რა სამართლებრივ-პოლიტიკური შედეგი ექნება ცხინვალში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს? - გზაპრესი

რა სამართლებრივ-პოლიტიკური შედეგი ექნება ცხინვალში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს?

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება. ბიბილოვის განცხადება რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში „სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“. ამასთან, როგორც „პრეზიდენტის“ პრესმდივანმა დინა გასიევამ სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რუსეთის შემადგენლობაში „სამხრეთ ოსეთის“ შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შემდეგ გაიმართება. სეპარატისტების ამ განზრახვის სამართლებრივ ასპექტებზე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო ვახტანგ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმს რა სამართლებრივ-პოლიტიკური შედეგები ექნება?

- სამართლებრივი ვერანაირი, რადგან ცხინვალის რეგიონი, როგორც თვითონ უწოდებენ - "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა", - გარდა რუსეთისა, მხოლოდ ნაურუმ და მსგავსმა სახელმწიფოებმა ცნეს. საერთაშორისო საზოგადოებრიობას ის სახელმწიფოდ არ უცნია. აქედან გამომდინარე, არც მისი ხელისუფლებაა კანონიერი, როგორც უყვართ თქმა - ლეგიტიმური. ამ ხელისუფლების არც ერთი მოქმედება ლეგიტიმური არ არის და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ამავე საზოგადოების მიერ გაზიარებული არ იქნება. ამდენად, შეუძლებელია რაიმე სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს. კიდევ ერთ რამეს დავამატებ: არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა, რომ ნებისმიერ ტერიტორიაზე რეფერენდუმის შედეგები (თუნდაც ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული) არ შეიძლება აღიარებულ იქნეს ლეგიტიმურად, თუ რეფერენდუმი ეთნიკური წმენდის განხორციელების შემდეგ გაიმართა. ცხინვალის რეგიონიდან ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა აღიარებულია გაეროს მიერ. ამ თვალსაზრისითაც ე.წ. რეფერენდუმს არ შეიძლება რაიმე სამართლებრივი დატვირთვა ჰქონდეს. რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ ნაწილს - ამაზე პაატა ზაქარეიშვილის ძალიან კარგი, ღრმა ანალიზი მოვისმინე. რეალურად, რამდენიმე ვერსიაზე შეიძლება იყოს საუბარი, რის გამოც ეს განცხადება გაკეთდა. სხვათა შორის, ერთ-ერთია, რომ ახლა ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას აპირებენ. წინა არჩევნების დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატ ბიბილოვის ერთ-ერთი მთავარი დაპირება რუსეთის შემადგენლობაში შესვლა იყო. თუმცა მაშინ რუსეთმა ეს ყველაფერი "გაატარა" - ყურადღება არ მიაქცია ბიბილოვის აღნიშნულ განცხადებას. ახლაც შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს.

შეიძლება ეს იყოს რუსეთის ნაკარნახევი მოქმედება, რომ ამით კიდევ ერთხელ შეაშინოს საქართველოს ხელისუფლება, ვთქვათ, ასეთი რამით: აი, ხომ ხედავთ, რა უნდათ და თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, მაშინ ამას გავაკეთებ და შევიერთებ ცხინვალს, - როგორც თავის დროზე ყირიმი შეიერთა. შესაძლოა ასე არც იყოს და უბრალოდ პროვოცირების მცდელობასთან გვქონდეს საქმე. ასევე შესაძლებელია, ე.წ. შეთქმულების თეორიაც წამოვაყენოთ - ეს იყოს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების შეთანხმებით გაკეთებული განცხადება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მერე ეს განცხადება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, და თავისი პოზიციის გასამართლებლად - რომ რუსეთის მიმართ ლოიალურები თუ არ ვიქნებით, მაშინ აგერ რუსეთი ამას და ამას გააკეთებსო...

ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ - როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის ომი, როგორი იქნება დემოკრატიული სახელმწიფოების პოზიცია და ა.შ. ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვლება, ეს დიდწილად დასახელებულ გარე ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს პასიურად - უფრო დადებითად თუ შევაფასებთ, ხოლო უფრო უარყოფითი შეფასებით - არა საქართველოს ინტერესების შესაბამისად იქცევა.

okupacia-copy-1649336843.jpg

- თუ არ გავყვებით შეთქმულების თეორიას, ქართულმა მხარემ ცხინვალში აღნიშნულ "წიაღსვლებს" რა უნდა დაუპირისპიროს?

- მთავრობამ საერთაშორისო დონეზე უნდა იმოქმედოს - ეუთოში, გაეროში, მეგობარ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოქმედება არ ჩანს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი განცხადება იყო საგარეო საქმეთა მინისტრისა, რომ ეს რეფერენდუმი კანონიერი არ იქნება, - ეს საკმარისი არ არის და სწორედ ხელისუფლების უმოქმედობა აჩენს ზემოაღნიშნულ შეთქმულების ვერსიას.

