10 შვილის დედა, წარმატებული ქალი და ოჯახში თანადგომის ძალა - გზაპრესი

10 შვილის დედა, წარმატებული ქალი და ოჯახში თანადგომის ძალა

დღეს 3 მარტია - დედის დღე და ჩვენ 10 შვილის გამჩენი, გმირი დედისა და წარმატებული ქალის შესახებ მოგითხრობთ. ირმა ცქიფაშვილი და ზაზა ჯაბანიშვილი ფშავის პატარა სოფელ თხინვალაში ცხოვრობენ და ბარბარეს, იოსებს, მარიამს, სალომეს, თინას, ჯაბას, ნინოს, ნაზის, ელენეს, დავითს ზრდიან. ეს ამბავია ქვეყნად ათი სიცოცხლის მოვლინების სიხარულზე, სიყვარულის გამოხატვის გულწრფელ ემოციებზე, სიკეთეზე, ბავშვობის გაუაზრებელ ოცნებაზე, რომელიც რეალობად იქცა...

- ქალბატონო ირმა, მიამბეთ, როგორია 3 მარტის დღე თქვენს ოჯახში?

- ამ დღეს გამორჩეული სიხარული ახლავს. პატარებისგან ყოველთვის გულწრფელი ემოცია მოდის, რა თქმა უნდა, სიყვარულს დიდებიც გამოხატავენ, მაგრამ პატარები - მეტად. 3 მარტი ჩვენს ოჯახში ყოველთვის გულისამაჩუყებელია. დილით გაღვიძებულს შვილების მოსალოცი ბარათები მხვდება, ზოგიერთი ლექსს მიძღვნის. ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. ხშირად მიფიქრია, ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია-მეთქი. მოგეხსენებათ, მთაში ვცხოვრობთ, აქ გაზაფხული ცოტა გვიან შემოდის, სადმე ყვავილს თუ იპოვიან, სიხარულით მოარბენინებენ, ჩახუტებით, მოფერებით, ალერსით დღესასწაულის შეგრძნებას ნამდვილად მიქმნიან.

- ფიქრობდით, მრავალშვილიანი დედა თუ იქნებოდით?

- ბავშვობაში გაუაზრებლად ვამბობდი, 9 შვილი უნდა გავაჩინო-მეთქი. რომ გავიზარდე და ოჯახი შევქმენი, ამას ნამდვილად არ ვფიქრობდი. ამ ქვეყანაზე ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. ბავშვობაში ნათქვამი ფრაზა რეალობად ვაქციე.

- ბევრი შვილის აღზრდა იოლი არ არის, სირთულე მთაში ალბათ მეტია, არა?

- ასე არ არის, ვერ დაგეთანხმებით. მთაში საფრთხე ნაკლებია. აქ მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, ქალაქსა და რაიონებში მცხოვრებ ბავშვებს მეტი გასასვლელი, დიდი არეალი აქვთ. აქ მაგის საშუალება არ არის, მაგ მხრივ არ მიჭირს. მართალია, მთა ისედაც მკაცრია, მაგრამ აქედან გამომდინარეც ვერ ვიტყვი, რომ რთულია. ჩემი ოჯახის ყველა წევრი, უმცროსი შვილის ჩათვლით, ვცდილობთ, ჩვენი საქმე ყველამ ისე მოვირგოთ, რომ არაფერი გაგვიჭირდეს. გარემოება გვასწავლის, როგორ მოვერგოთ რეალობას, ყოველდღიურ საქმეს როგორ გავუძღვეთ. სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით იმდენ რამეს ხედავენ, არ არსებობს, რომელიმე შვილს იმაზე მეტი მოთხოვნა არ ჰქონდეს, ვიდრე გამოხატავს.

- მრავალშვილიან ოჯახებზე არაერთხელ დამიწერია. სულ ვამბობ, იმ ბავშვებს შორის, რომლებიც მრავალშვილიან და 1 და 2-ბავშვიან ოჯახებში იზრდებიან, უმეტეს შემთხვევაში (არა - ყოველთვის) დიდი განსხვავებაა. თქვენი დაკვირვებით რას გვეტყვით?

