"თუ ვინმესთვის მოტივაცია გავხდები, გამიხარდება" - გზაპრესი

"თუ ვინმესთვის მოტივაცია გავხდები, გამიხარდება"

გურიაში დაბადებული და გაზრდილი კაცისთვის უცხო არ იყო სოფლის ყოფა-ცხოვრება, მაგრამ 22 წლის შემდეგ იქ დაბრუნება და მეურნეობის დაწყება მაინც დიდ გამბედაობას მოითხოვდა. ლევან ჭანიშვილი მშობლიურ სოფელ ხიდისთავში დაბრუნდა და მოაშენა ფრინველი, საქონელი, გააშენა ვენახიც, წინ კიდევ უამრავი იდეა და საქმე აქვს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი სიყვარულით დაიწყო. როგორ? - ამის შესახებ თავად მოგვიყვება.

- 3 წელია, რაც ჩემს სოფელში დავბრუნდი. მიწა მეძახდა და ჩამოვედი. 2006-დან 2010 წლამდე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ვიყავი, 2008 წლის ომის მონაწილე ვარ. შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ კონტრაქტი აღარ გავაგრძელე. ჩემნაირი კაცი, ვისაც სოფელი უყვარს და სამომავლოდ იქ დაფუძნება უნდა, სამხედრო სამსახურში ყოფნას დიდხანს ვერ შეძლებს. უმაღლესში ჩავაბარე, მაგრამ არ დამიმთავრებია, თუმცა სოფლის მეურნეობის ცოდნაში ბევრ დიპლომიანს ვაჯობებ. ბევრი რამ უფროსებისგან ვისწავლე.

275977043-5054754657878201-4053760407522140657-n-copy-1648553855.jpg

ადრე სავსე იყო ჩემი სოფელი ხალხით, ახლა დაცლილია - დაიქსაქსა ყველა. მეტი სიყვარული და სითბო ტრიალებდა მაშინ. ახლაც კი გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ შორიდან, ტელეფონით ვურთიერთობთ. რაც უნდა უჭირდეს გურულს, იუმორსა და სტუმრის სიყვარულს მაინც არასდროს მოიშლის, მაინც გულიანად გიმასპინძლებს. „აბდალიო“, რომ გაიძახიან ხშირად გურულებზე, მე ამ სიტყვის ჩემებური ახსნა მაქვს: „აბდალი“ პირდაპირი გაგებით, სულელს კი არა, ღარიბ ბედნიერს ნიშნავს. ადრე ერთ მჭადს 3 მეზობელი იყოფდა; ჭიშკართან რომ დაინახავდნენ ვინმეს, ეპატიჟებოდნენ, გინდაც სახლში არაფერი ჰქონოდათ, იმიტომ, რომ უხაროდათ ურთიერთობა. ეს ყველაფერი კარგად და ტკბილად მახსოვს. აი, ესეც არის მიზეზი იმისა, რომ 22 წლის შემდეგ აქაურობას დავუბრუნდი. ჩემს გონებაში ყოველთვის ცოცხლობდა სოფელში დაბრუნების სურვილი. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ამ ნაბიჯს გადავდგამდი, უბრალოდ, შესაფერის დროს ვეძებდი.

მეუღლე და 2 ბიჭი მყავს. თბილისში ცხოვრობენ, რაც ძალიან ძნელია, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ მე სოფელს გავაძლიერებდი, ისინი ამჟამად ქალაქიდან დამიჭერდნენ მხარს. ამ 3 წელიწადში ბევრი რამის გაკეთება მოვასწარი და ამიტომ მენანება დაკარგული დრო. 3 წელში რომ ამდენი შევძელი, 22 წელში ხომ უფრო მეტს მივაღწევდი-მეთქი, ვფიქრობ ხოლმე.

- ალბათ ბევრს გაუკვირდა თქვენი ეს გადაწყვეტილება, არა?

- გაუკვირდათ კი არა, ზოგი გიჟს მეძახდა. სამსახური ჰქონდა, სახლი, კარი, ცოლ-შვილი, ეს ყველაფერი დატოვა და აქ რატომ ჩამოვიდა, რა უნდაო?.. აქ ჩამოსვლამდე მეგობრებს ავტოსაღებავები შემოგვქონდა, ტექნოლოგად ვმუშაობდი ბოლო 10 წელი და მართლაც კარგი სამსახური მქონდა, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტე.

- იყო შიშის მომენტი, ვაითუ არ გაგმართლებოდათ?

