"ქვეყანაში მხოლოდ 300 ათასი კაცია რეალურად აცრილი" - გზაპრესი

"ქვეყანაში მხოლოდ 300 ათასი კაცია რეალურად აცრილი"

უნდა გაუქმდეს თუ არა გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება, "კოვიდის" წინააღმდეგ რა შეზღუდვები უნდა დარჩეს და რატომ, რა მდგომარეობა გვაქვს კორონავირუსის (შტამების) გავრცელების კუთხით, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია? - ამ საკითხებზე ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტ გიორგი ფხაკაძეს ვესაუბრეთ.

- რამდენად საჭიროა გარე სივრცეში პირბადის ტარება?

- სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობა სათანადო რაოდენობით აცრილი არ არის - მხოლოდ 300 ათასი ადამიანია სამჯერ აცრილი. ვხედავთ, რომ ქვეყანაში გავრცელებული, განსაკუთრებით მეორე ომიკრონი - ბიე-2 ძალიან გადამდებია და პრაქტიკულად აუცრელი მოსახლეობის პირობებში ერთადერთი, რაც დარჩა, სამედიცინო პირბადეა. ვინც საკუთარ თავსა და ახლობლებზე ზრუნავს, უნდა გამოიყენოს. თავშეყრის ადგილში ყველგან საჭიროა.

მთავრობა "რუსულ სტილში" გვატყუებს, რომ მოსახლეობა აცრილია. ყველა ადამიანმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ან პირბადე ატაროს, ან რისკზე წავიდეს და დაინფიცირდეს - იოლი არჩევანია. თუ პარკში ხართ და გვერდით ხალხი არ გიდგათ, რა თქმა უნდა, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ რუსთაველზე, სადაც მუდმივად ბევრი ხალხი გადაადგილდება, აუცილებელია. იგივეა, თუ მიტინგზე იმყოფებით ან ბაზრობაზე მიდიხართ.

- „კოვიდის“ წინააღმდეგ კიდევ რა შეზღუდვები უნდა დარჩეს და რატომ?

- უკვე მთელმა მსოფლიომ ვისწავლეთ, როგორ უნდა ვმართოთ ეს ვერაგი ვირუსი. „კოვიდი“ არა მარტო სამედიცინო, არამედ პოლიტიკური პრობლემაც გახდა. მის საწინააღმდეგოდ ისევ სამი ერთში პრინციპი მუშაობს - ვაქცინაცია, სამედიცინო პირბადე და დისტანციის დაცვა. ამით გავრცელებას ამცირებ.

ევროპაში მოსახლეობის თითქმის 90% ორჯერ, ხოლო 70% სამჯერ არის აცრილი. დაახლოებით ოცმა პროცენტმა ვირუსი გადაიტანა. ამგვარად, ე.წ. ჯოგურ-პოპულაციური იმუნიტეტი უკვე ჩამოყალიბებულია, ვირუსი ვეღარ ვრცელდება. ადამიანს გადატანილი აქვს ან ვაქცინირებულია. შესაბამისად, ვირუსის გასავრცელებლად გზები აღარ არის და შეზღუდვებიც ნელ-ნელა იხსნება. მაგალითად, ბევრ ევროპულ ქვეყანაში პირბადე გარე სივრცეში დისტანციაზე აღარ გამოიყენება, შეიძლება შიდა სივრცეშიც მალე მოიხსნას. ვაქცინები მაინც რჩება - იარაღია მეტი დაცულობისთვის. ამ მხრივ ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია.

pxakadze-giorgi-1647970152.jpg

- ჩვენში დღეს როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია და მოსახლეობისთვის თქვენი რჩევა როგორია?

