღაპრულ სამყაროს არ მოშორებია. ჩუმი, წყნარი, შრომისმოყვარე, ბევრი საუბრის გარეშე აკეთებდა საქმეს. მისი პიროვნების მიმართ ყურადღება და ხმაური არ უყვარდა, არც საკუთარ თავზე ლაპარაკი გამოსდიოდა, თავის სამყაროში ფუსფუსს არაფერი ერჩივნა. რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი არათუ მომსწრე, არამედ ამ თეატრის ყველა წარმატების თანამონაწილე იყო. უსაზღვრო ფანტაზიის კაცი, ისეთი სპექტაკლების სცენოგრაფიის ავტორი იყო, როგორებიცაა: „ყვარყვარე“, „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „მაკბეტი“, „ლამარა“, „ჰამლეტი“, „კაცია-ადამიანი?!“, „გოდოს მოლოდინში“, „თამაშის დასასრული“ და ა.შ.

„დავობლდი. უდიდესი მეგობარი, ჩემი სულის დიდი ნაწილი, სიკეთის შუქი, უდიდესი სცენოგრაფი, შეუდარებელი მამაკაცი, ჩუმი და ნაღდი თბილისელი რაინდი აღარ არის.…აღარაფერს ვიტყვი! მარტოობა შავი ღრუბელივით დამაწვა, გამაქვავა და დამამუნჯა!" - ასე გამოეხმაურა მხატვრის გარდაცვალებას რობერტ სტურუა, რომელთა შემოქმედებითი დუეტი არაერთ წელს ითვლის.

"გენიალური მირიან შველიძე აღარ გვყავს, - წერდა ავთო ვარსიმაშვილი, - 42 წლის მანძილზე 31 სპექტაკლი გავაკეთეთ ერთად. გენიალური მხატვარი და მეგობარი... მარტში „თავისუფალში“ გამოვა „ოტელო“. „ეს ჩემი ბოლო სპექტაკლი იქნება“, - მითხრა მირიანმა დეკემბერში. „ნუ სულელობ, კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ“, - ეგ კი ვუთხარი, მაგრამ მივხვდი, რომ სიმართლეს ამბობდა. დაობლდა მისი სათაყვანებელი რუსთაველის თეატრი, დაობლდა მთელი ქართული თეატრი“...

5-copy-1645096949.jpg

გივი თოიძე

XIX საუკუნის ძველი თბილისი, რამდენიმე ფოტოგრაფის ნამუშევრებმა შემოგვინახა. ის ფოტოები უკვე ჩვენი დედაქალაქის ისტორიაა. თუმცა მას შემდეგ, არაერთმა ადგილმა იცვალა პირვანდელი იერი. გივი თოიძის სახელოსნოში ფერწერულ ტილოებზე, სხვადასხვა თემაზე შექმნილ ნამუშევრებთან ერთად, ისეთ ძველ შენობა-ნაგებობებს, სკვერებსა და ცალკეულ ქუჩებს აღმოაჩენდი, ავტორის განმარტების გარეშე, შეიძლება ვერც გეცნო, თუ „რასთან გვქონდა საქმე“. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას, ბაბუამისის ძმა, ცნობილი მხატვარი მოსე თოიძე არიგებდა: „ფერწერა თუ გინდა ისწავლო, ძველი თბილისი უნდა წერო“. დაუჯერა, დაუჯერა და არც წაუგია, გივი თოიძეს საზოგადოება ძველი თბილისის ყოფისა და ხედების უბადლო შემსრულებლად იცნობდა.

„დღეს ჩემს ნახატებზე დახატული სახლები, ეზოები აღარ არის. აიღეს, გაქრა, ვეღარ იცნობ ამ ადგილებს. იმიტომ ვხატავ, რომ ხვალ-ზეგ მათი დიდი ნაწილი აღარ იქნება“, - ამბობდა და დაუსრულებლად ხატავდა თბილისს.