- იყო რაღაც კითხვები, მაგრამ შიში - არა. ჩამოსვლამდე ვიყიდე ხელსაწყოები, რაც მჭირდებოდა და შრომას გამიადვილებდა. ერთ შესვლაზე 200 ლარის მარტო თოხი და ბარი ვიყიდე, გაგიჟდა გამყიდველი. ალბათ ფიქრობდა, ნეტავ სად მიდის ასეთ ადგილას, რომ ქალაქისკენ გამოხედვას აღარ აპირებსო?.. არადა, თოხსა და ბარზე უკეთესი ჯერ არ გამოგონილა არაფერი - ისეთ საქმეს აკეთებს ორივე...

- მაგრამ არ გვიყვარს...

- არ გვიყვარს, იცით, რატომ? ცოტა ჯანიც უნდა მოგდევდეს და ცოტა მოთმინებაც, რომ თოხი აიღო ხელში, თორემ თუ მოჰკიდებ, მერე სულ თან დაგყვება. ახლა ყველაფერი კომერციულ ინტერესსა და გათვლაზეა დაფუძნებული და არა - სიყვარულზე. ადრე კი სიყვარულით აკეთებდნენ საქმეს, ეფერებოდნენ ვენახს, ვაზი ადამიანისთვის ყველაფერს ნიშნავდა.

შეუძლებელი არაფერია, თუ გინდა, კარგი მეურნე დადგე. სოფელს სულ სხვა ხიბლი აქვს, ასე მგონია და შრომის ფასად თავის დამკვიდრებას აუცილებლად შეძლებ. დაბრუნება მაშინ უფრო გიჭირს, როდესაც რამდენიმე წელი შენი სახლის ჭიშკარსაც არ აღებ და გაუდაბურებული გხვდება ეზო-კარი. რთულია, მაგრამ მოერევი პრობლემებს და სოფელიც მოძლიერდება, შვებით ამოისუნთქავს, თვალში გამოიხედება... ჩემი სახლიდან 4 კილომეტრით ზევით იყო დასახლება, ასზე მეტ ოჯახს ვითვლიდი და ახლა 20 ოჯახში თუ გაგცემენ ხმას, შრომისუნარიანი კი ალბათ 5 კაცი იქნება. ეს პრობლემა ბევრგანაა. ხალხი იმას ნატრობს, ჭიქის მიმჭახუნებელი ჰყავდეთ საღამოს, თითო ბოთლი ღვინო გემრიელად რომ მიირთვან. დღეს იოლად გვინდა ყველაფერი, მაგრამ შრომის გარეშე არაფერი ხდება. მე გამიმართლა, რომ ჩემ გვერდით იდგნენ მშობლები და ძმები, თუ რამე გასაკეთებელი იყო, ერთად ვაკეთებდით, მუშახელი არც დაგვჭირვებია.

- რითი დაიწყეთ, ვენახის გაშენებით?

- ჩამოსვლამდე რომ ვთქვი, ხოხობი უნდა მოვაშენო-მეთქი, გაეცინათ, მთვარეზეა მგონიო, - იქ გამამწესეს გურულებმა. მართლა რომ მოვიყვანე და ნახეს, მოეწონათ, ეს რა ლამაზები ყოფილანო!.. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩინური წარმოების ინკუბატორის რეკლამა ვნახე. ჩვენი ოჯახი ყოველთვის ყიდულობდა სამტრედიაში წიწილებს და ზრდიდა. ჩემი მეყოლება-მეთქი, ვიფიქრე და ვიყიდე. მერე, მადა ჭამაში მოდისო, ვიპოვე ვეტექიმი, რომელმაც მომცა მიმართულება. გაზრდის პროცესსაც ხომ ცოდნა უნდა, ესეც ვისწავლე. პირველ წელიწადს ასამდე წიწილას მოვუყარე თავი, კვერცხსაც ყიდულობდა დამსვენებელი, მერე უკვე ათასცალიანი ინკუბატორი ვიყიდე და შესაბამისად, წარმოება გაიზარდა. იაფი კრედიტით ავაშენე საქათმე და ასე, ნელ-ნელა მოვედი დღემდე. ახლა 2000-3000 ფრთამდე წარმოება შემიძლია უკვე, რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. მყავს ქათამი, ინდაური, ბატი, კვატი, ციცრებსაც ველოდები. მინდა, სამომავლოდ ბუნებაშიც გავუშვა და გავამრავლო ხოხობი.