- სამწუხაროდ, ამ საკითხში რუსულმა მეხუთე კოლონამ გაიმარჯვა. მოდი, გულახდილად ვთქვათ: ანტივაქსერული სამსახურები მთელ მსოფლიოში რუსული უშიშროების მიერ იყო დაფინანსებული. ეს არაერთი კვლევითაა დადასტურებული, მათ შორის - მეცნიერების მხრიდან. შესწავლილია მანიპულაციები, რომლებსაც ამ მიზნით ახორციელებდნენ. მერე ჩინელებმაც გადაიღეს რუსებისგან მეთოდები და ახლომახლო რეგიონებში შეეცადნენ ამის კეთებას. სიახლოვის გამო ჩვენ რუსული ანტივაქსერული პროპაგანდის პირდაპირი დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით. უკრაინის ომის ფონზე უკვე ნათელია, რატომ აკეთებდა ამას რუსეთი. სხვათა შორის, საკუთარი მოსახლეობა საერთოდ რომ არ აინტერესებს, საკუთარი თვალით ვხედავთ: ყოველდღე ათასი ადამიანი ეღუპებათ (არაოფიციალურად, 3-4 ათასი) და ეს მათთვის არაფერს ნიშნავს. როცა ასეთი უბედურებაა, ხომ უნდა დაფიქრდე მაინც. იქ კი ლამის გამოაცხადეს, რომ „კოვიდი“ არ არსებობს. ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, სადაც შედარებითი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა, რუსეთმა აქტიურად გამოიყენა ანტივაქსერული მოძრაობები; რეალურად, ისინი რუსეთის აგენტები არიან, შეგიძლიათ დიდი ასოებით დაწეროთ. ეს ყველაფერი ფაქტებით დადასტურდა. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ ყალბისმქმნელ მოძრაობას აჰყვა. იმას კი არ ვამბობ, რომ ვინც ანტივაქსერია, ყველა რუსეთის აგენტია. აქცენტი ორგანიზატორებზე მაქვს, ვისი მიზანიც ამ მიმართულებით მასების მიზიდვაა. შედეგად ის მივიღეთ, რომ დღეს ქვეყანაში მხოლოდ 300 ათასი კაცია რეალურად აცრილი.

ასევე ყველამ ვიცოდით, რომ ჩინური ვაქცინები ხარისხიანი არ იყო, მაგრამ სახელმწიფო პროპაგანდა გახლდათ ჩართული, რომ ჩინური ვაქცინა კარგია, ტრადიციულია და სხვ. რუსულმა ძალებმა მსგავსი მიდგომები კარგად გამოიყენეს და არავაქცინირებულ ქვეყნად გვაქციეს. ევროპის მასშტაბით პრაქტიკულად ყველაზე არავაქცინირებული ვართ, სიკვდილიანობის მაჩვენებლითაც უმძიმესი რეალობაა. ამ ფონზე მოსახლეობის 90%-მა "კოვიდი" გადაიტანა. ამ ყველაფერში პირდაპირ სახელმწიფოს ვადანაშაულებ. ადრე არაპროფესიონალიზმის პრობლემა მეგონა, ახლა უკვე ვფიქრობ, რომ შეიძლება განზრახ იყო ჩადენილი.

- აქედან გამომდინარე, ადამიანებმა რა უნდა მოვიმოქმედოთ?

- ძალიან მარტივია - ადამიანებმა საღი აზრი გამოიჩინონ, არანაირ პროპაგანდას არ უნდა აჰყვნენ. როცა ექიმი გეუბნება, რომ ვაქცინა კარგია და გშველის, უნდა გაიკეთო, და არა ვიღაც "ფილოსოფოს-ფილოლოგებსა" და რუსეთის აგენტებს დაუჯერო, რომლებიც გეუბნებიან, რომ ვაქცინა თურმე მომაკვდინებელია. სამწუხაროდ, საქართველოში ორი ვაქცინა არ გვაქვს (მოდერნა არ მოგვეპოვება) - ერთადერთი კარგი ვაქცინა ფაიზერია. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ფაიზერიs სამი დოზით აიცრან. მეორე - ვაქცინით აცრა ასპროცენტიან დაცულობას არ ნიშნავს, ამიტომ ვიმეორებ: სამედიცინო პირბადე უნდა გამოიყენონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ტაქსიში და მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია. რისკების გათვლის ამბავია: მაგალითად, თუ ავტობუსით ერთი გაჩერების გავლა გიწევს, არ გირჩევნია, ეს გზა ფეხით გაიარო და რისკი მაქსიმალურად შეამცირო?..

