გოგონა ფრენის სურვილით "არწივობიდან" დიდ ავიაციაში - გზაპრესი

გოგონა ფრენის სურვილით "არწივობიდან" დიდ ავიაციაში

ბავშვობაში, როცა კავკასიონის მთებს ხედავდა, იმდენად მოსწონდა, სურვილი ჰქონდა, ამ მთებისთვის ზემოდან გადაეფრინა. მაშინ ძალიან პატარა იყო და ფიქრობდა, ამას იმ შემთხვევაში მოახერხებდა, არწივი თუ იქნებოდა. ბებიამ უთხრა, ამ სურვილის ასასრულებლად არწივობა არ არის საჭირო, შეგიძლია მფრინავი გახდეო და ცნობილი სამხედრო მფრინავის, ჯიმი მაისურაძის ამბავს მოუყვა. ამ დღის შემდეგ დაიწყო ფიქრი მფრინავობაზე. სოფიკო ჭუმბურიძე ამ პროფესიის ხიბლსა და დიდ ინტერესზე მოგვითხრობს.

- კახეთიდან ვარ. მეზობელ სოფელში მფრინავი ჯიმი მაისურაძე ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, ის სამხედრო მფრინავი გახლდათ, რომელსაც მეტსახელი "შავი პოლკოვნიკი" შეარქვეს. იმ დღის შემდეგ, როცა ბებომ ბატონ ჯიმიზე მიამბო, გადავწყვიტე, მეც მფრინავი გავმხდარიყავი. ასე გაჩნდა ჩემში ამ პროფესიისადმი ინტერესი, მაშინ 11-12 წლის ვიქნებოდი. სხვაგვარად დავფიქრდი - თურმე სავსებით შესაძლებელია, კავკასიონის მთებში გაიჭრა და გაფრინდე.

- დამეთანხმებით, ამ პროფესიას ბევრი გოგო არ ირჩევს. როგორც ვიცი, ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა თქვენც გქონდათ.

- დიახ, დედა ჩემი მფრინავობის სასტიკი წინააღმდეგი იყო, ამიტომ, სკოლა რომ დავასრულე, საბუთები სამედიცინო უნივერსიტეტში შევიტანე, ჩავაბარე და ვისწავლე. მომავალ პროფესიად ქირურგობა ავირჩიე. მაშინ საავიაციოზე სწავლა დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, წლიური გადასახადი დაახლოებით 5.000 ლარის ფარგლებში იყო, დედას ანგარიში ამ მხრივაც გავუწიე. მისი მხრიდან სულ მესმოდა, რომ ეს არ იყო ქალის პროფესია. ამიტომ საავიაციო უნივერსიტეტი საბუთების შეტანის დროს აღარც კი ჩამიწერია. სამედიცინოზე ჯერ საქართველოში ვსწავლობდი, შემდეგ გერმანიაში წავედი და იქ გავაგრძელე. სამშობლოში რომ დავბრუნდი, ერთ-ერთ კლინიკაში ქირურგის დამხმარედ დავიწყე მუშაობა. მხოლოდ 3 თვე გავძელი, ეს საქმე ოდნავაც არ მიზიდავდა. ამიტომ გადავწყვიტე, ისევ გერმანიაში წავსულიყავი, იქ მემუშავა, თანხა დამეგროვებინა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საავიაციო უნივერსიტეტში ჩამებარებინა. ჩანაფიქრი რეალობად ვაქციე. მცირე ხანი ავიაციის სფეროში გერმანიაში ყოფნის დროსაც გავატარე. მფრინავად მუშაობა რომ დაიწყო, ფრენის გარკვეული საათები უნდა გქონდეს დაგროვებული. ის საათები, რომლებიც გერმანიაში დამიგროვდა, საქართველოში არ ჩამითვალეს, მინიმუმ 150 საათია საჭირო. ამიტომ გარკვეული გზის თავიდან გავლა მომიხდა.

- გერმანიაში ფრენა როგორ მოახერხეთ? ცოდნა და გამოცდილება ხომ არ გქონდათ.

- იქ სხვაგვარი მიდგომა და სისტემაა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში თეორიას გასწავლიან, შემდეგ არის პრაქტიკა უშუალოდ იმ საფრენ აპარატზე, რომლითაც მერე უნდა იფრინო, რა თქმა უნდა - ინსტრუქტორთან ერთად. საქართველოში 3 წელი სწავლობ თეორიას, შემდეგ მიდიხარ პრაქტიკაზე და ლიცენზიის აღების შემდეგ განაცხადი უნდა შეიტანო კომპანიებში, რომ დაგასაქმონ.

176340090-2502452633233705-6168806566122473701-n-copy-1645099632.jpg

- საქართველოში დიდი კონკურენციაა?

