რას ჰყვება ხარკოვის კლინიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ომის ჯოჯოხეთზე - გზაპრესი

რას ჰყვება ხარკოვის კლინიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ომის ჯოჯოხეთზე

ქართველი ექიმი-რეზიდენტი აზუკა ქვრივიშვილი ორი კვირის განმავლობაში ხარკოვის ერთ-ერთი კლინიკის ექიმებთან ერთად, რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქის ინტენსიური დაბომბვის რეჟიმში იღებდა და მკურნალობდა დაჭრილებს... ერთ დღეს, მორიგეობისას, ჭურვის აფეთქების ხმა გაიგონა და მიხვდა, რომ ყველაფერი შეიცვალა, უკრაინაში ხანგრძლივი, სასტიკი და უთანასწორო ომი დაიწყო, თუმცა, თეთრხალათიან ფრონტელებთან ერთად, ხაზის დატოვებაზე არც უფიქრია, ვიდრე ეს კლინიკის ადმინისტრაციამ არ სთხოვა...

- ხარკოვში ორდინატურაზე სასწავლებლად ვიყავი ჩასული. ბოლო ხანებში ჩემი სურვილით დავიწყე მუშაობა... ჩემი სპეციალობა ყბა-სახის ქირურგიაა. გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა მიღებული, რაც უკრაინის ომში ძალიან დამეხმარა, სხვადასხვა სახის დაზიანების მქონე პაციენტთან მომიწია მუშაობამ...

იმ დღეს მორიგე ვიყავი და კლინიკაში, პაციენტთან ვიმყოფებოდი, როდესაც ქალაქში ჭურვი ჩამოვარდა. ეს იყო პირველი დაბომბვა. არადა, განგაშის სიგნალიც კი არ ყოფილა. არავინ ელოდა სიტუაციის ასე სწრაფად გამწვავებას... ვერც მივხვდით, რა აფეთქდა... არ ვიცი, იქ, სადაც ჭურვი ჩამოვარდა, დასახლებული პუნქტი არ იყო თუ სხვა სამედიცინო დაწესებულება გახლდათ ახლოს, მაგრამ პირველი აფეთქების შემდეგ ჩვენთან დაჭრილები არ მოუყვანიათ. თუმცა, როგორც კი დაბომბვები გახშირდა, დაჭრილების ნაკადიც წამოვიდა... ჯერ ისეთი სახის დაზიანებებით მოჰყავდათ ადამიანები, ვისი ტრანსპორტირებაც შედარებით შორ მანძილზე შესაძლებელი იყო. მეორე-მესამე დღიდან კი, უკვე ყველა სახის დაზიანების მქონეები შემოიყვანეს. მათ ძირითადად ჭურვის ნამსხვევისგან ჰქონდათ მიღებული ჭრილობები. ერთი კონკრეტული ორგანო კი არა, მთელი სხეული ჰქონდათ დასერილი ნამსხვრევებისგან. ერთ პაციენტთან რამდენიმე ექიმი ვმუშაობდით. მე, რეზიდენტის სტატუსით ვიყავი, მაგრამ დაჭრილ პაციენტთა რაოდენობიდან გამომდინარე, უამრავ რამეს, მათ შორის ისეთი სახის ოპერაციებსაც ვაკეთებდი, რაზეც პასუხისმგებლობის აღება შემეძლო. მაგალითად, ჭრილობების გაკერვა-დამუშავება-დრენირებას. უფრო რთული სახის ოპერაციებზე კი ქირურგებს ვეხმარებოდი. ყველა ასაკის პაციენტი გვყავდა, ქალაქში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა - ბავშვები, ქალები, მოხუცები...

275689237-298588552416799-3681456598000409976-n-copy-1648554098.jpg

- ყველანი ვხედავთ, თუ როგორ გმირულად დგანან უკრაინელები ყველა პოზიციაზე, სამშვიდობო მოსახლეობა იქნება, სამხედროები თუ მეხანძრე-მაშველები. ეს განწყობა იყო სამედიცინო პერსონალშიც?

- ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში ჩვენი და დარწმუნებული ვარ, დანარჩენი ქალაქების კლინიკებიც მობილიზებულად სამხედრო რეჟიმზე გადავიდნენ. ალბათ ფილმებში მინახავს ასეთი მამაცური, გამბედავი და თავდადებული ხალხი, რომელიც მზად არის ომისთვის და სჯერა, რომ დიდი დანაკარგის მიუხედავად, მაინც გაიმარჯვებს... ორი კვირა გავატარე მათ გვერდით და არ მახსოვს დაბნეული, პანიკაში ჩავარდნილი სამედიცინო თუ ტექნიკური პერსონალი, მით უფრო, ექიმი. მხოლოდ ექიმის კი არა, ყველას საქმეს აკეთებდნენ. მაგალითად, არაერთი შემთხვევა ყოფილა, პაციენტი შემოსულა, ჭრილობები დაგვიმუშავებია, ფუნქციურობა შეგვინარჩუნებია, მაგრამ თუ ზოგს ამის შემდეგაც სჭირდებოდა მკურნალობა, ანუ კლინიკაში დარჩენა, მას სხვაგვარი დახმარებაც სჭირდებოდა: არც საჭმელ-სასმელი ჰქონდათ, არც ჩასაცმელი. ეს გადაქანცული, რამდენიმე დღე-ღამის უძილო ექიმები მათ საკუთარი ოჯახის წევრებივით ექცეოდნენ, უვლიდნენ და მათზე ზრუნავდნენ. ვისაც შეეძლო, კლინიკაში არსებულ კვების ობიექტში დამოუკიდებლად ჩასვლა, უფასოდ იკვებებოდა, ვისაც არა, სამედიცინო პერსონალი აპურებდა. თავიანთი ხელით აცმევდნენ, ამშვიდებდნენ, ამხნევებდნენ... იმ დროის განმავლობაში, რაც იქ გავატარე, არაფრის დეფიციტი არ შეგვქმნია, არც სისხლის, არც პრეპარატების და რასაკვირველია, სამედიცინო პერსონალი სრული თავგანწირვით მუშაობდა. ყველანაირი მარაგების შევსება ძალზე ოპერატიულად ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხარკოვი, ფაქტობრივად, უწყვეტად იბომბებოდა. არ ვიცი, რა ხდებოდა სისხლის ჩასაბარებელ პუნქტში ან პრეპარატების მარაგი როგორ ივსებოდა, მაგრამ ჩვენ მუშაობის პროცესში ყველაფერი გვქონდა. რთული დღეები გამოვიარე, უმძიმესი ორი კვირა იყო, მაგრამ ყველაზე მძიმედ ის შემთხვევები მახსენდება, როდესაც პაციენტი ვერ გადავარჩინეთ. ზოგს ჭურვის ნამსხვრევებისგან ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა და ძლიერ სისხლდენას ვერ ვუჩერებდით... ასეთ დროს ვის ახსოვდა საკუთარი თავი. ადამიანი ხელებში გაკვდება და თვალებით შველას გთხოვს, ამ დროს მხოლოდ ექიმი ხარ და სხვა ყველაფერი, ყველა საფრთხე, ძილი, დასვენება გავიწყდება. გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ მქონდა, მაგრამ იმ კოლეგების ფორმას ვიცვამდი, ვინც ვერ მოვიდა სამსახურში. ამასობაში ჩემსას ვრეცხავდი. თუმცა, ვინ აქცევდა ყურადღებას, რა გეცვა.

იმ ორი კვირის განმავლობაში კლინიკიდან არ გავსულვარ, მხოლოდ ის ტანსაცმელი მქონდა, რითაც მორიგეობაზე წავედი. ომია ქვეყანაში და ვის უნდა შევეცვალეთ, ან ახალი კადრები საიდან უნდა მოსულიყვნენ, მთელ უკრაინაში საშინელება ტრიალებს.

როდესაც პაციენტების ნაკადი შემოდიოდა, ყველა მათგანის სიცოცხლისთვის ვიბრძოდით, მათი და ოჯახის წევრების, ახლობლების ემოციების ნახვა ძალიან მოქმედებდა ჩვენზე. რთული იყო, როდესაც საოპერაციოში შევდიოდით და გარშემო ჭურვებს ყრიდნენ. იქაურობა ზანზარებდა. ერთხელ ძლიერი წნევისგან კლინიკის ფანჯრებს სახელურები დასცვივდა; დენი ქრებოდა, თუმცა, წამებში გენერატორი ირთვებოდა, მაგრამ შიგნითაც რომ შემოსულიყო ტყვიები ან ჭერი თავზე ჩამოგვქცეოდა, ჩვენ მუშაობას გავაგრძელებდით, რადგან ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია... ზოგჯერ იმდენად ძლიერი იყო აფეთქების წნევა, რომ პაციენტებზე გადაფარებამ მოგვიწია ან ისე შეგვაზანზარა, პაციენტს ზედ რომ არ დავცემოდით, საოპერაციო მაგიდას მოვეჭიდეთ...

უამრავი სირთულე იყო, მაგრამ იმდენად შეკრულია ხალხი, ყველა პოზიციაზე და ამას მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმით გამოხატავენ,’რომ ჩემი დასვენება და კომფორტი არც კი გამხსენებია. იმ წარმოუდგენლად მძიმე წუთებშიც არ ავიწყდებოდათ მადლიერების გამოხატვა. თუ რამდენიმე წუთი თავისუფალი გამოგვიჩნდებოდა, საჭმელად ჩემ გარეშე არ გადიოდნენ, აუცილებლად დამირეკავდნენ: სად ხარ, ცოტა დრო გვაქვს, ყავა დავლიოთ ან ცოტა ხნით დაისვენე, პაციენტთან მე ვიქნებიო. მეც ასე ვიყავი მათ მიმართ, ერთი გუნდი გახლდით, ერთი საქმით მოტივირებული.

275726905-386569596240699-6228379224784095287-n-copy-1648554110.jpg

- დაჭრილი რუსი სამხედროები გყავდათ?