ძალიან კარგი ამბავია: ვინც მინიმუმ ორჯერ იყო აცრილი, 70%-ით იმის შანსი აქვს, რომ პოსტკოვიდური დაავადებები არ დაემართოს. ვხედავთ, რომ პოსტკოვიდი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს - გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები, დიაბეტი, ტვინის უჯრედების დაზიანება და ა.შ., რაც კოვიდგადატანილთა 70%-ში ვლინდება. საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ვისაც საკუთარი თავი, ოჯახის წევრები უყვარს, უნდა აიცრას, სხვა გამოსავალი არაა. ვისაც "რუსული რულეტკის" თამაში სურს, თვითონ იცის თავისი საქმის. თუ უმეტესობა ადეკვატურად იმსჯელებს, ჯერ კიდევ შეიძლება წავიდეთ ევროპული გზით. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ჩვენი მატარებელი წასულია. ჩინური ვაქცინით არც კი ითვლებიან აცრილებად, ასევე, ორჯერ აცრილები. ერთადერთი, სამჯერ ფაიზერით აცრილი ითვლება. ეს ინფორმაცია მოსახლეობას სახელმწიფოს მხრიდან მკაფიოდ არ მიეწოდება. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას - რატომ გვატყუებთ? მინისტრის ბრძანებაა, რომ ვინც „კოვიდი“ გადაიტანა, 30 დღეში შეუძლია ვაქცინა მიიღოს. ათეული კი არა, ასეულობით მივიდა ვაქცინაციის ცენტრში და პასუხობენ - არა, თქვენ ვეღარ აიცრებითო. ან გამოასწორონ, ან ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული პირები რუსული საქმის შემსრულებლები გამოდიან. ქვეყანაში ვაქცინებიც იყო, რესურსებიც, ასეულ მილიონობით გამოყოფილი ლარი და შედეგად მხოლოდ 300 ათასი ადამიანია ვაქცინირებული.

- რა მდგომარეობა გვაქვს კორონავირუსის შტამების გავრცელების კუთხით?

- ტყუილია ზოგიერთი კოლეგის განცხადება, რომ ომიკრონი ჩვეულებრივი ვირუსია და მისთანანი. ომიკრონს სამი განშტოება აქვს - ბიე-1, ბიე-2 და ბიე-3. ბიე-2 უფრო მსუბუქი აღმოჩნდა, მაგრამ მისი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა. ის პირველად ჰონკონგში დადასტურდა, იქიდან სინგაპურში, ავსტრალიასა და ბრიტანეთში გავრცელდა. ეს განშტოება დელტა ვარიანტზე კიდევ უფრო ვერაგია. ამიტომ უცოდინარობაა იმაზე საუბარი, რომ ომიკრონი ვირუსის დასასრულის დასაწყისია. გარდა ამისა, ის 30%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება. ამიტომ აუცილებელია სამედიცინო პირბადის გამოყენება. სამჯერ აცრილი ადამიანი 80%-ით დაცულია, მაგრამ 20% ხომ რჩება?! ამის გადაფარვა პირბადით ხდება. სამჯერ აცრილი ადამიანი პირბადეს თუ იყენებს, მისი დაინფიცირების შანსი მხოლოდ 5%-ია.

დაბოლოს: რუსეთის მოქალაქეები პრაქტიკულად არავაქცინირებულები არიან მათი სპუტნიკის პირობებში. მე შევთავაზე დაავადების ცენტრს, ბარემ შემოსული ტურისტები აეცრათ და ამაში ფული მაინც აეღოთ. სხვათა შორის, დიდი სიამოვნებით იცრებიან ფაიზერით, რადგან იციან, რომ მათი სპუტნიკი არაფერში წერია. ამასაც არ აკეთებენ.

გიორგი მეფარიძე