- მრავალშვილიან ოჯახებში აღზრდილი ბავშვები მეტად მზრუნველები არიან, სხვაგვარი სიყვარული იციან. როცა ბავშვები ერთმანეთზე სიყვარულით ზრუნავენ, წლების შემდეგ მათი მზრუნველობა არა მხოლოდ და-ძმებს შორის გრძნობად რჩება, არამედ სამეგობრო წრეში გადადის, მერე - ერის და ბერის სიყვარულში. ჩემი შვილებიდან გამომდინარე, ეს შემიძლია თამამად ვთქვა. შრომის სიყვარულსაც გამორჩეულად ეჩვევიან. გუშინ ჩემს პატარა ბიჭს დაბადების დღე ჰქონდა, 6 წლის გახდა. თავად არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი და-ძმებმა გაუმზადეს, ეცადნენ, პატარისთვის ესიამოვნებინათ და სიხარული მიენიჭებინათ. ერთმანეთს დღესასწაულებს უქმნიან. ახალი წელია თუ ჩვეულებრივი დღე, სულ ცდილობენ, ერთმანეთს ასიამოვნონ. უფროსი 21 წლის არის, ხოლო ყველაზე პატარა - 6 წლის.

- როდესაც მრავალშვილიან ოჯახებზე ვლაპარაკობთ, უმეტეს შემთხვევაში აქცენტი დედებზე კეთდება, ამით მამის როლი ცოტათი ხომ არ კნინდება? თქვენს მეუღლეზე მიამბეთ, თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით, ჩემი ძმის კლასელი იყო. მაღაროსკარიდან ვარ, ჩემს სოფელში სწავლობდა. ერთმანეთს ოჯახებით ვიცნობდით, მაგრამ არანაირი სასიყვარულო ამბავი არ გვქონია. ზაზას დედის სამშობლო ჩემს სოფელში ჰქონდა, სწორედ მათ ურჩიეს, ეს გოგო ვითხოვოთო. ჩვენი შეუღლება გარიგებით მოხდა. ღვთის წყალობით, ურთიერთობა ბედნიერებით დაიწყო და დღემდე სიამტკბილობით მოვდივართ. ოჯახური პრობლემა ყველგან არსებობს, მაგრამ ვცდილობთ, ერთობლივად, თანადგომით, სიყვარულით ყველა პრობლემა გადავჭრათ. ჩემს მეუღლეს დამყოლი ხასიათი აქვს, სიფიცხით არ გამოირჩევა, მხარში მიდგას, სამსახურშიც, სახლშიც.

- როგორი მამაა?

- მზრუნველი და თბილი, ძალიან დამთმობია. შვილებისადმი ჩემზე მეტ სითბოს გამოხატავს. როცა ის სახლშია, უფლება არ მაქვს, რომელიმე შვილს შენიშვნა მივცე. საბედნიეროდ, შინ ხშირად არ არის, მუშაობს (იცინის): მშობლებიდან ერთი მაინც ხომ უნდა ვიყოთ მკაცრი.

- 10 შვილის აღზრდის პარალელურად გაქვთ სამსახური, შუაფხოს სკოლის დირექტორი ხართ, უძღვებით სოფლის მეურნეობას. ამ ყველაფერს როგორ ახერხებთ?

- ამ ყველაფერს მარტო მე, მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ მოვახერხებდი, ოჯახის წევრების თანადგომა რომ არ მქონდეს. მთაში მესაქონლეობის განვითარება ძალიან შრომატევადი და მძიმე საქმეა. ბავშვებიც შრომობენ, ასე ერთმანეთის მხარში დგომით ვცდილობთ, არაფერი გავიჭირვოთ და უკეთესი ხვალინდელი დღე შევიქმნათ.

download-copy-1646647733.jpg

- ამჟამად სკოლაში რამდენი მოსწავლე გყავთ?

- ახლა 15 მოსწავლე გვყავს. წლების წინ უფრო ცოტა ბავშვი გვყავდა, რადგან მხოლოდ 9 კლასის ჩათვლით ვასწავლიდით და ბავშვს საშუალო სკოლა რომ დაესრულებინა, ოჯახი სოფლიდან უნდა წასულიყო. მას შემდეგ, რაც საშუალო სკოლა გახდა, სოფელში ოჯახებიც შევინარჩუნეთ და ბავშვებიც მოგვემატნენ.

