ომით დაპაუზებული სპექტაკლი და სარეპეტიციოდან ბრძოლის ველზე გასული რეჟისორები
10, 11, 20 და 27 მარტი ახმეტელის თეატრში საპრემიერო თარიღებია. რეჟისორ ოთარ ქათამაძის სპექტაკლში „ქალები 30+“ სამი მსახიობი მონაწილეობს: სოფია სებისკვერაძე, სოფია ლომჯარია და ნინო ციმაკურიძე. წარმოდგენის კომპოზიტორი უკრაინელი ბოგდან სლუტია, რომელიც ახმეტელის თეატრის მორიგი ქართულ-უკრაინული პროექტის მონაწილეა.
ბოლო წლებში თეატრი აქტიურად თანამშრომლობს უკრაინელ ხელოვანებთან და ერთობლივად უკვე 12 კოპროდუქცია შეიქმნა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, თეატრები ჩვეული დატვირთვით ვერ მუშაობენ, დროდადრო რეპეტიციების შეწყვეტაც უწევთ და რეპერტუარიდან სპექტაკლების მოხსნაც. მაგალითად: ახმეტელის თეატრში დეკემბერში მოლდოველ რეჟისორთან რეპეტიციები მსახიობების მასშტაბური დაინფიცერების გამო შეწყდა, ხოლო გაზაფხულზე სპექტაკლის დასადგმელად ერთ-ერთი უკრაინელი რეჟისორი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ამას თეატრში ჯერ ომიკრონის ფართო გავრცელებამ შეუშალა ხელი, შემდეგ კი მის სამშობლოში ომი დაიწყო.
ახმეტელის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი ომის გამო შექმნილ უმძიმეს რეალობას ძალიან განიცდის. პანდემიაზე, ომსა და მიმდინარე მოვლენებზე ირაკლი გოგიას გავესაუბრე.
- შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი. ადგილობრივ დადგმებთან ერთად, ბევრი კოპროდუქციის განხორციელებაც ვერ შევძელით და ვერც გასტროლებზე გამგზავრება. საერთაშორისო ფესტივალი ჯერ კიდევ 2020 წელს გველოდა, მერე 2021 წლისთვის გადაიდო და ახლა 2022-ში დაიგეგმა, თუმცა მსოფლიოში დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ფესტივალის გამართვისგან ისევ თავს იკავებენ. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩვენი რესურსებით, ანუ ქართველი რეჟისორების პრემიერები გვქონდა და შეძლებისდაგვარად წარმოვადგენდით სპექტაკლებს, მათ შორის - ღია ცის ქვეშ. საქართველოს მასშტაბით გვქონდა გასტროლიც. სპექტაკლის გარდა რამდენიმე საინტერესო პროექტიც განვახორციელეთ, მაგრამ ის, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ხდება, უფრო გვიშლის ხელს, ვიდრე კორონა. თეატრში მთავარია განწყობა, რომ რაიმე საინტერესო შექმნა, მომხდარმა კი საერთოდ ყველა დაგვანგრია.
- ახმეტელის თეატრსა და უკრაინელ შემოქმედთა თანამშრომლობა ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური იყო, ხშირი მიმოსვლა გქონდათ.
- აქტიური ურთიერთობა დაიწყო 2014 წელს, როდესაც უკრაინის ნაციონალური თეატრალური კავშირის ხელმძღვანელად დაინიშნა ახლა უკვე ჩემი მეგობარი ბოგდან სტრუტინსკი. ის ასევე გახლავთ კიევის ნაციონალური ოპერეტის ხელმძღვანელი და დირექტორი. თეატრალურ კავშირში სტრუტინსკიმ მოახდინა რეფორმა და მას შემდეგ, რაც ეს პროცესები დაიწყო, მე დამიკავშირდა. ახალგაზრდა რეჟისორებისთვის გავაკეთეთ პირველი ლაბორატორია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. შემდეგ კიევის ნაციონალურ ოპერეტაში დავდგი გია ყანჩელის მიუზიკლი „ხანუმა“ ახალი მუსიკალური ადაპტაციით, რომელიც კომპოზიტორმა თავის სიცოცხლეშივე გააკეთა ამ თეატრისთვის. წელიწადში 3-4 ფესტივალზე გვეპატიჟებოდნენ. ასევე, ჩვენს თეატრში დადგა სპექტაკლი ექვსმა უკრაინელმა რეჟისორმა. განვახორციელეთ უკრაინული პიესა, მოწვეული გვყავდა უკრაინელი მხატვარი და ა.შ. ეს მეგობრობა ახლაც და მომავალშიც გაგრძელდება. ვიცით, მარიუპოლსა და ხარკოვში თეატრები დაბომბეს. ომის შემდეგ ქალაქები აღსადგენი იქნება. იმ დროს ჩვენს უკრაინელ ხელოვანებს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასთან ერთად, საშუალება მივცეთ, თავისი სათქმელი თქვან და ჩვენთან განახორციელონ სპექტაკლები. დღეს ისინი იბრძვიან იმპერიალისტებისა და ფაშიზმის წინააღმდეგ. ეს არის 21-ე საუკუნის ფაშიზმი.
