"ვამაყობ ჩემი წინაპრებით და წარმომავლობით, მაგრამ ჩემი სამშობლო საქართველოა" - გზაპრესი

"ვამაყობ ჩემი წინაპრებით და წარმომავლობით, მაგრამ ჩემი სამშობლო საქართველოა"

ნინო ანდრიასოვა უკვე მეოთხე წელია, სვანეთში ცხოვრობს და იქაურ ბავშვებს ასწავლის. ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა საქართველო და 17-წლიანი ცხოვრების შემდეგ მაინც დატოვა მოსკოვი, აქ ჩამოვიდა საცხოვრებლად. არ აშინებს დაბრკოლებები, ხშირად ზამთარში, სიცივესა და ყინვაში ფეხით უწევდა კილომეტრების გავლა სკოლაში მისასვლელად, მაგრამ არასდროს უფიქრია, მიეტოვებინა იქაურობა და უკან, თბილისში დაბრუნებულიყო.

ნინო თბილისშია დაბადებული. 11 წლის იყო, დედასთან ერთად მოსკოვში რომ გადავიდა საცხოვრებლად, იქვე დაამთავრა სკოლაც და უნივერსიტეტიც.

- ქიმიის ფაკულტეტი დავამთავრე, ავტოსაბურავების შექმნის სპეციალისტი ვარ, მაგრამ არასდროს მიმუშავია პროფესიით. 2 წელი ქართულ დიასპორაში ვიმუშავე. ვაწყობდით ღონისძიებებს, გამოფენებს, პოეზიის საღამოებს, გვქონდა ქართული ენის უფასო კურსები ნებისმიერი მსურველისთვის. ქართული კულტურის პოპულარიზაციასac ვცდილობდით. გვქონდა ასეთი პროექტი - "გასეირნება საქართველოს კუთხეებში", რომლის ფარგლებშიც ვაცნობდით თითოეული კუთხის ადათ-წესების, ღირსშესანიშნაობებს, ფოლკლორს. მაგალითად, დაბრუნებამდე ჩავატარეთ საღამო ხევსურეთის, თუშეთისა და სვანეთის შესახებ. სტუმრებს კუბდარითაც კი გავუმასპინძლდით. 2-3 თვით ადრე ვემზადებოდით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვთხოვდი საინტერესო მასალას, ძალიან მეხმარებოდნენ, შემდეგ ვამუშავებდი.

269378924-5257806977567952-3401885394664348114-n-copy-1647259237.jpg

- წარმოშობით საიდან ხართ?

- ყარაბახიდან, ქალაქ შუშიდან ვართ წარმოშობით, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვარ ნამყოფი. 1917 წლიდან ჩემი წინაპრები საცხოვრებლად თბილისში გადმოსულან. დიდი ბაბუა თავადი ყოფილა, დღემდე გვაქვს შემორჩენილი სასადილო სერვიზი, მარსელში შეკვეთით დამზადებული, ოჯახის გერბით. მამა იყო სოხუმიდან, აფხაზური სისხლიც ჰქონდა. მამას არც ვიცნობდი: როდესაც დედა ჩემზე 6 თვის ფეხმძიმე იყო, მაშინ გარდაცვლილა. დედამ და ბებიამ გამზარდეს.

დედა ფიზიკოსია პროფესიით, მეცნიერი იყო და მუშაობდა კიდეც, მაგრამ ქვეყანა რომ აირია, როგორც ბევრი სხვა, ისიც უმუშევრად დარჩენილა. მაშინ გაუგია, რომ მოსკოვში სჭირდებოდათ მასწავლებლები და 15 კაცი წასულა სხვადასხვა სკოლაში სამუშაოდ. ასწავლიდა და დღემდე ასწავლის იქ მათემატიკას. ასაკშია უკვე, ადრე ხშირად ჩამოდიოდა, ახლა პანდემიiს გამო, კარგა ხანია, აღარ ჩამოსულა.

- ალბათ მისთვის ადვილი არ იყო ერთადერთი შვილისგან ასე შორს ყოფნა?

