სახლი, რომელიც უამრავ მოგონებას ინახავს
სახლი, სადაც დაიბადა, გაიზარდა და დღესაც ცხოვრობს, ძალიან უყვარს, რადგან ინახავს მისი წინაპრების სახელს და უამრავ ამბავს, რომელიც არაერთ ცნობილ ადამიანს უკავშირდება. საქართველოში სამთო საქმის ფუძემდებელი გრიგოლ წულუკიძე ამ ისტორიულ სახლში ქიაჩელის ქუჩაზე გასული საუკუნის 30-იან წლებში დაბინავდა. მისი შვილიშვილი, მუსიკოლოგიის დოქტორი, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის ექსპოზიციის მენეჯერი თამარ წულუკიძე სიამოვნებით გვესაუბრა სახელოვან წინაპრებზე და არა მარტო მათზე. ამბობს: „სახლი იმ ადამიანების სულს ატარებს, ვინც აქ ცხოვრობდა და ვინც სტუმრად მოდიოდა. გრიგოლ წულუკიძესთან მოდიოდნენ: ნიკო მუსხელიშვილი, ივანე ბერიტაშვილი, მიხეილ წინამძღვრიშვილი, კალისტრატე გაბუნია... მამას - მუსიკისმცოდნე ანტონ წულუკიძეს სტუმრობდნენ მეგობრები: ალექსი მაჭავარიანი, ოთარ თაქთაქიშვილი, დავით თორაძე, ბათუ კრავეიშვილი, ნუნუ დუღაშვილი, მედეა ჯაფარიძე, გიზო ჟორდანია...“
გრიგოლ წულუკიძე
- სამთო მექანიკის ინსტიტუტი გრიგოლ წულუკიძის სახელს ატარებს. მთელი ბავშვობა მამისგან ჩამესმოდა: გრიგოლ წულუკიძე ქართველი სამთოელებისთვის წმინდა ცნებაა, მე კი მის ფრჩხილადაც არ ვღირვარო. ბაბუას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ამ დამოკიდებულებას ვგრძნობდი საიუბილეო საღამოებზე მისი მოწაფეებისგანაც... გრიგოლ წულუკიძემ განათლება ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში მიიღო. სხვათა შორის, მასთან ერთად სწავლობდა ნიკო ლორთქიფანიძე. ისინი დიდი მეგობრები იყვნენ, მათი ურთიერთობა ცალკე თემაა. მამაჩემს ეამაყებოდა, რომ ნიკომ აჩუქა წიგნი წარწერით: „სახსოვრად გრიგოლს, წასაკითხად - ანტონს!“ მაშინ ანტონი პატარა იყო, წიგნი, სამწუხაროდ, დაიკარგა. გრიგოლის ხელმძღვანელობით ამუშავდა ტყიბულის, ჭიათურის, გროზნოს საწარმოები. ის იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების მოთავე ნიკო მუსხელიშვილთან ერთად და მერე პრორექტორი გახდა. გრიგოლ წულუკიძე ასევე იყო გეოლოგიის, მინერალური ნედლეულისა და ქიმიის ინსტიტუტების დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი.
ბაბუას ბიოგრაფიიდან ერთ ფაქტს მოვიყვან, რომლის გახსენება მამას განსაკუთრებით სიამოვნებდა. გრიგოლ წულუკიძე მიავლინეს ტყიბულში ქვანახშირის წარმოების ახალი მეთოდების დასანერგად. მამაჩემი სწორედ იმ პერიოდში ტყიბულში დაიბადა. პროექტი დასრულდა და ბაბუა თბილისში დასაბრუნებლად ემზადებოდა. ამან ვნებათაღელვა გამოიწვია, მაღაროელები ვერ ელეოდნენ, რადგან დიდი სიყვარული და სიკეთე ჰქონდა დათესილი. ეს ყველაფერი აიხსნებოდა მათ ხელფასებზე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვით - მის თავმდაბლობასა და უბრალოებაზე აღარც იყო ლაპარაკი. გრიგოლი თბილისში მატარებლით უნდა გამგზავრებულიყო. მაღაროელები სადგურის უფროსს მოელაპარაკნენ, რომ მემანქანეს მატარებელი შემდეგ სადგურამდე ნელა ეტარებინა და უკლებლივ მთელი მაღარო ერთი სადგურის მანძილზე ფეხით მიაცილებდა გრიგოლ წულუკიძეს!
