"თურქეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ სამშობლო ერთი მაქვს - საქართველო" - გზაპრესი

"თურქეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ სამშობლო ერთი მაქვს - საქართველო"

გიორგი კიკნაძემ (გოქან ოზქანი) საუბრის დაწყებისას გამაფრთხილა, ქართული კარგად არ ვიცი, მაგრამ მგონი, ჩემს ნათქვამს გაიგებთო. აღმოჩნდა, რომ ქართულად მშვენივრად საუბრობს. 35 წლის მუსიკოსი სტამბოლში დაიბადა და გაიზარდა, დღესაც იქ ცხოვრობს, მაგრამ მშობლებისა და ბებია-ბაბუას წყალობით არასდროს დავიწყებია თავისი ფესვები.

- როგორც იცით, მაჭახელი ორადაა გაყოფილი, მდინარე მაჭახელის დინების ზემო ნაწილი თურქეთის საზღვრებშია მოქცეული, ხოლო ქვედა - საქართველოს. ჩემი წინაპრები იმერეთიდან ჩამოსულან მაჭახელიში. ომის შემდეგ სოფლის ნახევარი თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენილა, ასე რომ, დღეს ჩემი ნათესავები საქართველოში, ბათუმშიც ცხოვრობენ და მათთან ურთიერთობა გვაქვს.

- ქართული ვინ გასწავლათ?

- ბებიას და ბაბუას 4 შვილი ჰყავდათ. ბებია სოფელში იყო გაზრდილი, მაჭახელიში დაიბადა და გაიზარდა. ბევრი არაფერი იცოდა საქართველოს ისტორიიდან, მაგრამ ისე გარდაიცვალა, თურქული კარგად არც იცოდა, ქართულად ელაპარაკებოდა შვილებს. "მოველი", "მიველი" - ცოტა სხვანაირად გამოთქვამენ აქ სიტყვებს, მაგრამ მშობლიური ენა მაინც შევინარჩუნეთ. მამამ და დედამ წერაც იციან, მე ჯერჯერობით მიჭირს. ბაბუა შარშანწინ გარდაიცვალა, ძალიან უყვარდა საქართველო. ბიძაშვილები ხელვაჩაურში ცხოვრობდნენ და ხშირად ჩადიოდა მათთან. ბევრი ვიდეო მაქვს გადაღებული, კარგად იცოდა საქართველოს ისტორია და ბევრ ამბავს გვიყვებოდა. გვეუბნებოდა, - ისე მიყვარდა ჩემი ქვეყანა, ერთხელ ფეხითაც კი ჩავედი ბათუმშიო.

- თქვენ დაოჯახებული ხართ?

- არა, ერთი და მყავს, ინგლისური ენის მასწავლებელია და მანაც კარგად იცის ქართული. ერთი კვირის წინაც თბილისში იყო. ქმართან ერთად ხშირად სტუმრობს საქართველოს, მანდ ცხოვრებას აპირებენ.

- რას საქმიანობთ?

- 19 წელია, პროფესიონალი მუსიკოსი ვარ. ვუკრავ ფანდურზე, ბასფანდურზე, სალამურზე, აკორდეონზე, გარმონზე და კიდევ, გიტარაზე. პატარა რომ ვიყავი, აკორდეონი მომწონდა, მშობლებმა მაჩუქეს და მალე წრეზეც შემიყვანეს. ბაიარ შაჰინი დედის მხრიდან ბიძად მეკუთვნის. ერთხელ მითხრა, მოდი და ჩემთან ორკესტრში დაუკარიო. 16-17 წლის ვიყავი, პირველად "ჩვენებურების" კონცერტში რომ ვმონაწილეობდი. ჩავწერე დუეტი "გორდელასთან", "ჩვენებურებთან", მარიამ ელიეშვილთან, თამარ ალადაშვილთან. ყოველ წელს ვმონაწილეობ ფესტივალში "არტ გენი". ახლა ვწერ მუსიკას ფილმისთვის, რომელიც სწორედ მაჭახელის შესახებ იქნება. ფილმს იღებს ელიზბარ ცინარიძე, ქართული ხელოვნების სახლის ხელმძღვანელი. თბილისში, მუსიკოს ბეჟან წინწალაშვილის სტუდიაში მქონდა ჩაწერა.

პირველი ფანდური საქართველოში ყოფნისას ვიყიდე 2008 წელს და დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე. უკვე 8 წელია, აქაურ ბავშვებს ვასწავლი. 15 მოსწავლე მყავს - 2 ქართველია, დანარჩენები - თურქები. სხვათა შორის, მათაც ძალიან უყვართ ფანდური და ქართული სიმღერები.

128556856-10207872047516837-8113333418643000185-n-copy-1645706921.jpg

- სამომავლო გეგმების შესახებაც მითხარით.

- მალე გამოვა ჩემი მეორე ალბომი. თავი მოვუყარე თურქეთში შემორჩენილ ძველ ქართულ სიმღერებს, რომლებსაც ცნობილი ქართველი მომღერლები ასრულებენ. 3-4 წლის შემდეგ ვაპირებ, საქართველოში გადმოვიდე მუდმივად საცხოვრებლად. უბრალოდ ძნელია, მანდ მუსიკა შექმნა და ამით იცხოვრო, ეს იყოს შენი შემოსავლის წყარო. აქ გვაქვს კონცერტები, საზღვარგარეთაც ხშირად მივდივართ. ახლახან გვქონდა გასტროლები საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, 2006 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაიართან ერთად პირდაპირ სცენაზე გვამცნო ეს ამბავი.

- ამდენი საუკუნის შემდეგ რა ძალაა, რომ სამშობლოს სიყვარული კი არ განელდა, არამედ პირიქით - უფრო გაძლიერდა თქვენში?

- არ ვიცი, სხვისთვის როგორ არის, მაგრამ მე მართლაც ძალიან მიყვარს საქართველო. პირველი შთაბეჭდილება როგორიც მქონდა, დღემდე ყოველ ჩამოსვლაზე ასეთი ემოციები მაქვს ხოლმე. მე თურქეთში დავიბადე და გავიზარდე, აქ ვცხოვრობ, მაგრამ სამშობლო ერთი მაქვს - საქართველო!

ნინო ჯავახიშვილი