ქართველი გოგონა, რომელმაც ავტოსტოპით 50 ქვეყანა შემოიარა - გზაპრესი

ქართველი გოგონა, რომელმაც ავტოსტოპით 50 ქვეყანა შემოიარა

„როდესაც ცხოვრება დავიწყე (ცხოვრების დაწყებას კი იქიდან ვგულისხმობ, როდესაც რუტინას მოვშორდი), სულ ახალი გამოწვევებისკენ ვილტვოდი, ბევრს ვსწავლობდი, მოგზაურობის ყველაზე რთულ გზებს ვირჩევდი, საკუთარი თავის ლიმიტებს უფრო და უფრო წინ ვწევდი... ადვილი არ იყო, თუმცა პიროვნულად ვიზრდებოდი და ყოველ ჯერზე საკუთარი თავის რწმენა მემატებოდა“, - გვითხრა ლიკა დუმბაძემ, რომელიც ამჟამად არგენტინაში იმყოფება... იგი 7 წელია, ავტოსტოპით მსოფლიოში მოგზაურობს და მისი ცხოვრებაც ძალიან საინტერესოა...

- ჩემი ბავშვობის თითქმის ყველა მოგონება ჩოგბურთთან ასოცირდება. პროფესიონალ სპორტსმენად ჩამოყალიბების გზა საკმაოდ რთული იყო. მახსოვს, როგორ ვერ დავდიოდი სკოლის ექსკურსიებზე, რადგან კვირაობით ხშირად შეჯიბრება მქონდა. ეზოში გვიანობამდე ვერ ვთამაშობდი, რადგან მეორე დღეს დილაუთენია ვარჯიშზე უნდა მივსულიყავი. დღეში სამჯერ ვვარჯიშობდი, შუალედში სკოლაში დავდიოდი და საღამოს, ლამპის შუქზე ვმეცადინეობდი. ყველაზე უდარდელი პერიოდი ზაფხულის არდადეგები იყო, როდესაც მამას თბილისიდან გურიაში მივყავდი, 2-3 თვეს ურეკსა და სოფელ გომში ვატარებდი. ალბათ ამიტომაც, გურიას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

მახსოვს ის დღე, 8-წლიანი თავდადების შემდეგ როგორ მოვიკრიბე ძალა და მამას ვუთხარი, რომ ჩოგბურთის თამაში აღარ მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის მხრიდან დიდი ძალისხმევა და ფინანსები იყო ჩადებული, მაინც მომცეს საშუალება, თავისუფლად ამერჩია მომავალი. ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მინანია ეს გადაწყვეტილება. 17 წელი ჩოგნისთვის ხელი არ მომიკიდია, ეს ჩემთვის შეჯიბრებასთან და სტრესთან ასოცირდებოდა. თუმცა, ახლა ისევ დავიწყე თამაში. ამჯერად დიდ სიამოვნებას ვიღებ... გარდა ფიზიკური სიჯანსაღისა, ჩოგბურთმა ბევრი რამ მასწავლა, განსაკუთრებით - დაბრკოლებების გადალახვა, საკუთარი თავის იმედის ქონა და სტრესულ მდგომარეობაში მუშაობა, სწრაფი აზროვნების უნარიც.

- რა პროფესია აირჩიეთ, როგორი იყო სტუდენტობის წლები?

- ჩოგბურთის შემდეგ იწყება ჩემი ტკბილად მოსაგონარი სტუდენტობა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მამამ მირჩია, - თუ გინდა ჟურნალისტი გამოხვიდე, ჯერ ქართული ენა ისწავლეო, და ასე მოვხვდი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველსავე კურსზე სტაჟირება დავიწყე ერთ-ერთ გაზეთში. რამდენიმე კვირის შემდეგ მივხვდი, რომ არც ჟურნალისტობა იყო ჩემი მოწოდება და თავი დავანებე, თუმცა ბაკალავრიატი მაინც დავამთავრე, რადგან მომწონდა ფილოლოგიურზე სწავლა.

- პირველი სამსახური, პირველი წარმატება რა იყო?

