ვისთვისაა ლაზერული ეპილაცია საფრთხის შემცველი? - გზაპრესი

ვისთვისაა ლაზერული ეპილაცია საფრთხის შემცველი?

როგორ უნდა მოვუაროთ თავს პროცედურის შემდეგ და როდის არ არის რეკომენდებული ეპილაცია - ამის შესახებ ლაზეროთერაპევტი ბელა ქარქუსაშვილი გვესაუბრება.

- არასასურველი თმის სხივით მოცილება ჭარბთმიანობასთან ბრძოლის ყველაზე თანამედროვე მეთოდად მიიჩნევა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილები და ლაზეროთერაპიას საშიშ პათოლოგიებთან აკავშირებენ. მაგალითად, იღლიის ზონის ლაზერულ ეპილაციას სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების შიშით უფრთხიან; ბევრსაც ჰგონია, რომ კანის კიბოს განვითარების ალბათობა იზრდება. ამ დროს სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ლაზერული ეპილაცია არანაირ სიმსივნურ პათოლოგიას არ იწვევს. ლაზერული ეპილაციის პირველი აპარატი 1960-იან წლებში შეიქმნა და მხოლოდ 20-წლიანი დახვეწის შემდეგ დაინერგა პრაქტიკაში. ლაზერული სხივის მეშვეობით ხდება თმის ფოლიკულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობა. ფოლიკულის კვება ირღვევა და თმის ზრდა ითრგუნება. არსებობს 3 ტიპის ლაზერის სახეობა და კარგია, თუ ამაში გაერკვევით, ვიდრე ეპილაციას გადაწყვეტთ: ალექსანდრიტი, დიოდური და ნეოდიმური. ალექსნდრიტი და დიოდური ლაზერით ეპილაცია უფრო მუქი ფერის თმაზეა ეფექტური, ქერა, ღია ფერის თმაზე კი - ნეოდიუმი. ისინი ტალღის სიგრძით განსხვავდება ერთმანეთისგან. თმას აქვს ზრდის სამი ფაზა: ანაგენის - ზრდის ფაზა, კეტოგენის - თმის კვდომის ფაზა და ტენოგენის - ცვენის ფაზა. მაგალითად, ლაზერული სხივი თმას აღიქვამს სწორედ ანაგენის ანუ ზრდის ფაზაში ყოფნის დროს. სპეციალისტები უკვე გვთავაზობენ სამსხივიან ლაზერულ აპარატს, რომელიც აერთიანებს სამივე სხივს: ალექსანდრიტსაც, დიოდსაც და ნეოდიუმსაც, რაც ძალიან ეფექტურია. ეს აპარატები ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას და გაგლუვებას, აქვს გაგრილების სისტემა და მოყინვის ეფექტი, რომელიც პროცედურის პერიოდში ტკივილს მინიმუმამდე ამცირებს. ლაზერული ეპილაცია არ კეთდება 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ორსულებსა და ონკოპაციენტებში, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. ორსულობის პერიოდში ორგანიზმში აღინიშნება ჰორმონალური დისბალანსი, შეიძლება მკერდისა და მუცლის მიდამოებში თმიანობის მომატება, ასევე იწვევს ტონუსის მომატებას. ლაზერული ეპილაცია მიუღებელია ლაქტაციის პერიოდშიც - შესაძლებელია რძის გაშრობა გამოიწვიოს.

- კიდევ რა კითხვებით მოგმართავენ ხოლმე ხშირად?

- მოქმედებს თუ არა ნაყოფობიერებაზე? რა თქმა უნდა, ესეც მითია, რადგან ლაზერის სხივის შთანთქმა ხდება კანშივე და სხვა ორგანოების დაზიანება არ ხდება. აზიანებს თუ არა თვალს? თვალი ძალზე მგრძნობიარე ორგანოა და მისი დაზიანება ადვილი შესაძლებელია, ამიტომ თვალის გარშემო პროცედურის გაკეთებას უნდა მოვერიდოთ და გამოვიყენოთ სპეციალური დამცავი სათვალე. მოდის ზაფხულის სეზონი და ხშირად გვეკითხებიან, შეიძლება თუ არა ეპილაციის შემდგომ მზეზე გარუჯვა. ამ შემთხვევაშიც რამდენიმე დღის, ერთი კვირის მანძილზე უნდა მოვერიდოთ როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ რუჯს და სოლარიუმს, მზეზე გასვლის წინ სასურველია მზის დამცავი კრემის გამოყენება.

- სასურველი შედეგის მისაღებად დაახლოებით რამდენი პროცედურაა საჭირო?

- სასურველი შედეგის მისაღებად ყველანაირი ლაზერისთვის რამდენიმე პროცედურაა საჭირო. პროცედურების ხანგრძლივობა დამოკიდებულია გენეტიკურ თმიანობაზე, ჰორმონალურ ბალანსზე. სასურველია, საშუალოდ 7-8 პროცედურა ჩატარდეს 21 დღის შუალედით, მაგრამ მაინც ინდივიდუალურია. შედეგის გამყარების მიზნით, შესაძლებელია, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ეპილაციის გამეორება გახდეს საჭირო. დიოდური ეპილაციის წინ კანი უნდა იყოს მომზადებული, საჭიროებს გაპარსვას; ალექსანდრიტის და ნეოდიმის შემთხვევაში თმის სიგრძე 1-2 მმ სიგრძის უნდა იყოს. არ არის რეკომენდებული, ეპილაციის წინ გამოიყენოთ ელექტროეპილატორი ან პინცეტი.

- კიდევ რა რეკომენდაციებს მოგვცემთ?

- სანამ ნებისმიერი ტიპის ეპილაციის გაკეთებას გადაწყვეტთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს მიმართავთ, რადგან არასწორად ჩატარებულმა ეპილაციამ, იქნება ეს ლაზერით, ნემსითა თუ სხვა საშუალებით, შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა, შედეგად კი, ნაწიბურების დარჩენის ალბათობა მაღალია. ასევე, არასწორად ჩატარებული პროცედურის შედეგად, შეიძლება თმის ფოლიკული დაზიანდეს. ლაზერული ეპილაციის შემდეგ ატარეთ თავისუფალი ტანისამოსი, რომელიც მჭიდროდ არ მოედება დამუშავებულ ზონებს: მჭიდრო ტანსაცმელს შეუძლია გამოიწვიოს გაღიზიანება; პროცედურიდან 3 დღე არ შეიძლება კანზე სპირტის შემცველი საშუალებების წასმა და პროცედურიდან რამდენიმე დღე რეკომენდებულია პანთენოლის წასმა დამუშავებულ ზონებზე.

ნინო ჯავახიშვილი