რისთვის დაიბარა უშიშროების უფროსმა უკვე რეპრესირებული მიხეილ მგალობლიშვილი - გზაპრესი

რისთვის დაიბარა უშიშროების უფროსმა უკვე რეპრესირებული მიხეილ მგალობლიშვილი

საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს დიქტორს, მსახიობ თინა მგალობლიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მრავალწლიანი და თავდადებული შრომის კიდევ ერთი დაფასება ის იყო, რომ მთაწმინდის პარკში, ტელეანძასთან ახლოს ვარსკვლავი გაუხსნეს. ქალბატონი თინა ამბობს, რომ ამით იმდენად არ ამაყობს, როგორც თავისი მშობლების ბიოგრაფიითა და მოღვაწეობით. ამ წერილით ღვაწლმოსილ ადამიანებს - მიხეილ მგალობლიშვილსა და ელენე ჭუმბურიძეს გაგაცნოთ.

- ჩემი მშობლების განვლილი ცხოვრება საინტერესოა, მდიდარი ბიოგრაფია ჰქონდათ. პირველ რიგში, ისინი განათლებული ადამიანები იყვნენ. ორივემ ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. ოჯახი ქუთაისში შექმნეს და თბილისში მერე წამოვიდნენ. გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს მამა ქუთაისის პროფსაბჭოს კულტურის განყოფილების უფროსად დაინიშნა. სწორედ იმხანად კოტე მარჯანიშვილი ქუთაისში გადადის და ახალ თეატრს ეყრება საფუძველი. მამა მხარში ედგა გენიალურ რეჟისორს და მისი წარმატებების თანამოზიარე იყო. თეატრში ცოტა ხანს მუშაობდა სრულიად ახალგაზრდა დედაჩემიც. მიხეილ მგალობლიშვილი კოტე მარჯანიშვილთან და ქართული თეატრის სხვა მოღვაწეებთან მეგობრობდა. ისტორიული სურათი მაქვს, სადაც მამა გადაღებულია დიდ მსახიობებთან ერთად - მათ შორის არიან ვერიკო, სესილია... ზოგი მსახიობი „გრუზავიკზე“ ზის...

დედამ უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით დაამთავრა. წიგნი იმდენად უყვარდა, ხელიდან თითქმის არ უშვებდა. ერთი ეპიზოდი დედას პიროვნებას კარგად წარმოაჩენს, ამ ამბავს ჩემი მეგობრები ხშირად იხსენებენ: მაკა (ქალბატონი თინას ქალიშვილი) აკვანში გავზარდე. ერთ დღესაც დედა ზის და აკვანს არწევს, მე ტელევიზიაში ვარ გასაქცევი. შევედი ოთახში და ვეუბნები, რომ რაღაც საქმე სახლში აუცილებლად უნდა გააკეთოს. დედამ შემომხედა და მითხრა: მე აკვანს ვარწევ და ტარლეს ვკითხულობო... წიგნთან ასე მიჯაჭვული დედა კარგი დიასახლისი იყო, ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ეს ნათქვამი კომიკურად ჟღერდა. წლების განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა, მერე სკოლის დირექტორი გახდა.

დაპატიმრება

- საქართველოს "სახკინმრეწვში" (კინოსტუდიის იმდროინდელი დასახელება. - ავტ.) სასცენარო განყოფილება ჩამოყალიბდა 1934 წელს და მის პირველ უფროსად მამა დაინიშნა. იგი მხარში ამოუდგა ქართველ კინემატოგრაფისტებს - მიხეილ ჭიაურელს, ნიკოლოზ შენგელაიას, ლეო ესაკიას, დავით რონდელს, რეჟისორთა და მსახიობთა მთელ პლეადას. ამ პერიოდში მამამ დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება. ის გადაიყვანეს უფრო საპასუხისმგებლო სამუშაოზე - ახალდაარსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს (დღევანდელი კულტურის სამინისტრო) უფროსის მოადგილედ. მას ექვემდებარებოდა ხალხური შემოქმედების განყოფილება და მისი კვლევის კაბინეტი, გუნდებისა და ანსამბლების გაერთიანება, საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ევგენი მიქელაძის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო კაპელა და მრავალი სხვა სტრუქტურა. ის იყო ერთ-ერთი, ვინც მოამზადა და უხელმძღვანელა ქართული ხელოვნების დეკადას მოსკოვში.

