"გოგონა იყო სულელურად მამაცი, ისევე როგორც უამრავი ადამიანი..." - გზაპრესი

"გოგონა იყო სულელურად მამაცი, ისევე როგორც უამრავი ადამიანი..."

„საოცარ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. უდიდესი მონაპოვარია სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ სწორედ 9 აპრილს ანთებული გულებით, გაბრწყინებული თვალებით, სუფთა ხელებითა და ეროვნული სულით მოვიპოვეთ ყველაზე ღირებული, რაც გაგვაჩნია, მათ შორის თავისუფლება“, - ამბობს მარი (ნანა) მახარაძე, შავდროშიანი გოგონა იური მეჩითოვის ცნობილი ფოტოდან, რომელიც 9 აპრილისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. წლებია უკვე, იტალიაში, ამჟამად ქალაქ არეცოში მეუღლესთან, მარკო სბრაჯისთან ერთად ცხოვრობს.

- მეამაყება და მენატრება სხვანაირი საქართველო, უფრო თბილი, ღირსეული; მენატრება ერთმანეთის მხარში მდგომი ადამიანები და ის პერიოდი თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდები ვიყავით. დავიბადე და გავიზარდე ჩაქვში. დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა, რომელიც მართლაც საუკეთესო და სამაგალითო იყო. თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მშობლების წინააღმდეგობის გამო ფიზიკის ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. თბილისში ბიძასა და ბიცოლასთან ვცხოვრობდი, ჩემს ბიძაშვილებთან ერთად. იმ ცნობილ ფოტოში, მანქანის უკანა სავარძელზე გოგონა რომ ზის, სათვალით, ჩემი ბიძაშვილია, ბიჭები კი დღემდე არ ვიცი, ვინ არიან. უნივერსიტეტის მე-3 კურსზე ვსწავლობდი მაშინ. ჩვენ თითქმის ყოველდღე დავდიოდით მიტინგზე, ჩვენი მეგობრებიც შიმშილობდნენ და მათთვის რაღაცები მიგვქონდა. მთელი ღამით მაინც არ გვტოვებდნენ ოჯახის წევრები. 19-20 წლისანი ვიყავით და შიში საერთოდ არ გვქონდა, უფროსები უფრო განიცდიდნენ და ნერვიულობდნენ ჩვენ გამო, რადგან კარგად იცოდნენ, რა საფრთხე არსებობდა.

9 აპრილის ღამის შემდეგ ბიცოლას ძმა შინ დასისხლიანებული დაბრუნდა და როდესაც მოჰყვა, რაც მოხდა, ბრაზით შეპყრობილები მაშინვე წავედით მე და ჩემი ბიძაშვილი. უმოწყალოდ დახოცეს და დაჩეხეს უდანაშაულო ხალხი, შელახეს ჩვენი ღირსება და იქ მისვლა გვინდოდა პროტესტის გამოსახატად! ქუჩაში მანქანიდან უცნობმა ბიჭებმა დაგვიძახეს, - ნუ წახვალთ რუსთაველისკენ, გზა არ არისო. შავი დროშა მეჭირა ხელში, პრინციპში, დროშაც არ იყო, მახსოვს, რომ მივდიოდით, ქსოვილის ნაჭერი სახელდახელოდ გადავახვიეთ ხის ტოტზე. თუ ფოტოს დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ ასეა. ჩავსხედით მანქანაში და კოლონას გავყევით. როგორც თვითონ ამბობს იური მეჩითოვი, ვაკის პარკთან მანქანაზე ავედი, ისე ვუყურებდი კოლონას და მაშინ დავინახე ეს გოგონა დროშით ხელში და გადავუღეო. ეს ფოტო შემდეგ თავისუფლების სიმბოლო გახდა.

- 2018 წელს Al Jazeera-ს ეთერში გასულ გადაცემაში მეჩითოვის სიტყვებმა, 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები გახლდნენო, საზოგადოების დიდი ნაწილი ააღელვა.

- იური მეჩითოვი საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე გახლავთ და ამ დროს ამბობს, არაფერი ისეთი არ მომხდარა, ახალგაზრდები გამოიყენეს, არავინ დაუჩეხავთ და მოუკლავთ, არც დაურბევიათ, უბრალოდ, ჭყლეტის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანიო. რა თქმა უნდა, არ გავიზიარე მისი ეს მოსაზრება და მაშინ საჯაროდაც ვუპასუხე სოციალური ქსელის საშუალებით. მას აქვს ნიჭი და პროფესიონალიზმი, ერთი თითის დაჭერით შეაჩეროს წამი, თუმცა დღემდე ვერ გაუაზრებია ქართველი ხალხის ეპოქალური მნიშვნელობა. კითხვაზე, - გოგონა მის ცნობილ ფოტოზე, მამაცი იყო თუ სულელი? - გავცემ პასუხს, რომ გოგონა იყო სულელურად მამაცი, ისევე როგორც უამრავი ადამიანი, რომელიც იმ ღამეს ქვეყნის სიყვარულისთვის დაჩეხეს, დაწამლეს და გადაუარეს!.. ისტორიას ვერავინ შეცვლის, რამდენიც უნდა ეცადოთ, რადგან, გვინდა თუ არა, ამ ქვეყანაში ბედისწერასავით ყოველდღე იბადება თითო გმირი!

