რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ თქვენი არასრულწლოვანი შვილები - გზაპრესი

რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ თქვენი არასრულწლოვანი შვილები

ტექნოლოგიურ განვითარებას ბევრი უარყოფითიც სდევს თან - მშობლისთვის დღითი დღე რთულდება მოზარდის ინტერნეტსივრცესთან წვდომის გაკონტროლება; არ იცის, რას უყურებს შვილი და რამდენად სახიფათოა მათთვის ესა თუ ის ინფორმაცია. ინტერნეტის საშუალებით ხშირად ხდება არასრულწლოვნების ბულინგიც და სამწუხაროდ, ყველა მოზარდის ფსიქიკა ამას ვერ უძლებს. არის შემთხვევები, როდესაც სუიციდით ასრულებენ სიცოცხლეს. ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ ინტერნეტდამოკიდებულ ბავშვს ფსიქიკა ერღვევა, თავს იჩენს ფიზიკური პრობლემებიც - იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, მხედველობის გაუარესებას, თვალის სიმშრალეს, ხერხემლის გამრუდებას, ჭარბწონიანობასაც კი, რადგან ბავშვი დიდხანს არ მოძრაობს და ვერ აკონტროლებს, რას და რამდენს ჭამს. ხშირად დედები, ბავშვმა გემრიელად რომ მიირთვას, პატარა ასაკიდან აძლევენ ტელეფონს და ასე აჩვევენ მულტფილმების ყურების დროს ჭამას, ეს არასწორი და კატეგორიულად მიუღებელია. მას აუცილებლად უნდა შევთავაზოთ სხვა არტერნატიული გასართობი საშუალება.

ფსიქოლოგი ანი დევდარიანი:

- დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 წლამდე ბავშვისთვის მიზანშეწონილი არ არის ინტერნეტის გამოყენება, თუმცა დღეს ყველაფერი ონლაინზეა გადართული და რთულია ასაკის განსაზღვრა, თუ როდიდან უნდა დავრთოთ შვილს ინტერნეტის მოხმარების უფლება.

- რა შემთხვევაში ხდება ბავშვი ტელეფონზე ან სხვა ტექნიკაზე დამოკიდებული?

ფსიქოლოგი მამუკა ბროძელი:

- ეს არასწორი ფორმაა შეკითხვის, ადამიანი არ ხდება ტელეფონზე ან კომპიუტერზე დამოკიდებული, ის დამოკიდებული ხდება სხვადასხვა აპლიკაციასა თუ საიტზე, რომლების ხანგრძლივი გამოყენებაც არაჯანსაღ ხასიათს იღებს. მშობელმა უნდა შესთავაზოს ბავშვს სხვა ალტერნატივა, რათა ის არ გახდეს დამოკიდებული აპლიკაციებზე და მთელ დროს არ უთმობდეს ინტერნეტს. ბავშვებს ხშირად შესთავაზეთ თქვენთან ერთად თამაში, პარკში სუფთა ჰაერზე გასეირნება, წიგნის ერთად წაკითხვა, რათა შეძლოთ მისი დღის რეჟიმის მოწესრიგება. თუ მშობელი მთელ დროს თავისივე საქმიანობას ახმარს და ბავშვისთვის ფიზიკურად არ რჩება დრო, ბავშვიც ავტომატურად ერთვება იქ, სადაც თავს კომფორტულად და თავისუფლად იგრძნობს. აუცილებელია, მოზარდმა იურთიერთოს რეალურად და არა სხვადასხვა ჩათის გამოყენებით. ვირტუალური სამყაროს ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ საშუალებას გვაძლევს, უფრო მრავალფეროვან ხალხთან გვქონდეს ურთიერთობა, ვიდრე ფიზიკურ სივრცეში. ხშირად შეახსენეთ მოზარდს, რომ უმჯობესია დროის გატარება მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად.