მამას, სხვების მსგავსად, ამაგი იმით „დაუფასეს“, რომ 1937 წელს დააპატიმრეს. მისი მეგობარი ბორია გორდელაძე (მამა იყო მისი მოადგილე) დახვრიტეს, ხოლო ბორიას მეუღლეს ოლია დადიანს ათი წელი მიუსაჯეს. ოლია დეიდა გადასახლებიდან დაბრუნდა. მამასაც დახვრეტა ელოდა. მან იმ ჯოჯოხეთური გზის ყველა ეტაპი გაიარა, სიკვდილს კი გადაურჩა. 1940 წელს ათწლიანი განაჩენი გადასინჯეს და გაათავისუფლეს. წლების შემდეგ რეაბილიტირებულად გამოაცხადეს. მოგვიანებით მას დაუწერია მოგონებები სათაურით „1937“, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცოდით. მამა ბოლო წუთამდე მუშაობდა, სულ საქმეში იყო, არასოდეს ეცალა. მისი გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ ჩანაწერები წიგნად გამოსცა ჩემმა დისშვილმა, მწერალმა მიხეილ ანთაძემ.

თეთრიწყარო, ბოლნისი

- გადასახლებიდან დაბრუნებულ მამას თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა და წავედით აღბულაღში (დღეს თეთრიწყარო). გადმოცემით ვიცი, რომ იქ ძალიან მკაცრი ჰავა, დიდი გასაჭირი და შიშის ატმოსფერო იდგა. სამი და ვიყავით: უფროსი მედეა, შუათანა ლალი და მე - ნაბოლარა. მამას სულ ეშინოდა, იმ პერიოდში ისევ იჭერდნენ იმავე ხალხს. შიში გასდევდა დედ-მამას საუბრებსაც, ამას მეც ვგრძნობდი. როცა წამოვიზარდე, ლალი გაცივდა და ავად გახდა. მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, ბავშვი თბილისში წაეყვანათ და არც უფლება ჰქონდათ. დედამ მაინც შეძლო რაღაც გზით შვილის თბილისში წაყვანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბავშვს ანგინა ჰქონდა, სისხლი მოეწამლა და საშინელი ტრაგედია მოხდა - 6 წლის ლალი სეფსისით დაიღუპა.

შემდეგ ბოლნისში გადავსახლდით, სადაც მამა სათავეში ჩაუდგა კულტსაგანმანათლებლო ცხოვრებას. პირველ კლასში ბოლნისში შემიყვანეს, ცოტა ხანს ვსწავლობდი, მერე თბილისში ჩამოვედით და მამა ბოლნისში დარჩა. ასე, ორ ოჯახად ვცხოვრობდით. იქ ზაფხულობით ჩავდიოდით. ბოლნისის რაიკომის მდივანი იყო შესანიშნავი პიროვნება კარლო ლომაძე, რომელიც მამას დიდ პატივს სცემდა. სხვათა შორის, მაშინ რაიკომის მდივნები სხვანაირი ხალხი იყო, მერე გაუტყდათ სახელი. ერთხელ კარლომ მამას უთხრა: უშიშროების უფროსი გიბარებსო. კარგად მახსოვს, მამაჩემი შინ განადგურებული მოვიდა, ჩათვალა, რომ ისევ აპატიმრებდნენ. დედაც აფორიაქდა... მამა გაბრწყინებული სახით დაბრუნდა: უშიშროების უფროსს უთქვამს - ქართულ ენაში გაკვეთილები ჩამიტარეო. მამაჩემი ენციკლოპედიური განათლების ადამიანი იყო. რუსული ენაც ბრწყინვალედ იცოდა და ბოლნისის რაიკომის აუცილებელ მიმოწერას მოსკოვთან ის უძღვებოდა.

კინოსტუდიაში

- მამა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდა ჯერ სასცენარო განყოფილების უფროსად, შემდეგ - სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრად და პასუხისმგებელ მდივნად, სიცოცხლის ბოლომდე. როცა კინოსტუდიაში გახმოვანებაზე მუშაობა დავიწყე, რეჟისორებმა არც იცოდნენ, რომ მიშას შვილი ვიყავი, ამას მერე იგებდნენ ხოლმე. ყველა რეჟისორი მამასთან მეგობრობდა და ძალიან უყვარდათ. ნამდვილად ასე იყო. ერთ-ერთ გახმოვანებაზე ვარ და ასისტენტი მეუბნება: თინა, ბატონი ლეო გეძახისო. ძველი ინტელიგენტი, რეჟისორი, ბატონი ლეო ესაკია იყო არაჩვეულებრივი პიროვნება. მიშას სიყვარულით, ჯერ მომეფერა. არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, მამას მეგობარი იყო. მერე მითხრა: თხოვნა მაქვს შენთან, შვილი ხარ და დაგიჯერებს: ძალიან მინდა, მიშამ მემუარები დაწეროსო. მამას პირადი ურთიერთობა ჰქონდა თითქმის ყველა გამოჩენილ ადამიანთან, მაგრამ ძალიან თავმდაბალი, მოკრძალებული კაცი იყო და თავს ამის უფლებას არ აძლევდა. მამას უახლოესი მეგობრები იყვნენ: საშა მიქელაძე, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, პოლიკარპე კაკაბაძე, რეზო ჭეიშვილი, გიგლა ხუხაშვილი... რეჟისორი და პედაგოგი საშა მიქელაძე, უსაყვარლესი და გენიალური ადამიანი ჩემი ნათლია იყო.

