სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართველ მათემატიკოსთა ოჯახი - გზაპრესი

სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართველ მათემატიკოსთა ოჯახი

გიორგი ჯანელიძე, საერთაშორისო დონის წამყვანი მათემატიკოსი კატეგორიათა თეორიის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამხრეთ აფრიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორია. შვილი - ზურაბ ჯანელიძე სტელენბოშის უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობაზე მიიღეს. ათ წელიწადში, ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი იყო, წელს კი სამხრეთაფრიკული მათემატიკური საზოგადოების პრეზიდენტად დაინიშნა...

როგორც აღნიშნავენ, ოჯახში ხელოვნების ნიჭის აფეთქებაა: ზურაბ ჯანელიძე კლასიკურ ნაწარმოებებს ქნის და ხატავს, ხატავს მისი მეუღლეც - ნინო მექანარიშვილი, შვილი - მარიამ ჯანელიძე ჯერ მხოლოდ 13 წლისაა და თვითნასწავლი მხატვარია, რომლის ნამუშევრებზეც ამბობენ, რომ შეუძლებელია 13 წლის ბავშვი ასეთ შედევრებს ქმნიდეს...

ზურაბ ჯანელიძეს სასაუბროდ სამხრეთ აფრიკაში დავუკავშირდით:

- ხელოვნების პატივისცემა და სიყვარული ქართული ოჯახისთვის ალბათ უცხო არაა. ოჯახი, რომელშიც გავიზარდე, სწორედ ასეთი იყო. მაგალითად, მამაჩემის ბიძა ლევან ჯანელიძე, ცნობილი ქართველი არქიტექტორი გახლდათ, რომლის ნახატებითაც ბავშვობიდანვე მოხიბლული ვიყავი. დედაჩემის მხრიდან ბებიას, გულნარა ავალიშვილს, პროფესიით ბიოლოგს, ფორტეპიანოზე დაკვრა უყვარდა. მისმა იმპროვიზაციებმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა. მამამისი, იოსებ ავალიშვილი პროფესიით მათემატიკოსი, ხატავდა. მეორე ბებია და ორი ბაბუა ინჟინრები იყვნენ. მათი როლი ტექნიკური კუთხით აზროვნების ჩამოყალიბებაში, რაც მათემატიკისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია, საკმაოდ დიდია. პატარაობისას მამა მიხატავდა და მეც გარკვეულ ნიჭს ვავლენდი. ბავშვობისას ოჯახის წევრებისთვის ჩემი ნახატების ჩუქება, განსაკუთრებით დეიდაჩემისთვის, ძალიან მიყვარდა... ახალგაზრდობაში მაქვს დამთავრებული ხუთწლედი, ხატვის განხრით, საირმის ქუჩაზე არსებულ ხელოვნების გიმნაზიაში. მუსიკის მიმართ მსგავსი ნიჭი ბავშვობაში არ გამომივლენია და მიუხედავად ამისა, როცა ოჯახში გადაწყდა, რომ ჩემი და მუსიკის მასწავლებელთან მიეყვანათ, მეც გამოვთქვი სწავლის სურვილი... სახლში თავდაპირველად პიანინო არ გვქონდა. ჩემი მეზობლის და ბავშვობის უახლოესი მეგობრის სახლში ვმეცადინეობდი. ორი წლის შემდეგ მასწავლებელთან სიარულს თავი დავანებე. მუსიკისადმი ინტერესი ამის მერე, რამდენიმე წლის შემდეგ განმიახლდა. მაშინ გადავწყვიტე, ტრადიციული მუსიკალური განათლების მიღების ნაცვლად, კლასიკურ მუსიკის იმპროვიზაციაში გზა ჩემით გამეკვლია. ბებიას ძველ ფორტეპიანოზე ახალი მუსიკის შექმნის პროცესი, განსაკუთრებით სპონტანურად, დიდად მიტაცებდა. ამავე დროს, ეს ერთგვარი გამოწვევა იყო საკუთარ თავთან: მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ ნიჭი არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაეუფლო ხელოვნების დარგს, რომელიც გიყვარს.

mariamjacksparrow-1646648572.jpg

- მათემატიკოსის პროფესია თავად აირჩიეთ?

