რას წერენ ქართველი მწერალი ქალები ომსა და მიმდინარე მოვლენებზე - გზაპრესი

რას წერენ ქართველი მწერალი ქალები ომსა და მიმდინარე მოვლენებზე

ერთ დღეს შეიძლება სრულიად მოულოდნელად შეიცვალოს რეალობა, მამაკაცებმა სამშობლოს დასაცავად იარაღი აისხან, მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს არაერთი დღის გატარება მოუხდეთ თავშესაფარში, სადაც მტერსა და დაბომბვას დაემალებიან. რუსეთ-უკრაინას შორის ომს ალბათ არავინ დაუტოვებია გულგრილი და ამ დღეებში სოციალური ქსელი განსაკუთრებით გამოირჩევა აქტიურობით. გაერთიანება, ერთი კონკრეტული ტკივილის გარშემო კონცენტრირება და არა საკუთარ სარგებელზე ფიქრი რომ ხშირად უცხო ხილია ჩვენთვის, ეს უახლოესმა წარსულმა და მიმდინარე მოვლენებმა დაამტკიცა, თუმცა, არაერთი განსხვავებული აზრის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით ერთში: რუსეთი ოკუპანტია!

ომის დაწყებიდან მოყოლებული, ყოველდღიურ ემოციებთან გასამკლავებლად ბევრი თავის განცდებს საჯაროდ, წერილობით გადმოსცემს. „ომის დღიურების“ კითხვა მძიმეა, ისევე, როგორც ყოველი დღე, სანამ ეს სისასტიკე არ შეწყდება. აი, რას წერენ მიმდინარე მოვლენებზე ქართველი მწერალი ქალები.

მარიამ წიკლაური:

„ახალს არაფერს ვიტყვი, ვიცი, თქვენც ასე ხართ: ვერაფერზე ვერ ვახდენ კონცენტრირებას, ქართულად რომ ვთქვა, გულს ვერ ვუდებ ვერაფერს. ისეთი სტრესია ეს, გუშინ საერთოდ ვერ ვმოძრაობდი, ისეთი თავბრუსხვევა მქონდა, მაგრამ ვაღიარებ, ღამით მეძინა, გავითიშე ბოლოს და ვიხდი ბოდიშს მათთან, ვინც ფხიზლობდით. ჩემს თავს ვიჭერ იმაში, რომ ფანჯარას გამოვაღებ და მიხარია, რომ ამის უფლება მაქვს, აივანზე თუ გავალ, მიხარია, რომ ციდან არაფერი ცვივა, ბავშვებს ვუყურებ და მიხარია, რომ არსად გავრბივართ დასამალად, არამედ შინ ვართ... მოკლედ, სულ ხმაურზე ვარ მიყურადებული (აგვისტოს სინდრომი მუშაობს), ის კი არა და, სარეცხს ვფენ, მაგაზეც მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ შემიძლია ეს გავაკეთო... მოკლედ, წაშლილი ვარ, თავს ვერ ვცნობ. ესაა ომი! კი, ეს ჩვენი ომიცაა! ერთადერთი ვსქროლავ, გამუდმებით ვეძებ სწორ ინფორმაციებს, არ მინდა, პანიკამ მომიცვას და ა.შ. ომში ვართ... მაქსიმალურად უნდა ეცადოს ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება თუ ოპოზიცია ერთობლივად, გამოიყენოს მსოფლიო პოლიტიკური ამინდის ცვლილება და რამე სიკეთე მოუტანოს ამით საქართველოს, რუსეთის მიერ ოკუპირებულს, სულში ჩაფურთხებულს. მსოფლიო აშკარად ერთიანდება და მოდის გონზე. ნუ დამიწერთ, გთხოვთ, აქ, რომ არიქა, მასონების ომია და არიქა, რუსეთის გვეშინია და რუსეთი უძლეველია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასეთი ხედვა და მიდგომა მიუღებელია ჩემთვის!

სამყარო სამართლიანობამ უნდა მართოს და ეს ყველამ ვიფიქროთ, იქნებ ფიქრითაც შევეწიოთ ამ საქმეს! გაუმარჯოს საქართველოს და უკრაინას! უკრაინა გაიმარჯვებს, ასე მწამს!

