"ნამდვილად ღირს შეიყვარო ქალი მთელი გულით და თავდავიწყებით" - გზაპრესი

"ნამდვილად ღირს შეიყვარო ქალი მთელი გულით და თავდავიწყებით"

დიტო ქისიშვილმა ბოლო პერიოდში ჩაწერა რამდენიმე ახალი სიმღერა - ქურთული ფოლკლორული სიმღერა ქართულ-ქურთულად, შემდეგ უკვე - ქართულ-ოსურადაც. ჩაწერა ქართულ-აზერბაიჯანული სიმღერაც მეგობართან, ნარგილა-თინა მეჰთიევასთან ერთად. როგორც თავად მითხრა, აზერბაიჯანში უკვე პოპულარული გახდა ეს ნამუშევარი, საქართველოში კი მალე იქნება სატელევიზიო პრემიერა. მომღერლისთვის მთავარი ღირებულება ოჯახი, სუფთა სინდისით და სიყვარულით ცხოვრებაა. ჰყავს მეუღლე და 2 გოგონა - 10 წლის ნიცა და 5 წლის ელი.

- „კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი – აი, იდეალური ცხოვრება“ (მარკ ტვენი).

- მეგობრებში მე მოვიაზრებ ოჯახის წევრებსაც, ისინი შეიძლება იყვნენ კარგი მეგობრებიც და თანამოაზრეებიც. შეიძლება რამეში ვცდებოდე და ამ დროს მეგობარმა მიჩვენოს სწორი გზა. დღევანდელი თაობა გადართულია გაჯეტებზე, ამიტომ ვცდილობ, ჩემს გოგონებს ხშირად წავუკითხო წიგნები. წინა კვირას უფროსი - ნიცა 10 წლის გახდა. სკოლაში კარგად სწავლობს, მაგრამ ტელეფონი წამდაუწუმ ხელში უჭირავს. როდესაც შინ ვარ და დრო მაქვს, ტელეფონს ვართმევ და სხვა რამეს ვთავაზობ, მაგალითად, ფილმის ყურებას ან კითხვას. მეგობრული ურთიერთობა მაქვს შვილებთან, ჩემი ხათრი აქვთ და უარს არ მეუბნებიან. რაკი პროფესიით მსახიობი ვარ, მხატვრულად კითხვა შემიძლია, რაც კიდევ უფრო ახალისებთ. მერე ვაანალიზებთ კიდეც, პერსონაჟების ხასიათს, ქცევას განვიხილავთ და უფრო ინტერესდებიან. ამას წინათ დუმბაძის მოთხრობები წავუკითხე, მერე გალაკტიონის ლექსი ვასწავლე ნიცას და ამასობაში პატარამ ისწავლა. ელი ვითომ თამაშობს ხოლმე, მაგრამ თან ყველაფერს ისმენს და ისრუტავს. 5 წლის არის ჩემი „ჯუჯალარი“ გოგო. ეს სიმღერაც უცებ ისწავლა, მე რომ მისმენდა, როდესაც აზერბაიჯანული სიმღერის ჩასაწერად ვემზადებოდი. ერთხელ ცეკვიდან რომ მომყავდა, მთხოვა, ვიმღეროთო. შემდეგ ეს ვიდეო აზერბაიჯანულმა ტელევიზიებმაც უჩვენეს.

რაც შეეხება სუფთა სინდისს, როდესაც წესიერად ცხოვრობ და ცდილობ, შენი ოჯახიც ისე აცხოვრო, რომ არაფრის შიში არ ჰქონდეთ, ამაზე დიდი თავისუფლება რაღა უნდა იყოს? დღეს რთულია სუფთა სინდისით ცხოვრება, მაგრამ მთის კაცი ვარ და დინების საწინააღმდეგოდ მიყვარს წასვლა. თან, ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, რომ სინდისი და პატიოსნება მთავარია ჩემთვის.

- „სამშობლო ტაძარია, სალოცავი, მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან“ (ნოდარ დუმბაძე).