- ალბათ უშუალო კავშირი გექნებათ სტრუტინსკისთან და სხვა უკრაინელ ხელოვან მეგობრებთან. სად არიან ეს ადამიანები, უკრაინის საზღვრები გადაკვეთეს თუ სამშობლოში დარჩნენ?
- მამაკაცების 100% და ქალბატონების 80% უკრაინაშია. მხოლოდ ისინი, ვისაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, ბავშვებს გაჰყვნენ საზღვარგარეთ, ზოგი სლოვაკეთში და ზოგიც პოლონეთში. მამაკაცების ნახევარზე მეტი ბრძოლის ხაზზეა, თუნდაც რეჟისორი მაქსიმ კოზოლუპი. მას ჩვენთან სპექტაკლი უნდა დაედგა, ახლა იარაღით ხელში დგას და ჩერნიგოვში პოლკს ამაგრებს.
- ყოველდღე მაქვს მოლოდინი, რომ ომი დასრულდება, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება. როგორია შენი განწყობა და როგორ აფასებ მიმდინარე მოვლენებს?
- ეს არის ომი მსოფლიოს წინააღმდეგ, გამოცხადებული ბარბაროსული დაჯგუფების მიერ, რომელსაც ერსაც ვერ დავარქმევ და დიდი ხანია, რუსეთსაც ვერ ვეძახი... მათ არანაირი ფასეულობა არ გააჩნიათ, არა აქვთ იდენტობის შეგრძნება და სწორედ ამიტომ, საბოლოოდ დამარცხდებიან. მომთაბარეობა და მტაცებლური ხასიათი, რომლითაც გამოირჩევიან, უნდა დასრულდეს. იპოვონ თავიანთი ადგილი, შეგვეშვან და შეეშვან მსოფლიოს. ჩვენ ვერ ჩამოვთვლით დიდ რუს რეჟისორებს, რადგან უმეტესობა აღმოჩნდება სომეხი, აზერბაიჯანელი, ქართველი ან ებრაელი. ჩვენ არ უნდა აგვერიოს ე.წ. საბჭოთა კავშირის კულტურა და ე.წ. რუსული მოდერნიზმი. მათ ადვილად მიითვისეს ყველაფერი, მაგრამ საბჭოთა კავშირის კულტურას ჩვენი ქვეყნიდანაც ქმნიდნენ ძალიან კარგი ხელოვანები, ისევე, როგორც მოლდავეთიდან და ლიეტუვიდან. აქედან გამომდინარე, ალბათ მალე დარჩებიან ძალიან ცოტანი, მარტო და დაახლოებით საუკუნის გავლა მოუწევთ, რომ მათი რეაბილიტაცია მოხდეს. სრულიად არ მაშინებს მათი აქ ჩამოსვლა, თუნდაც 20-30 ათასის. ვინ როგორი განწყობით ჩამოდის და რა ზრახვებით, ესეც არ მაინტერესებს. მათთან კონტაქტში არავინ უნდა შევიდეს და უკონტაქტოდ იყვნენ აქ.
- ფაქტია, ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული რუსი ეროვნების ხალხის მიმართ აგრესია მომატებულია, ეს ყველგან იგრძნობა, კაფე იქნება, ბაღი თუ ქუჩა. ამას როგორ გავუმკლავდებით?