იმედია, ჩვენც გავიმარჯვებთ! არის სიტყვები, ფრაზები და გამოთქმები, ლამის კლიშეებად ქცეული, რომელსაც აღარც კი უნდა ვიმეორებდეთ. შევთანხმდეთ, რომ რაღაც „უთქმელი“ იგულისხმება! გავასუფთაოთ ჩვენი ეგოები, უკეთ გაიგზავნება სწორი ფიქრი იქ, სადაც საჭიროა! ღმერთით, ადამიანებო! სინდისით, გონებით!“ (1-ლი მარტი).

kato-1647259780.jpg

კატო ჯავახიშვილი:

- დილა იწყება ჩემი მეგობრების მოკითხვით. ვინ არის ხაზზე, რამდენი ხანია არ შემოსულა, ხომ ყველა ცოცხალია, ხომ ყველა გადაურჩა ღამეს, სად არიან, განგაშის სიგნალი ახლაც ისმის თუ შეჩერდა? მეგობრის შვილი ხომ უსაფრთხოდაა? ასეთი დილები გვაქვს საქართველოში, ასეთი დილა აქვს ალბათ ბევრ ქვეყანას, რადგან ყველას ფიქრი ახლა ამ ქვეყნისკენაა მიმართული. დილა იწყება შფოთით, რამე ხომ არ გამოვტოვე, ძილმა ხომ არ გადაფარა რაიმე ამბავი, ათასი ტელეგრამ ჯგუფის ჭორ-მართალი... ძალიან გამიცოცხლდა ომი. ვგრძნობ, როგორ ბაქტერიასავით მოედო სისხლძარღვებს და სუნთქვას მიშლის. ჩემი 2008 გამიცოცხლდა. ყველა დედა დაიფარე, ადამიანების ღმერთო, ყველა დედას დაანახე თავისი ცოცხალი შვილი“ (3 მარტი, 2022 წ).

- ძალიან მეტირება ეს ქვეყანა. ის ქვეყანა. ადამიანი მეტირება ამ საშინელ სამყაროში. ასე მგონია, მკვდარს შემოვუწყვეთ ყვავილები. სიჩუმეა. ისმის მხოლოდ ჩექმის ხმა. კიბეებზე ამოსული ჯარისკაცების ჩექმის ხმა, ტიციანს რომ ესმოდა. ხან ახლოს, ხან ოდნავ შორიდან. ჩვენ მკვდარს დავყურებთ და გვგონია, რომ ადგება, წამოდგება და სიცოცხლეს ისწავლის. სიცოცხლე როგორ უნდა ისწავლო? სიცოცხლე რანაირად უნდა ისწავლო დახუჭული თვალებით? ნახევრად გახელილით? თვალებში რომ ასანთის ღერები ჩაგილაგო, გაიღვიძებ? არა, მკვდარს ვადგავართ თავზე მაინც. მკვდარია, მაინც. თუ არ გაიღვიძებს, ეგეც მისი სიმართლე იქნება. რა წევს ამ კუბოში, ჯერ ვერ ვხვდები. ხან მგონია, რომ ქვეყანაა, ხან ნახევრად ცოცხალი ღმერთია, ხან თანაგრძნობაა, ხან შიში, გაქცევა. ხან მგონია, რომ მე ვარ და ჩექმის ხმა მესმის. ჯერ ტირილი შემიძლია. ნახევრად ვცოცხლობ ჯერ. (4 მარტი).

ninia-1647259792.jpg

ნინია სადღობელაშვილი:

- პოლიტიკური პორნოგრაფია გარყვნილებაზე უარესია, ის კლავს! კლავს ტვინებს, გულებს, ბოლოს და ბოლოს, ფიზიკურად კლავს ადამიანებს, რომლებსაც ეს ამდენი ეგო/ლიბიდო თავში ასკდებათ. პოლიტიკურ პორნოგრაფიას ვუყურებთ ამდენი ხანია და უფრო და უფრო საშიში და სიცოცხლისთვის სახიფათო ხდება ეს ყველაფერი, უნებურად უკვე ყველანი ვმონაწილეობთ - მეც ვგრძნობ, როგორ ვიხრწნები ნელ-ნელა, როგორ კვდება ჩემში სიყვარული და იღვიძებს სიცოცხლის ყველაზე მახინჯი სურათები!

გაჟღენთილები ვართ ამ პორნოთი და ლამის დავიჯეროთ, რომ ცხოვრების მთავარი ქცევა ესაა, ქცევათაქცევა, ძლევათაძლევა, რაც უნდა რაფინირებულნი და ეთიკურნი ვიყოთ, მაინც ვექცევით ამ საჯარო სიბილწეში, ნიჰილიზმში, ანგარიშსწორებებში, ჭუჭყში, ჭაობში. რაც უნდა ვუთხრა ახლა მე სარკეში ჩემს თავს, თუ როგორ მიყვარს სამყარო, ერთი შეხებაც მასთან - ამ ფონზე და ამ ტოქსიკურ ნაგავში - უკვე მომწამვლელია. და რაღას ველოდებით იმ ბირთვულ იარაღს? გაპოხილები ვართ, გაპოხილები!