„შინ რომ ვმუშაობ, აუტანელი ვარ, არ შეიძლება ამ დროს „ბახ-ბუხ“ ისმოდეს. ხატვა შემოქმედებითი პროცესია, როგორც წერა და არ შეიძლება იმ დროს ვინმემ დაგირღვიოს მყუდროება. ბაქი-ბუქობენ ხოლმე, პალიტრა თუ სუფთა არ იქნა, ვერ ვმუშაობო. ჭუჭყიან პალიტრაზეც ხოშიანად ვმუშაობ, გააჩნია მასთან რა გულით და სულით მიხვალ. ჩემი პალიტრა რომ ნახოთ, გული გაგისკდებათ. ყველას უკვირს ამ ჭუჭყიან პალიტრაზე, სუფთა ფერს როგორ იღებო. სწორედ ეგ არის ჩემი „სეკრეტი“, რომ ჭუჭყიან პალიტრაზე ასე კარგად ვიღებ ფერს. კამკამა წყალში თევზის დაჭერა ადვილია. თუ ვაჟკაცი ხარ, ისეთ წყალში დაიჭირე, სადაც არაფერი ჩანს...

მე მუშა კაცი ვარ და პაპაჩემიც სულ ამას ამბობდა, - ვინც არ მუშაობს, ვერაფერს მიაღწევსო. ჩანაფიქრს თავი უნდა შესწირო და ბოლომდე მიიყვანო. ყოფილა შემთხვევები, რომ წელიწადიც გასულა და მერე დავბრუნებივარ სურათს, სპეციალური ლაკი გადამისვია ზევიდან, რომ ძველ დაწერილს სახე მიეღო. არავის ეგონოს მხატვრის ცხოვრება მარტივი. თითოეულ სურათში ჩვენი სული და ცხოვრება დევს“...

გივი თოიძეს ემოციური, ხმამაღალი ლაპარაკი უყვარდა, გეგონებოდა ჩხუბობდა. ერთხელ დაბნეულმა და ცოტა არ იყოს შეშინებულმა, მორიდებით ვკითხე: „ფიცხი ხართ, არა?“

- ფეთქებადი ვარ, მაგრამ გულში ჩადება არ ვიცი. უცებ ავფეთქდები, ვიყვირებ და მერე გადამივლის. რაც არის, ეგ არის, იცის ყველამ, რომ ემოციური ვარ. წყნარი ლაპარაკი არ შემიძლია. თავიდან დავიწყებ მშვიდად და მერე გავრეკავ ხოლმე... - მკაცრად, ხმამაღალ ტონალობაში მიპასუხა და ძლივსშესამჩნევად გაიღიმა.

7-copy-1645096971.jpg

ლომერ ახვლედიანი

ლომერ ახვლედიანმა მოსკოვის კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ ოპერატორად დაიწყო. თუმცა, სანამ კამერას ხელს მოჰკიდებდა და უამრავი ფილმის ოპერატორი გახდებოდა, მანამდე სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და „გეპეიში“ ჩააბარა, სადაც ბიძამისი სამთო ფაკულტეტის დამაარსებელი იყო, ხოლო დეიდაშვილი იქ უკვე სწავლობდა გეოლოგიის ფაკულტეტზე.

„მეც გეოლოგიურზე ჩაბარება მოვინდომე. ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მაინც რაღაც სხვა მინდოდა. ეს იყო თეატრი, წიგნის კითხვა, კინოში გაქცევა. ჯერ კიდევ ბოლო კურსიდან პალეობიოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, მაგრამ გულს ვერ ვუდებდი. ღმერთმა ნუ ქნას, მთელი ცხოვრება ის აკეთო, რაც არ მოგწონს. ძნელია, მაინცდამაინც არ გსიამოვნებდეს იქ მისვლა, სადაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებ. ოთხი წლის შემდეგ, სამუშაოდ კინოსტუდიაში წავედი. ტიტო კალატოზიშვილს ჩემი მიღება მეგობრებმა სთხოვეს. მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, ერთადერთი ჩემს მეუღლე ნანას არ დაუწუნია ჩემი არჩევანი. მაშინ უკვე პირველი შვილიც გვყავდა - ნინო, შემდეგ შეგვეძინა არჩილი. დავუწყე ნინოს ფოტოების გადაღება და ეს კინოს მიმართ სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინება იყო".