- ჩვენ კი არა, ისინი უნდა გაუმკლავდნენ, რადგან ძალიან ძნელია, გაბრაზებულ ქართველს თუ უკრაინელს, რომლებსაც დიდი ზიანი მოგვაყენეს და გვაყენებენ დღესაც, თვალებში ჩახედო. ეს 2008 წლიდან არ დაწყებულა, ისინი ორ საუკუნეზე მეტია, ზიანს გვაყენებენ. ამიტომ თავად უნდა გაუმკლავდნენ ჩვენს ბრაზს და ყოველ 15 წუთში ბოდიში იხადონ. მათ „ბოდიშს“ მივიღებთ თუ არა, ინდივიდუალურად ჩვენი, უკრაინის და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის გადასაწყვეტია. აგრესიის მომხრე არასდროს ვყოფილვარ და არც იმის მჯერა, რომ ისინი აქ დაგვაზიანებენ. ადამიანს, რომელიც თავისი ბარბაროსი ქვეყნის პრეზიდენტის დანაშაულებს არ განიცდის, თავს მასთან აიგივებს და შენთან აფარებს, არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, უბრალოდ, კონტაქტში არ უნდა შევიდეთ, თორემ, აგრესიით თუ შევხვდებით, ჩვენც მას დავემსგავსებით. ამას უნდა შევეცადოთ, განსაკუთრებით - ახალგაზრდა თაობა... მაგრამ თუ შეგვაწუხებენ, პასუხს მიიღებენ და ამას ვერავინ გააკონტროლებს. თუ წესიერად მოიქცევიან, ჩვენს ერს აქვს იმის კულტურა, რომ სტუმარი მივიღოთ. ეგენი შარშანაც ჩამოდიოდნენ და იმის წინაც, მაგრამ მათთან კონტაქტის სურვილი არასოდეს მქონია. ბევრჯერ ვარ მიწვეული მათ რესპუბლიკაში სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ფესტივალზეც, მაგრამ იქ არასდროს წავსულვარ. არა იმიტომ, რომ ფსევდოპატრიოტულ ისტერიკაში ჩავვარდი, უბრალოდ არ მიმაჩნია საინტერესოდ, „გუშინდელი“ თეატრი ვნახო და „გუშინდელ“ სისტემებზე ვიმუშაო, როცა არსებობს არაერთი საინტერესო, თუნდაც დასავლეთევროპული თეატრი ან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების - პოლონური, უნგრული თუ ლიეტუვური.
- საზოგადოებაში აქტიურად განიხილება კულტურის სფეროს წარმომადგენლების დამოკიდებულება სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ. ამ შემთხვევაში ომზე რეჟისორთა, მსახიობთა, მომღერალთა, მწერალთა და სხვათა აზრი საინტერესო და მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის რეჟიმი ხალხს სიჩუმეს აიძულებს...
- ვფიქრობ, შიშის გამო არ დუმან, არამედ ქრთამით არიან გაჩუმებულები. ჩვენ ვიცით მიხალკოვების ოჯახი, ფაქტობრივად, დიდი ფურუნკული პუტინის ზურგზე, რომლებიც მილიარდებით იკვებება. ასევე ვიცით სხვა გაფოფინებული რეჟისორები და მსახიობები, რომლებიც არა შიშის, არამედ დიდი მატერიალური სარგებლის გამო არიან ჩუმად. ისინი იღებენ ასჯერ მეტს, ვიდრე შეიძლება ჰქონდეს უბრალო რეჟისორსა და მსახიობს. ამაზე იმიტომ მიდიან, რომ მათ ქვეყანაში 60% სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ქვეყანაში, რომელიც გაზის მომპოვებელია, მოსახლეობის 65% გაზიფიცირებული არ არის. ამ ხელოვანებს არ აინტერესებთ თავიანთი ქვეყნის ბედი და ჩვენ მათ რაზე უნდა ველაპარაკოთ?! ამიტომ არ მიჩუყდება გული, როცა დღეს ვიღაც ხმას მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ ფული მოაკლდა და ბანკში ანგარიშები გაუყინეს. ახლა ის ვიღაც პოლონეთშია ან ისრაელში, ან კიდევ საქართველოში ჩამოსვლაზე იქაჩება. ისინი მოსყიდულები არიან, ფულის გროვაში ჩაფლულები. მათ უფრო ადრე უნდა ამოეღოთ ხმა, ისევე, როგორც ეს თავის დროზე ბორის აკუნინმა გააკეთა და პროტესტით წავიდა, ისევე, როგორც ღიად ლაპარაკობენ ლია ახეჯაკოვა, ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი. ისინი არა დღეს, არამედ 10-15 წელია, ამ ყველაფერს აპროტესტებენ.
- დაბოლოს, ისევ ახმეტელის თეატრს დავუბრუნდეთ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მიმდინარე, მე-40 სეზონის ბოლომდე რას აპირებთ?
- წელს დაგეგმილია 5 პრემიერა, აქედან 1 უკვე გვქონდა. სპექტაკლების დადგმაზე მოლაპარაკება მაქვს როგორც ქართველ, ისე უცხოელ რეჟისორებთან, რადგან ვთვლი, რომ თეატრი მხოლოდ ერთ რეჟისორს არ უნდა ჰქონდეს "პრივატიზებული". მეც განვახორციელებ ერთ, მაქსიმუმ 2 დადგმას. არ მიყვარს წინასწარ თქმა, მაგრამ აქედან ერთი იბსენის პიესა იქნება, რომელიც, რა თქმა უნდა, იმ უბედურებას შეეხება, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. წელს 40 წლის ვხდები. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ბარბაროსული ქვეყნიდან ისმის მუქარა და მასთან ყველას პრობლემა აქვს. ეს დიდი ბოროტება საბოლოოდ უნდა დამარცხდეს, რომ არც ჩვენ და არც სხვა ქვეყანას აღარასოდეს წაგვიყენოს ულტიმატუმები.
ანა კალანდაძე