ბოლოთქმა

- მამას მეგობრის - აკაკი ბაქრაძის მეუღლე, ტელე-რადიორეჟისორი ნელი რუსიშვილი და მე ერთად ვმუშაობდით რადიოში. როცა ბატონი აკაკი რუსთაველის თეატრის დირექტორად გადაიყვანეს, მას უთქვამს: ერთადერთი კაცი, ვისზეც გული დამწყდა, კინოსტუდიიდან რომ წამოვედი, მიშა მგალობლიშვილიაო. ეს ნელიმ მითხრა. რა თქმა უნდა, გამიხარდა. ჩემი მშობლებით ყოველთვის ვამაყობდი, თუმცა ამით არავის ვაწუხებდი, ეს შინაგანად მქონდა. ასაკში რომ შევიდნენ, ვხედავდი, მათი სიყვარული როგორ გადაიზარდა უდიდეს ურთიერთპატივისცემაში. ჩვენ - შვილებს მამა რაღაც სალოცავად გვყავდა, თუმცა დედას არაფერს ვაკლებდით. მამა 1977 წელს გარდაიცვალა, დედა - ხუთი წლის შემდეგ...

mshoblebi-mixeili-da-elene-1648810780.jpg

ნაწყვეტი მიხეილ მგალობლიშვილის წიგნიდან „1937. რეპრესირებულის მოგონებები":

„გამომძიებელმა არმენაკ ოვიანმა დაიწყო დაკითხვის ოქმის წერა. კითხვა: თქვენ ბრალი გედებათ კონტრრევოლუციურ საქმიანობაში, ცნობთ თავს დამნაშავედ თუ არა? - არა, - ენერგიულად ვპასუხობ მე. - უ, შენი დედაც... ქაღალდი გამაფუჭებინა. იღებს ყურმილს და ეძახის: ფეოხარი! მოდი! ოვიანი დგება და დერეფანში გადის, მტოვებს მე და იმ მეორეს, რომელიც უხმოდ ზის და მგონი, რაღაცას ხატავს. ამ დროს იღება კარი და ღრიალით მოდის ვიღაც მხეცი. ვხვდები, რომ ის უნდა იყოს ფეოხარი (გვარია). - აქ ოვიანი ვიღაცის საცემrად მეძახდა, ვინ იყო? თან მე მომიბრუნდა. - შენ ხომ არა ხარ, შენი დედაც... და პასუხისთვის აღარ მოუცდია, სეტყვასავით წამოვიდა ცხენის მათრახი. ვცადე თავის არიდება, მაგრამ ეტყობა, ფეოხარი საკმაოდ იყო გაწვრთნილი და მათრახის ყოველი მოქნევა ბეჯითად ჯდებოდა ზურგსა და საჯდომზე. ფეოხარი ღრიალებდა: გაიხადე პიჯაკი, გაიხადე, შენი დედა... ვიხდი და იქვე ვაგდებ. - დაწექი, დაწექი, დაწექი... მეც ვწვები იატაკზე მორჩილად. ისეთი სისწრაფითა და სიძლიერით მოდის მათრახის სეტყვა, რომ თანდათან გრძნობას ვკარგავ. ამ დროს დგება ის მეორე ყმაწვილი, გამოსწევს თავისი მაგიდის ქვეშიდან წყლით სავსე ვედროს. იღებს იქიდან სპეციალურად გაკეთებულ მკლავის სიმსხო თოკს, რომელიც დაახლოებით 40-50 სმ სიგრძისაა და ხელის მოსაკიდი აქვს გაკეთებული, მეორე ხელში მოკლედ ასხმული ჯაჭვები უჭირავს, მოაქვს ჩემს ცხვირთან და მეუბნება: - თუ არ გამოტყდები, აი, ამითი გცემ - და სახეში მჩრის თოკსა და ჯაჭვებს. ფეოხარი ინტენსიურად მუშაობს. - არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ამბავი, როცა გონს მოვედი, ფეოხარი ოთახში უკვე აღარ იყო. ოვიანიც და მისი პარტნიორიც თავ-თავის ადგილებზე ისხდნენ. მე თავი ავწიე, ოვიანმა - ადექიო, მითხრა და სკამზე მიმითითა. პიჯაკი ჩაიცვიო, მანიშნა. მე ავდექი და ვცადე სკამზე დაჯდომა, მაგრამ ნაკბენივით წამოვვარდი. დაჯდომა ვეღარ შევძელი, ფეხზე დადგომა ვამჯობინე. - აბა. დაიწყე ახლა და ყველაფერი გულახდილად მოჰყევი, - მეუბნება ოვიანი. დამუნჯებული ვარ. ლაპარაკის უნარი არა მაქვს - ამას ხელით ვანიშნებ ოვიანს. - კარგი, ეშმაკსაც წაუღიხარ, ხვალ გამოგიძახებ და ყველაფერს მომიყვებიო“.

ნანული ზოტიკიშვილი