წუწუნავები და თინა ბოლქვაძე
- გრიგოლ წულუკიძის მეუღლე, მამაჩემის დედა ნინო წუწუნავა, ალექსანდრე (ქართული კინოს, ასევე ქართული საოპერო რეჟისურის ერთ-ერთი ფუძემდებელი) და ცეცილია (სახალხო არტისტი) წუწუნავების და იყო. ისინი ოზურგეთიდან იყვნენ. წუწუნავებს ორი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი ჰყავდათ. ალექსანდრე და ცეცილიაც აქ, ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ. მამაჩემს ძალიან უყვარდა მათთან სტუმრობა ვორონცოვზე, იმ სახლში, სადაც ბიძამისის მეზობლები, წარმოიდგინეთ, ვინ იყვნენ: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, თამარ ჭავჭავაძე. წუწუნავების დედა, ჩემი დიდი ბებია გვარად თაყაიშვილი, ექვთიმეს ახლო ნათესავი იყო, ხოლო სესილია მკვიდრი ბიძაშვილი. სესილიას მამა და ბებიას დედა და-ძმა იყვნენ, ასე რომ, ჩვენებთან სესილიაც ხშირად იყო.
2016 წელს მამაჩემის დეიდაშვილის, მსახიობ თინა ბოლქვაძის (დედა - ფლორენცია წუწუნავა) ასი წელი აღნიშნა აფხაზეთის კულტურის ცენტრმა. მან ცხოვრების ბოლო, ლტოლვილობის პერიოდი ჩვენს სახლში გაატარა, რაც ძალიან მეამაყება. მამიდაჩემის ცხოვრება, მოკლედ რომ გითხრათ, ასე წარიმართა. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჯერ რუსთაველის თეატრში იმუშავა და შემდეგ სოხუმში გადავიდა. თინას ქალაქი ძალიან შეუყვარდა, თან თავს დედოფლად გრძნობდა. მომხიბლავი, ელვარე და არაორდინარული ქალბატონი იყო. მასზე საოცარ ამბებს ჰყვებოდნენ. ერთს გავიხსენებ. რუსთაველის თეატრი ზაფხულში სოხუმში ჩავიდა გასტროლებზე. მსახიობების უმრავლესობა სასეირნოდ პორტში გავიდა, სადაც იდგა გემი „შოთა რუსთაველი“. მათ მოინდომეს გემზე ასვლა და დათვალიერება, მაგრამ უარი მიიღეს: გემი მალე უნდა დაიძრას და ამ დროს არავის ვუშვებთო. უცებ თინა მოვარდა, როგორც ყოველთვის, თვალისმომჭრელ ფორმაში. "რუსთაველელებმა" შესჩივლეს სოხუმელ მასპინძელს, გემის დათვალიერება გვინდოდა და არ აგვიშვესო. თინამ შეიცხადა და ხელი დაუქნია გემის კაპიტან გოგიტიძეს, რომელიც მას ეტრფოდა. გოგიტიძემ ბრძანება გასცა... მთელი დასი და მისი მასპინძელი დიდი პატივით ააბრძანეს გემზე და დაათვალიერებინეს. ამ ფაქტის მომსწრე აკაკი ხორავა თურმე ამბობდა: თინა ბოლქვაძემ თუ მოინდომა, შუა ზღვაში გასულ გემს გააჩერებსო.
ამბები არა მარტო მუსიკაზე...
- სახლში მუსიკას სულ ვუსმენდი. მუდამ იყო ჩართული ფირსაკრავი და ისე ხმამაღლა, რომ ქუჩაში ისმოდა. მამა ხომ თავადაც უკრავდა ფორტეპიანოზე. პიანისტობით დაიწყო და სხვათა შორის, ვუნდერკინდს ეძახდნენ. ისე ინტენსიურად მართავდა კონცერტებს, რომ ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ძალიან პოპულარული იყო. ქართული მუსიკის დიდი პროპაგანდისტი, სტუდენტებსაც გადასცემდა ამ განსაკუთრებულ სიყვარულს. ჩვენი მეზობლები, მსახიობი თამარ ციციშვილი და მისი ქალიშვილი მანანა გედევანიშვილი ამბობდნენ: თქვენი ფანჯრებიდან მუსიკის ხმას რომ გავიგონებდით, გვიხაროდა და ყოველთვის ვუსმენდითო. გედევანიშვილების ქვემოთ, პირველ სართულზე რეჟისორი მიშა კობახიძე ცხოვრობდა, რომელმაც თქვა: ტატული (ანტონს "ტატულის" ეძახდნენ) შოპენს როცა უკრავდა, გაფაციცებული ვიყავი, არ გამომრჩენოდა, იმდენად ჩამრჩა გონებაში ეს მუსიკა, რომ ინსპირაცია მომცა, ამ ნაწარმოებზე ამეგო ჩემი ერთ-ერთი ფილმიო.