სათითაოდ, ცალ-ცალკე, ყველას გვაქვს ჩვენი სიმართლე, დარწმუნებული ვარ, სამშობლოს სიყვარულშიც გულწრფელები, მაგრამ პორნოში ვართ და, აი, აქ კვდება ეგ სისულელეები, აქ ვრჩებით შიშვლები კი არა, საერთოდ უსახურები, ერთმანეთის სიმახინჯეებში გადაზელილები, პიროვნებადაკარგულები.

ვამბობთ - არ გვინდა! აღარ გვინდა! მაგრამ მაინც იგივე გრძელდება, იგივე და იგივე. სადღაც უნდა გაწყდეს, რაღაც უნდა მოხდეს, საიდანმე უნდა დაიწყოს. ეს სხვა რევოლუციაა ოღონდ, პოლიტიკური პორნო-აქტორებისგან კი არა, საკუთარი სინდისის, ტვინის, გულის ყველაზე ფაქიზი და ნამდვილი კერებისგან აღმოცენებული. აი, უბრალოდ, ჩვენს თავებს რომ ვუთხრათ - აღარ მინდა პოლიტიკურ პორნოში, რა იქნება, ჰა? აი, როგორც ეს დღეებია ვეუბნებით ერთმანეთს - აღარ გვინდა რუსეთის გეზი/ხაზი, აღარ გვინდა, იმიტომ, რომ სიკვდილი მოდის იქიდან, სიბნელე მოდის, სიძულვილი მოდის. გამოვიდეთ ამ კინოდან, ამ ძალით შექმნილი, არაბუნებრივი ფონიდან და ჩვენი სახეები დავიბრუნოთ, ჩვენი ჩრდილები - ამ ლამაზ, ამ კეთილ, ნაყოფიერ მიწაზე! რამდენი სიყვარული შეგვიძლია, ვინ იცის, რამდენი რამის მოყოლა სამყაროსთვის, კაცობრიობისთვის - ამ უნიკალურ, ამ ძვირფას ქართულ ენაზე! ამ ენაში ყოფნა ხომაა უკვე თავისუფლება, რამდენი უბრძოლიათ ამ თავისუფლებისთვის ჩვენს წინაპრებს? რამდენი ღირსეული და ნამდვილი ადამიანი გვყავს დღეს, ზოგი საერთოდ განრიდებული ამ სიგიჟეს, რადგან არსებითად, სასიცოცხლოდ მიუღებელია მათთვის ამ ფონზე ყოფნა, რამდენი ჩუმად მშრომელი/მლოცველი, რამდენი აქტიური და წრფელი, მაგრამ ვერ შეიკრა ეს ძალა და ენერგიები, ვერა და ვერ შეიკრა ისე, რომ ერთ ტალღად იქცეს და სიცოცხლის ახალი ტალღა დაბადოს, იმიტომ, რომ პორნოში სიცოცხლე არ იბადება და აზრიც ესაა - არ გაგრძელდეს, არ განვითარდეს, არამედ დროში გაიწელოს ჯოჯოხეთი. თუნდაც, მახინჯი სიამოვნების.

აი, გარეთ რომ ახალგაზრდები არიან, ისინიც და სხვებიც, ვინც ფიქრს და გულს ააქტიურებს და ვისთვისაც ინდივიდად ყოფნა სიცოცხლის საზრისია, - ეგენია ალბათ ჩვენი ხსნა, სხვა არავინ. ეგენი ვეღარ უნდა გასვაროს ამ ფონმა, ცხოვრების კანონია ბოლოს და ბოლოს.

ინდივიდების დრო მოდის, ამ სიმულაციურ/სუროგატულ სივრცეში, ამ ვირტუალურ კოსმოსში უმიზნოდ მოხეტიალე ხომალდზე, სიცოცხლის ახალი ძალით უნდა გამობრწყინდნენ ინდივიდები. სხვანაირად, ყველაფერი დაკარგავს სილამაზეს, მოკვდება.

რუსეთის იმპერია დაინგრევა! სიყალბის იმპერია ჩვენს თავში დავანგრიოთ!

უკრაინა მარტო სიმამაცის მაგალითი არაა მსოფლიოსთვის, ამ სილამაზის მაგალითიცაა - ადამიანად (გა)დარჩენის მაგალითი! მშვიდობა ჰქონდეს სამყაროს, უკრაინას, ჩვენს საქართველოს! რომელიმე პარტიის ხელში კი არა, ჩვენს თავებში გავაბრწყინოთ"... (2 მარტი).

ანა კალანდაძე