პირიქით გასასაჩუქებელი ოლიმპიური მონეტა - გზაპრესი

პირიქით გასასაჩუქებელი ოლიმპიური მონეტა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ტეტრალინგვური გიდი ლელა ნიკურაძე იმ თანამედროვე ინტელიგენტთა და იშვიათ ქალბატონთა რიგს მიეკუთვნება, რომელიც ქართული კულტურის დეტალებში სიღრმისეულადაა გარკვეული. ლელას სიფრიფანობას ერთი მარტივი და მეტაფორული ახსნა მოვუძებნე: ის ისე დააბიჯებს უძველეს და უიშვიათეს ექსპონატებს შორის, თითქოს წარსულიდან შემორჩენილ ჩვენს განძეულს საუკუნოვან სიმშვიდეს "მეტი" წონით დაურღვევდა. ცალკე სასაუბრო თემაა მისი კეთილშობილება და ლეგენდარული სიკეთეები, რომელზეც არასდროს საუბრობს... დღეს "გზა" წარმოგიდგენთ ქალბატონი ლელას მონათხრობს, რომელიც მთლიანად მუზეუმთანაა კავშირში.

ლელა ნიკურაძე:

- საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უამრავი უძველესი და საინტერესო ექსპონატია, რომელთაგან ძალზე ბევრი მხატვრული, მეცნიერული თუ ისტორიული ღირებულებისაა. ამ ექსპონატებს ქართველი თუ უცხოელი დამთვალიერებელი აღტაცებაში მოჰყავს. მართალია, შონ ლევის ფილმის "ღამე მუზეუმში" სადარი ფანტასტიკური ამბები არ ხდება, მაგრამ სახალისო-კურიოზული საკმაოდ ხშირია, რისი შემსწრეც, ძირითადად, გიდები ვართ და ასევე უშუალოდ ექსპონატებთან მყოფი ზედამხედველები.

მუზეუმებში ყოველთვისაა გამორჩეული ნივთები, რომელთაც განსაკუთრებით ბევრი დამთვალიერებელი ჰყავთ, ანუ როგორც დღეს ამბობენ, განსაკუთრებით მოთხოვნადია. ეროვნულ მუზეუმში ყველა ნივთი გამორჩეულია, მაგრამ ამ რჩეულთა შორის კიდევ უფრო რჩეულია მსოფლიოში უძველესი, ყურძნის მტევნებით შემკობილ-მოჩუქურთმებული ქვევრი, ულამაზესი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები ყორღანული სამარხებიდან, ვანიდან და მცხეთის სამეფო პიტიახშთა სამაროვანიდან, "პირველი ევროპელები" - მზია და ზეზვა. ჩვენთან იყო "თამადის" ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ამჯერად აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმშია ულამაზესად წარმოჩენილი.

ექსკურსიის დროს ზოგი ვიზიტორი საოცრად იბნევა ჩვენი საარაკო ქვევრის დათარიღებისას. როცა ვეუბნები, ჩვ.წ.აღ-მდე მე-6 ათასწლეული, აქეთ 2 ათასწლეული, იქით - 6, ანუ 8 000 წლისაა-მეთქი, ბევრს დაუჯერებლად მიაჩნია. "ურწმუნოთა" შორის იყო 3 ასაკოვანი მამაკაცი დუბაიდან, უამრავ ქვეყანაში ნამყოფები. ირანში რომ იყო მსოფლიოში უძველესი ქვევრი აღმოჩენილი, ეს ინფორმაციაც ჰქონდათ, მაგრამ თანამედროვე რადიოკარბონული მეთოდით, უცხოელმა მეცნიერებმა ჩვენი ქვევრის უძველესობა რომ დაადასტურეს და მთელი 600 ან 1000 წლით უკან ჩამოიტოვა ირანული, არ იცოდნენ და წარმოუდგენლად მიიჩნიეს ეს ასაკი. ინგლისურ-ფრანგულადაც ვუთხარი და ბოლოს მაინც მუზეუმის ბილეთზე დამიწერეს 800! არა-მეთქი და მივუმატე კიდევ ერთი 0. ლამის თავში წაიშინეს ხელი, რა საოცარი და ძველი ხალხი ხართო და "მოკაკვეს" თითიც! ცხადია, მეამაყება და თანაც მეცინება ასეთ "ურწმუნო თომებზე". მეცინება, როცა ჩვ.წ.აღ-მდე მე-6 ათასწლეულს ისე გამოიყვანს ვინმე, მიიღებს 60.000 წელს! როგორც ერთ ქართველ ახალგაზრდას დაემართა. მთელი 5 წუთი იანგარიშა და დაასკვნა: "60.000 წლისაა ხოო?" იცით, 6 იქით და 2-ც აქეთ და დანარჩენი სახლში იანგარიშეთ-მეთქი, ლამის გავუბრაზდი.