- მამის პროფესიას გავყევი... მამაჩემი, გიორგი ჯანელიძე საერთაშორისო დონის წამყვანი მათემატიკოსია კატეგორიათა თეორიის დარგში. ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამხრეთ აფრიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ. მამამ ბავშვობიდან მაჩვენა აბსტრაქტული მათემატიკის შემოქმედებითი მხარე. ამან დიდად გამიტაცა და დღესაც მიტაცებს. დავამთავრე თბილისის მე-6 გერმანული გიმნაზია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ასევე საშუალება მქონდა ავსტრალიის და კანადის სხვადასხვა ქალაქების სკოლებში მესწავლა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს მათემატიკურ განათლებაში სკოლას და უნივერსიტეტს მეორეხარისხოვანი როლი აქვთ. მამაჩემის ხელმძღვანელობა და შემდგომ დამოუკიდებელი მათემატიკური განვითარება, არის ის, რამაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკის ხელოვნების დაუფლებაში. სკოლის დამამთავრებელ წელს მონაწილეობა მივიღე ქართულ ეროვნულ სტუდენტურ კონფერენციაში, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ყოველ წელს ტარდებოდა. ამ კონფერენციისთვის მომზადებულმა კვლევითმა თემამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემი მათემატიკისადმი ინტერესის გამტკიცებაში. პირველად ჩემით ავაგე მათემატიკური სტრუქტურა, აფინური გეომეტრიის ერთი მაღალგანზომილებიანი მოდელი, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა, რომ ე.წ. ორელემენტიან ველზე ვექტორული სივრციც ეკვივალენტური იყო. ამ პროექტისათვის მონიჭებული პირველი ხარისხის ჯილდოს საფუძველზე უნივერსიტეტში უგამოცდოდ მიმიღეს...

დღეს მათემატიკაში გამოცდების ნაცვლად, სტუდენტებისგან შემოქმედებითი ნამუშევრების წარმოდგენას ვითხოვ. ეს მიდგომა ჩემს სტუდენტებს, სულ ცოტა, მათემატიკის სიყვარულის უღრმავებს. ზოგიერთი მათგანი კი ამის შედეგად მართლაც დიდ ნაბიჯს დგამს მათემატიკურ განვითარებაში.

night-1646648591.jpg

- საქართველოდან წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- სამხრეთ აფრიკაში ოჯახთან ერთად ჩემი საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში ჩამოვედი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ფიზიკა-მათემატიკაში მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მონიჭების სამი წლის შემდეგ, 2009 წელს, სტელენბოშის უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობაზე მიმიღეს. ათ წელიწადში, ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი ვიყავი. წელს დავინიშნე სამხრეთაფრიკული მათემატიკური საზოგადოების პრეზიდენტად. არაერთი გეგმა მაქვს თუ როგორ გამოვადგე სამხრეთაფრიკულ მათემატიკურ საზოგადოებას. სტელენბოში პატარა ქალაქია, რომელიც ცნობილ აფრიკულ ქალაქს, კეიპტაუნს მეზობლობს. ამ ქალაქში ხელოვნების სული დგას: ქუჩებში ხშირად ნახავთ გამოფენილ სკულპტურებს, შეხვდებით სამხატვრო გალერეებს და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ყურადღებიდან გამოგეპაროთ სტელენბოშის უნივერსიტეტის კონსერვატორიის დარბაზი, სადაც კლასიკური მუსიკის კონცერტები ხშირად ტარდება. ამ პატარა ქალაქის შემოქმედებითი სულისკვეთება უნივერსიტეტის მუშაობაშიც არის ინტეგრირებული. შემოქმედებითი კუთხით მოაზროვნე მათემატიკოსისთვის, ეს იდეალურ პირობებს ქმნის მის კარიერულ წინსვლაში... მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპაში, ბევრი სამეცნიერო თანამშრომელი მყავს. ჩემი მათემატიკური მიღწევების დიდი ნაწილი მათთან არის გაზიარებული. საქართველოსთანაც მაქვს კავშირი. ვარ ანდრეა რაზმაძის სახელობის მათემატიკური ინსტიტუტის ალგებრის განყოფილების ასოცირებული წევრი. ალგებრის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ბატონი ხვედრი ინასარიძე, რომელსაც მალე 90 წელი შეუსრულდება, ჩემი სამაგისტრო და ასევე საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი გახლდათ, რაც ჩემთვის დიდი პატივია. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართული მათემატიკის წინსვლაში. ამავე განყოფილებაში ერთ-ერთი მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია დეიდაჩემი, თამარ დათუაშვილი.

venice-1646648639.jpg

- გაგვაცანით მეუღლე და შვილი...