პედიატრი ნინო ვაშაძე თვლის, რომ ბავშვის ტვინი 21 წლამდე იზრდება და სწორედ ამ ასაკამდე ყალიბდება, რაც ბუნებრივი პროცესის ნაწილია, ხოლო ციფრული ტექნოლოგია ამ პროცესის ბუნებრივ განვითარებას აფერხებს:

- დღევანდელი თაობის განვითარებას აფერხებს სწორედ ტექნოლოგიები. დღეს ბავშვები აღარ წერენ რვეულებში, კალამი ჩაანაცვლა სმარტფონმა. ისინი დავალებებს ან ფოტოს უღებენ, ან პირდაპირ ტელეფონში იწყებენ ტექსტის აკრეფას, ეს კი მოძრაობის შემცირებას იწვევს. ასევე, თუ ბავშვის ოთახში დგას ტელევიზორი ან კომპიუტერი, ის ძირითად დროს სწორედ იქ ატარებს. ამ შემთხვევაში ორი სახის პრობლემა იჩენს თავს: პირველი, ბავშვი უფუნქციოდ ზის და არ მოძრაობს, რაც წონაში მატებას იწვევს და მეორე, მშობელს უჭირს კონტროლი, თუ რას უყურებს ან ვის ეკონტაქტება თავისი შვილი.

გამოკითხვების თანახმად, მშობლების 70% აღნიშნავს, რომ მათ შვილს დარღვეული აქვს ძილის რეჟიმი, რაც მოზარდისთვის და არა მხოლოდ მისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. საწოლში ტელეფონის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. რაც უფრო მეტ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, მით უფრო კარგავს დამოუკიდებლად აზროვნების უნარს და შორდება ოჯახს. მათ ტექნიკის გარეშე ვეღარ წარმოუდგენიათ ცხოვრება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტელეფონები რისკჯგუფში შეიტანა დიდი რადიაციული გამოსხივების გამო. როგორ გადავაჩვიოთ ბავშვები ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას, ამის შესახებ რჩევებს ესპანელი პედიატრი, ანა მარია სანჩესი გვაძლევს:

- ბავშვი ყველა ქცევას იღებს მშობლისგან, ეს ალბათ ვიცით. ამიტომ თქვენც უნდა გადადოთ მობილური ტელეფონები გვერდით და შვილთან ერთად დაკავდეთ სხვადასხვა აქტივობით. იკითხეთ წიგნები, ითამაშეთ სხვადასხვა ინტელექტუალური თამაში, დახატეთ - ხატვა საუკეთესო თერაპიაა.

ნუ აუკრძალავთ ბავშვებს ტექნიკის გამოყენებას, დაუწესეთ რეჟიმი და დაავალეთ, რომ ყველა გაწერილ დროს სხვადასხვა რამ აკეთონ. გარკვეული პერიოდი მიეცით ტელეფონისა თუ კომპიუტერის მოხმარებისთვისაც. ასევე, ასწავლეთ ბავშვს, რომ კომპიუტერი გამოიყენოს არა გასართობად, არამედ გონებრივი განვითარებისთვის, რადგან ინტერნეტის საშუალებით დღეს ყველანაირ ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი.

ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ეს არის ვირტუალური სამყარო და ის რეალურს ვერ ჩაანაცვლებს. ნუ აუკრძალავთ, უბრალოდ მიუდექით გაგებით და შესთავაზეთ ალტერნატიული საშუალებები.

აუცილებელია და ჩვენს ქვეყანაში ხშირად მიმართავენ მშობლები ფსიქოლოგს, რადგან დამოკიდებულება იმავე პრობლემებს იწვევს, რასაც ფსიქიკური აშლილობა და სხვა სერიოზული დაავადებები. არ შეიძლება, ამას მოვეკიდოთ გულგრილად, რადგან ინტერნეტი არ არის უსაფრთხო თქვენი შვილებისთვის. თქვენ მათ აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა საფრთხეებს შეიცავს და არასდროს დაელაპარაკოთ მკაცრად, რადგან შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ბავშვს უნდა შეეძლოს თქვენთან მოსვლა და გულწრფელად საუბარი. გამოიყენეთ უსაფრთხოების ფილტრები, რაც საშუალებას მოგცემთ დაუბლოკოთ ბავშვებს ის საიტები, რომლებიც არ გინდათ ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის. მშობლების კონტროლი აუცილებელია იმის თავიდან ასაცილებლად, რა საფრთხეების წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ თქვენი არასრულწლოვანი შვილები.

ფიქრია რობაქიძე