"არ უნდა დავივიწყოთ, რომ ე.წ. რეალპოლიტიკის გარდა, არსებობს ღირსება!“ - გზაპრესი

"არ უნდა დავივიწყოთ, რომ ე.წ. რეალპოლიტიკის გარდა, არსებობს ღირსება!“

და ნურც ჩვენი წინაპრების ბრძოლასა და ნაანდერძევს დავივიწყებთ! მათ შორის ამასაც - "ტირილითა, ვიშითა მტერნი არ შეგვიბრალებენ!.." - სამხედრო ჟურნალისტი ბექა ქურხული რუსეთ-უკრაინის ომსა და დღევანდელ პროცესებზე გვესაუბრა...

- ე.წ. კონფლიქტურ რეგიონებში 1999 წლის ოქტომბრიდან დავდივარ... მაშინ 24-25 წლის ვიყავი და „დილის გაზეთისთვის“ ვწერდი. პირველი რეიდი პანკისის ხეობაში მქონდა, მერე ზედიზედ ცხინვალსა (თამარაშენი, დიდი ლიახვის ხეობა) და აფხაზეთში (გალის რაიონი, გულრიფშის რაიონი - კოდორის ხეობა)... ამის შემდეგ, 2004 წლამდე, ანუ „დილის გაზეთის“ დახურვამდე საკმაოდ ხშირად ჩავდიოდი პანკისშიც, ცხინვალშიც და აფხაზეთშიც... გარდა ამისა, მივლინებული ვიყავი ბაქოშიც და ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც 2000 წლის სექტემბერში, ძალიან ცუდად ცნობილ ბლოკპოსტ „ჩერმენზე“ დამაკავა რუსეთის "ფეესბემ“ 2 კვირით. ძალიან გამიმართლა, იქაურობას თავი რომ დავაღწიე. ამის შემდეგ 2013 წლის მარტში, უკვე სხვა გამოცემიდან მივლინებული ვიყავი ავღანეთში... შესაბამისად, ცხელ წერტილებში მუშაობის გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა და ჩემი დაკვირვებით, თითქმის არც ერთი შეიარაღებული კონფლიქტი არ ჰგავს ერთმანეთს...

ძალიან სპეციფიკური და განსხვავებულია რუსეთ-უკრაინას შორის დაპირისპირება, რომელიც არც ამ ომით და თქვენ წარმოიდგინეთ, არც 2014 წლის დაპირისპირებით არ დაწყებულა.

უკრაინის ბრძოლას რუსეთის იმპერიისგან თავის დასაღწევად დიდი ისტორია აქვს. და ეს ამბები არც სტეპან ბანდერათი და რომან შუხევიჩით, უკრაინის შეიარაღებული წინააღმდეგობით არ დაწყებულა, რომელიც 1939 წლიდან დაიწყო და ლამის 20 წელი 1959 წლამდე გაგრძელდა, უფრო ძველი ამბავია...

ძალიან რომ არ გადავვარდეთ ისტორიულ ქრონიკებში, სლავური იდენტობისა და ერთიანობის მიუხედავად, უკრაინასა და რუსეთს შორის ფუნდამენტალური განსხვავებაა, თუნდაც ის, რომ უკრაინაში არასოდეს არ ყოფილა. ე.წ. კრეპოსტნოე პრავა და მონობა. უკრაინელები ყოველთვის თავისუფლები იყვნენ თავისი თავისუფალი მეურნეობით - ხუტორებით, თავისი ზაპოროჟიეს სეჩით, თავისუფალი კაზაკებით...

მათი სლავური იდენტობის მიუხედავად, აბსოლუტური მენტალური განსხვავებულობის გამო, უკრაინელების და რუსების მორიგება სრულიად გამორიცხულია. უკრაინელებს არანაკლები სიმწარე ახსოვთ რუსული იმპერიალიზმისგან, ვიდრე ჩვენ, კავკასიელებს: ქართველებს, ჩერქეზებს, აფხაზებს, დაღესტნელებს თუ ჩეჩენ-ინგუშებს...

- რამდენად მნიშვნელოვნია რუსეთის ე.წ. მოკავშირეების როლი ამ ომში? როგორ ფიქრობთ, ჩაერევიან თუ არა პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში.

- ბელორუსი, რომელსაც შეიძლება ამ ოთხეულში - რუსეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი, სომხეთი - ყველაზე აწყობილი სამხედრო ინფრასტრუქტურა და მობილური შენაერთები ჰყავს, როგორც ვხედავთ, არ ჩქარობს და ოფიციალურად არ შედის უკრაინის ტერიტორიაზე... არც იჩქარებს ლუკაშენკო, რომელიც სხვათა შორის, როგორც თვითონ აცხადებს, წარმოშობით ეთნიკური უკრაინელია, კაი ბებერი მელაა და საკმაოდ გამოცდილი, რომ თუნდაც პუტინის და კრემლის ხათრით თუ შიშით, თავით გადაეშვას ამ ადუღებული ვულკანის კრატერში, რომელსაც "უკრაინა-რუსეთის ომი" ჰქვია... რაც შეეხება ყირგიზეთსა და სომხეთს: დამეთანხმებით, მათი როლი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება, მით უმეტეს, შარშანდელ 40-დღიან ომში, სომხეთის განადგურების შემდეგ, როდესაც რუსეთმა მისთვის ჩვეული ვერაგობითა და ორპირობით მიაგდო უპატრონოდ თავისი მთავარი მოკავშირე კავკასიაში... ვფიქრობ, სამივე ეს ქვეყანა - ბელორუსი, ყირგიზეთი და სომხეთი სიტუაციის მიხედვით იმოქმედებენ; თუ ღმერთმა ნუ ქნას, რუსეთი უპირატესობას მოიპოვებს, მაშინ ისინიც ფეხს გამოყოფენ... თუ დღევანდელივით კრიზისში ჩაფლული და წამხდარი რუსეთი დაინახეს, ასევე კუსავით შეყოფენ ბაკანში თავს...

- რეალურად, რისი შეცვლა შეუძლიათ იმ ქართველ მოხალისეებს, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან? შეიძლება თუ არა ამის გამო რუსეთისგან რეალური საფრთხე დაგვემუქროს? რამდენად საფუძვლიანია საქართველოს მთავრობის შიში ამ თემის გარშემო?

- ქართველი მოხალისეების ბრძოლას უკრაინაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს!.. ათმაგად შეგვიძლია მოვედავოთ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას! გარდა იმ სოლიდარობისა, რასაც მთელი მსოფლიო იჩენს დღეს უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის დახმარება და მსხვერპლი, რაც უკრაინელმა მეომრებმა გაიღეს ჩვენთან ერთად აფხაზეთის ომში! ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ, რომ ე.წ. რეალპოლიტიკის გარდა, არსებობს ღირსება, ჩვენი ქართული ღირსება და ზღვარი, რის შემდეგაც უკან აღარ ვიხევთ!

მანანა გაბრიჭიძე