- ჩემი მეუღლე, ნინო მექანარიშვილი თბილისში მოკლე ვიზიტის დროს გავიცანი. 2007 წელს დავქორწინდით, ჯვართამაღლების ტაძარში დავიწერეთ ჯვარი... პირველად ზეთში ხატვა მას მე გავაცანი და სულ რამდენიმე თვეში იოლად გადაფარა ჩემი ბავშვობიდან გამოყოლილი ხატვის ნიჭი. ჩვენი უფროსი გოგონა კი, მარიამ ჯანელიძე თვითნასწავლია, რომელმაც 13 წლის ასაკში "გაგვისწრო" კიდეც. რაც მან წელს გააკეთა თავისი ინიციატივით და შრომით, ყოველგვარი დახმარების გარეშე, ეს ნინოსთვისაც და ჩემთვისაც დიდი სიურპრიზი იყო.

confidence-1646648623.jpg

- უიშვიათესია ამ დონის მათემატიკოსი ხატავდეს და კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებს ქმნიდეს... როგორ ახერხებთ?

- მათემატიკასა და მუსიკას შორის მისტიკური კავშირია. არსებობს ნაამბობი კლასიკური ეპოქის მათემატიკოსის, პითაგორას წვლილზე იმის აღმოჩენაში, რომ ორჯერ მოკლე სიმი ზუსტად ერთი ოქტავით ზრდის ტონალობას. რენესანსის ეპოქის გერმანელი მათემატიკოსის და პოლიმატის, გოთფრიდ ლაიბნიცის თვალსაზრისით, მუსიკის აღქმა მჭიდრო კავშირშია მათემატიკის და კერძოდ, არითმეტიკის ქვეცნობიერ აღქმასთან. მოცარტზე ამობობენ, რომ უყვარდა მათემატიკა. ბახის მუსიკა რომ გამოირჩევა მათემატიკური კანონზომიერებებით, ამაზე არაერთი მუსიკოსი და მათემატიკოსი საუბრობს. მუსიკისადმი ჩემი ინტერესი ვფიქრობ, სწორედ მათემატიკასა და მუსიკას შორის ამ მისტიკურ კავშირში უკეთ გამორკვევის სურვილმა გააღრმავა... მათემატიკა მუსიკაზე არანაკლებ ემოციურია: განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მათემატიკური ემოციების განცდა მხოლოდ პროფესიონალი მათემატიკოსის ფუფუნებაა. მუსიკალური ემოციების აღქმისთვის კი არ არის აუცილებელი, მუსიკოსი იყო. მათემატიკური და მუსიკალური ემოციების სიღრმე ჩემთვის ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა. მათი შედარება საინტერესო პროცესია...

ვფიქრობ, ადამიანის მიზანი წარმატება კი არა, ის უნდა იყოს, რომ აკეთო საქმე, რომელიც გულწრფელად გიყვარს. თუ წარმატება გერგება, ეს უფლის საჩუქრად მიიღე და არ გეგონოს, რომ აქ შენ რაიმე განსაკუთრებული დამსახურება გაქვს.

დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ სამხრეთ აფრიკაში სამაგალითო საქართველოს ელჩი გვყავს, ბატონი ბექა დვალის სახით. მისი ხელშეწყობით, საქართველოსთან კავშირი გაადვილებულია. საქართველოში, შესაძლებლობის შესაბამისად ხშირად ჩამოსვლას ვცდილობთ. როგორც კი გავბედავ ჩემი მუსიკალური შემოქმედების არავირტუალურ, ფიზიკურ რეალიზაციას, ჩემი მუსიკის გაზიარება ქართველი საზოგადოებისთვის ჩემი უპირველესი მიზანი იქნება.

მანანა გაბრიჭიძე