ფიროსმანისა და ევროპული კვალი ხაშურში - გზაპრესი

ფიროსმანისა და ევროპული კვალი ხაშურში

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მაკა დიდებულიძე გვიამბობს რამდენიმე ამბავს ხაშურის ისტორიიდან, რაც ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

ფიროსმანი ხაშურში

- ფიროსმანის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ნიკალას შემოქმედება თავად ლაპარაკობს შთამომავლობასთან. ის პატარა ცხოვრებისეული შტრიხი, რომელიც დიდი მხატვრის ცხოვრების ხაშურულ მონაკვეთს ასახავს, ფერმწერის მწირ ბიოგრაფიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ხელმოკლე ნიკოს გადაუწყვეტია მოძრაობის სამსახურში (სატრანსპორტო სამსახურში) შესვლა. რადგან თბილისში ადგილი არ აღმოჩნდა, სადგურ მიხაილოვოში (ხაშურში) წასვლა შესთავაზეს, რომელიც სარკინიგზო ცენტრს წარმოადგენდა. ნიკომაც არ დააყოვნა და 1980 წელს ხელი მოაწერა ხელწერილს. ის საბარგო მატარებლის მემუხრუჭე კონდუქტორად დაინიშნა. მაშინდელ ამიერკავკასიაში სამი სახის მატარებელი მოძრაობდა. საჭიროების გამო, მატარებელს რამდენიმე კონდუქტორი მიაცილებდა. ამ სამსახურს შეუდგა და ნიკომ სახაზინო ქონებაც ჩაიბარა: საათი, ალამი და ფარანი. მიხაილოვის სადგურის უფროსის მიერ 1890 წლის 21 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: „მემუხრუჭე კონდუქტორი, ნიკოლოზ ფიროსმანიშვილი უცოლოა, იგი ცხოვრობს კერძო ბინაში“. ცნობილია, რომ ფიროსმანი ხაშურში რკინიგზასთან ახლოს ცხოვრობდა...

რიკოთის გვირაბი - პოლონური კვალი ხაშურში

- 1883 წელს სამხრეთ კავკასიის რკინიგზის სამმართველომ რუსეთის გზათა მიმოსვლის სამინისტროს წარუდგინა რკინიგზის ახალი ხაზის მიმართულება: მოლითი-წიფა-ბეღლითი-ტეზერი-მიხაილოვო (ხაშური). აღნიშნული პროექტით გვირაბი უნდა გაყვანილიყო ყველაზე რთულ უბანზე. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, 1886 წლის 9 ივლისს პროექტი დაამტკიცეს. გვირაბის მშენებლობის უფროსად დაინიშნა პოლონელი ინჟინერი ფერდინანდ რიძევსკი. მშენებლობა დაიწყო 1886 წლის დასასრულს. სურამის გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობდა შვეიცარიული სამშენებლო გამოცდილების გათვალისწინებით.

სურამის ქედის ორივე მხარეს ერთმანეთის შესახვედრად გაყვანილი იქნა წოლხვრელები. სამუშაოები სრულდებოდა ხელით, კლდე მუშავდებოდა ბრანდტის სისტემის ჰიდრავლიკური ბურღებით. გვირაბს ერთდროულად ორივე მხრიდან დიდი სიზუსტით ჭრიდნენ. როდესაც ორივე მხარე შეერთდა, გამოირკვა, რომ მშენებლები ერთმანეთს ასცდნენ ჰორიზონტალში მხოლოდ 128 მილიმეტრით, ხოლო ვერტიკალში 43 მილიმეტრით. ეს მაჩვენებლები ტექნიკური მონაცემებით გათვალისწინებულზე გაცილებით ნაკლები იყო. მშენებლობაზე მუშაობდა 2000-მდე მუშა.

