„ბუნების სანიტარი“ „ხელმარჯვე ოსტატი“ ქუთაისიდან - გზაპრესი

„ბუნების სანიტარი“ „ხელმარჯვე ოსტატი“ ქუთაისიდან

ინტერიერის გასალამაზებლად სხვადასხვა ზომის ხის სარკეების შექმნა რაც დაიწყო, საკუთარი ნახელავით არაერთი მეგობარ-ახლობელი დაასაჩუქრა. გიორგი აფრიდონიძე ქუთაისში ცხოვრობს და როგორც საუბარში თავს უწოდა, - „ბუნების სანიტარი“ თავის ნამუშევრებს მხოლოდ ისეთი ხისგან ქმნის, რომელიც უკვე სიცოცხლის უნარმოკლებულია ან გასხვლის შედეგად მოიპოვება. ხის ნამუშევრების ავტორის ფოტო მის კარ-მიდამოშია გადაღებული, სადაც ეზოში სიმაღლეში 3 და სიგანეში 25-მეტრიანი დაფნის ღობე ჰქონია.

- სარკეების დამზადება პანდემიის პერიოდში დავიწყე. ეს საქმე „ფაიზერის“ ვაქცინასავით გახდა ჩემთვის (იღიმის). ეზოში ერთი ადგილი გადავხურე და იქ ვარ ხოლმე ან სახლის ერთ ოთახში. ვინაიდან სახელოსნო არ მაქვს და გარე სივრცეში ვმუშაობ, ამინდზე ვარ დამოკიდებული. მუშაობისას დროს ვერ ვგრძნობ. თუმცა თავი მიყვარს და დღეში 8 საათზე მეტს არ ვმუშაობ. ტოქსიკურია განსაკუთრებით მუხასა და წაბლზე მუშაობა. მართალია, უსაფრთხოების ზომებს ვიცავ. მიყვარს ეს საქმე და სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს. ვფიქრობ, ხელნაკეთი ისეთი რამაა, როგორიც სხვას სურს, ისეთს ვერ შექმნი, ამიტომ შეკვეთებს არ ვიღებ. თბილისში ბევრია ადამიანი, ვინც ნივთს ისე შეიძენს, კითხვასაც არ დასვამს, მაგრამ ქუთაისში ასე არ არის. 200 წელია ჩემი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს, აქ დავიბადე, ჩემი ქალაქია, დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა ვთქვა, აქ სნობისტური ხედვით შეიძლება ფოტო განახვონ და გითხრან, ოღონდ ასეთი გამიკეთე და ფულზე არ არის საუბარიო. ეს შეუძლებელია, რადგან ისეთ ხის ნაჭერს, როგორიც სხვას უნდა, ვერ ვნახავ. „ბუნების სანიტარი“ ვარ, სამუშაოდ ხის ისეთი მასალა მომაქვს, რომელიც ისხვლება ან უნდა დაიწვას. ნედლ ხეს როგორ მოვჭრი?! როგორც მგელი „ასუფთავებს“ ტყეს ავადმყოფი ცხოველებისგან, ისევე მე - გარემოს ჩამოყრილი ტოტებისგან. პერიოდულად პროექტებს ვწერ. 2017-2018 წლებში, ორჯერ გავხდი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებული. დაფინანსებული თანხით სხვადასხვა იარაღი შევიძინე. მანამდეც ვაკეთებდი: ხის ბრებს, ჭაღებს და სხვა ნივთებს. ბავშვობიდან არა მხოლოდ ხეზე მუშაობა შემეძლო, არამედ რკინაზეც. სახლში თუ რამის შეკეთება იყო საჭირო, მე ვაკეთებდი. ჩემს ბავშვობაში მულტფილმი იყო „ხელმარჯვე ოსტატი“ და ის ვარ მე (იღიმის). ისე კი სპეციალობით ჰიდროენერგეტიკი და მევენახე გახლავართ - ლიცენზია საფრანგეთში მაქვს მოპოვებული. იქ 2 წელი სტაჟირებაზე ვიმყოფებოდი. 2003 წელს საფრანგეთში 4 კაცი გავემგზავრეთ საქართველოდან, მაშინ პიონერები ვიყავით.

5-copy-1649336110.jpg

- ქუთაისში თუ გაქვთ ვაზი?

- ქუთაისში არა, მაგრამ ბებიის ბრწყინვალე სოფელ ერჩში, იმერეთისა და ლეჩხუმის საზღვარზე, მაქვს 500 ძირი ვენახი და იმას ვუვლი. როგორც მევენახეს, საქართველოში რამდენიმე კომპანიისგან შეთავაზება მქონდა, მაგრამ ჩემი პროფესიით დასასაქმებლად სადაც მივედი, ისეთი სასაცილო და მიზერული შემოთავაზება მივიღე, რომ უარი ვთქვი. მხოლოდ საქმის სიყვარული არ არის საკმარისი, ხომ იცით.

- ხის პირველი ნივთები რა იყო და რა მასალას იყენებთ ნამუშევრებში?

