ავსტრალიაში მცხოვრები უკრაინელი მხატვრის ინიციატივა - გზაპრესი

ავსტრალიაში მცხოვრები უკრაინელი მხატვრის ინიციატივა

უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელები აქტიურად გამოხატავენ. მათ შორის არის ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მცხოვრები დმიტრი კუზნიჩენკო, რომელმაც თავისი ნახატების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადარიცხა ფონდში, უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად. დმიტრის ყოველი დღე უკრაინელ მეგობრებთან საუბრით იწყება. ისინი ხარკოვიდან არიან, ეს ქალაქი კი არაერთხელ დაიბომბა.

- ჩემი ძალიან ახლო მეგობარია რომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ველაპარაკები. საჰაერო განგაშის დროს ის თავშესაფარში ვერ ჩადიოდა, რადგან ფსიქოლოგიურად ჰაერის უკმარისობის შიში გაუჩნდა. მაინც მიდიოდა, ბავშვებს კანფეტებს და „ლედენცებს“ დაურიგებდა, შინ ბრუნდებოდა და აბაზანაში წვებოდა: ბინის შუაში განთავსებული სააბაზანო შედარებით უსაფრთხო ადგილი იყო. მერე იძულებული გახდა, ხარკოვი დაეტოვებინა ცოლთან და ვაჟთან ერთად. პოლტავასთან ახლოს ქალაქის ტიპის დასახლებაა - შიშაკი, იქ მოახერხეს ჩასვლა. ორი დღის შემდეგ, როცა ქალაქიდან გავიდა, რომას გაუგზავნეს ჩამონგრეული კორპუსის ფოტო - ის იქ ცხოვრობდა... ხარკოვიდან ასევე წავიდნენ რომას ძმისშვილი და მისი ფეხმძიმე მეუღლე. იმათაც ვეკონტაქტები, დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ მორშინში არიან. ყველას შეძლებისდაგვარად ვეხმარები თანხებით. ჩემი მეგობრებიდან ზოგი სად წავიდა და ზოგი - სად. მაგალითად, ერთი ტყეშია ლიუბოტინთან, ეს ხარკოვიდან 40 წუთის სავალზეა. ის იმალება ვიღაცის პატარა სახლში ოჯახთან ერთად, ორი შვილი და ძაღლიც ჰყავთ. ყველაფერს განიცდის, მაგრამ განსაკუთრებით იმას, რომ არა აქვთ ძაღლის საკვები. როცა დათბება, წარმოიდგინეთ, ტყეში ტკიპებიც გაჩნდება... სადაც რომა არის, თითქოს შედარებით მშვიდი გარემოა. მას ჰქონდა სურათების უზარმაზარი კოლექცია, ნახატებს ყიდულობდა, ხარკოველი მხატვრები ნამუშევრებს ჩუქნიდნენ და ასე მოუყარა თავი. სამწუხაროა, რომ ისინი ალბათ უკვე დაიწვა.

- უკრაინაში ნათესავები გყავთ? ბოლოს იქ როდის ჩახვედით?

- ოთხწელიწად-ნახევრის წინ ჩავედი უკრაინაში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა. მას შემდეგ აღარ ვყოფილვარ. დამრჩა მხოლოდ რამდენიმე მეგობარი, ვისთანაც არ ვწყვეტ კონტაქტს.

- ცოტა რამ თქვენ შესახებ გვიამბეთ.

- ხარკოვში დავიბადე 1962 წელს. გამზარდა ბებიამ, რომელიც ბავშვობაში მიკითხავდა არაჩვეულებრივ ლიტერატურას. ხატვა ადრეულ ასაკში დავიწყე. ერთდროულად რამდენიმე ალბომში თავდავიწყებამდე ვხატავდი ხოლმე. მთელი ბავშვობა ორმოების თხრა მიყვარდა. ალბათ ომისთვის „ვემზადებოდი“, იმიტომ, რომ ხშირად ვუყურებდი საბჭოთა კავშირის დროინდელ ფილმებს ომზე. მეძახდნენ „შკროტიკ“ - როგორც თხუნელა, მიწაში „აკოპებს“ ვთხრიდი, წარმოგიდგენიათ? თხრას რომ თავს ვანებებდი, მერე ვხატავდი მშვიდობის თემაზე, ზოგჯერ სხვა თემაზეც. სწრაფვა ხატვისადმი სულ მქონდა. მამაჩემი ძალიან კარგად ხატავდა, შესანიშნავი ფოტოგრაფი იყო. ეტყობა, მისი ესთეტიკური თვისებები ჩემში გენეტიკურად გადმოვიდა. ხარკოვის სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი 19-დან 25 წლამდე.

hfdhsxhs-1647969885.jpg

- ავსტრალიაში რატომ და როდის წახვედით?

- სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე ჯარში გამიწვიეს. ჯარის პერიოდი კიევში გავატარე. გამიმართლა და იარაღი ხელში არ ამიღია. ვხატავდი სამხედრო მოსამსახურეების პორტრეტებს, იმ საბჭოთა "ფიურერებს", რომლებიც ჩვენი მეთაურები იყვნენ. სხვა რა გზა მქონდა?.. ჯარიდან დაბრუნებული უმუშევრად ვითვლებოდი, რადგან მხატვარი ვიყავი. მაშინ ვინც არ მუშაობდა, კანონის რაღაც მუხლის შესაბამისად, შეიძლებოდა დასჯლიყო. მცდელობა ჰქონდათ, რომ ჩემთვის ისევ ჯარში ეკრათ თავი. ამის გამო მისამართი ორჯერ შევიცვალე, ჯერ ერთი ბებიის მისამართი ავიღე, შემდეგ - მეორის მივუთითე. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ჯარში ხელმეორედ არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდი, ამიტომ უნგრეთში გავიქეცი. ჩემი ოჯახის ფესვები საფრანგეთსაც უკავშირდება. იქაურ ახლობლებთან კონტაქტი ვცადე, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, 1992 წელს ავსტრალიაში წავედი.

- რამდენი ნახატი გაყიდეთ უკრაინის დასახმარებლად თანხის შესაგროვებლად?

- აკვარელით შესრულებული 27 ნახატი გავყიდეთ. ამ ინიციატივაში მხარი დაგვიჭირა ჩვენმა საყვარელმა ავსტრალიურმა ჰერლსტოუნ პარკის საზოგადოებამ, რომელმაც ჩემი ნახატების გაყიდვის ღონისძიება მოაწყო. ორ დღეში მოგვიგროვდა 15.000 დოლარი. მთელი თანხა მე და ჩემმა ოჯახმა გადავრიცხეთ ფონდში - "უკრაინელი დედები და ბავშვები საომარ ზონაში". ძალიან გვიხარია, რომ ამდენი შევძელით. ხალხი მირეკავს, ვისაც უნდა ჩემი ნახატების შეძენა, მაგრამ ამ ეტაპზე გავჩერდით. რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ დავგეგმავ გამოფენა-გაყიდვას.

- წერდით, რომ ღამეები არ გძინავთ. ახლა როგორ ხართ?

- ომის დაწყებიდან პირველი 8-9 დღე ნერვული დაძაბულობისგან ვერ ვიძინებდი. რომას 2-3 საათში ერთხელ ველაპარაკებოდი. ძალა არ მქონდა და ვერ გავდიოდი სიდნეის ცენტრალურ ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციებზე. ჩემმა მეუღლემ (ავსტრალიაში, უკრაინელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა) მითხრა: არაყი იყიდე და დალიეო. ამას არ გავაკეთებ! ეს საბჭოელ მტრებს უნდოდათ, რომ დიმას არაყი დაელია და ყველაფერი დაევიწყებინა... იძულებული გავხდი, ექიმთან მივსულიყავი, ახლა დამამშვიდებელს ვსვამ. ორი დღეა, რაც 3-4 საათი მაინც მძინავს. მე ასეთ სტრესში ვარ და უკრაინაში ადამიანები რა დღეში იქნებიან?!. მეუღლის მშობლები ლვოვის რაიონიდან არიან. მათ იციან მეორე მსოფლიო ომის დროს რა სასტიკად იქცეოდა საბჭოთა წითელი არმია პოლონეთში და ის შიში სამუდამოდ დარჩათ.

- რას ეტყვით უკრაინელებს?

- ჩემო ძვირფასო უკრაინელებო, ჩვენი უკრაინა დგას წინა ხაზზე. თქვენ დღეს იბრძვით დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და თუ გნებავთ, ოცნების უფლებისთვის. ამას აკეთებთ ასევე ევროპისთვის, ამერიკისთვის... თუ არ შევაჩერებთ ამ საშინელ შავბნელ ძალას, ის ყველას გადაგვსანსლავს. მე არ ვარ სამხედრო და არ მინდა ვიომო, მაგრამ ყოველდღე აუცილებლად გავაკეთებ რამეს თქვენს მხარდასაჭერად. ჩემი იარაღი ფუნჯია.

tjjdtj-1647969901.jpg

- ყველაზე ხშირად რა ემოციები გეძალებათ?

- როცა ვხატავ ან ვმუშაობ, ანდა ქუჩაში მივდივარ, ხშირად გონებით ჩემი ბავშვობის დროინდელ ხარკოვში ვარ, სადაც მამა და მე ვსეირნობდით კონსერვატორიის მიდამოებში ან თეატრის გვერდით ჩავივლიდით... როცა მამას მხრებზე ვიჯექი და შევჩენკოს სახელობის პარკში ნაყინს მივირთმევდით... იმ პარკის სუნიც მახსოვს... ჩემი ქვეცნობიერი ცდილობს, უკან, მშობლიურ ქალაქში დაბრუნდეს და რა საშინელებაა, რომ ახლა იქ თითქმის ყველაფერი დანგრეულია!..

- საუბარი ოპტიმისტურად დავასრულოთ...

- როცა მშვიდობა დამყარდება, მთელი ოჯახი ჩავალთ უკრაინაში. ძალიან მიყვარს თბილისი, ნამყოფი ვარ, ქართველმა მეგობრებმა დამპატიჟეს. ძალიან მინდა, თქვენთან კვლავ ჩამოვიდე, დავივლი ქუჩებს და აუცილებლად დავხატავ თბილისის ხედებს. ამაზე ვოცნებობ. ქართველები, დაწყებული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, ყოველთვის იდექით უკრაინის გვერდით. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოსგან ასეთი მხარდაჭერა გვაქვს.

ნანული ზოტიკიშვილი