პირველი ქართველი დირიჟორი ქალი აჭარაში, რეპრესირებულთა ოჯახიდან - გზაპრესი

პირველი ქართველი დირიჟორი ქალი აჭარაში, რეპრესირებულთა ოჯახიდან

შავ-თეთრ ფოტოზე მაინც ნათლად ჩანს მისი თეთრი სახის კანი და თვალის ღია ფერი. მეორე ფოტოზე კი ის შავი კაბითა და გრძელი, თეთრი მძივით არის წარმოდგენილი. სახეზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებს, უკან გადავარცხნილი სქელი თმა და მოწესრიგებული ვარცხნილობა, კიდევ უფრო გამოკვეთს მის მომხიბვლელობას. ლურჯი, დიდი და ბდღვრიალა თვალები ჰქონია აჭარაში პირველ დირიჟორ ქალს - ნელი ქადაგიძეს.

ოჯახში ინახება დირიჟორის ჯოხი, რომელსაც თავის დროზე სავარაუდოდ მფლობელის ინიციალები უნდა ჰქონოდა, ამჯერად კი მასზე მხოლოდ ხოჭოსა და მორიელის ფიგურაა შესამჩნევი. არ ვიცი, ორკესტრის ხელმძღვანელის განუყოფელ „იარაღზე“ რა დატვირთვა აქვს ამ მწერებს. ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვკითხავდი. გარდა ამისა, ალბათ ბევრ საინტერესო ამბავსაც გაიხსენებდა. ფაქტია, ნელი ქადაგიძემ იმ ქვეყნად არაერთი ისტორიული და საინტერესო ფაქტი „წაიღო“. მუსიკოსის ცხოვრება-მოღვაწეობასა და მისი პორტრეტის აღდგენაში, დირიჟორის ძმისშვილის მეუღლე, ჰიდრომეტეოროლოგი რუსუდან მაჭუტაძე დამეხმარა.

ნელი ქადაგიძე 1925 წელს დაიბადა და 1943 წელს დაამთავრა ქედის საშუალო სკოლა. ფრიადოსანი ყოფილა და ამას მისი სკოლის ატესტატიც ადასტურებს. ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველა ადამიანს, სურდა თუ არა, მუსიკალური განათლება უნდა მიეღო და გამოავლენდა ნიჭს, გაჰყვებოდა თუ არა პროფესიული კუთხით მუსიკას, ეს უკვე მისი საქმე იყო. ნელის ხელოვნების ამ დარგისადმი მიდრეკილება ადრეულ წლებში გასჩენია და შვილში ეს უნარი მამამ აღმოაჩინა.

ხასან ქადაგიძემ ოჯახისთვის პიანინო ავსტრიელი კომპოზიტორის, იოჰან შტრაუსის ბათუმში მცხოვრები ნათესავის - ელიზავეტა შტრაუსისგან შეიძინა. ინსტრუმენტის ყიდვა-გაყიდვის დროს, ყველა საჭირო დოკუმენტი ნოტარიული წესით გაფორმდა. მამის საჩუქარი ნელის ძალიან წაადგა, რადგან სწორედ ამ პიანინოსთან იჯდა და მეცადინეობდა შემდეგში პირველი აჭარელი დირიჟორი ქალი. ოჯახი მშვიდად, უზრუნველად ცხოვრობდა და ცოლ-ქმარი შვილების განათლებაზე იყო ორიენტირებული. სამწუხაროდ, 1937 წლის რეპრესიებს ვერც მათი ოჯახი გადაურჩა.

იუსტიციის სახალხო კომისარ ხასან ქადაგიძის დაპატიმრების შემდეგ მისი მეუღლე, ბათუმის მაღალი წრის წარმომადგენელი ქალბატონი მარიამ მებუკე თავისი სამი შვილით ქუჩაში დარჩა. დაბნეული, შეშინებული და უსახლკაროდ დარჩენილი ქადაგიძეები მარიამის დეიდამ და მისმა მეუღლემ შეიფარეს, უპატრონეს და მოგვიანებით ბათუმში არსებული სახლ-კარიც მათ დაუტოვეს.

ხასანისა და მარიამის ბინაში, ბარათაშვილის ქუჩაზე კი სამხედრო პროკურორი შეასახლეს. მოგვიანებით ეს მაღალჩინოსანიც დააპატიმრეს და ამჯერად უკვე ქადაგიძეების ბინას გამომძიებელი გასიევი დაეპატრონა. მათი ქონების ნაწილი სადღაც გადამალა, შეიძლება იმიტომ, რომ იცოდა, იმ დროს დაპატიმრებისგან დაზღვეული არავინ იყო და „თადარიგი დაიჭირა“.