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ არაერთ რეჟისორთან მოუწია მუშაობამ, მათ შორის იყვნენ: თენგიზ აბულაძე, ლანა ღოღობერიძე, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, თემურ ფალავანდიშვილი...

„ფაქტობრივად ჩვენს ყველა რეჟისორთან ვიმუშავე, ბატონ ოთარ იოსელიანის გარდა. ძალიან გამიმართლა, რომ ბატონ თენგიზთან ჩემი პირველ სურათი გავაკეთე. მას და ბატონ ტიტო კალატოზიშვილს დიდი ღვაწლი აქვთ ჩემზე. თენგიზ აბულაძე საოცარი პიროვნება იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მასზე უმცროსი ვიყავი, მაგრამ ძალიან დავმეგობრდით. ჯერ ოპერატორის ასისტენტად ვმუშაობდი, ხოლო „ვედრების“ გადაღების დროს მეორე ოპერატორად, პირველი საშა ანტიპენკო გახლდათ. ამის შემდეგ მე და ირაკლი კვირიკაძემ გადავიღეთ ფილმი „ქვევრი“ - რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით. შემდეგ უკვე თენგიზმა მთავარ ოპერატორად დამიძახა. მაშინ ის „სამკაული სატრფოსათვის“ იღებდა. იმ დროს მე რეჟისორობა მინდოდა და ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა მის ასისტენტად მემუშავა. ჯერ ეს ფილმი გადაიღე და ვნახოთო, - მითხრა მან. როცა გადაღებას ვიწყებდი, ბატონებმა თენგიზმა და ტიტომ კინემატოგრაფიის თვალსაზრისითაც ბევრი რჩევა მომცეს. საერთოდ, მუშაობის პირველ პერიოდში ძალიან გამიმართლა, რადგან შესანიშნავ რეჟისორებთან ვთანამშრომლობდი. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი ლანა ღოღობერიძეა. ჩვენ ერთად გადავიღეთ „აურზაური სალხინეთში“. ასევე, ბატონ ელდარ შენგელაიასთან მუშაობაც დღესასწაულივითაა...

ჩემს ბიოგრაფიაში ყველაზე მნიშვნელოვან ფილმად „ნატვრის ხე“ მიმაჩნია. მართლა დიდი ფილმია. ეს მხოლოდ ჩემი აღიარება არ არის, მთელი კინემატოგრაფიული სამყარო ასე ფიქრობს და თან უყვარს ყველას, ვინც ნახა. მათ შორის ახალგაზრდებსაც, განსაკუთრებით ვინც კინოს სფეროში მუშაობს. ოპერატორისთვის გამართლებაა, ამგვარი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები გადაიღოს. კინო ბევრი ადამიანის შრომის შედეგად იქმნება, მაგრამ ამავდროულად არანაირად არ გამოვრიცხავ რეჟისორის უპირატესობას. ჭკვიანი რეჟისორი ისაა, რომელიც კარგი მასალის არსებობის დროს, ცდილობს, თანამოაზრეებთან და პროფესიონალებთან იმუშაოს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალი ვიყავი, როცა თენგიზმა „ნატვრის ხეზე“ სამუშაოდ დამიძახა. თავშეკავებული კაცი ვარ, მაგრამ არ მრცხვენია თქმა, რომ „ნატვრის ხე“ ერთ-ერთი საუკეთესო სურათია, რომელიც მინახავს“.

P.S. ჟურნალ „გზის“ რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, კოლეგებს და პატივს მიაგებს მათ ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე.

ანა კალანდაძე