- პირველი სამსახური სტაჟირებით დავიწყე, ერთ-ერთი კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურში ადმინისტრატორად ვიმუშავე, შემდეგ სხვა კომპანიაში გადავედი, იქაც სტაჟიორად. საკუთარ თავს ვეძებდი, არ ვიცოდი, ზუსტად რისი გაკეთება მინდოდა. შემოვრჩი იმ კომპანიაში მთელი 4 წელი. მივხვდი, არც ეს იყო ჩემი მოწოდება, ამიტომ დავიწყე პროფესიის შეცვლაზე ფიქრი. უკვე 26 წლის ვიყავი, ამ ასაკში მინიმუმ, ჩამოყალიბებული მაინც უნდა იყო, რა გინდა, მე კი მხოლოდ ის ვიცოდი, რა არ მინდოდა. ვგრძნობდი, რომ ჩემთვის "ან ახლა, ან არასდროს" მომენტი იყო და უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ძებნა დავიწყე. ასე აღმოვაჩინე Wellness and Spa Service Design and Management-ის (გამაჯანსაღებელი და სპა-მომსახურების დაგეგმვა და მართვა) ფაკულტეტი ტარტუს უნივერსიტეტში, ესტონეთში. დავინტერესდი, თან საქართველოში თერმული წყლებისა და ბალნეოლოგიური კურორტების მრავალწლიანი ისტორია გვაქვს, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა მიხედვა, ამიტომ ვიფიქრე, რომ საჭირო პროფესია იყო. ინგლისურში ინტენსიური მომზადება და სტიპენდიების ძებნა დავიწყე. ნახევარი წელი მხოლოდ ამაზე ვიყავი კონცენტრირებული... შემდეგ შევავსე აპლიკაცია და მოტივაციის წერილთან ერთად გავგზავნე ესტონეთში. 2 თვეში მომივიდა პასუხი, რომ უნივერსიტეტში ჩავირიცხე და სწავლის 100%-იანი დაფინანსება მივიღე. სიხარული დიდი იყო, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, ცხოვრების ხარჯები როგორ უნდა დამეფარა. სულ რაღაც 3 დღეში კი მეორე "მეილი" მივიღე, რომელიც მატყობინებდა, რომ ესტონეთის სახელმწიფოს ყოველთვიური სტიპენდია დამენიშნა. შოკირებული ვიყავი. მაშინ მართლაც წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი. მეგონა, მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებისთვის იყო მსგავსი სტიპენდიები...

ესტონეთში მაგისტრატურამ სრულიად ახალი გზები და შესაძლებლობები გამიხსნა. ჩასვლიდან 2 თვეში კიდევ სხვა სტიპენდია ავიღე, რასაც მოჰყვა ალმერიაში და ლანზაროტეზე, კანარის კუნძულებზე სტაჟირებები. საბოლოოდ კი ბარსელონაში ესპანურად სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე. დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ მიზნად მქონდა ესპანურის მაღალ დონეზე სწავლა. იმავდროულად, სტიპენდიებით უკვე იმხელა შემოსავალი მქონდა, ევროპის ქვეყნებში აქტიურად მოგზაურობა დავიწყე. უნივერსიტეტში ჩემზე ხშირად ხუმრობდნენ, რაც კი სტიპენდია არსებობს, ყველას ლიკა იღებსო. მეუბნებოდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებული საიდუმლო ვიცოდი. არადა, ძალიან მარტივად, ინტერნეტში ვეძებდი სტიპენდიებს, ყურადღებით ვკითხულობდი მონაწილეობის წესებს და ვცდილობდი, მაქსიმალურად იდეალური აპლიკაცია გამეგზავნა.

271811640-1077783829734597-4551559287837923130-n-copy-1645707130.jpg

გარკვეული ხნის შემდეგ მივხვდი - ევროპაში ცხოვრება აღარ მაკმაყოფილებდა, განსხვავებული და ახალი კულტურის გაცნობა მინდოდა და 2016 წელს გადავწყვიტე, ბუენოს-აირესში გადავსულიყავი საცხოვრებლად. ჩემი გადაწყვეტილება ოჯახისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მაშინაც ემოციურად გვერდში დამიდგნენ.

ზურგჩანთით მოგზაურობა დავიწყე მსოფლიოს გარშემო. მოგზაურობის დროს ვიყენებდი ავტოსტოპს და Couchsurfing-ს (კერძო პირთა სახლებში დროებით დაბინავება. - ავტ.), რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა მქონდა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ადგილობრივების ოჯახებში მათი კულტურის ნაწილი გავმხდარიყავი და ამ ყველაფერში არაფერი გადამეხადა. ასე ვიმოგზაურე 50-ზე მეტ ქვეყანაში. იმავდროულად, პროფესიულ განვითარებაზე ვფიქრობდი და ყოველთვის საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებას ვცდილობდი. 2017 წელს ჩამოვაყალიბე სააგენტო Internship Abroad (internshipabroad.ge), რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ესპანეთში გაიარონ პროფესიული სტაჟირება. ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ქართველისთვის მიმეცა შესაძლებლობა გაევლოთ ის გზა, რომელიც მე გავიარე. 2018 წელს იტალიაში გადავედი საცხოვრებლად და ამალფის ულამაზეს სანაპიროზე, ქორწილების ორგანიზატორი გავხდი. ჩემი ცხოვრება ისე მოვაწყვე, რომ წელიწადში 7 თვე ვმუშაობდი, 5 თვე ვმოგზაურობდი.

