ვინ გააცოცხლა მელიტონ კელენჯერიძის მივიწყებული სახელი და... - გზაპრესი

ვინ გააცოცხლა მელიტონ კელენჯერიძის მივიწყებული სახელი და...

კულტურის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის, მედლის - „კულტურის დესპანი“ და სხვა ჯილდოების მფლობელი ცისანა ქოჩეჩაშვილი სხვადასხვა დროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, არაერთ კომკავშირულ-პარტიულ თანამდებობაზე, ასევე კულტურის სამინისტროში მუშაობდა. ცალკე აღსანიშნავია მისი წვლილი ხალხური შემოქმედების სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის მუშაობაში, რომლის დირექტორი იყო 22 წლის მანძილზე. დღეს ქალბატონი ცისანა მუშაობს თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონის („საგულისონი“) ხელმძღვანელად, რომელიც მისი დაარსებულია. რამდენიმე წლის წინ პირველად გამოიცა ცისანა ქოჩეჩაშვილის ლექსების კრებული. 88 წლის ქალბატონს მოსაგონარი ბევრი აქვს, პირველ რიგში, თავის საამაყო ნათესავებზე.

meliton-kelenjerize-copy-1649336368.jpg

მელიტონ კელენჯერიძე...

- მეცნიერი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე ბაბუაჩემი იყო. ბავშვობაში მას მხოლოდ ბაბუად ვიცნობდი. მელიტონს, როგორც მოღვაწეს და მით უმეტეს, სასულიერო პირს, ჩვენ სახლში არ ახსენებდნენ. დედაჩემს ეშინოდა და ჩემზე სულ ამბობდა, - გაიგებენ, რომ მელიტონის შვილიშვილია და დაღუპავენო. ისეთ სამუშაოებზე მიწევდა ყოფნა, რომ მაინცდამაინც არ ვიყავი სასურველი ჩემი წარმომავლობით. მახსოვს ბაბუას ბოლო წლები, ლოგინს მიჯაჭვული და ენაწართმეული ცალ ხელს ამოძრავებდა, ჯოხით უთითებდა შვილიშვილებს კედელზე გაკრულ ანბანზე, საგნებზე, შვილიშვილების დახმარებით წერდა მოგონებებს და ნარკვევებს...

მელიტონი „გავიცანი“ ხალხური შემოქმედების სამეცნიერო ცენტრში მუშაობის დროს, როცა არქივებში საინტერესო მასალები ვნახე. ცენტრისა და არქივის არსებობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ვახტანგ კოტეტიშვილს. იქ აღმოვაჩინე ქართული ფოლკლორის მოამაგე მელიტონ კელენჯერიძე და ცენტრის პროფესიონალებთან ერთად, მიზნად დავისახე, რომ მის შესახებ პატარა წიგნი გამოგვეცა. ვინაიდან ჩვენ თანხები არ გაგვაჩნდა, ბაბუას ნათესავმა ვარლამ კელენჯერიძემ დააფინანსა გამოცემა. ამან უზარმაზარი სტიმული მომცა შემდეგი საქმეებისთვის. მელიტონის დაწერილი „სახარება ყმაწვილთათვის“ სპეციალისტებმა უზადო ნამუშევრად აღიარეს. მას დავუმატე საეკლესიო ცნებები-ტერმინები, ყოველდღიური ლოცვები, დღესასწაულები და სათაურით „ილოცე, ბავშვო“ გამოვეცი. თუმცა, წიგნი მთლიანად არის მელიტონ კელენჯერიძის, ჩემია მხოლოდ დანართი. ბედნიერი შეხვედრა მქონდა პატრიარქ ილია II-თან, მან საუბარში ახსენა მელიტონის წიგნი „უკანასკნელი დღენი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა“ და მითხრა: წმინდანზე ასეთი არაჩვეულებრივი წიგნი იშვიათად დაწერილა და იქნებ, ხელახლა გამოიცესო. რასაკვირველია, ამას თავს ვერ დავადგამდი, მაგრამ უფალმა ორი ახალგაზრდა ფოლკლორისტი გამომიგზავნა. ერთად შევძელით ამ წიგნის გამეორება, რომელიც გამოვიდა 2014 წელს, მელიტონ კელენჯერიძის 150 წლის იუბილეზე. იმავე წელს ხელმეორედ გამოიცა ბაბუას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი „ქართული საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“. წლების მანძილზე უარყოფილი და აკრძალული, დიდი ფოლკლორისტი და მოღვაწე მელიტონ კელენჯერიძე ამჟამად „სოფლის მნათობად“ და „კეთილ მწყემსად“ არის სახელდებული თვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ.

kote-pocxverashvili-copy-1649336403.jpg

კოტე ფოცხვერაშვილი...