1888 წელს გვირაბის მშენებლობის სამუშაოები დაუთვალიერებია რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორეს. მისი სურამში ყოფნასთან დაკავშირებით თბილისელი სოვდაგრების ინიციატივით და სახსრებით გადაწყვეტილა სურამის გვირაბთან ობელისკის აღმართვა. 1893 წლის 22 ივლისს ობელისკი საზეიმოდ გახსნილა. 1890 წელს დასრულდა გვირაბის მშენებლობა და პირველმა მატარებელმაც გაიარა. იყო დიდი სიხარული, ქართველ მამულიშვილებს ეს დიდ საქვეყნო საქმედ მიაჩნდათ. ნაშუადღევს საგანგებო მატარებელი, რომელზეც იმყოფებოდა ინჟინერი რიძევსკი, დაიძრა სადგურ წიფიდან გვირაბისკენ, შევიდა გვირაბში, რომელიც მთელ სიგრძეზე ბრწყინვალედ იყო ილუმინირებული. მატარებელმა გვირაბი 12 წუთში გაიარა. ამ დღეს უწოდეს „გონებისსა და ტექნიკის გამარჯვების დღესასწაული ბუნების ძალებზე“.

აქვე დავძენ: არც ისე დიდი ხნის წინ ხაშურის ბიბლიოთეკას ბატონმა იოსებ ლომთათიძემ აჩუქა ქალაქ ვარშავაში დავით ყოლბაიას ავტორობით ახლად გამოცემული ალბომი, რომელიც ომამდელ პოლონეთში დამკვიდრებული ქართველების შესახებ მოგვითხრობს. წიგნის „რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ“ ავტორი აღწერს ომამდელ პოლონეთში ქართული ემიგრაციის ცხოვრებას, მათი ჩასვლის გზებსა და მიზნებს. ქართველთა ეროვნული უმცირესობა საკმაოდ თვალში საცემ ჯგუფს წარმოადგენდა ომამდელი პოლონეთის საზოგადოებრივ, კულტურულ და მეგობრულ წრეებში. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, თუმცა, მთავარი მაინც ისტორია იყო. საქართველოს ისტორია, ქართველთა ცხოვრება ძალიან ჰგავდა პოლონელთა ბედს. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში პოლონეთმა და საქართველომ თავიანთი სახელმწიფოებრიობა დაკარგეს. ორივე ქვეყანა თავისუფლებისათვის ბრძოლის დაუსრულებელ გზაზე არაერთი აჯანყებით ცდილობდა დამოუკიდებლობის მოპოვებას. საქართველომ, პოლონეთის მსგავსად, რუსეთში ცარიზმის დაცემის შემდეგ მოიპოვა თავისუფლება, თუმცა, აქ იწყება ძირითადი განსხვავება, პოლონელებმა ბოლშევიკებთან ომში გამარჯვებით შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა, ხოლო ქართველებმა ის წითელი არმიის შემოჭრის შედეგად დაკარგეს. ქართველი პატრიოტები იძულებული გახდნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ. ბიუჯეტში არსებული პრობლემების მიუხედავად, მეორე რეჩპოსპოლიტამ ქართველებისათვის თავშესაფრის მიცემა გადაწყვიტა, საცხოვრებლად თანხები გამოუყო და მეტიც, ქართველ იუნკრებსა და ოფიცრებს საკონტრაქტო სამსახური შესთავაზა. მაშასადამე, მათ შესაძლებლობა მისცა, თავიანთი პროფესია შეენარჩუნებინათ და ესწავლათ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის საბრძოლველად. ესე იგი, მეორე რეჩპოსპოლიტამ თავშესაფარი მისცა ქართულ ემიგრაციას, ხოლო სამხედრო სამსახურმა მათი მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა უზრუნველყო. პოლონეთის არმიის ქართველ საკონტრაქტო ოფიცრებს პატივისცემით ეპყრობოდნენ. მით უფრო, რომ მათ უკავშირდებოდა არაერთი ლეგენდა შორეული ქვეყნის არსებობისა და მათი კეთილშობილური საქმისთვის თავგანწირული ბრძოლის შესახებ.

rikoti-copy-1645779470.jpg

ნობელები ხაშურში

- არის კიდევ ერთი მოცემულობა, რითაც ხაშურის ისტორია სრულიად უნიკალურია: ძმები ნობელები ხაშურში მოღვაწეობდნენ და მათ აქ, როგორც სარკინიგზო კვანძში, გახსნილი ჰქონდათ კანტორა, სადაც ნავთობის ექსპორტის საკითხებს ემსახურებოდნენ. დღეს ეს სახლი შენარჩუნებულია როგორც კერძო საკუთრება და ოჯახი ცხოვრობს.