როდესაც პანდემია დაიწყო, ყველაფერი თავდაყირა დადგა. მომიწია ყველა ქორწილისა და სტაჟირების გაუქმებამ, დავრჩი უმუშევარი. რამდენიმე თვე ვფიქრობდი, როგორ მომეპოვებინა შემოსავლის წყარო. ბევრი ფიქრისა და უამრავი იდეის გარჩევის შემდეგ, საკუთარ თავს ახალი პროფესია მოვუფიქრე. კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ყოველთვის ახლო დამოკიდებულება მქონდა, ამიტომ ტექნოლოგიები და ჩემი ორგანიზატორული ნიჭი გავაერთიანე და ვირტუალური ღონისძიებების ორგანიზატორი გავხდი. ჯერ ვებინარების ორგანიზებით დავიწყე, შემდეგ კანადურ კომპანიასთან თანამშრომლობით რამდენიმე ვირტუალური კონცერტი და კონფერენცია მოვაწყვე. ამჟამად კი ბელგიურ კომპანიაში ვარ ივენთ-მენეჯერი და ჩემი პირველი ჰიბრიდული ივენთის მოწყობით გახლავართ დაკავებული.

- მეუღლეც მოგზაურია?

- მომავალი მეუღლე როცა გავიცანი, ის უკვე საკმაოდ გამოცდილი მოგზაური იყო. ჩემი და მისი ცხოვრების წესი კარგად შეერწყა ერთმანეთს და ამის გამოა, რომ უკვე 7 წელია ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებს ერთად გავდივართ. მათ შორის არის ექსტრემალური მოგზაურობა. ვმოგზაურობთ ზურგჩანთით, ვყიდულობთ ერთი გზის ბილეთს და 3-4 თვის განმავლობაში არჩეულ კონტინენტზე გადავაადგილდებით. თავგადასავლების ძიებაში ისეთი ქვეყნების საზღვრები გადავკვეთეთ ხმელეთით, როგორებიცაა: ნიკარაგუა, სალვადორი, ჰონდურასი, გვატემალა, მექსიკა, კოსტა-რიკა. ვიმოგზაურეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ხმელეთით გადავკვეთეთ მიანმარის, ტაილანდის, ლაოსის, კამბოჯისა და ვიეტნამის საზღვრები.

ამჟამად სამხრეთ ამერიკაში ვმოგზაურობთ. ვცდილობთ, ძალიან ცოტა დრო დავუთმოთ ტურისტული ადგილების მონახულებას და მეტი დრო ადგილობრივებთან ურთიერთობაში გავატაროთ. ამიტომ არის, რომ ძირითადად ავტოსტოპითა და ადგილობრივი ტრანსპორტით გადავადგილდებით, რათა რაც შეიძლება ღრმად შევიგრძნოთ ადგილობრივი კულტურა. მოგზაურობის დროს გეგმებს არ ვაწყობ, არც წინასწარ ვჯავშნი ჰოსტელებსა და სასტუმროებს. ჩემთვის ყველაზე დიდი ადრენალინია, როდესაც რომელიმე ქვეყნის საზღვარს გადავკვეთ და წარმოდგენა არ მაქვს, საით წავიდე, შემდეგ კი ან ინტუიციას მივყვები, ან ადგილობრივების რჩევებს. არც ბლოგების კითხვა მიყვარს და არც ადგილობრივი სიმ-ბარათის და ინტერნეტის გამოყენება. ამის გამო ხშირად შემქმნია დაბრკოლება, რომელიც ჩემთვის თავგადასავალი უფროა. მიყვარს მეგობრებისთვის გამოცდილების გაზიარება, "ინსტაგრამზე" უფრო გავაქტიურდი და ბევრი ადამიანის თხოვნით, "ფეისბუკზე" ჩემი მოგზაურობის გვერდიც შევქმენი...

მოგზაურობა ჩემთვის აღარ არის უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნის მონახულება, მოგზაურობა ჩემი ცხოვრების წესი და ყოველდღიური ცხოვრებაა. ჩემში ბევრი კულტურა ცხოვრობს, 5 ენაზე ვსაუბრობ, მეგობრები მყავს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში, ჩემთვის ეს დიდი სიმდიდრეა.

როდესაც "საშიშ" ქვეყნებში ვმოგზაურობ, საღ აზრსა და ჩემს გამოცდილებას ვიყენებ და ასე ვცდილობ, საფრთხე ავირიდო. თან მჯერა, რომ მსოფლიოში კარგი ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ცუდი. საკუთარ თავს უშიშარს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, საკმაოდ ხშირად შემშინებია, სიცოცხლეც ჩამიგდია საფრთხეში, მაგრამ ჩემი არჩევანი მაინც ცხოვრებაა და არა - არსებობა. ამიტომ არის, რომ პანდემიის პერიოდშიც ბევრი ვიმოგზაურე.

მანანა გაბრიჭიძე