- თუმცა, ამისთვის ბევრი იბრძოლეთ, არა?

- წლები დამჭირდა, ამ მიზნისთვის რომ მიმეღწია. ჯეჯელავას მინისტრობის პერიოდში გახდა საშუალო სკოლა. დღემდე უკვე 9 ბავშვმა დაასრულა და ყველა მათგანი მომზადების გარეშე, სკოლაში მიღებული ცოდნით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდა. სკოლაში გვყავს პროგრამის - "ასწავლე საქართველოსთვის" მოწვეული 5 პედაგოგი და მათგან 4 ჩემს ოჯახში უსასყიდლოდ ცხოვრობს.

- თქვენი შვილებიდან სკოლაში რამდენი დადის?

- 2 სტუდენტია, უმცროსი ჯერ არ შესულა, დანარჩენი 7 ბავშვი სკოლის მოსწავლეა. მათგან ერთი აბიტურიენტია.

- შვილის კლასში როგორც პედაგოგი რომ შედიხართ, ეს სხვაგვარ მიდგომას საჭიროებს?

- 1 და 2-ბავშვიანი კლასებია. მშობელთან ბავშვი მაინც თამამია. წინა წლებში, იმის გამო, რომ ბავშვებს პრობლემა არ შეჰქმნოდათ, საათების აღებას თავს ვარიდებდი. წელს ისე მოხდა, მასწავლებლების ნაკლებობის გამო იძულებული გავხდი, საათები ამეღო. სულ მოსული მასწავლებლებით ვერ ვასწავლით, რადგან მათთვის საცხოვრებელი პირობები არ არის.

- სოფელში რამდენი ოჯახი ცხოვრობთ?

- თხილიანაში ამჟამად 13 კომლია, აქედან 11 ოჯახი მუდმივი მცხოვრები ვართ. ზარმაცი არ უნდა იყო, ისე სოფელში არაფერი გაგიჭირდება.

- სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ფორმით თქვენი როგორც მრავალშვილიანი ოჯახის მხარდაჭერა თუ ხდება?

- საჯარო სამსახურში ვარ დასაქმებული, სოციალური დახმარება აღარ მეკუთვნოდა, მაგრამ ჩემი ხელფასი საარსებო მინიმუმს რადგან არ აღემატებოდა, ამის გამო ბავშვებზე ვიღებ დახმარებას. როცა წახალისება ხდება, კარგია, მაგრამ შვილები ვიღაცის ან სახელმწიფოს იმედად არ გამიჩენია. მათი მოვლინება ღვთის ნება იყო და ვალდებული ვარ, ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთო. ნეტავ მშვიდობა იყოს ამ ქვეყანაში და მსოფლიოში, სხვას აღარაფერს ვდარდობ.

- თქვენმა სტუდენტმა შვილებმა რა პროფესიები აირჩიეს?

- ერთი ტურიზმის მიმართულებით სწავლობს, მეორე - ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უფროს შვილს უნდა, საოჯახო სასტუმრო აამუშაოს, პროექტზე იმუშავა. იმედია, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებს. ეს აქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც შემოსავლის წყარო იქნება.

dsc01977-copy-1646647719.jpg

- რას ეტყვით წყვილებს, რომლებიც 1 და 2 შვილს აჩენენ?

- ჯანმრთელობა ხელს თუ უწყობთ, ბევრი შვილი გააჩინონ. სოციალური მდგომარეობის გამო თავს ნუ შეიკავებენ, ღმერთი ძალას და საშუალებას მისცემს, რომ გაზარდონ. პირველ რიგში ეს ბავშვისთვის არის საჭირო. ახალი სიცოცხლის გაჩენის სიხარულზე კარგი არაფერია. ერთი ბავშვიც რომ არ არის სახლში, ძალიან მაკლია, რაღაც სხვაგვარად ვარ. ერთი შვილი რომ მყოლოდა, ამაზე მეტიც არაფერი მექნებოდა, ვიდრე დღეს მაქვს...

- გილოცავთ დედის დღეს, ბედნიერი დედა იყავით!

- დიდი მადლობა! ყველა დედას შვილებით გახარებას და მათ მშვიდობიან სამყაროში გაზრდას ვუსურვებ!

თამუნა კვინიკაძე