ბიძისა და დეიდის - ალექსანდრე და ცეცილია წუწუნავების გარემოში გაზრდილ ანტონს ბავშვობიდან თეატრი მუსიკაზე არანაკლებად უყვარდა. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა კონცერტმაისტერად. ერთხანს რეჟისორობაც უნდოდა, თუმცა საბოლოოდ მუსიკას ვერ შეელია. მამა კომპოზიტორებს ეხვეწებოდა, ოპერა დაეწერათ...
ანტონ წულუკიძის ასი წლისთავთან დაკავშირებით კონსერვატორიამ პოსტი დაწერა 2021 წლის 17 მარტს (პანდემიის გამო ამ თარიღის სათანადოდ აღნიშვნა ვერ მოხერხდა), რაზეც მივაწერე, რომ სინამდვილეში 2020-ში შესრულდა ასი წელი. მამამ ახალგაზრდობაში საბუთი გადაასწორა, რადგან პიანისტთა კონკურსზე წასასვლელად ასაკის მოკლება დასჭირდა. ამ ფაქტის გამო წუხდა და ამბობდა, - დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე და დაბადების წელი უნდა აღვადგინოო, - მაგრამ ეს ვეღარ მოახერხა. დედაჩემმა ანტონ წულუკიძეს საფლავის ქვაზე 1920 წელი დაუწერა!
დედა, მამა და ბაბუა ბესო
- დედაჩემი ნინო იყო ბესო ჟღენტის უფროსი ქალიშვილი, თავადაც ლიტერატორი და ფილოლოგი, რომელიც წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში. დედამ და მამამ ერთმანეთი გივი და გულნარა ბახტაძეების ქორწილში გაიცნეს. გივი ბახტაძე ცნობილი ექიმი-თერაპევტი გახლდათ, მისი მეუღლე გულნარა - ჟურნალისტი, წლების მანძილზე ჟურნალ „დროშის“ პასუხისმგებელი მდივანი. ჩვენი უახლოესი ოჯახი იყო, მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდნენ. შემდეგ სხვა ბინაში გადავიდნენ. მათ ბინაში ბატონ თენგიზ მირზაშვილის ოჯახი გადმოვიდა, რომლებთანაც ჩვენები, განსაკუთრებით დედა, ძალიან დაახლოვდნენ. დედა მეგობრობდა მანანა თავაძესთან, თენგიზ მირზაშვილის მეუღლესთან, თავადაც შესანიშნავ ხელოვანთან. მახსოვს, დედამ ბატონი თენგიზის ინიციატივით დაწერა მოგონება გალაკტიონზე, რომელიც გალაკტიონოლოგიის თხზულებების მეორე ტომში შევიდა. დედას ჰყავდა სომეხი მეგობარი აგნესა სევუნცი, მან გააცნო სერგო ფარაჯანოვი, რომელთანაც მერე დამეგობრდა. დედამ უთხრა სერგო ფარაჯანოვს, რომ სახლში პატარა მაგიდა ესაჭიროებოდა. ერთად წავიდნენ და სერგომ აყიდვინა გასაშლელი მაგიდა, რომელიც აღმოჩნდა კარტის სათამაშო მაგიდა, შუაში მაუდის ზედაპირით. გაირკვა ისიც, რომ ოვანეს თუმანიანის ნაქონი ყოფილა. ასევე ფარაჯანოვმა აყიდვინა თეჯირი. სერგომ დედას აჩუქა ხელით გაკეთებული აპლიკაცია და თავისი ფოტო წარწერით.
ანტონ წულუკიძე და ბესო ჟღენტი პირველად ერთმანეთს შეხვდნენ რუსთაველის თეატრში, სადაც დისკუსია გაიმართა ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის“ ინსცენირების შესახებ, რომელიც მოამზადა მწერალმა დავით გაჩეჩილაძემ. დავა იყო იმაზე, ავტორად უნდა დაეწერათ თუ არა გაჩეჩილაძე. მამაჩემმა (სრულიად ახალგაზრდამ) სიტყვით გამოსვლისას თქვა: ბატონო ბესო, არა ხართ სწორი, მწერალმა ახალი პიესა დაწერა და უფლება აქვს, თავისი გვარი დააწეროსო. ბესო კატეგორიულად წინააღმდეგი იყო და თავის პოზიციას ასაბუთებდა. მან ირონიული ტონით მიმართა მამას: ამხანაგო ანტონ, რომ აიღოთ „ვეფხისტყაოსანი“ და ახალი პიესა დაწეროთ, თქვენს გვარს დააწერთო?.. ხალხით სავსე დარბაზი ბესოს შეჰყურებდა, როგორც დიდ ავტორიტეტს, ტაში დასცხეს და ისეთი სიცილი ატყდა, რომ მამას შერცხვა.