- ჩემს განყოფილებას არ მიუღია, მხოლოდ უკრაინელ სამხედროებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან მოგვიწია მუშაობამ... თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათაც ისევე მიხედავდნენ, როგორც თავიანთ ხალხს.

ხშირად გვიწევდა თავშესაფარში, სარდაფში ჩასვლა. ექიმები ადგენდნენ გეგმას, ვინ როგორ წასულიყო. მთავარი გახლდათ პაციენტების ჩაყვანა, რადგან მათ არც იცოდნენ, სად იყო სარდაფი. ექიმები გავიყოფოდით და მიმართულებას ვაძლევდით მათ, ვისაც დამოუკიდებლად შეეძლოთ გადაადგილება. ზოგჯერ ჩვენ ვერც ვახერხებდით ჩასვლას, რადგან მძიმე მდგომარეობის პაციენტებს ვერ ვტოვებდით და საოპერაციოში ვრჩებოდით, ვინაიდან სამუშაო იარაღებს ვერ დავყრიდით. ასეთ დროს ვამბობდით, - რაც იქნება, იქნებაო!.. ანუ შეგუებული ვიყავით, რომ რაც უნდა მოხდეს, გავაგრძელოთ ჩვენი საქმე...

- ხარკოვიდან წამოსვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

- თავად არც მიფიქრია ამაზე, იმდენად ვიყავი ჩართული საერთო საქმეში, მაგრამ კლინიკის ადმინისტრაციამ შეაფასა სიტუაცია, ვითარების გამწვავებას ველოდებითო და პასუხისმგებლობას ვეღარ ვიღებთ, ჯობია ქალაქი დატოვოთო, გამოგვიცხადეს. - აქ ჩემი სურვილით ვრჩები და პასუხისმგებლობას თქვენ არ გაკისრებთ-მეთქი. მადლობა გადამიხადეს, მაგრამ მითხრეს, რომ წასვლა აუცილებელი იყო, ჩვენც ნებისმიერ დროს შეიძლება აქედან წასვლამ მოგვიწიოსო...

წამოსვლაც არ იყო ადვილი, რადგან რაიონი, სადაც ვცხოვრობდი, ყველაზე ძლიერი დარტყმების ქვეშ გახლდათ, მე კი ყველაფერი, მათ შორის პირადი ნივთები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები ბინაში მქონდა. თუმცა, სხვა გზა არ იყო, გავრისკე და წავედი. როგორღაც მოვახერხე და მშვიდობით გამოვედი.

ადგილობრივი რაიონის გამგებელმა გააკეთა ჰუმანიტარული პროგრამა, რომლის ფარგლებში მეც, სხვებთან ერთად გამომიყვანეს. იქ ახლოს ცხოვრობდა კიდევ ერთი ქართველი ბიჭი, რომელიც სტომატოლოგია. ამ დრომდე ისიც ეხმარებოდა ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს. იმ დღეს კი ხარკოვიდან მატარებლის სადგურამდე წამოვედით, სადაც ლვოვის მიმართულებით ტრანსპორტის მომლოდინე ათასობით ადამიანი დაგვხვდა. პირველ რიგში ვიდექით, თუმცა, სანამ ჩვენი რიგი მოვიდა, მატარებელი გაივსო, დაიკეტა და წავიდა. ღმერთის წყალობით, სხვა მატარებელი ჩამოდგა, რომელიც სხვა ქალაქების გავლით მიდიოდა ლვოვისკენ და როგორღაც შევაღწიეთ. მატარებელი სავსე გახლდათ. ქალები და ბავშვები სკამებზე ისხდნენ, მამაკაცები ზემოთ, საწოლზე. ადამიანებს პირდაპირ იატაკზე, ბარგზე ეძინათ, ადგილს ვინ ჩიოდა, ოღონდ როგორმე გაეღწიათ იქიდან. ყველა სადგურში ამოდიოდნენ. განძრევის საშუალება არ იყო. გამცილებელმა ვერ გაიარა, რადგან ხალხი იწვა ძირს. ასე გავატარეთ დაახლოებით ოცდაათი საათი. ზოგ ადგილებში, სადაც დაბომბვის რისკი არსებობდა, მემანქანე შუქებს თიშავდა და სვლას ანელებდა, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა ავტობუსების კოლონას ცეცხლი გაუხსნეს ან რკინიგზა დაბომბეს. ასე მივაღწიეთ ლვოვამდე, იქიდან კი, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ავტობუსები იყო მობილიზებული, მათი დახმარებით მივედით პოლონეთის საზღვრამდე. იქაც გაგვიმართლა, ადგილები შევსებული იყო, მაგრამ უეცრად ორი ადგილი გამოჩნდა. მაშინვე დაგვირეკეს საელჩოდან და ასე მოვახერხეთ ვარშავამდე ჩასვლა.

- ხარკოველ კოლეგებთან გაქვთ კავშირი?

- ბოლო დღეებია ვერ ვუკავშირდები, რადგან თავადაც მქონდა ინტერნეტისა და სხვა სახის პრობლემები. თუმცა, მანამდე ვესაუბრებოდი და ყველაფრის მიუხედავად, მედგრად იდგნენ, - ვუძლებთო...

ლალი პაპასკირი