დაახლოებით, 5-6 წლის წინ იტალიელი მეღვინე სპეციალურად ჩამოფრინდა ქვევრის სანახავად, ჟურნალისტთან ერთად. აქ მხოლოდ სიამაყის გრძნობა გიპყრობს ადამიანს!

* * *

- მუზეუმის დამთვალიერებლებს, ქვევრთან ერთად, ყოველთვის ხიბლავდათ "თამადის" ბრინჯაოს მშვენიერი ქანდაკება, მამაკაცი ყანწით ხელში, ჩვ.წ.აღ-მდე მე-7 საუკუნით დათარიღებული, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ისევ ვანს დაუბრუნდა - აღმოჩენის ადგილს, სადაც განახლებული საგამოფენო კონცეფციის ავტორი ნინო ლორთქიფანიძე გახლავთ და რომელმაც "თამადა" მართლაც შთამბეჭდავად გამოფინა!

ხდება ისეც, დამთვალიერებელი ვერ ხვდება ამა თუ იმ ნივთის დანიშნულებას და კურიოზულ კითხვებს სვამს. განსაკუთრებით ეს ეხება ხიზანაანთ გორაზე ნაპოვნ ჩვ.წ.აღ-მდე მე-3 ათასწლეულის კერას, რომელიც ერთხელაც, რუს (და არა მარტო რუს) დამთვალიერებლებს უნიტაზი ეგონათ და ატეხეს სიცილ-კისკისი! როცა ავუხსენი, რაც იყო, დაიმორცხვეს და მომიბოდიშეს! გულში ვფიქრობდი, თქვენ რა სულ უნიტაზები გელანდებათ-მეთქი (2008 წლის აგვისტოს ომის კადრები გამახსენდა...). ეს ამბავი კოლეგებს რომ მოვუყევი, ერთმა მითხრა, - გაუშვი, დაე, ეგონოთ, ქართველებს 5 ათასი წლის წინ რომ უნიტაზები გვქონდაო. რუსებთან დაკავშირებით მაგონდება კიდევ ერთი შემთხვევა: ერთმა ასაკოვანმა წყვილმა არქეოლოგიის განყოფილებაში ექსკურსიის შემდეგ მადლობები მიხადეს და პატივისცემის ნიშნად მონეტა მაჩუქეს - 25 მანეთის ღირებულების და თანაც მითხრეს, ეს ოლიმპიადისთვის სპეციალურად გამოუშვეს მიმოქცევაშიო. დავხედე და... სოჭის ოლიმპიადა 2014 გამოსახულებით იყო! ვერ მოვითმინე და ვუთხარი, - წესით და რიგით, ამ მონეტას მე უნდა გჩუქნიდეთ-მეთქი... გაჩუმდნენ. მერე თავი დამიქნიეს თანხმობის ნიშნად. კიდევ მადლობა მითხრეს და გავიდნენ დარბაზიდან. ის მონეტა ჩემს ძმისშვილს, დადუს დღემდე აქვს შენახული. ჩემი ძმისშვილები და დისშვილიშვილები "ქარვასლასა" და ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გაიზარდნენ. ყველა კუთხე-კუნჭული იციან და დადუ თავის მეგობრებსაც აცნობდა ხოლმე ექსპონატებს. ერთხელ ნუმიზმატიკაში ჩავიყვანე. დაინტერესდა, მოეწონა უძველესი მონეტები, ათვალიერა. სახლში მოსული მეუბნება, რა მაგარი იყო "პირველყოფილი" ფულიო. უძველესი მონეტები ასე "მონათლა"...