- საკმაოდ. მხოლოდ ჩემს კურსზე 25 სტუდენტი ვიყავით. ყველა დიდ ავიაციაში წასვლის მიზნით როდი სწავლობს. ზოგს უნდა, ვერტმფრენით იფრინოს, ზოგიერთი საქართველოდან საერთოდ მიდის. როგორც ვიცი, წელსაც და მომავალ წელსაც ბევრი სტუდენტი ამთავრებს.

- "მფრინავი გოგო" - ამ სიტყვებზე საზოგადოების რეაქცია როგორია?

- ბევრს უკვირს. ფიქრობენ, რომ ეს არ არის გოგოს პროფესია. აღნაგობიდან გამომდინარე უმრავლესობას ბორტგამყოლი ვგონივარ და როცა იგებენ, თვითმფრინავი მე უნდა ვმართო, უკვირთ. კაცები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი. ზოგი ამბობს: არათუ თვითმფრინავში, ქალს ველოსიპედზეც არ შემოვუჯდებიო. გულდასაწყვეტია, მაგრამ უკვე მივეჩვიე, ყურადღებას აღარც ვაქცევ.

- მითხარით, კურსზე 25 სტუდენტი ვსწავლობდითო. რამდენი გოგო იყავით?

- 4. ერთი საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა, ერთი - აეროპორტში მუშაობს. გოგონები ახლა ამ პროფესიას გაცილებით აქტიურად ირჩევენ, ვიდრე წლების წინ.

- მფრინავ ქალებს იცნობთ?

- მხოლოდ ერთს - ნადიას, რომელიც მუშაობს და წარმატებულია.

- კომპანიებისთვის, რომლებიც საავიაციო ბაზარზე არიან, მამაკაცი მფრინავები პრივილეგიით ხომ არ სარგებლობენ?

- არა მგონია, ასე იყოს, თუმცა ამის თქმაც ზუსტად არ შემიძლია. მათ აქამდე არჩევნის საშუალებაც კი არ ჰქონიათ. მაგალითად, ნადიასთვის უარი არ უთქვამთ. მე და ნადიას ერთი ასაკი გვაქვს, მაგრამ მან ჩემზე ადრე დაასრულა, მამა ჰყავდა მფრინავი და დღეს თავადაც წარმატებით საქმიანობს. "ქალ მფრინავს ვერ ავიყვან" - ეს კომპანიებისგან არ გამიგონია.

- პირველი გაფრენა, შტურვალზე შეხება - შეგიძლიათ, მაშინდელი ემოცია გაიხსენოთ?

- არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი გაფრენა, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ასაკიდან ამ პროფესიაზე ვოცნებობდი და სულ ფრენის სურვილი მქონდა: თვითმფრინავში რომ ჩავჯექი და გამოაცხადეს, ღვედი შეიკარით, ყველაფერი მზად არის, უნდა გავფრინდეთო, ისტერიკა დამეწყო (იცინის), ვყვიროდი, - გააჩერეთ!!! უნდა ჩავიდე-მეთქი! ემოციებს ზედმეტად ავყევი. თვითმფრინავი ცაში რომ ავიდა, მერე შიში აღარ მქონია. დღეს მიკვირს ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ ფრენის ეშინიათ. ის ემოცია, რომელიც როგორც მფრინავის პირველ გაფრენას ახლდა, არც კი ვიცი, რას შევადარო. თვითმფრინავის მართვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - სწორედ იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი.

- ქარი, ცუდი ხილვადობა, ზოგიერთ შემთხვევაში ექსტრემალური სიტუაცია ფრენას თან ახლავს. პროფესიონალიზმი ემოციების აყოლას გამორიცხავს, არა?

- ამ დროს ემოციას საერთოდ არ უნდა აჰყვე. როცა ამ პროფესიას ირჩევ, იცი, რამდენად დიდ პასუხისმგებლობას იღებ. ამ დროს მხოლოდ პრობლემაზე ხარ ორიენტირებული. ფიქრობ, თვითმფრინავი მშვიდობით დასვა. მინდა გითხრათ, რომ ჯერ ასეთ სიტუაციაში არ მოვხვედრილვარ.

- ამჟამად დამოუკიდებლად დაფრინავთ?

- პრაქტიკა გავიარე, ახლა ფეხმძიმედ ვარ, 3 თვეში ბავშვს ველოდები, ამ მიზეზით ფრენებზე ვეღარ დავდივარ. ბავშვს რომ გავაჩენ, საქმეს დავუბრუნდები. ნებისმიერი მფრინავი წელიწადში ერთხელ სამედიცინო კომისიაზე გადის, ეს მოიცავს აბსოლუტურად ყველა ორგანოს კვლევას. სამედიცინო შემოწმებას გავივლი, ფრენის დაწყების უფლებას სამედიცინო სერტიფიკატის მიღების შემდეგ მომცემენ.

- ამ პროფესიის მთავარი ხიბლი რა არის, ყველაზე მეტად რა გიზიდავთ?

