"კუკარაჩაში" თამაშზე უარის თქმით, ბევრი რამ დავკარგე"
"ჩემს ამქვეყნად მოვლინებას დედაჩემის სიცოცხლე დასჭირდა. ბებიამ და დეიდამ გამზარდეს, რადგან დედამ ასე დაიბარა. როცა 29 წლის ქალი სიკვდილს ებრძვის, მან იცის, რომ მასზე ორი წლით უფროსი ქმარი ვერ გაძლებს მარტო. ამიტომაც სთხოვა სიკვდილის წინ, - ჩემი ნინიკო დედაჩემთან და ჩემს დასთან გაიზარდოსო..." - მიყვება რადიოლოგი ქალბატონი ნინო დოლიძე, რომელსაც თავბრუდამხვევი ბავშვობა ჰქონდა, რადგანაც 12 წლიდან ხშირად იწვევდნენ ფილმებში სათამაშოდ და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ "კუკარაჩაში" ინგა ლალიაშვილის როლზე უარის თქმამ, როგორც ამბობს, მისი ანტიპიარი განაპირობა და მას მერე ნინოსთვის კინოროლი არავის შეუთავაზებია...
- დედა მართალი იყო, თანამედროვე კონკია ვარ, მამამ მის მერე მართლა მოიყვანა ცოლი, მაგრამ არ გაუმართლა, დაშორდა და მერე სხვა შეირთო... ერთხელ მითხრა: უბედნიერესი კაცი მაშინ ვიქნებოდი, დედაშენს რომ ეცოცხლა. ერთადერთი ქალი იყო, რომელიც წრფელი გულით მიყვარდაო. სხვათა შორის, ვიზრდებოდი, როგორც პრინცესა. დეიდაშვილები მყავს, რომლებსაც დებად მივიჩნევ და ოჯახში ისინი გერებივით უფრო იყვნენ, ვიდრე მე. ყველა ხელისგულზე მატარებდა. ჩემი ბავშვობა მართლაც გასაოცარი იყო. მედალოსანი გახლდით, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, კინოშიც მიღებდნენ და ცხადია, ამით ამაყი ვიყავი.
- პირველად რომელ ფილმში გადაგიღეს?
- 1974 წელს გადამიღეს ბატონი გენო წულაიას და მისი მეუღლის, ნელი ნენოვას (დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი) ფილმში "ბიჭები იასამნის ქუჩიდან", სადაც ჩემი პირველი ჰონორარი - 500 მანეთი ავიღე და იცით, იმ დროში ეს რა თანხა იყო? მაგრამ მაშინ ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი, ძალიან მომეწონა კამერის წინ თამაში... იმ პერიოდში სკოლაში, პლეხანოვზე ვსწავლობდი და ბავშვების შესარჩევად იქ მოვიდა ქალბატონი სვეტა, რომელმაც საბედნიეროდ, მე შემარჩია და ერთგვარ კასტინგზე დამიბარა. იქ დეიდასთან (რომელსაც დედას ვეძახი) ერთად მივედი. დაახლოებით 60 გოგო იდგა რიგში. იცით, როგორები იყვნენ? კალმით ნახატები, ერთმანეთზე კარგები და, შეცბუნებულმა დეიდამ მითხრა: ნინო, წამო, რა, სახლში წავიდეთ, აქ ვერ გავიმარჯვებთო. შეეშინდა, გული არ მტკენოდა. - არსადაც არ წავალ, აუცილებლად გავიმარჯვებ-მეთქი, - ვუპასუხე. შეიძლება ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ეკრანმა არ მიგიღოს, მე კი ეკრანული აღმოვჩნდი. მერე ხომ იცით, ერთი რომ გადაგიღებს, შემდეგ ყველა რეჟისორმა იცის შენი არსებობის შესახებ და თუ საჭირო გახდები, დაგიძახებენ. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც...
1975 წელს უკვე პავლე ჩარკვიანის ფილმში "უცხო ფრინველი" მიმიწვიეს. ცხადია, გამიხარდა. მუშაობისას კინოოპერატორი ფელიქს ვისოცკი კამერაში რომ მიყურებოდა, უცებ წამოიძახა: ჯოკონდას ღიმილიო. ვიფიქრე, რა ჯოკონდა, ნეტავ ვინ არის ეს ჯოკონდა-მეთქი? აზრზე არ ვიყავი, ვის შემადარა... ფილმს სოფელ ნიჩბისში იღებდნენ, გარკვეული კადრები ერთ მიტოვებულ ტაძარშიც გადაიღეს. გაქანებული კომუნისტური, უღმერთობის პერიოდია, დახურულია ეკლესიები, მაგრამ მე ამ ტაძარში რაღაც იდუმალება მაინც ვიგრძენი, რაღაცამ ძალიან მომხიბლა... წლები რომ გავიდა, მერე მაპოვნინა ღმერთმა პასუხი კითხვაზე: ასე რატომ დამემართა? წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში დავიწყე სიარული. მესანთლესთან შევედი და შევნიშნე ჟურნალი, რომლის გარეკანზეც სწორედ ეს ტაძარი იყო აღბეჭდილი და ეწერა: "ნიჩბისის წმინდა გიორგის მეშვიდე-მერვე საუკუნის ეკლესია". ლამის ცუდად გავხდი. ეს იყო ის ძეგლი, ფილმისთვის კადრები რომ გადაიღეს, ასეთ წმინდა ადგილას ვყოფილვარ და ვინ იცის, იქნებ საკურთხეველშიც კი ვიდექი...