- ამ უმოქმედობასაც ხომ მოჰყვება მერე შედეგები...

- რასაკვირველია. ამიტომ საჭიროა ამ ყველაფერზე რეაგირება, თანაც - დაუყოვნებლივ, არაერთჯერადი რეაქცია. უნდა ითქვას, რომ თუ ამას არ მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებრიობის მკაფიო პოზიციის გამოხატვა, ლაპარაკის დაწყება სანქციებზე, მაშინ ამ განცხადებას მოჰყვება შემდგომი ნაბიჯები - რასაც შეიძლება რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია, მიერთება მოჰყვეს. მანამდე "ყვირილია" საჭირო, სანამ ისეთი ხმაური ატყდება, რომ ეს ყველაფერი ვერ გააკეთონ.

- თქვენი აზრით, უკრაინულ თემასთან დაკავშირებით სანქციების საკითხში ქართული მხარის პასიურობა და უმოქმედობა რითია გამოწვეული?

- ძნელია სხვის თავში ჩაძრომა და აქაც ვარაუდების დონეზე გვიწევს საუბარი. ისევ ვიტყვი - უკეთეს შემთხვევაში ეს ყველაფერი უჭკუო და არაპროფესიული მოქმედებაა. ანუ ვერ ხვდებიან, რა არის სწორი და რა უნდა გაკეთდეს. უცოდინარობაა უკეთეს შემთხვევაში; უარესში ეს არის კონფორმიზმი, შიში, რამე არ დამემართოს; შიში იმისა, რომ რუსი არ გავანაწყენო, რადგან თუ გავანაწყენებ, მერე ის ცუდად მომექცევა, - ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში ქვეყანას არ ვგულისხმობ. ანუ, ქვეყნის ინტერესის დაცვას ვერ ვხედავ. ყველაზე უარეს შემთხვევაში, ეს არის რუსეთთან გარიგება.

- მეორე მხრივ, სოხუმში სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზები მსგავსი რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებენ, "დამოუკიდებლობისთვის“ ვიბრძოლეთო...

- კარგა ხანია, აფხაზებთან უშუალო კონტაქტი არ მქონია, მაგრამ აფხაზებში უაღრესად არაპოპულარული აზრია დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და რუსეთთან შეერთება. გარდა ამისა, იქ საკმაოდ დიდია უკმაყოფილების ხარისხი რუსეთის მიმართ. ამის დასადასტურებლად ერთ მაგალითს მოვიყვან: რუსეთმა დღემდე ვერ მიაღწია იმას, რომ აფხაზებმა შეცვალონ კანონი, რომელიც კრძალავს უცხოელისთვის უძრავი ქონების მიყიდვას. არადა, რუსეთს ეს ძალიან უნდა. ამიტომ აფხაზეთში ასეთი რეფერენდუმი მხარდაჭერას, მაღალი ალბათობით, ვერ მოიპოვებს. თუმცა, თუ მსგავსი გამოკითხვა ჩატარდა, დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზები უმრავლესობას არ შეადგენენ. ამიტომ გადაჭრით ვერ ვიტყვი, შედეგები როგორი იქნება, მაგრამ ერთი რამ სავსებით აშკარაა: აფხაზეთის ხელისუფლება, რომელიც მხარს დაუჭერს რუსეთთან შეერთებას, ხელისუფლებად ვეღარ დარჩება. აფხაზები ამას არ მიიღებენ და მთავრობას არ აპატიებენ. ამიტომ ეს იქ უაღრესად არაპოპულარული იდეაა. ამასთანავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაშიც არცთუ უმნიშვნელო ნაწილი იქნება იმ ხალხისა, ვისაც რუსეთთან მიერთება არ სურს, განსხვავებით ცხინვალის რეგიონისგან.

- ეს ყველაფერი უკრაინაში მიმდინარე ომთან გადაჯაჭვულია...

- გადაჯაჭვულია იმდენად, რამდენადაც... როგორ დამთავრდება ეს ომი (ვიმედოვნებ, რუსეთის სრული დამარცხებით), დიდწილად ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული, შემდგომში მოვლენები როგორ განვითარდება; იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება, მით უფრო დასუსტება რუსეთი და შემცირდება მისი პრეტენზიები იმპერიულობაზე.

- ამ შემთხვევაში თუ ჩნდება ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა?

- მოგეხსენებათ, საქართველოში არის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ომით დაკარგულის დაბრუნება მხოლოდ ომითვე შეიძლება. მე ამ ნაწილს არ მივეკუთვნები. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ არა ტერიტორიების დაბრუნების მიზნით, არამედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებაზე ფიქროთ, რაც არის ტერიტორიაც და იქ მცხოვრები ჩვენი ხალხიც. ანუ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ნდობა და მათ უნდა გაუჩნდეთ იმის სურვილი, რომ იყვნენ საქართველოსთან და არა რუსეთთან ერთად.

გელა მამულაშვილი