რას წერდნენ უცხოელები შუა საუკუნეების საქართველოს ლაშქარზე - გზაპრესი

რას წერდნენ უცხოელები შუა საუკუნეების საქართველოს ლაშქარზე

"ჯიშიანი" და "უჯიშო" ხმლები

სხვადასხვა ეპოქის სამხედრო საქმის კვლევა ერთ-ერთი პოპულარული თემაა ისტორიულ მეცნიერებაში. ამ მიმართულებით მუშაობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა წურწუმია, რომელიც არაერთი ნაშრომის ავტორი გახლავთ. საქართველოში მას პირველს მიენიჭა 2015 წელს შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ დაწესებული ჯონ გილინჰემის ჯილდო. ბატონი მამუკა საქართველოს შუა საუკუნეების სამხედრო საქმის სხვადასხვა მხარეს და საინტერესო ისტორიულ ფაქტებს გაგვაცნობს.

- უძველეს ძეგლებში სიტყვა "ერი" ხალხსაც აღნიშნავდა და ჯარსაც. ადრეფეოდალურ საზოგადოებაში ჯარი ხალხის ფართო მასებისგან შედგებოდა, სადაც ყოველი მამაკაცი სამხედრო ვალდებულად განიხილებოდა. შემდგომში, ფეოდალური ურთიერთობების განვითარებასთან ერთად, "ერი" ჯარის მნიშვნელობას კარგავს და მის ნაცვლად "სპა" და "ლაშქარი" შემოდის. ვახუშტის მიხედვით, აზნაურს სულ ცოტა, ორი ცხენი - საბრძოლო და სათადარიგო (მარქაფა) ჰყავდა. მესამე ცხენი - სატვირთოც უნდა ჰყოლოდა, რომელიც აღჭურვილობისა და კარვის საზიდად იყო აუცილებელი. XI-XII საუკუნეებში მძიმედ შეიარაღებული ქართველის აღჭურვილობა დაახლოებით 37-44 ოქრო ღირდა, რაც ამავე რაოდენობის ძროხის ფასს შეესაბამებოდა.

ლითონის მუზარადი, აბჯარი და ა.შ. - აზნაურთა წრისთვის იყო დამახასიათებელი. თუმცა, დიდებულთა და აზნაურთა საკმაოდ მცირერიცხოვანი ფენა დამოუკიდებლად ვერ შეასრულებდა სახელმწიფოს წინაშე მდგომ სამხედრო ამოცანებს. ისინი საკმარისი არ იყვნენ თუნდაც მხოლოდ ცხენოსანი არმიის სრულფასოვანი დაკომპლექტებისთვის. ამგვარად, დამხმარე ძალა ესაჭიროებოდათ. თავად-აზნაურთა გარდა, ქართული ფეოდალური ლაშქრის ყველაზე მრავალრიცხოვან ნაწილს დაბალი ფენიდან გამოსული მსახურები ქმნიდნენ.

fhdjd-1645779268.jpg

- ბრძოლებში გლეხებიც ხომ მონაწილეობდნენ?

- შუა საუკუნეებში მიმდინარე ომებში გლეხი ყოველთვის მონაწილეობდა, ოღონდ მისი როლი და წილი მკვეთრად განსხვავდებოდა აზნაურისგან. მათი მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ჩართული სამხედრო საქმიანობაში და ისიც - ასეთი ფორმით: "გლეხის ლაშქრობა მარტივი იყო. ის ქვეითი გახლდათ და ბატონის უშუალო მომსახურეობას ეწეოდა..." (ნიკოლოზ ბერძენიშვილი). საყურადღებოა, რომ საბუთებში ხშირად მხოლოდ ცხენოსანი მოლაშქრენი გვხვდება და ქვეითად მებრძოლნი ნახსენები არ არიან, თითქოს არც არსებობდნენ. ფეოდალური საზოგადოების დამოკიდებულება მდაბიო ქვეითებისადმი გასაკვირი არ არის, მაგრამ ქვეითი ჯარი ქართული ფეოდალური ლაშქრის განვითარების ყველა ეტაპზე არსებობდა და ყველაზე დაბალი ფენიდან (წვრილი ერი, გლეხობა) კომპლექტდებოდა. ქართული სამართლის ძეგლებიდან ჩანს, რომ გლეხის სისხლის ფასი 400 თეთრი იყო, ხოლო ისეთი გლეხის სისხლი, რომელიც პატრონს ახლდა და "მსახურებდა", ჩვეულებრივ გლეხთან შედარებით, ორ-ნახევარჯერ ძვირი ღირდა.

- სამხედრო საქმეს ვინ ხელმძღვანელობდა?

