დიდი ივანე ჯავახიშვილი - გზაპრესი

დიდი ივანე ჯავახიშვილი

კითხვაც არავის დაუსვამს, თუ სად უნდა მიებარებინათ მიწისათვის: ქართული უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალეს.

გასული საუკუნის ქართველი ერის სასიქადულო შვილთა შორის განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანის, როგორც მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და მამულიშვილის შეფასება ერთი წერილით შეუძლებელია, თუმცა, სიამოვნებით წარმოგიდგენთ პუბლიცისტის, პოეტისა და მთარგმნელის, ქალბატონ მარი თაბაგარის სტატიას დედა-უნივერსიტეტის დამფუძნებლის შესახებ, სადაც რამდენიმე ასპექტითაა წარმოჩენილი დიდი მეცნიერი.

„1917 წლის 12 მაისს, ეროვნული კომიტეტის მიერ მოწვეულ კრებაზე განიხილეს პირველი უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. ივანე ჯავახიშვილი გამოვიდა ლექცია-მოხსენებებით და საზოგადოებას ქართული უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობაზე ესაუბრა: ,,დაბალსა და საშუალო ეროვნულ სკოლას ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან, თუ რომ ეროვნულ განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს". მართლაც, 1918 წლის 26 იანვარს, უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. თავდაპირველად, ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი იყო.

1919 წლის 12 ოქტომბერს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დააკმაყოფილა პეტრე მელიქიშვილის თხოვნა, რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. ამის შემდეგ, მთელი ორი თვე, რექტორის თანამდებობა ვაკანტური იყო. ივანე ჯავახიშვილი არათუ რექტორობას არ ეთანხმებოდა, არამედ დეკანობიდანაც გათავისუფლებას ითხოვდა.

1919 წლის 17 დეკემბრის პროფესორთა საბჭოს სხდომას ივანე ჯავახიშვილი არ დაესწრო, საბჭოს თავმჯდომარის სახელზე კი წერილი დატოვა: ,,ბატონო თავმჯდომარევ! თუ ვინიცობაა პროფესორთა საბჭოს კრებაზე ჩემი კანდიდატურა წამოყენებულ იქმნა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, გთხოვთ ჩემი წერილობითი განცხადებით აუწყოთ საბჭოს, რომ მე უარს ვამბობ, მეტისმეტი დაღლილობის გამო კანდიდატურაზე და თანაც გთხოვთ, იმ პირთა სიითგან, რომელთაც რექტორობაზე კენჭი ეყრებათ, ჩემი გვარი ამოშალოთ“.

მიუხედავად ამ წერილისა, 1919 წლის 17 დეკემბრის სხდომამ ივანე ჯავახიშვილი ერთხმად აირჩია რექტორად. სხდომაზე სხვა კანდიდატურა არც განხილულა. ეს პერიოდი უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. პოლიტიკურ სიძნელეებს თან სდევდა შიმშილი და გაჭირვება. უნივერსიტეტს 18 პროფესორი ჰყავდა და ამ გაჭირვებაში რექტორატი მათ გადარჩენაზე ზრუნავდა. როგორც ცნობილია, ჯავახიშვილმა სწორედ მათ დასახმარებლად დააგირავა პეტერბურგის უნივერსიტეტში 1898 წლის კონკურსზე მიღებული მედალი, შემდეგ კი ვეღარც დაიბრუნა.

1921 წლის თებერვალში, როდესაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოესია, ივანე ჯავახიშვილმა სტუდენტებს ასე მიმართა:

"შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ!“

ივანე ჯავახიშვილის დიდმა შემართებამ გადაარჩინა უნივერსიტეტი წითელარმიელებისაგან აოხრებას.

გარკვეული პაუზის შემდეგ, 1933 წლის 17 თებერვალს, ჯავახიშვილი უნივერსიტეტს დაუბრუნდა, მაგრამ მის მიმართ კრიტიკისა და შეურაცხყოფის ტალღა დაიძრა. ივანესათვის განსაკუთრებით გულსატკენი იყო მისივე გამოზრდილი ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას ბრალდებები. აკრიტიკებდნენ მის ნაშრომებს, მოსაზრებებს, სდებდნენ ბრალს. როცა უნივერსიტეტის იმჟამინდელმა რექტორმა კარლო ორაგველიძემ ჯავახიშვილი მკაცრად გააკრიტიკა, ეს აღმოჩნდა უკანასკნელი წვეთი გადაწყვეტილების მისაღებად. 1936 წლის 10 აპრილს, ჯავახიშვილმა განათლების სახალხო კომისარს წერილი გაუგზავნა, რომლის მიხედვით იგი უნივერსიტეტში მოღვაწეობას თავს ანებებდა. ეს იყო ივანე ჯავახიშვილისაგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უკანასკნელი დამშვიდობება.