დრო გადიოდა, მაგრამ რა ბედი ეწია ოჯახის უფროსს, მისმა ცოლ-შვილმა არ იცოდა. ინფორმაცია ხასან ქადაგიძის დახვრეტის შესახებ მისმა მეუღლემ და ბავშვებმა მხოლოდ 1948 წელს შეიტყვეს...

წლების შემდეგ ხასან ქადაგიძის ვაჟმა ალექსანდრემ გასიევის ოჯახი მოძებნა. მის ბინაში ამოიცნო ის ნივთები, რომელიც ჩამოერთვათ. მათ შორის იყო პიანინო. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელი ინსტრუმენტს არ თმობდა და ამტკიცებდა, რომ თავად შეიძინა, სიმართლემ თავისი გაიტანა - ქადაგიძეებსა და შტრაუსს იმ დრომდე შემორჩენილი ჰქონდათ შესყიდვის ყველა საჭირო საბუთი და გასიევი იძულებული გახდა, მითვისებული ქონება კანონიერი მფლობელისთვის დაებრუნებინა. რა თქმა უნდა, ოჯახის არაერთი რელიკვიის ბედი გაურკვეველი დარჩა, მაგრამ ქადაგიძეებმა პიანინოს გარდა, დაიბრუნეს: დიდი ჩუქურთმებიანი სარკე, 2 სავარძელი და მე-18 საუკუნის კედლის საათი... მამადახვრეტილი შვილი კუთვნილი ნივთებით შინ რომ დაბრუნდა, მარიამ მებუკე ცუდად გამხდარა: რა ჯანდაბად მინდა ნივთები, როცა კაცი მომიკლესო.

სამ დედმამიშვილ ქადაგიძეებს შორის მხოლოდ ალექსანდრეს (ნეჯათს) დარჩა შთამომავლები. ნელი მუსიკოსი გახდა, ლეილა რუსულის პედაგოგი, ალექსანდრე კი სტომატოლოგი, თუმცა მანამდე პეტერბურგში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. იქ ორჯერ ჩაუბარებია, მაგრამ სწავლის დასრულება ვერ შეძლო, მესამე და მეორე კურსიდან გარიცხეს, როგორც „ხალხის მტრის“ შვილი.

როგორც უკვე აღვნიშნე, ნელისა და ლეილას შვილები არ ჰყოლიათ, ორივე და ძმისშვილებზე ზრუნავდა და ქადაგიძეებს საკუთრებაში დაბრუნებული შტრაუსის პიანინოც მოგვიანებით ნელიმ თავის ერთ-ერთ ძმისშვილს აჩუქა.

რუსუდან მაჭუტაძე:

- ნელი ბავშვობიდან დადიოდა მუსიკაზე, სკოლის დასრულების შემდეგ კი თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა, ბიძინა კვერნაძესთან სწავლობდა და მასთან მეგობრობდა. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, 1950-იან წლებში მარჯანიშვილის თეატრში დირიჟორად მუშაობდა, შემდეგ ბათუმის თეატრში მიიწვიეს, სადაც სპექტაკლებს მუსიკალურად ორკესტრი აფორმებდა. მოყოლილი აქვს, ერთხელ პარტიტურა რომ მოჰპარეს. წარმოდგენებს მთავრობის წარმომადგენლები ხშირად ესწრებოდნენ და ესეც მორიგი ასეთი დღე იყო. ქალმა მთელი სპექტაკლი ზეპირად, პარტიტურის გარეშე წაიყვანა, ვირტუოზული სმენა ჰქონდა.

- ებრძოდნენ კოლეგები, როგორც ნიჭიერ კონკურენტს თუ როგორც „ხალხის მტრის“ შვილს, რომელმაც ამდენს მიაღწია?