- ფრენა უნდა გიყვარდეს და მორჩა. ბევრი მფრინავისგან გამიგონია: ამ პროფესიაში თუ შეხვედი, თავს იმდენად გაყვარებს, მფრინავობას რომ ასრულებ, მაინც დიდ ავიაციაში რჩებიო.

- რა განცდა გქონდათ მაშინ, როცა ბავშვობის სურვილი აისრულეთ და კავკასიონის მთებს გადაუფრინეთ?

- უჰ! ძალიან კარგი იყო, იმაზე სასიამოვნო, ვიდრე წარმომედგინა. ჩემ გარშემო სულ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მფრინავობას ვერ შევძლებდი. ყოველ გაფრენას ამ ყველაფერზე გამარჯვების სიხარულიც მუდამ ახლავს.

165373255-2476877465791222-8492081714310681619-n-1645099656.jpg

- დღეს დედა რას გეუბნებათ?

- ადრე მეუბნებოდა, შენ რომ ჰაერში იქნები, მე რა დამაძინებსო?! მისი მაშინაც კარგად მესმოდა და დღესაც მესმის. ბოლო დროს რამდენჯერმე თქვა, დრო ტყუილად დაგაკარგვინეო.

- მეუღლეც მფრინავი ხომ არ არის?

- არა. სულ ცდილობს დამეხმაროს, ხელი შემიწყოს, რომ არჩეულ პროფესიაში წარმატებული ვიყო. ჩვენ ერთმანეთი ბათუმში, საერთო მეგობრებთან გავიცანით.

- თქვენს პროფესიაზე ბევრი მითი გსმენიათ?

- ამბობენ, მფრინავებს მხოლოდ გოგოები უჩნდებათო. მინდა, ჩემს შემთხვევაში გამართლდეს, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, გოგო დაიბადოს. მითია ის, რომ მფრინავებს მაღალი წნევა აწუხებთ. ჩვენი წნევა იდეალურია.

- გერმანული და ქართული სწავლების მეთოდიკა ძალიან განსხვავებულია?

- ამ მხრივ საქართველო გერმანიას არაფრით ჩამოუვარდება. აქ მეტად კარგადაც კი გასწავლიან. მქონდა შემთხვევა, რამეს თუ ვერ ვიგებდი, ლექტორს ვურეკავდი, შეკითხვას ვუსვამდი. საქართველოში ასეთ სიტუაციაში პასუხის გაცემას არავინ დაგზარდება, იქ ამას ვერ გააკეთებ, რადგან გიპასუხებს, რომ მისი სამუშაო საათები დასრულებულია. მხოლოდ ისაა განსხვავება, რომ გერმანიაში საფრენი აპარატების მეტი სახეობა აქვთ.

- ყველაზე ხანგრძლივი ფრენა რა მანძილზე გქონიათ?

- ლონდონში, 4 საათი და 30 წუთი. კომპანია, რომელთანაც ვთანამშრომლობ, ევროპის ქვეყნებში დაფრინავს.

- როცა მიფრინავთ, როგორც რიგითი მგზავრი, ალბათ სხვა დანარჩენი თანამგზავრებისგან განსხვავებით, ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამთ, არა?

- რა თქმა უნდა. ყველა მანევრს ვხვდები. ვიცი, იმ კონკრეტულ დროს მფრინავი რას აკეთებს, ხელს რომელ ღილაკს აჭერს. მთელ პროცესს ვაკვირდები და მინდა, მფრინავთან ერთად ვიყო. როცა თვითმფრინავი ტრაექტორიას იცვლის, ეს სალონში საგრძნობია, ამ დროს სულ მინდა, მგზავრებს ავუხსნა, რაც ხდება.

- ფრენის დასრულების შემდეგ მგზავრების მიერ მადლიერების ნიშნად დაკრული ტაში თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

- მოგზაურთა კლუბებში, სხვადასხვა ჯგუფში მხვდება მოსაზრება ფრენის ბოლოს ტაშის დაკვრასთან დაკავშირებით. ზოგიერთი თვლის, რომ ეს გოიმობაა. ამბობენ, მაშინ ტაქსიდან რომ გადმოდიხარ, მის მძღოლსაც ტაში უნდა დაუკრაო?.. ამას გოიმობას მარტო საქართველოში ეძახიან. მგზავრს ამის გაკეთებას არავინ ავალდებულებს, მაგრამ სამარშრუტო ტაქსიდან ჩასვლისას, მადლობის გადახდა კარგი ტონია. ჩემთან კაბინაში ყველა მგზავრი მშვიდობით ფრენისთვის მადლობის სათქმელად ვერ შემოვა. მადლიერების გამოხატვა ყველა მფრინავსა და ბორტგამყოლს ძალიან ახარებს. ეს გოიმობა ნამდვილად არ არის.

თამუნა კვინიკაძე