ახლა, ამ დაძაბულ დღეებში სულ მამა მახსენდება, წარმომიდგენია, რა დღეში იქნებოდა, რადგან საქართველოს შემდეგ უკრაინაზე იყო შეყვარებული. ამ ქვეყნის სიყვარულის გამო, მისმა მეგობარმა სოსო კეჭაყმაძემ მამას უკრაინული გაზეთი ჩუმად გამოუწერა. თავიდან ვერ ხვდებოდა, რატომ მოსდიოდა გაზეთი, სიმართლე მერე გაიგო. მამა გიჟდებოდა ზაქარია ფალიაშვილის ოპერებზე, განსაკუთრებით „აბესალომ და ეთერზე“. კიევში საგანგებოდ ჩავიდა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერაზე. ამბობდა, დიდი ხანია, კიევის მსგავსი სპექტაკლი არავის გაუკეთებიაო. დაუმეგობრდა სპექტაკლის დამდგმელ ჯგუფს, განსაკუთრებით დირიჟორ სტეპან ტურჩაკს. ასევე მომღერლებთან მეგობრობდა და თბილისში რომ ჩამოიტანეს სპექტაკლი, მამამ დასი სახლში დაპატიჟა და სუფრა გაშალა. ბაბუაჩემი ბესო შუა ქეიფის დროს მოვიდა, მანამდე არ ეცალა. შემოვიდა და ისეთი სადღეგრძელო წარმოთქვა უკრაინულად (ენა ძალიან კარგად იცოდა), რომ აღფრთოვანებული უკრაინელები კიოდნენ.
ანტონ წულუკიძის ცხოვრების ბოლო ეპიზოდი
- ახლა რომ ვუფიქრდები მამას ცხოვრების გზას, განგება მართლა მოწყალე აღმოჩნდა მის მიმართ. ვგულისხმობ ახალგაზრდობის დროინდელ კრიტიკულ პერიოდს, როცა იმედისმომცემი პიანისტი, ანასტასია ვირსალაძის საყვარელი მოწაფე შეუერთდა დამოუკიდებელ საქართველოზე მეოცნებეთა ჯგუფს. ამ შეხვედრებმა თანამიმდევრული სახე მიიღო გასული საუკუნის 40-იან წლებში და საბოლოოდ მთელი ჯგუფის დაპატიმრებით დასრულდა. ღრმაღელის ციხეში მოხვედრილი, აზიზად გაზრდილი პიანისტი ყველას აოცებდა სიმტკიცითა და უტეხობით, მაგრამ ფიზიკურად ვერ გაუძლო იქაურ წნეხს და მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. აკადემიკოს გრიგოლ წულუკიძის ერთადერთი შვილი ზემდგომმა ორგანოებმა ბოლომდე არ გაწირეს და რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კოწია ერისთავმა გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან, გამოჯანმრთელებული საპატიმროში დააბრუნეს. სასჯელის მოხდის შემდეგ ციხიდან გამოსული მორალურად გატყდა, ყველას ერიდებოდა. ამ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში ორი ადამიანი, ვინც ახალი ცხოვრების ბიძგი მისცა. ესენი იყვნენ მუსიკისმცოდნე ლადო დონაძე და კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი. მამა ბოლო წლები კონსერვატორიაში ქართული მუსიკის ისტორიის კურსს კითხულობდა.
მისი უმცროსი კოლეგა იყო მერაბ კოსტავა. მათი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. გადასახლებიდან დაბრუნებული ბატონი მერაბი ხშირად მოდიოდა ჩვენთან სტუმრად. მათი საუბრების მიზანი მამამ მოგვიანებით, მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ გაგვიმხილა: მერაბი მეუბნებოდა, ეროვნულ მოძრაობას შენისთანა პიროვნება სჭირდებაო. მე კი ვპასუხობდი: ჩემი ოცნება დამოუკიდებელ საქართველოზე თავის დროზე ხომ იცი, რითიც დამთავრდა. ახლა, ჩემი მისია მაქვს - ქართული მუსიკის სამსახური... ისე, შენც გირჩევ, მუსიკისმცოდნეობას დაუბრუნდე, ქართული მუსიკის კვლევას შენისთანა პიროვნება სჭირდება-მეთქი. საოცრად მტკივნეულად იმოქმედა მამაზე „თბილისის ომმა“, დადიოდა ქუჩებში და გმინავდა... ბოლოს, როცა ცუდად გახდა, "სასწრაფო" გამოვიძახეთ. გონება ნელ-ნელა ებინდებოდა, თუმცა ჯერ კიდევ მეტყველებდა. ექიმმა ჰკითხა: საიდან მოდის ტკივილი, რომელი მხარე დაგიმძიმდათო? - "საქართველო", - თქვა და ეს აღმოჩნდა მამას უკანასკნელი სიტყვა.
ნანული ზოტიკიშვილი