- ზუსტად ვერ გეტყვით... მოშურნეები ყველგან იქნებოდნენ. იმ დროს მამადაჭერილ ადამიანებს „წინ“ არავინ უშვებდა, მაგრამ ნელი იმდენად ნიჭიერი იყო, ამან ხელი ვერ შეუშალა... არაერთი წლის განმავლობაში ნელი ბათუმის მუსიკალური სკოლის სასწავლო ნაწილი იყო. გახლდათ ლამაზი, ლურჯი, ულამაზესი, ჟუჟუნა თვალებით, დახვეწილი, ინტელიგენტი, კარგი მოსაუბრე, პოპულარული და ბოლოს და ბოლოს, თეატრის დირიჟორი, მაგრამ ამბიციური არასდროს ყოფილა. საოცრად იცოდა ამბების თხრობა. და იცით, როგორი ტიპაჟი იყო?! მუდამ თანამედროვე და ეს ინტელიგენტ ადამიანებს სჩვევიათ. წლები გადიოდა და არ ბერდებოდა. ერთხანს, 2 წელი მე და ჩემი მეუღლე მოსკოვში ვცხოვრობდით და ნელიც ჩვენთან იყო. ამ ხნის განმავლობაში არასდროს მიგრძნია, რომ ჩემთან ერთად ასაკოვანი ადამიანი ცხოვრობდა. არადა, ბევრ ასაკში შესულს უჩნდება უფროსობის და ჭკუის დარიგების სურვილი, ნელი კი პირიქით იყო. თვალი რომ დაგეხუჭა და გესმინა, იფიქრებდი, ახალგაზრდა ლაპარაკობდა. ის 88 წლის ასაკში გარდაიცვალა და ხანდაზმულიც კი ლამაზი იყო. დღეს სამივე დედმამიშვილი გარდაცვლილია. ისინი ბათუმში დაკრძალეს.

jox-1645781476.jpg

- იშვიათი არ არის, რომ ზოგჯერ ულამაზესი ქალები რჩებიან საკუთარი კერის ან შთამომავლობის გარეშე. ახალგაზრდობის წლებიდან იხსენებდა ალბათ ამ თემასთან დაკავშირებით რამეს, წარმოუდგენელია თაყვანისმცემლები არ ჰყოლოდა...

- ნელი იყო დაოჯახებული, მაგრამ იმ ადამიანის არც სახელი ვიცი და არც გვარი, არ ახსენებდა. გვიან გათხოვდა და სოხუმელს გაჰყვა. ეტყობა ურთიერთობა არ აეწყო, მალევე დაბრუნდა ბათუმში. ფაქტობრივად, მხოლოდ კონსერვატორიაში სწავლისა და მარჯანიშვილის თეატრში მუშაობის დროს ცხოვრობდა თბილისში, სხვა დანარჩენი წლები ბათუმში გაატარა, სადაც როგორც უკვე აღვნიშნე, წლების განმავლობაში ბათუმის თეატრის დირიჟორი იყო და მუსიკალურ სკოლაშიც მუშაობდა. ვფიქრობ, ასაკში რომ შევიდა, ერთგვარი დეპრესია დაეწყო, რადგან იმ დროს ბევრი საბუთი და ფოტო გადაყარა. ალბათ ფიქრობდა, ვის რაში სჭირდებაო. სპექტაკლებზე ყვავილებს უგზავნიდნენ ბარათებით, რომელსაც აგროვებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მხოლოდ რამდენიმეღა ვნახეთ.

- ბევრი ასაკოვანი ადამიანი იქცევა ასე, ახალგაზრდობის ფოტოებსა და სხვა მოგონებებს ანადგურებენ. ალბათ ზოგს არათუ ახარებს და აბედნიერებს, არამედ ერთგვარ სევდას ჰგვრის წარსულის გახსენება...

- ალბათ... მახსოვს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ჩემი თანდასწრებით როგორ იტირა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. შვილი რომ არ ჰყავდა, ამას განიცდიდა. ნეტავ ბავშვი მაინც გამეჩინა, მაგრამ აჭარაში ვცხოვრობდი, აქ მაინც პროვინციაა და ეს ვერ გავაკეთეო. ძმისშვილებზე ვუთხარი, - ნელი, კარგი რა, ირაკლი და ქეთინო ხომ შენი შვილები არიან-მეთქი, მაგრამ, - არა, საკუთარი მაინც სხვა არისო. ასე რომ მომხდარიყო, ჩემს მეუღლეს, ირაკლისაც მამიდაშვილი ეყოლებოდა. ამაზე მეც გულწრფელად მწყდება გული, რადგან ნელი იმდენად ლამაზი ადამიანი იყო, როგორც სულიერად, ისე გარეგნულად, შვილი აუცილებლად უნდა ჰყოლოდა...

ანა კალანდაძე