ეს სისხლით მორწყული თარიღი მუდამ თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება იმ გმირების სახელებთან ერთად, რომელთა ხსოვნას ჩვენ, „შოუში“ მონაწილე ადამიანები შთამომავლობას გადავცემთ! ხშირად ამბობენ, რომ 9 აპრილს ახალგაზრდები გამოიყენეს; რომ რაც მოხდა, შეცდომა იყო და ა.შ. ეს არ გახლდათ შეცდომა! 9 აპრილს ჰყავდა გმირებიც და ანტიგმირებიც, მედროშეებიც. მარტო ლელა ვეფხვაძე რად ღირს - უსინათლო ქალი ტანკების წინ იდგა და მღეროდა. ხალხმა თვითონ გადაწყვიტა მაშინ, დარჩენილიყო თუ არა. ადამიანები იდგნენ არჩევნის წინ - ან სიცოცხლე, ან სიკვდილი თავისუფლებისთვის...

ამ ასაკში შეიძლება არც იცი, როგორ გიყვარს ან რას გააკეთებ შენი ქვეყნისთვის, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს გრძნობ. ამ გადმოსახედიდან, როდესაც ბევრ რამეს სხვა თვალით ვაფასებ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, ქართველები ძალიან ბედნიერები ვართ. ასეთ მცირერიცხოვან ერს გვაქვს იმის ფუფუნება, გვქონდეს სამშობლო, მიწა, დამწერლობა. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა რომ გვქვია, ეს გვაძლევს ბედნიერების საბაბს! შეიძლება დღეს მტერმა გვაჯობოს, მაგრამ ხვალ აუცილებლად დაიბადება ახალი გმირი და ახალი შემართებით აგვავსებს. ასეთები ვართ, გამორჩეულები და განსაკუთრებულები. როდესაც საქართველოში ცხოვრობ და ყოველდღიურად პრობლემებს აწყდები, შეიძლება ამ ყველაფერს კარგად ვერ აღიქვამ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ერთად ვართ. სადაც უნდა წახვიდე და რამდენი ხანიც უნდა დარჩე (საკუთარი სურვილით თუ იძულებით), მაინც ის ხარ, ვინც იყავი. შეიძლება თვალსაწიერი გაიზარდოს, სხვა ქვეყნის ხალხსა და კულტურას გაეცნო, უამრავმა რამ მოგხიბლოს, ოღონდ, დამიჯერეთ, არც ერთი ქვეყანა და ადამიანი არ მიგიღებს, თუ შენი ქვეყანა და ისტორია არ გიყვარს და არ წარმოაჩენ.

- უკვე 10 წელია, რაც ემიგრაციაში ხართ. მომიყევით თქვენი ოჯახისა და იტალიური ცხოვრების შესახებ.

- იტალიაში მეუღლესთან ერთად წამოვედი, მაგრამ ის წელიწად-ნახევარში დაბრუნდა უკან, საქართველოში, რადგან აქ ძალიან ჭირდა კაცისთვის სამუშაოს პოვნა. სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა. მყავს ქალიშვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს, საერთოდ არ უნდა ქვეყნის დატოვება. ძალიან ჰგავს ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს, იტალიელები გვგვანან ხასიათითაც, ემოციურები და ტემპერამენტიანები არიან ჩვენსავით, განსაკუთრებით - ტოსკანელები. განსხვავება ის არის, რომ იტალია ფეხზე დგას, "დავარცხნილ-დასუფთავებულია", ადამიანებს დაცულობის შეგრძნება აქვთ და არ ეშინიათ ხვალინდელი დღის. აქ სიცოცხლე პრიორიტეტია, ღირსეული ცხოვრება კი - ღირსების საკითხი. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ქვეყანა ამით ჰგავდეს იტალიას. ჩვენ გვაქვს ბედნიერება, გვქონდეს მიწა, მაგრამ სახელმწიფო ჯერ არ გვაქვს. როდესაც ჩემს იტალიელ მეუღლეს ვუყვები, რა ხდება საქართველოში, რას აპროტესტებს ხალხი, უკვირს. აქ არაფერი მსგავსი არ ხდება და როდესაც რამეზე ბრაზდება, მაგალითად - სავალდებულო ვაქცინაციაზე ან მწვანე პასპორტზე, იტყვის ხოლმე: აბა, ასე მოხდეს საქართველოში, ყველა თუ გარეთ არ გამოვიდოდა?! თქვენ მებრძოლები ხართო, - მაგრამ რაზეც საჭიროა, იმაზე არ ვიღებთ ხმას და არ გამოვდივართ ქუჩაში...