- სამხედრო ორგანიზაციის სათავეში მეფე იდგა. მას ემორჩილებოდა სამხედრო აპარატი, რომლის უფროსი ერთიანი მონარქიის ხანაში ამირსპასალარი იყო. მისი წინამორბედი ადრეფეოდალურ ხანაში იყო სპასპეტი, შემდეგ - სპასალარი. ამირსპასალარის თანამდებობის შემოღება XII საუკუნის პირველ მეოთხედში, დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. ამირსპასალარი იყო "თავადი ლაშქართა" და მისი ფუნქცია-მოვალეობები სამხედრო მინისტრისა და სარდლის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენდა. ქართული ფეოდალური ლაშქარი ორი ტიპისა იყო: მცირერიცხოვანი მუდმივი ნაწილები და საჭიროების შემთხვევაში შეკრებილი ფეოდალური რაზმები, რომელთაც ხშირად მოქირავნეებიც ემატებოდნენ. ამათ გარდა, სამეფოს ციხე-ქალაქებს მათი გარნიზონები იცავდა.

- მოქირავნეები ვინ იყვნენ?

- ქართულ ჯარში, ისევე როგორც შუა საუკუნეების ნებისმიერ არმიაში, მოქირავნეები - როქის-სპა, თავის როლს თამაშობდნენ. როქის-სპა წარმოადგენდა გარკვეული ანაზღაურების საფასურად უცხოტომელთაგან დაქირავებულ ჯარის ნაწილს. ის ამირსპასალარს ექვემდებარებოდა. სხვადასხვა დროს ქართული არმიის რიგებში იყვნენ დაქირავებული ვარანგები (ვიკინგები), ფრანკები, მუსლიმები, მაგრამ უმთავრესად მოქირავნეები ჩრდილო კავკასიიდან გადმოჰყავდათ - ალანები, ყივჩაღები, ჩერქეზები, ლეკები.

dzgshsh-1645779282.jpg

- სადროშოს ფუნქცია აგვიხსენით...

- ვახუშტის მიერ აღწერილი, ოთხ სადროშოდ დაყოფილი სამხედრო ორგანიზაცია თავის მხრივ, საერისთავოებად დაყოფაზე იყო დაფუძნებული. საერისთავოს ჯარები, რომლებიც ტაქტიკური ერთეულები იყვნენ, მსხვილ ფეოდალთა რაზმებთან ერთად შეადგენდნენ სადროშოს ტერიტორიულ ლაშქარს, რომელსაც სპასალარი მეთაურობდა. სადროშოების შემადგენლობაში მეტ-ნაკლებად ერთნაირი რაოდენობის ლაშქარი იყრიდა თავს. მეწინავე ყოველთვის ის სადროშო იყო, რომელიც მტრის მხარეს იყო განლაგებული. ერთიანი მონარქიის დროს მეწინავე სადროშოს შემადგენლობაში ქვეყნის სამხრეთი პროვინციები შედიოდნენ, რადგანაც მტერი სამხრეთით იყო.

საქართველოს დაშლის შემდეგ მეწინავე სადროშოების მდებარეობა შეიცვალა, მაგრამ ძირითადი პრინციპი იგივე დარჩა. ამის ქრესტომათიული მაგალითია არქანჯელო ლამბერტის მიერ აღწერილი სამეგრელოს ლაშქრის წყობა იმერეთთან და აფხაზეთთან ომში: "ჯარი რომ შეიკრიბება, მტერთა ქვეყნისაკენ გაუდგება და მიდის იმ წესით დაწყობილი, როგორც მოსახლეობა არის დალაგებული, მაგალითად: თუ იმერეთის საზღვარს უნდა დაეცნენ თავს, ისინი, ვინც იმერეთის საზღვრად ცხოვრობენ, შეადგენენ მოწინავე ჯარს; ვინც შუა ოდიშში ცხოვრობენ - შუა ჯარს და ვინც აფხაზეთისკენ - ზურგის ჯარს. სულ წინააღმდეგ არიან დაწყობილნი, როცა ჯარი ან უკან ბრუნდება და ან საომრად აფხაზეთზე მიდის: ამ შემთხვევაში მეწინავე ჯარი გადაიქცევა ზურგის ჯარად და ზურგისა - მოწინავედ".

- იარაღთან დაკავშირებით რა ეპიზოდებს გაგვაცნობთ?

