„ქართველი ოდრის“ ფერწერა მძივებით - გზაპრესი

„ქართველი ოდრის“ ფერწერა მძივებით

აუცილებლად მოინუსხებით უნიკალური ნამუშევრებითა და ფერთა ჰარმონიით, თუ 8 მარტს ეწვევით გამოფენას, რომელიც სამების ახალგაზრდულ ცენტრში 14.00 საათზე გაიმართება. აქ წარმოდგენილი იქნება ქალბატონის ნელის ალბომი სახელწოდებით "სამყაროს მერვე საოცრება" (პროექტისა და იდეის ავტორი დარეჯან კვარაცხელია). გამოცემაში მკითხველი გაეცნობა წერილებსა და ლექსებს, რომელიც მხატვარს მიუძღვნეს, ასევე ნელი ბერაიას შემოქმედებას - საგამოფენო დარბაზებში გადაღებულ ფოტოგალერეას.

ქალბატონი ნელი დაიბადა მოსკოვში, 1931 წლის 8 მარტს და გაიზარდა თბილისში. ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ნიჭიერთა ათწლედის ვოკალური განყოფილების შემდეგ, სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში გააგრძელა. საბოლოოდ, ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად, ჰქონდა რამდენიმე ტელეგადაცემა მედიცინაზე. სწორედ კინოსტუდიაში გაიცნო მომავალი მეუღლე, მსახიობი ირაკლი უჩანეიშვილი, რომელთან ერთადაც 11 წელი იცხოვრა და როგორც იხსენებს, ის იყო შესანიშნავი მეუღლე და ადამიანი, იუმორით სავსე, სხვა ბევრი კარგი თვისებით შემკული. 2 შვილი ჰყავდა და ორივე ტრაგიკულად დაეღუპა, სხვა აღარავინ ჰყავს…და ახლა სამების საპატრიარქო ტაძრის ლავრაში ცხოვრობს, იქ ინახავს ტილოებსაც.

ულამაზესი ყოფილა ახალგაზრდობისას, მშვენიერების კვალი დღემდე ეტყობა. მოსკოვსა და თბილისში „ქართველ ოდრის“ ეძახდნენ თურმე, საქართველოში - „თბილისის სამკაულსაც" უწოდებდნენ. მსგავსება მართლაც ისეთი თვალსაჩინოა, გაგიჭირდებათ ფოტოებიდან ამოიცნოთ, რომელია ნამდვილი ოდრი და რომელი - ნელი ბერაია. არაერთი ლექსი მიუძღვნეს მის მშვენიერებასაც და შემოქმედებასაც. მათ შორის, ერეკლე საღლიანმაც: „გიწერ ამ ლექსს და სიტყვა თავს მესხმის,/ ვწერ ვიოლინოს ხმათა გამაზე,/ იყავ თბილისის ქუჩების ეშხი,/ ქუჩების ეშხი და სილამაზე“.

60 წლის ასაკში გაიღვიძა მასში შემოქმედის ნიჭმა და ბისერის მძივებით დაიწყო ფერწერული ტილოების, შედევრების შექმნა. ხელოვნების ამ ჟანრს ანალოგი არ ჰქონდა. არჩეულია ფაზისის საერო აკადემიის საპატიო წევრად და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრად. პირველი ტილო, თამარის პორტრეტი, როგორც იხსენებს, ზაზა ოქრუაშვილმა შეიძინა. მისი ნამუშევრები 20-მდე საგამოფენო სივრცეშია გამოფენილი. ცნობილი ადამიანებისა და წმინდანების პორტრეტებთან ერთად, ულამაზეს პეიზაჟებსაც ნახავთ.

njdjt-1646648079.jpg

ამბავს, თუ როგორ დაიწყო მოულოდნელად ხატვა, თვითონ ასე იხსენებს:

- მხატვარი დეიდა მყავდა, რომელსაც ხშირად ვთხოვდი, თამარ მეფე დაეხატა. სიცოცხლეში ვერ მოასწრო. ერთხელ სიზმარში გამომეცხადა და ისევ ვთხოვე. აიღე ფანქარი და თვითონ დახატეო, მითხრა. ვუპასუხე: როგორ, ხატვა არ ვიცი-მეთქი. დაჟინებით გამიმეორა, აუცილებლად სცადე და გამოგივაო. უცებ ჩემი თავი დავინახე ჰაერში გაწოლილი. გამიკვირდა, როგორ ხდება, რომ აქაც ვდგავარ და იქაც-მეთქი? ამის გაფიქრება და ჩემი სხეული გარდაიქმნა თამარ მეფედ. უცებ შევყვირე, ეს ხომ თამარ მეფეა, კი მაგრამ ცოცხალი ყოფილხართ და თქვენს საფლავს რატომ ეძებენ-მეთქი? პასუხი ვერ მივიღე და უცებ რაღაც ძალამ გამომაღვიძა. ვერ ჩავწვდი სიზმრის არსს. ერთხელაც სახლში ჟურნალს ვკითხულობდი, როცა რაღაც ძალამ წამომაგდო. ავიღე ფანქარი და ხატვა დავიწყე. მანამდე, როგორც ვთქვი, არ მქონდა ხატვის ნიჭი. რომ დავასრულე და შევხედე, გავოცდი, თვითონაც არ მჯეროდა, ნამდვილად ჩემი დახატული რომ იყო. თითქოს რაღაც აკლდა, გაცოცხლება უნდოდა, მაგრამ საღებავების გამოყენება არ ვიცოდი. გამახსენდა, რომ ქილაში შენახული მქონდა ბავშვობის დროიდან მოგროვილი ბისერები და ვიფიქრე, - მოდი, ვცდი, იქნებ მძივებით გავაწყო-მეთქი. საუცხოო გამოვიდა. თამარ მეფე იყო პირველი ნამუშევარი. ახლა ავსტრიაშია, კერძო კოლექციაში, ისევე, როგორც ჩემი სხვა ნახატები. 100-ზე მეტი ნამუშევარი მაქვს გაყიდული, ძირითადად უცხოელები ყიდულობდნენ, ბევრიც გავაჩუქე... ეს ძალიან რთული სამუშაოა, თვეები სჭირდება ერთი ნახატის დასრულებას. ჯერ ფანქრით იხატება და მერე მძივებით ხელმეორედ ხატავ. ბისერებთან ერთად ვიყენებ სვაროვსკის თვლებს, მარგალიტებს. უფრო პორტრეტებს ვხატავდი, თუმცა მქონდა პეიზაჟებიც, ულამაზესი ყვავილებიც, ანიმაციური გმირებიც. უდიდესი შემოქმედებითი და სულიერი აღმაფრენა ახლდა დედაეკლესიის მესაჭის პორტრეტის შექმნას. მე უნდა გადმომეცა არა მხოლოდ გარეგნული მსგავსება, არამედ სულიერი სიღრმეც. ახლა ერთადერთი სურვილი მაქვს - მინდა, გახსნან ჩემი სახელობის მუზეუმი, სადაც ყველა ნამუშევარი მოიყრის თავს.

ნინო ჯავახიშვილი