- ავუხსენი, რომ ჩემი გადაწყვეტილება არაფერს ცვლიდა ჩვენს ურთიერთობაში, რომ მე ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა, მაგრამ აღარ შემეძლო რუსეთში ყოფნა. როდესაც აქედან წავედით, 11-12 წლის ვიქნებოდი მაშინ და ამდენი წლების მიუხედავად, მაინც ვერ შევეგუე იქაურობას, გული მუდმივად აქეთ მეწეოდა. კი ჩამოვდიოდით ზაფხულობით, მაგრამ მუდმივად აქ ცხოვრება მინდოდა. ვიცოდი, თუ არ დავბრუნდებოდი სამშობლოში, სულიერად მოვკვდებოდი. ერთი წამითაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დავიწყე ნულიდან. ვამაყობ ჩემი წინაპრებით და წარმომავლობით, მაგრამ ჩემი სამშობლო საქართველოა, საქართველოს შვილი ვარ.

თავდაპირველად ტურიზმში ვცადე ბედი - ტურებს ვაწყობდი, გიდი ვიყავი. სვანეთში ხშირად მიწევდა ამოსვლა. მთა ისედაც მიყვარდა ბავშვობიდან. ბევრგან ვარ ნამყოფი: ხევსურეთში, თუშეთში, პანკისში, ინგუშეთში, დაღესტანშიც, მაგრამ ზემო სვანეთმა განსაკუთრებით მომხიბლა ბუნებით, ხალხით, წმინდა ადგილებით. მანამდეც ვიცნობდი სვანებს, მეგობრებიც მყავდა, ოჯახის ახლობლებიც და ბევრი რამ მქონდა გაგებული მთის ხალხზე.

- და ახლა, როდესაც უფრო ახლოს გაიცანი და როგორც გავიგე, სვანების რძალიც გახდი, რას იტყვი მათზე, როგორები არიან?

- მთის ხალხი ძალიან უბრალო და გულღიაა. დიდ პატივს ვცემ მათ, ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ კუთხეს, ადათ-წესებს, სალოცავებს. თუ ხედავენ, რომ გიყვარს ისინი და უბრალო, გულწრფელი ადამიანი ხარ, ხელისგულზე გატარებენ, არ უყვართ ცხვირაწეული ხალხი. მომწონს, რომ მთაში უფრო მეტად არის შემორჩენილი ტრადიციები. აქ კი ბევრი რამ შემორჩენილია. პირველად უფლის სადღეგრძელოს ამბობენ, მერე - მთავარანგელოზის, წმინდა გიორგის, მიცვალებულების, მშვიდობის და მერე უკვე წესისამებრ. დიდ პატივს სცემენ მიცვალებულის ხსოვნას, უფროს-უმცროსობა იციან. ეს ყველაფერი მე ძალიან მომწონს, წინაპრები თუ არ გახსოვს, მაშინ სულიერებაც იკარგება და წარსულიც.

გამიმართლა, რომ ძალიან კარგ ოჯახში და ადამიანებში მოვხვდი. ხორგუანებში გავთხოვდი, სოფელ ეცერში. სულ ვამბობ, რომ მიმართლებს და ღმერთი ყოველთვის კარგ ადამიანებს მახვედრებს.

72296701-2986275851387754-3019716902235668480-n-copy-1647259253.jpg

- ბედნიერებას გისურვებთ! ამჟამად რას საქმიანობ, როგორც ვიცი, კვლავ რამდენიმე სკოლაში ასწავლი რუსულ ენას?

- მულახის რევაზ მარგიანის სახელობის საჯარო სკოლაში ვასწავლი და თვითონ ეცერშიც - ზურაბ გურჩიანის სახელობის სკოლაში. ლახამულას სკოლაშიც ვასწავლიდი, მაგრამ თავი დავანებე. ძალიან შორს არის და განსაკუთრებით ზამთარში იქამდე მისვლა ჭირს. ახლა უსტატუსო მასწავლებელი ვარ, სანამ უფროსი მასწავლებლის სტატუსს არ მომანიჭებენ, არ შემიძლია მივიღო მონაწილეობა პროექტში "ასწავლე მთაში". ახლა გავდივარ მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უფროსი მასწავლებელი გავხდები.

- მკაცრი პედაგოგი ხარ?

- სხვათა შორის, ბებიაჩემიც რუსული ენის პედაგოგი იყო და დედაც, როგორც გითხარით, წლებია, ამ საქმეს ემსახურება. მათგან ბევრი რამ მესმოდა ბავშვებთან ურთიერთობის, მათი ხასიათის შესახებ. ვცდილობ, მეგობრულიც ვიყო და თან ზღვარიც შევინარჩუნო. მინდა, მხოლოდ მოვალეობის გამო კი არ ისწავლონ ჩემი საგანი, უყვარდეთ კიდეც. ნებისმიერი საგნის პედაგოგი, პირველ რიგში, ამაზე უნდა ზრუნავდეს.

ნინო ჯავახიშვილი