- არქეოლოგიური მასალიდან ირკვევა, რომ ქართველური მოსახლეობის შეიარაღებაში ყოველთვის ფიგურირებდა შუბი. შუა საუკუნეებში, ცხენოსანთა დარტყმითი ტაქტიკის დამკვიდრების შემდეგ, შუბის როლი კიდევ უფრო გაიზარდა და მას წამყვანი ადგილი ეჭირა ქართველ მხედართა შეიარაღებაში. 1209 წელს სპარსეთში ლაშქრობისას ზაქარია ამირსპასალარმა ხუთასი რჩეული მხედარი თაყაიადინ თმოგველის სარდლობით ავანგარდში განაწესა. მათ თავს დაესხნენ რიცხობრივი უპირატესობით გათამამებული მარანდელები, რომლებიც სასტიკად დამარცხდნენ. როდესაც ძირითადმა ლაშქარმა ბრძოლის ველი დაათვალიერა, თვალებს არ დაუჯერა: "იხილეს ნაომარი ადგილი მკუდრითა კაცითა და ცხენითა სავსე, და ქართველთა კაცი არცა ერთი იპოებოდა. ესოდენი ძლევა მოეცა ღმერთსა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსა კაცსა და ცხენსა ზედა ესუა". მემატიანე, რომელიც სამხედრო საქმეში ჩახედული კაცი ჩანს, აღფრთოვანებას ვერ ფარავს. მას უდავოდ, კარგად ესმის, თუ რა ოსტატობას მოითხოვს ასე უზადოდ განხორციელებული ცხენოსანთა შეტევა და სწორედ ამიტომ უთმობს ამ ეპიზოდს სხვა ბრძოლებთან შედარებით საკმაოდ დიდ ადგილს.

- აღჭურვილობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შეიარაღებაში...

- ქართული აღჭურვილობის მრავალფეროვნების დადასტურებად ერთ ფაქტს მოგიყვებით. უცნობი ავტორის მიერ 1696 წელს დახატული ბატონიშვილ ალექსანდრე არჩილის ძის პორტრეტი წარმოგვიდგენს აღჭურვილობას, რომელსაც XVII საუკუნის ბოლოს ქართველი დიდგვაროვანი ატარებდა: ალექსანდრეს აცვია საყელოიანი, გრძელმკლავიანი ჯაჭვი, უკეთია სამკლავეები, მტევნის დასაცავი წითელი ხავერდისსარჩულიანი ჯაჭვის თათმანით, ჯაჭვზე აცვია მდიდრულად მოზარნიშებული ჩარ-აინა (სხეულის აბჯარი), წელზე ჰკიდია ინდური ხმალი ტალვარი, რომლის ცნობაც დამახასიათებელი ტარით არის შესაძლებელი, სარტყელში კი აღმოსავლური ხანჯალი აქვს გაყრილი. ალექსანდრეს აღჭურვილობა ადგილობრივი და აღმოსავლური (ირანულ-ინდური) იარაღის ნაზავს წარმოადგენს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქართული შეიარაღების კომპლექტში უცხოური ელემენტებიც თვალსაჩინო როლს თამაშობდა.

- ალბათ ხმალი გამორჩეული საბრძოლო იარაღია ქართველისთვის, არა?

- ხევსურეთში ევროპული წარმოშობის ხმლები ("დავითფერული", "ფრანგული") მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა და მათ "ჯიშიან" ხმალთა კატეგორიას აკუთვნებდნენ. ადგილობრივი, კავკასიური ხმლები ("ლეკური", "ჭარული") კი "უჯიშო" ხმლების რიგს მიეკუთვნებოდა და გაცილებით იაფი (3 ძროხა) ღირდა. საქართველოში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ევროპულ ხმლის პირებზე, რომლებსაც ადგილობრივ ტარს არგებდნენ მთელ კავკასიაში და მსგავსი პირის გამოჭედვისას ევროპული დამღების იმიტაციასაც ეწეოდნენ.

1647 წელს ქართულმა ჯარმა და აღჭურვილობამ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა თურქ მოგზაურზე. ევლია ჩელები წერდა: "სამეგრელოს ჯარებს შევხვდით. მოვიდა სამი ათასამდე ჩაცმულ-დახურული, შეიარაღებული, თავითფეხებამდე ცისფერ რკინაში ჩამჯდარი, ხელშუბიანი, ქეჰეილანის ცხენიანი, გველეშაპივით ვაჟკაცი მეგრელი აზნაური, ათასამდე ქვეითი მეთოფე და ქართველი წარჩინებული".

- დასკვნის სახით რას გვეტყვით?

- საუკუნე-ნახევრის წინ, იაგელონის უნივერსიტეტის რექტორი იოზეფ ლეპკოვსკი წერდა: "აჩვენეთ სპეციალისტს რომელიმე ერის შეიარაღება და ის გეტყვით მისი განვითარების დონეს".

ნანული ზოტიკიშვილი