- პირველი ნივთები, რაც სარეალიზაციოდ გავაკეთე, სარკეები იყო. თუმცა მანამდე მეგობრებს ვჩუქნიდი, ვთქვათ ვინც მარანს გააკეთებდა, ვინტაჟურ სტილში ვუმზადებდი სარკეს. მერე „ფეისბუკზე“ შევქმენი გვერდი და დავდე სარკის ფოტო - წაბლის ჩარჩოთი, ცაცხვისა და მუხის მასალით გაფორმებული. ბევრის მოწონება დაიმსახურა. ერთმა მომწერა, როგორ ყიდითო? რა მეთქვა, არ ვიცოდი. მან თავად მოკრძალებულად შემომთავაზა 750 ლარი. „თეთრ ბაირაღებში“ რომაა, პირველი ინფარქტი მაშინ მომივიდაო, ეგრე დამემართა მეც სიხარულისგან, თუმცა, მერე გავიგე, რომ ასეთი ნამუშევრები გაცილებით ძვირი ღირს (იღიმის).

6-copy-1649336165.jpg

მოკლედ, სხვადასხვა ხის მასალას ვიყენებ: მუხა, თუთა, წიფელი, აკაცია და ეს ყველაფერი ერთად შერეული, ერთ ნამუშევარს მრავალფეროვნებას აძლევს. განსაკუთრებით მომწონს ნეკერჩხალი, თეთრია და სპეციფიკური ზოლები დაჰყვება. ერთ-ერთ ნამუშევარი 15 საუკუნის ცაცხვის მორისგან მაქვს დამზადებული, რომელსაც მეხმა დაარტყა. საუკეთესო მასალა გამოდგა. სარკეების ხეს ნესტგამძლე ზეთით ან ლაქით ვფარავ და ვამუშავებ, რომელსაც ეტიკეტის მონაცემებში აწერია, რომ 25-წლიანი გარანტია აქვს.

- ქუთაისისა და თბილისის გარდა, კიდევ რომელ ქალაქებში დაინტერესდნენ თქვენი ნამუშევრებით?

- ჩემი ნამუშევრები შეიძინეს ქობულეთში, ბორჯომში. უმეტესად ისეთი ადგილებისთვის არჩევენ, სადაც კოტეჯებია. სხვათა შორის, როგორც ევროპაშია, ისე მინდოდა ქუთაისში გამეხსნა სახელოსნო-მაღაზია, სადაც როგორც ჩემს, ისე სხვების ნივთებს გამოვფენდი ყოველგვარი თანხის გარეშე. ქუთაისში ასეთი მაღაზია-სახელოსნო არ არის და ვიფიქრე, იქ მომხმარებელი შეძლებდა მოსვლას, ნამუშევრების დათვალიერებას, იქვე სხვადასხვა ნივთიც დამზადდებოდა. წარმოდგენილიც მქონდა თუ როგორი ინტერიერი უნდა ყოფილიყო: ხის შესასვლელი კარი, აგურის კედლები, თბილი გარემო და იტრიალებდა ხის სპეციფიკური სურნელი. ამიტომ ინტერნეტით ქუთაისის მასშტაბით დავიწყე ისეთი ადამიანების მოძიება, რომლებიც ჩემსავით ამ საქმით იყვნენ დაკავებული. მივაგენი ერთ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ჩემი იდეა მოეწონა. თავადაც ხეზე მუშაობდა, მაგრამ საუბედუროდ დამტოვა და გერმანიაში წავიდა.

3-copy-1649336144.jpg

- სამწუხაროა. ამ ეტაპზე თქვენი მთელი დრო ძირითადად ხეზე მუშაობას ეთმობა?

- არა, დილას მივდივარ სამსახურში. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ტექნიკურ განყოფილებაში ვმუშაობ. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მაშინ ხესთან და იარაღებთან ვატარებ. ვაზსაც თავისი დრო აქვს. ახლახან თერჯოლაში ვიყავი, ნამყენები ჩამოვიტანე. ექსპერიმენტს ვატარებ, ნახევარი სილაში უნდა ჩავრგო, მეორე ნახევარს სპეციალურ მაცივარში გავაღივებ და ერთ თვეში ნიადაგში გადავიტან. ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო, მაგრამ დღეში 24 საათი არ მყოფნის.

- თქვენ სამომავლო გეგმებში სარკეებთან ერთად, სანათებზე მუშაობაც შედის, ხომ?

- კი, ეგეც, მაგრამ ჩემს სამომავლო გეგმებში ამერიკაში გამგზავრებაა. დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ ვისაც ოდნავ გონებრივი რესურსი აქვს, არ ვიცი, აქ თუ მოსწონს. ვისთვისაც აქ ცხოვრება საამურია, ან ჭკუასუსტია, ან მედროვე. ეს არის ქვეყანა, სადაც დღეს ვერ დაგეგმავ. მდიდარი, მაგრამ სულით ღარიბი უნდა იყო, აქ ცხოვრება რომ მოგეწონოს.

1-copy-1649336125.jpg

- და წინასწარ იცით ამერიკაში რა საქმით დაკავდებით?

- კი, ჩემი მეგობარი იქ ცხოვრობს, ამერიკის მოქალაქეა. ვიმუშავებ, ალბათ დავიწყებ როგორც ყველა, ტაქსის მძღოლად და მერე შეიძლება ამ საქმეს მივადგე, ხეზე ვიმუშაო. ამერიკაში ტაქსის მძღოლობა მირჩევნია აქ დირექტორობას.

ანა კალანდაძე