- რა მართალი ნათქვამია. მე ვარ ამ მიწის შვილი და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ვერასდროს ვერსად მივდივარ. ბევრჯერ მქონია შემოთავაზება, წავსულიყავი, მაგალითად, ნიუ-იორკში, მოსკოვში, უკრაინაშიც, სხვათა შორის, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი. მაქსიმუმ 10 დღე შემიძლია გავძლო სხვა ქვეყანაში და ჩემი ხასიათი რომ ვიცი, მაშინაც ნოსტალგიით მოვკვდები. ტექნოლოგიებმა მოიცვა სრულიად სამყარო, გლობალიზაციამ ინფორმაციაზე წვდომა უმარტივესი გახადა, ადამიანმა თითქოს დაკარგა მნიშვნელობა და გამატერიალისტდა ყველაფერი, სიყვარულიც გვერდზე დაგვრჩა, მეორე და მესამეხარისხოვანი გახდა თითქოს. ამიტომაც, თუ რამეს ვწერ სოცქსელში, აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით. სამშობლო დედაეკლესიაა, შენი მრწამსი, რომლის დასაცავადაც ყველაფერს უნდა აკეთებდე. ის, რაც დედაჩემია ჩემთვის - ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ყველაზე გენიალური, ერთი ერთშია ზუსტად სამშობლოც. პატარები არიან, მაგრამ ამ თემებზე შვილებსაც ვესაუბრები. მშობელმა ნელ-ნელა უნდა შეაყვაროს შვილებს ქვეყანა, სადაც დაიბადნენ და იზრდებიან. ბეტონის სამყაროში ვცხოვრობთ დღეს, მკაცრ რეალობაში. ერთხელ ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რაც ღმერთის მიერ შექმნილა, სწორედ ის ამშვიდებს ადამიანს. აბა, ზეცაში აიხედე და ცოტა ხანს იყურე, როგორ დაწყნარდებიო. ჩემს კორპუსში ორმა შეძლებულმა ოჯახმა გააქირავა სახლი და ქალაქგარეთ გადავიდა საცხოვრებლად. ბუნებაში თავს უფრო მშვიდად გრძნობენ. ამას წინათ ასეთი რამ დავწერე: „გულის გონებით ცხოვრებამ,/ ბევრჯერ მათრახი მირტყა/ და მაინც ვიტყვი, მიყვარხარ,/ ამად ცხოვრება ღირდა“, - ეს არის უმთავრესი.

- „ისტორია სავსეა ომებით, რომლებიც ყველამ იცოდა რომ არ მოხდებოდა“ (ენოქ პაუელი).

- მე მერჩივნა, ანწუხელიძე ცოცხლად გმირი ყოფილიყო და ისეთივე ვაჟკაცი შვილები გაეზარდა, როგორიც თვითონ იყო. პოლიტიკა იმდენად ბინძური რამეა, რომ არასდროს მაქვს სურვილი, ამაზე ვილაპარაკო. ანგაჟირებულ ადამიანზე საშიში არაფერია, მოსიყვარულე და მოტრფიალე ადამიანზე ძვირფასიც არაფერია. ჩემი სიმღერები ყოველთვის მიმართულია სიყვარულისკენ. 2022 წელია, რაღა დროს ომი და სიკვდილია, მაგრამ სამყარო დღეს ასეთია. ჩვენ შევთხოვოთ ღმერთს, რომ სიმშვიდე იყოს, რომ დედა ღვთისმშობელმა დაგვიცვას.

- „ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან“ (კონფუცი).

- აბსოლუტურად ვეთანხმები. მაგალითად, მსახიობი თითქოს თავს მოვალედ თვლის, მუდმივად პოზიტივი აფრქვიოს. ჩემს თავზეც ვამბობ ამას, თითქოს ვალდებულებაა, სხვას მოვუტანო სიხარული, შევუცვალო განწყობა უკეთესისკენ და ამისთვის დიდი ენერგია მჭირდება. ამიტომ შეიძლება ისე გამოვიფიტო, რომ სახლში მისული დავსევდიანდე და ვერც კი მივხვდე, რატომ. ჟუზეპე ვერდის ოპერა „რიგოლეტო“ გამახსენდა ახლა. მისი პარტია ერთ-ერთი რთული სამღერია, ვითომ პოზიტიურია, მაგრამ დიდი სევდაა ჩადებული. სინამდვილეში სასახლის მასხარაზე ტრაგიკული და სევდიანი არავინ არის.

- „მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას, რაც არღვევს სიჩუმეს“ (ვიქტორ ჰიუგო).

- უფრო მეტს ვიტყვი - ხელოვნება, ზოგადად, სულს ელამუნება, მაგრამ ნომერი პირველი მაინც მუსიკაა, რადგან მას შეუძლია გამოგზაუროს, სამყარო შეგამეცნებინოს და შეგაყვაროს, აგაფორიაქოს, აგაღელვოს. მუსიკა ახლოს მგონია ღმერთთან. ის არის დასაბამიც და გაგრძელებაც ყველაფრის.

- „ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი“ (სოლომონ დოდაშვილი).