- კოტე (საქართველოს პირველი სახელმწიფო ჰიმნის ავტორი) როცა სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, იმ პერიოდში უკვე წერდა სიმღერებს. ტარტუში მან შექმნა ქართველი სტუდენტების გუნდი. კოტე ხელმოკლედ ცხოვრობდა და მელიტონ კელენჯერიძემ იაკობ გოგებაშვილს მისწერა: უნიჭიერესი კაცია კოტე ფოცხვერაშვილი და იქნებ დავეხმაროთ, საქართველოდან სტიპენდია დავუნიშნოთო. ამ ამბავს ორი შედეგი მოჰყვა: კოტე სტიპენდიას იღებდა და ის მელიტონის სიძე, ალექსანდრა (შურა) კელენჯერიძის მეუღლე გახდა.

ჩემი ბავშვობის მოგონებები მჭიდროდ უკავშირდება ფოცხვერაშვილების ოჯახს. დედაჩემი ნინა მუშაობდა და მე და ჩემს დას, ლიანას ხშირად გვტოვებდა დეიდასთან, თავის ღვიძლ დასთან. რუსთაველის პროსპექტზე ფოცხვერაშვილებთან ვატარებდით დღეებს. თუ დედა საღამოს არ წაგვიყვანდა, ძალიან გვიხაროდა იმ დიდ სახლში დარჩენა. ეს იყო მართლაც საერო სახლი, რომელსაც შესანიშნავი ადამიანები სტუმრობდნენ. მახსოვს, მეჩონგურე ქალთა ანსამბლი იქ იკრიბებოდა (კოტემ ჩამოაყალიბა) და რეპეტიციები სახლში იმართებოდა.

სამამულო ომის პერიოდში გაჭირვების ხანა იდგა. 6-7 წლისა შევსწრებივარ, რეპეტიციებს შორის შესვენებაზე როგორ იშლებოდა სუფრა და უკვე იქ გრძელდებოდა რეპეტიციები. ფოცხვერაშვილები სხვებთან შედარებით, შეძლებულად ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმარი პურისა და სხვა პროდუქტების სპეციალურ ბარათებს იღებდნენ - დეიდა შურა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მეჩონგურე ქალთა ანსამბლის ხელმძღვანელი იყო, კოტე კი უკვე ცნობილი კომპოზიტორი. ზოგი სიმღერა ცეკვასთან ერთად სრულდებოდა. ფერხულებს როცა მღეროდნენ, ქალბატონები მაგიდის გარშემო მხარზე ხელგადაჭდობილები მოძრაობდნენ. ზოგჯერ მაგიდის ქვეშ ვძვრებოდი და ისე ვუსმენდი, ხელი რომ არ შემეშალა. მახსოვს კოტე ფოცხვერაშვილთან ხშირად მოდიოდა ახალგაზრდა და ძალიან სიმპათიური, იმ დროს უცნობი კომპოზიტორი შოთა მილორავა. მას სახლში ინსტრუმენტი არ ჰქონდა, იქ მეცადინეობდა და ქმნიდა კიდეც თავის სიმღერებს.

aleksandra-kelenjerize-pocxverashvili-copy-1649336425.jpg

რეპერტუარისა და მომღერლების შესახებ

- მეჩონგურე ქალთა ანსამბლის რეპერტუარი კარგად მახსოვს: „მოდის ტურფა გაზაფხული“, „ჩონგურს სიმები გავუბი“, "ვისია, ვისია ქალი ლამაზი“... ახლაც ზეპირად ვიცი ბევრი სიმღერა. ანსამბლის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი იყო ტატიანა მახარაძე. მისი შესრულებული „დაიგვიანეს“ და „ობოლი“ ჩემზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა. ანსამბლი პოპულარული იყო და მათი კონცერტები ხშირად იმართებოდა ბაღებსა თუ პარკებში, ფილარმონიაში, რეგიონებში დადიოდნენ. მათ კონცერტს დავესწარი ბორჯომსა და წყალტუბოში.