274554341-742312476745896-3479928714291266438-n-copy-1646647908.jpg

* * *

- ძალზე საინტერესო და ამავე დროს, სახალისო კითხვები და ხედვები აქვთ ბავშვებს. ძალიან გონიერები, შეგნებულები არიან და უფროსებთან შედარებით, მუზეუმში საოცრად იცავენ ქცევის წესებს. არ მახსოვს რომელიმე ბავშვი ხელით შეხებოდა ქვის ხანის ფიგურას, ერთმა ქალბატონმა კი ხელიც შეავლო და გაიკვირვა კიდეც: ქვის ხანიდან აქამდე რა კარგად შენახულაო! თრიალეთის ყორღანიდან ულამაზეს ყელსაბამს ვაჩვენებ და ერთი მეუბნება, ასეთი ჩემს დედიკოს აქვს, ასეთი ბურთებითო... კავკასიის ბიომრავალფეროვნებას აღტაცებულები ათვალიერებენ (დიდებიც, სხვათა შორის) და გამუდმებით მეკითხებიან ფიტულებზე: ეს ნამდვილია? ეს გველები ამოძვრებიან აქედან, თავზე რომ ავხადოთ? ამ ქვას შეიძლება ჩამოვატეხოთ (ლაპარაკია ულამაზეს მთის ბროლის დრუზაზე) და დედიკოს წავუღოო? მარილის ლოდს შეიძლება ენა ავუსვათო და ა. შ. პალეონტოლოგიაში ზოგს თავის ქალების მულაჟები აშინებს, მაგრამ აღტაცებაში მოჰყავს "მზიასა და ზეზვას". მზია და ზეზვა საერთოდ ყველას ინტერესს იწვევს და მნახველიც არ აკლია, არც კურიოზი! "არქეოლოგიაში" ვართ მე და ჩემი კოლეგა. შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, უცხოელი სტუმრებით. გაიხედ-გამოიხედა. მერე მივიდა თანამშრომელთან და ეკითხება, ალი და ნინო სად არიანო?! ნათიამაც ეგრევე უპასუხა, ბათუმშიო! ეს ტიპი ჯერ დაიბნა, მერე გაიაზრა, რაც თქვა და სიცილით დატოვა დარბაზი. ცხადია, ჩვენც ბევრი ვიცინეთ... მოკლედ, მუზეუმი მართლაც ცოცხალი ორგანიზმია და უამრავი საინტერესოც და სახალისოც ხდება მის კედლებში. ჩვენც ამის მოწმეები ვართ, თავად ვიზიტორები კი თავიანთ დამოკიდებულებას, თავიანთ ემოციებს გვიწერენ შთაბეჭდილებათა წიგნში. ზოგი ძალზე სასაცილო ჩანაწერიცაა და რამდენიმე სტატუსადაც კი დავდე "ფეისბუკზე", ამჯერად კი არ ღირს ამის გახსენება, რადგან სინამდვილეში, ყველა ჩანაწერი, მიუხედავად ტექსტის გამართვა-გაუმართაობისა, მუზეუმისადმი სიყვარულს, პატივისცემას გამოხატავს და უპირველესად, ესაა მოწიწება ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურისადმი.

კიდევ ერთი იყო: შემოდგომაზე, "დიდებული პომპეი" რომ იყო გამოფენილი, პალეონტოლოგიის განყოფილებაში შემოვიდა ქალბატონი. დადის, ათვალიერებს და თან ბურდღუნებს თავისთვის ზედამხედველის გასაგონად: ესაა პომპეი თავისი ძვირფასეულობითო და ესაო და ისაო? სულ მკვდრების თავის ქალებია და რა უგავს ამას პომპეისო?! ნინოს აუხსნია მერე და გაუყვანია პომპეის "გზაზე"...

274296287-962834544352211-3807414135824601190-n-1646647918.jpg

* * *

- ერთხელ აღმოსავლურ დარბაზში ვიყავი და შემოდის წყვილი. თავიდან ქართველები მეგონა, სომხები აღმოჩნდნენ, ერევნიდან. რუსულად მკითხეს, - რა გაქვთ აქ გამორჩეული ნივთებიო? ვაჩვენე შაჰ-აბასის ლარნაკები მისივე დამღით, ყურანი და ა.შ. ახლა ჩაბრძანდით ქვემოთ და იქ საგანძურში ნახავთ ულამაზეს ოქროსა და ვერცხლის ნივთებს მცხეთიდან, ვანიდან და ა.შ. ესენი უცებ მპასუხობენ, არმენული აქცენტით: "ეტა ჟე ვიძელი, ეტა ურარტუ, ვანი". ურარტუ-ვანი არა, სევანი და შიგ კიდევ თევზი იშხანი-მეთქი... ე.ი. ეს არაა თქვენიო და თქვენი გვაჩვენეთო. გავურჩიე კარგად, რა და როგორც იყო და სულ ჰა-ჰა-ჰა იძახეს და "აშიბკაო"...

როლანდ ხოჯანაშვილი