- ცარიელ თავზე მძიმე რა შეიძლება იყოს? როდესაც ადამიანს არ აქვს ანალიზის უნარი, თვითშეფასება და ვერც საზოგადოებას აფასებს ადეკვატურად, ეს დიდ კომპლექსებს აჩენს. იმდენ სისულელეს აკომენტარებენ სოციალურ ქსელში, ზოგჯერ ცუდი ფიქრები მიპყრობს. ყველამ ყველაფერი როგორ იცის? რაც ვიცით, ის საქმე რომ ვაკეთოთ, არ სჯობს? რაც არ ვიცი და მეკითხებიან, პირდაპირ ვეუბნები, რომ კომპეტენტური არ ვარ და ვერ ვუპასუხებ.

- „სიამაყე თავისებური აბუჩად აგდებაა ყველასი, გარდა საკუთარი თავისა“ (თეოფრასტე).

- საერთოდ, მთის ხალხი ამაყია და აქვთ კიდეც ამის საფუძველი.…მიწასთან გასწორებული ადამიანის დაჩაგვრა უფრო მარტივია. ამაყის დაჩაგვრას ვერ შეძლებ, მაგრამ რეალისტურად უნდა იყო ამაყი. ამპარტავნებაში არ უნდა გადაგეზარდოს და თუ ასე მოხდა, სულ ცოდვის ქვეშ იქნები.

- „ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია მოღალატეები არიან. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება – ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია“ (მარკუს ავრელიუსი).

- ასეა, ღალატზე ბინძური რამ არ არსებობს, გინდა მეგობრის ღალატი იყოს, გინდა - მშობლის, შვილის, სამშობლოსი თუ რწმენის, ეს ყველაფერი შენი პრინციპების ღალატია. ერთი ძალიან ბევრია და ორი ძალიან ცოტაო, ასე იტყვიან ხოლმე, როდესაც ერთხელ გააკეთებ ამას, მეორედაც და მესამედაც აღარ გაგიჭირდება. მამაჩემივით, მეც ლოიალური ვარ. ისევე, როგორც მას, მეც მიყვარს ადამიანი, როგორც ღვთის შვილი და შემიძლია პატიება. იმ ადამიანს, რომელსაც ეშმაკი შეუჩნდა, არ უნდა დააკლო მცდელობა, რომ მიხვდეს და მოინანოს. მე ვინ ვარ, რომ არ ვაპატიო ვინმეს, როცა ღმერთი პატიობს დანაშაულს. თუ ადამიანი მივა იქამდე, რომ მოინანიოს შეცდომები, მე რა უფლება მაქვს?

- „შეიყვარო ქალი მთელი გულით? - არ ღირს, არადა, სხვანაირად არ გამოდის“ (სალვადორ დალი).

- როგორც ჩემი ამქვეყნად მოვლინებისთვის, ისეთივე მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის ამქვეყნად მოსვლისთვის. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შვილები წრფელი და უსაზღვრო სიყვარულის ნაყოფები არიან და ამით განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ. ნამდვილად ღირს შეიყვარო ქალი მთელი გულით და თავდავიწყებით. მის გამო რაინდიც უნდა იყო და კიდევ უფრო მეტად გეამაყებოდეს შენი კაცობა და ვაჟკაცობა.

52179317-347505015857952-6889947954551980032-n-copy-1646640640.jpg

- „მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ“ (ნიცშე).

- მარილის ფუთებით ჭამა არ მჭირდება მეგობრის ასარჩევად. თუ ადამიანი არ არის ბოროტი, ის ჩემი მეგობარია. ამ პრინციპით ვურთიერთობ და ძალიან დიდი სანაცნობო, სამეგობრო მყავს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. გამოხშირვაც გამიკეთებია, ასეც ხდება ხოლმე. ვცდილობ, როცა თავზე ხელია გადასასმელი, გადავუსვა და თუ რამე არ მომწონს, ისიც ვთქვა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სიყვარულით უნდა გააკეთო. გაიგებს და ათასჯერ ვეტყვი მადლობას, თუ ვერ გაიგებს, ალბათ მე ვერ ავუხსენი სწორად. ზურგს მაინც ვერ შევაქცევ, თუ გაუჭირდება. არავის ბოროტი არ მინდა და ვერც ვინმეს ცუდად ყოფნას ვინატრებ.

- „რასაც უნდა აკეთებდე, იფიქრე დასასრულზე“ (ოვიდიუსი).

- ბევრი ომი გამომივლია, ბევრჯერ წნეხის ქვეშ ვყოფილვარ, მაგრამ ბოლოს მოვქცეულვარ ისე ღირსეულად, როგორი დასასრულიც ჩამიფიქრებია. ამის გამო ვემადლიერები ღმერთს. რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, ვინმეს ავნებს თუ არგებს ჩვენი საქციელი.

ნინო ჯავახიშვილი