მამუკა ჯოლბორდი და ნინო ლიპარტელიანი ნარკვევში „ქართველი და უცხოელი მეწარმეების სამეურნეო - საქველმოქმედო საქმიანობა საქართველოში ("XIX საუკუნის დასაწყისი XX საუკუნის I მეოთხედი) წერენ: „რობერტ ნობელი პირველად კავკასიას თავად დადიანის პირადი მოწვევით ესტუმრა, მას სურდა კაკლის მერქნის შეძენა, რომელსაც იმ პერიოდში იარაღის კონდახების დასამზადებლად იყენებდნენ. ამ ვიზიტის დროს თბილისში ყოფნისას ეწვია კავკასიის მეფისნაცვლის უწყებას და ცდილობდა დაერწმუნებინა ადგილობრივი ხელისუფლება ახალგამოგონებული დინამიტის ეფექტურობაში, როგორც რკინიგზის გაყვანისა და მთიანი რეგიონების გაწმენდისას, ასევე მისი წყლის ქვეშ გამოყენებისას. კავკასიის მთიანი ლანდშაფტის გამო მოთხოვნით მიმართა მთავრობას, ნება მიეცათ, საქართველოში უბაჟოდ 500 ფუთი დინამიტი შემოეტანა.

1873 წელს რობერტ ნობელი ბაქოში ჩავიდა და მაშინვე სწორად შეაფასა კავკასიაში ნავთობის წარმოების პერსპექტივები. 1875 წელს მან "ტფილისის საზოგადოებისაგან“ შეიძინა "ფოტოგენური ქარხანა“ და ნავთობით მდიდარი ტერიტორიები ბაქოში 8000 რუბლად, სადაც დაუყოვნებლივ დაიწყო ჭაბურღილების დამუშავება. იმპერატორ ალექსანდრე II-ის დეკრეტით საფუძველი ჩაუყარა რუსეთის იმპერიაში ყველაზე მსხვილ სანავთობო კომპანიას "ძმები ნობელების ნავთობის წარმოების ამხანაგობა“, იგივე "რანობელ", 3.000.000 რუბლი საწყისი კაპიტალით. ამხანაგობის დაფუძნების ინიციატორები იყვნენ სამი ძმა ნობელები: ლუდვიგი, რობერტი, ალფრედი და არტილერიის პოლკოვნიკი პეტრე ბილდერლინგი. მნიშვნელოვანმა წარმატებებმა რუსეთის იმპერიის შიდა ბაზარზე კომპანიის დღის წესრიგში დააყენა საზღვარგარეთ ბაქოს ნავთისა და სხვა ნავთობპროდუქტების ექსპორტის საკითხები.

ნობელები არასოდეს გამორიცხავდენ სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მშენებლობას, თუმცა ნავთის ექსპორტის ალტერნატიული პროექტებიც ჰქონდათ. ბათუმიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი წარმოებდა სხვადასხვა საშუალებით: გემ-ტანკერებით, ერთ ხის ყუთში ჩადგმული ორი თუნუქის ბიდონით და სხვადასხვა მოცულობის ხის კასრებით. ტანკერებით ნავთობი გაჰქონდათ ძირითადად ევროპის ქვეყნებში, თუნუქის ბიდონებით კი მახლობელი და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხის კასრებით უმთავრესად გაჰქონდათ წასაცხები ზეთები, რაზეც დიდი მოთხოვნა იყო ევროპაში. რეზერვუარებიდან გემ-ცისტერნებში ნავთობის ჩასხმა ვორტინგტონის, ვეიცისა და მაქსის, ბლეკის, ლისტის, ევანსის, ნობელის, ვეიზეს, ვილსონის, ტრიუმერისა და სხვა სისტემის ორთქლის ტუმბოებით ხდებოდა. ზოგიერთ ჩამომსხმელ სადგურს ხელის ტუმბოები, მეტწილად ალვაიერის სისტემის ჰქონდა"...

როლანდ ხოჯანაშვილი