იტალიელები ცნობისმოყვარენიც არიან და ამასთან ერთად, ძალიან დაკვირვებულებიც. ვინც მიცნობს და იცის, რომ ქართველი ვარ, მგონი, ყველას გავუღვიძე სურვილი, ნახონ, იმოგზაურონ და გაიცნონ ჩვენი ქვეყანა.

- საქართველოში თუ არის ნამყოფი თქვენი მეუღლე?

- იყო ერთხელ, როცა ხელი მოვაწერეთ, იმ წელს და ძალიან მოეწონა. დღემდე ყველას ელაპარაკება, თუ როგორი კარგი ქვეყანაა და როგორი ხალხი ცხოვრობს მანდ. ჩვენ გაცნობიდან ერთ წელიწადში დავქორწინდით. რომ ვუთხარი, საქართველოდან ვარ-მეთქი, ეგონა, ამერიკის ჯორჯიიდან ვიყავი. იცოდა სტალინისა და კალაძის შესახებ. როდესაც ვუყვებოდი ჩვენი ისტორიის, დამწერლობის, კულტურის შესახებ, უკვირდა, ასე ცოტანი ხართ და ასეთი მაგრები როგორო?! ეამაყება, რომ ჩემი ფოტო თავისუფლების სიმბოლოა და მეგობრებს ეუბნება, ხომ კარგები არიან ქართველები, მაგრამ მე ხელისგულზე მატარებენ, რაკი მარის მეუღლე ვარო. მოსწონს, რომ ასეთი ხალასები, ბევრი ღირსების მატარებელი ერი ვართ, რომ სამშობლო გვიყვარს. ქართულ მუსიკასა და ცეკვებზე გიჟდება, ისე უყვარს. „სუხიშვილების“ ცეკვას რომ უყურებს, თვალებზე ცრემლები ადგება, მგონი, მართლა გაქართველდა.

272346870-364487171801111-1027194052041364354-n-copy-1649338654.jpg

- ასე რომ შეუყვარდა საქართველო, ეს ალბათ თქვენი დამსახურებაა.

- თვითონ შემომთავაზა, საქართველოში გადავიდეთ საცხოვრებლადო. ადვილი არ არის, 60 წლის ადამიანი, თანაც იტალიელი, დაარწმუნო დატოვოს აწყობილი ცხოვრება და დაგთანხმდეს იმ ქვეყანაში წამოსვლას, რომელიც მხოლოდ ერთხელ ნახა.

- ამდენი წლის შემდეგ, სამშობლოდან ასე შორს მყოფი როგორ აღიქვამთ საქართველოში არსებულ რეალობას, ყველაზე მეტად რა იწვევს თქვენს გულისწყრომას?

- ჩვენ ვართ ქვეყანა მეხსიერების გარეშე და გვავიწყდება, რომ თუ არ გვაქვს მეხსიერება, არ გვაქვს ისტორიაც. ვიმახსოვრებთ ფრაგმენტებს, კადრებს, მომენტებს, მოგონებებს და მეხსიერებიდან უახლესი წარსულის წაშლით, ვამახინჯებთ მას ან ვატრიალებთ ისე, როგორც გვინდა. თავს ვიმართლებთ „წინსვლით“, რომელიც ისევ ადგილზე "დგას და იტკეპნება". რეჟიმები არსაიდან არ წარმოიქმნება, ის არის წარსულის მეტასტაზი, რომელსაც მშვენივრად იყენებს სათავეში მოსული ყოველი ახალი კაცი იმავე ცინიზმით, გულგრილობითა და მორალური სტრესით. საქართველო გახდა ქვეყანა, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან მოედნების გავსებაში; სადაც ბავშვებისთვის სამკურნალო თანხები ემიგრანტების შესაგროვებელია; სადაც მოხუცები და პენსიონერები ნაგვის ბუნკერებში ეძებენ შველას; სადაც ფიქრობენ, რომ ექიმები კლავენ; სადაც მხოლოდ პატიოსანი შრომის საფასურია უფასო; სადაც პრიორიტეტებს ისე ცვლიან, როგორც ბანერებს; სადაც არ ყვირიან და არ იბრძვიან სამუშაო ადგილებისთვის, განათლებისთვის, საკუთარი ტერიტორიებისთვის. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ოცდაათი წელია, საკუთარი მოქალაქეები დაყო და ერთმანეთს გადაკიდა. ეს ქვეყანა ჩვენი სამშობლოა და მე ეს ყველაფერზე მეტად მტკივა...

ნინო ჯავახიშვილი