აღნიშვნის ღირსია ივანე ჯავახიშვილისა და ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული ურთიერთობაც. თავიანთი მისწრაფებებითა და მსოფლმხედველობით მათ ბევრი ჰქონდათ საერთო. ამიტომაც იყო, რომ ივანე ილიას თავის ღირსეულ წინამორბედად თვლიდა, ხოლო ილიას მკვლელობა დიდი დარტყმა აღმოჩნდა ივანესათვის. სწორედ ილიას დიდმა სიყვარულმა განაპირობა ის ფაქტიც, რომ მან ვერც იაკობ ნიკოლაძის შესრულებული ილიას ქანდაკება მოიწონა და ვერც გიგო ყიფშიძის დაწერილი ილიას ბიოგრაფია.

1906 წელს ივანე ჯავახიშვილი დაქორწინდა ერეკლე მეორის შთამომავალზე, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანზე, რომელიც საქართველოში პირველი პროფესიონალი მევიოლინე ქალი და პაგანინის მოსწავლე იყო. ანასტასიასა და ივანეს სამი შვილი შეეძინათ: ნათელა, კახა და ალექსანდრე. მათ დიდი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა აკავშირებდათ. ამას მოწმობს პეტერბურგში მყოფი ივანე ჯავახიშვილის უთბილესი წერილი მეუღლისადმი. იგი წერს:

"ჩემო თვალისჩინო, ჩემო მერცხალო!

ნეტავი ეხლა შენი მშვენიერი ლამაზი თვალები და ხელები დამაკოცნინა ისე, როგორც ყოველთვის გაკოცებდი ხოლმე!.. როგორა ხარ ჩემო ძვირფასო, ჩემო გულის მეგობარო? შენი ფიქრი მაქვს, გაუფრთხილდი, არ გაცივდე, რომ უფრო არ გაგიძნელდეს. ეხლა რომ მანდ მამყოფინა, თავს შემოგევლებოდი, მოგიკითხავდი, როგორც პატარა ბაღანას: გაგხდიდი და ლოგინში ჩემის ხელით ჩაგაწვენდი; მხურვალე კოცნით შენს ფეხებს გაგითბობდი; გახსოვს, შენ ამბობდი ხოლმე: "მე ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვსო". მე გაგითბობ კოცნით, მე გაგითბობდი ჩემის სიყვარულით: შენა ხარ ჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა ღირსი ვიყო შენი სიყვარულისა! შენ გენაცვალოს შენი ვანო...

...სულ იმის ფიქრში ვარ თუ როდის მეყოლები აქ... ჩემი მშვენიერი სტასია, ჩემი... დაგკოცნი გაგიჟებით, ისე, როგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე, თავით ფეხთამდე.

მარად შენი ვანო".

"- ჩემს ცოლს უნივერსიტეტში სწავლა უნდა და იქნებ მიიღოთ, - სთხოვა ერთხელ ლავრენტი ბერიამ ივანე ჯავახიშვილს.

- კი, ბატონო, მობრძანდეს, ჩვენთან სტუდენტებს უგამოცდოდ იღებენ, - უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა.

- სკოლის ატესტატი არა აქვს... - უხერხულად შეიშმუშნა ლავრენტი პავლეს ძე.

- უატესტატოდ ვერ მივიღებ! - თავი გააქნია ჯავახიშვილმა.

- ბრძანება რომ იყოს? - ტონი შეცვალა ბერიამ.

- უკაცრავად, მაგრამ უნივერსიტეტში ბრძანებებს მე ვიძლევი! - მკაცრად განაცხადა ბატონმა ივანემ".

ივანე ჯავახიშვილის სიცოცხლის დასასრული ერთგვარი ელდა იყო საზოგადოებისათვის. 1940 წლის 18 ნოემბერს, ხელოვნების მუშაკთა სახლში იგი ლექციას ატარებდა. ერთ-ერთი წინადადება კი ვეღარ დაასრულა, გულმა უმტყუნა. როგორც ცნობილია, იქ იმყოფებოდა მისი სამივე შვილი. სცენაზე პირველი აკაკი შანიძე აიჭრა. ვერ უშველეს. ნამდვილი პედაგოგი თავისი მისიის შესრულებისას გარდაიცვალა. მთელი ერი გლოვობდა ივანე ჯავახიშვილს..."

როლანდ ხოჯანაშვილი