ტატიანას ნამღერი „ობოლი“ პირველად მუშტაიდის ბაღში მოვისმინე. ჩემზე ისე იმოქმედა, რომ კონცერტიდან გულწასული გამომიტანეს. მახსოვს სულიკო კოროშინაძის დედა – ანიკო კოროშინაძე, საინტერესო ხმა ჰქონდა და კრიმანჭულსაც მღეროდა. არაჩვეულებრივი დუეტი ჰქონდათ ლამარა ნაკაშიძესა და ნინელი ცინცაძეს. მათ სიმღერას „ყანა ქალებს ვეღარ იტევს“ მთელი თბილისი და საქართველო მღეროდა. ნინელი მონაწილეობს ფილმში „ჩრდილი გზაზე“, ივლიტას როლშია. ლამარა მელიტონის შვილიშვილი იყო, ქეთევანის შვილი. თავად ქეთევანიც მღეროდა ანსამბლში. კოტეს შვილებიც, ნათელა (შემდეგ ის გახდა ანსამბლის ხელმძღვანელი) და ელენე (იგივე დოდო, კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის დედა) ანსამბლის წევრები იყვნენ. ნათელა იყო წამყვანი სიმღერაში „ვისია, ვისია ქალი ლამაზი“. სცენაზე ამ საქორწინო წარმოდგენაში, მას აქეთ-იქიდან მოუყვებოდნენ მეგობრები. ჩემი უფროსი და თამარი მღეროდა, ცეკვავდა კიდეც. დარბაზში ბუმი იდგა, როცა „ქისტურს“ ასრულებდა. ფოცხვერაშვილებს რეპერტუარში შაირები ჰქონდათ. ერთ კუპლეტს გეტყვით, რომელსაც ჩემი და მღეროდა: „ზემოდან ჩამოვდიოდი, ნახალოვკის ხიდითო,/ ვისაც კარგი გოგო გინდათ,/ დედაჩემთან მიდითო.“ და დარბაზიდან ისმოდა, - მისამართი, მისამართი...

ორი ეპიზოდი

- ახალგაზრდა და ახალბედა პარტიულ მუშაკს, თბილისის საქალაქო კომიტეტში მუშაობის დროს, დამევალა პლენუმისათვის მოხსენების მომზადება. რასაკვირველია, რუსულ ენაზე უნდა დამეწერა „დედაქალაქში ლიტერატურისა და ხელოვნების მდგომარეობის და მისი აღმავლობის ღონისძიებათა შესახებ“. საქმის წარმოება იმ წლებში, მხოლოდ რუსულად იყო დამკვიდრებული. მოხსენება თვითნებურად ქართულ ენაზე მოვამზადე და პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის განცვიფრებულ მდივანს, ჭეშმარიტ ქართველ შალვა ყარყარაშვილს ვუმტკიცებდი: აბა, ამ თემას, ამ ლექსებს, ამ ფრაზებს რუსულად როგორ გავწირავდი-მეთქი. გაიღიმა და პირველ მდივანს, ასევე ზნეკეთილ ინტელიგენტს, ოთარ ლოლაშვილს სთხოვა ჩვენი მოსმენა და ბუნებრივია, თანხმობაც... გავიმარჯვეთ! იმ პლენუმზე დიდი რამ მოხდა... იმით დავრწმუნდი, რომ საქალაქო კომიტეტის მდივნის მოხსენების პირველმა ქართულმა სიტყვამ - „ამხანაგებო“, დიდი ტაში და ოვაცია გამოიწვია. ბედნიერი ვიყავი. თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. პრესაში გამოქვეყნებულ ვრცელ მასალებში სიტყვაც არ თქმულა მოხსენების მშობლიურ ენაზე წარდგენის შესახებ.

გასულ საუკუნეში ფოლკლორის საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა იუგოსლავიის ქალაქ სარაევოში. საბჭოთა კავშირიდან მხოლოდ საქართველო მონაწილეობდა. ქართული ხალხური შემოქმედების შესახებ მოხსენებით გამოვედი და საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ხალხური სიმღერების აუდიოჩანაწერები გავაცანი. რაღაც მომენტში, თითქოს ხმაში ბზარი გამიჩნდა, თვალები ცრემლებით ამევსო... მაინც გავაგრძელე თხრობა ამაყად. აუდიტორია იმდენად მოიხიბლა ქართული სიმღერის ფენომენით, რომ 6 დღის განმავლობაში, ყველა სხდომა ქართული ჰანგებით იწყებოდა.

P.S. ცისანა ქოჩეჩაშვილის შვილიშვილები არიან ლევან (ტელეწამყვანი) და მიხეილ ჯავახიშვილები, ფოლკლორზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდები. მიხეილი, იგივე მიშო პროფესიონალი მუსიკოსია, ანსამბლ „რუსთავის“ წევრი, გადაცემა „ჩაკრულოს“ ავტორი და წამყვანი.

ნანული ზოტიკიშვილი