- სირაქლემების მოშენებასაც აპირებთ თურმე.

- სირაქლემა და ფარშავანგი ბოლო ნაბიჯი იქნება, რასაც საბოლოოდ მოვინდომებ და რეალობად ვაქცევ. მარტვილში მივაგენი კაცს, რომელმაც უკვე მოაშენა და, - რატომაც არა, მეც მინდა, გურული სირაქლემები მყავდეს.

დღეს უკვე აქტიურად იქმნება ფერმერული მეურნეობები. მაგალითად, გურიაში ბევრმა გააშენა მოცვის პლანტაციები. მეც გავაშენე ლურჯი მოცვი, მესამე წლიდან უკვე იძლევა მოსავალს. სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი შეეწყო მრავალწლიანი კულტურების გაშენების თვალსაზრისით. ჩემი მოტივაციაც ეს იყო. გურული ჯიში ბევრია, მაგრამ გურია მთიანი რეგიონია და სავენახედ ბევრი კარგი ადგილი არ არის. ამიტომ ყველა მაქსიმალურად ცდილობს მათ გამოყენებას. მე ჩხავერი დავრგე, წელს ვრგავ საკმიელას და ოცხანურას. სხვათა შორის, ხიდისთავის ძველი სახელწოდება ოცხანაა, რადგან აქ მოდიოდა ვაზის ჯიში - ოცხანური საფერე. გადმოცემით ვიცი, ეს ჯიში იმდენად დასაფასებელი და ძვირფასი ყოფილა, რომ მის ნერგებს თურმე მზითვში ატანდნენ. როცა სოფლის სიყვარულზე ვსაუბრობთ, ვენახიდან იწყება ეს სიყვარული, აბა, მწვანილს და ლობიოს ყველა თესავს.

- იცოდით ვაზის მოვლა?

- მამამ იცოდა. გარდა ამისა, ინტერნეტშიც მოვიძიე ინფორმაცია, სხვასაც ვკითხე, ჩემზე მეტად გამოცდილს. შარშან პირველი მტევანი რომ მოვწყვიტე, შვილს ვუთხარი, - მოდი, გაგასინჯო, რა მაგარია-მეთქი. გახარებული ჩემს შვილებთან ერთად, იმ მტევანსაც ვკოცნიდი... იმ თვალით არ უნდა შეხედო, რომ ვენახი უბრალოდ შემოსავლის წყაროა და სხვა არაფერი. ვაზი და ღვინო მართლაც ცოცხალი ორგანიზმია.

- კიდევ ერთი სირთულე ალბათ, ოჯახთან განშორებაა, ხომ?

- რთულია, მაგრამ ჩემმა მეუღლემ იცის, როგორ მენატრებოდა სოფელი. ახლაც სადმე თუ წავედი რამდენიმე დღით, უკან დაბრუნებული ფეხშიშველი დავდივარ ეზოში, აქაურობის სურნელიც კი მიყვარს. ბავშვებს ძალიან უყვართ სოფელში ჩამოსვლა. დღე არ გავა, არ მითხრან, - ჩამოვალთ და სკოლაშიც მანდ ვივლითო, ბებია-ბაბუასთან ყოფნა უნდათ. თუ ვინმესთვის მოტივაცია გავხდები, გამიხარდება - სოფელში დაბრუნება და ცხოვრება რამდენადაც რთულია, იმდენად უკეთესია. მე ხომ შევძელი განვითარება! შეძლებენ სხვებიც! ყიდულობენ სახლებს, 1-2 წელი უხარიათ, რა კარგია სოფელიო, მაგრამ მერე არაფერს აკეთებენ. სოფლის დოვლათი და ბარაქა რომ მოსწონთ, ადვილი შესაქმნელი არ არის, მაგრამ არა - შეუძლებელი. სოფელში რა ვაკეთოთო? - კითხულობენ. ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. ჩემს უბანში 5 სახლია დაკეტილი. ჩამოდიან იშვიათად და ამბობენ, - კიდევ ჩამოვალთ, მივხედავთო, მაგრამ ასე გადის წლები... თუ ვინმეს მისხალი სიყვარული აქვს, დაუბრუნდნენ თავიანთ სოფლებს. ქალაქი კარგია, მაგრამ აქ ჯობია. უკეთესი იქნება, ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ქალაქელებმა - თავიანთი. სოფელის რომ მიეხედება და მოძლიერდება, ქვეყანასაც მიეხედება მაშინ!

ნინო ჯავახიშვილი