- შემდეგ იყო "ჩირიკი და ჩიკოტელა", არა?
- დიახ, "ჩირიკი და ჩიკოტელა", რომელიც ძალიან მომწონს... ამ ფილმში ჩემი პარტნიორი გახლდათ გელა გონიაშვილი. ის მაშინ 17 წლის იყო, მე - 13-ის. გუდალეთში გვქონდა გადაღებები და იქ მსახიობები ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით. სიცივე იყო, შემოდგომა, ბუხარი ენთო... უნდა შევსულიყავი მისაღებ ოთახში და ამ დროს მესმის, რომ გელა ვიღაცას ჩემზე ეუბნება, ძალიან მიყვარსო. ძალიან შეუვალი, პირდაპირი ვიყავი და შესვლისთანავე მივახალე: მე შენ არ მიყვარხარ-მეთქი. მერე კი დამწყდა გული, ასე არ უნდა უთხრა ადამიანს, რომელიც შენ მიმართ დადებითად არის განწყობილი. გული არავის არ უნდა გაუტეხო, სხვანაირადაც ხომ შეიძლებოდა უარის თქმა?!. სხვათა შორის, წლების შემდეგ რეჟისორმა ბუბა ხოტივარმა რაღაც შეხვედრა დაგეგმა და ვინაიდან გელას სახლის ტელეფონი მქონდა, მე მთხოვეს მას შევხმიანებოდი. დავრეკე და, გელა ერთი წლის წინ გარდაიცვალაო, მითხრეს. ძალიან დამწყდა გული. ახალგაზრდა იყო, დაახლოებით 30 წლის...
- ამ ფილმის სცენარისტი რეზო ინანიშვილი იყო, არა?
- ნაწარმოები გიორგი ლეონიძის გახლავთ, მაგრამ სცენარზე ბატონმა რეზომ იმუშავა. სხვათა შორის, ერთხელ, როცა გადაღებაზე მივდიოდით, ეს ბუმბერაზი ადამიანი ჩემ გვერდით იჯდა და მე სამწუხაროდ, არ ვიცოდი, ვინ იყო. იცით, როგორი ადამიანი გახლდათ? საოცრად თავმდაბალი და ამ თავმდაბლობაში იყო მთელი სიდიადე...
ფილმში არაჩვეულებრივი მსახიობები თამაშობდნენ. დედაჩემის როლს ქალბატონი მარინა თბილელი ასრულებდა... ერთი მომენტია, როცა ის გაიგებს, რომ მისი შვილი გათხოვდა, მის სანახავად მისულ გოგოს თმაში სწვდება. ფილმის სიუჟეტი ხომ ფაქტობრივად, მონტეგი-კაპულეტის კახური ვარიანტია, შეყვარებული წყვილის მშობლები ერთმანეთს ვერ იტანენ... მოკლედ, ბატონ ბუბას უთქვამს "დედაჩემისთვის", აქ ნინო კარგად ვერ თამაშობს და იცოდე, თმა კარგად დააგლიჯეო. მაშინ ძალიან გრძელი თმა მქონდა და ახლაც მახსოვს ის სიმწარე, რაც მაშინ გადავიტანე. ქალბატონი მარინა შეჰკივლებდა: რა ჰქენი, თეთრუა, გოგოო, და მითრევდა თმით, გემრიელად მქაჩავდა. თან, ერთ დუბლში ხომ ვერ ხერხდებოდა მაშინ გადაღება და დღის ბოლოს "თმის ძირები" საშინლად მტკიოდა (იცინის).
- შემდეგ მიგიწვიეს ფილმში, სადაც პარტნიორობას გეგა კობახიძე გიწევდათ...
- დიახ, მეოთხე ფილმი იყო "ჩიტის რძე", რომელსაც კოლია სანიშვილი იღებდა. ეს არის ზღაპარი, რომელშიც ჩემი პარტნიორი იყო გეგა კობახიძე. მის გამო ძალიან მწყდება გული. შევარდნაძემ ცუდი რამ გააკეთა მაშინ. შეიძლება გეგამ და მისმა მეგობრებმა დააშავეს, მაგრამ რა საჭირო იყო სიკვდილით დასჯა? სამუდამო პასუხისგებაში მიეცათ, ხომ შეიძლებოდა? მაგრამ არა, სამაგალითოდ დასაჯეს ბიჭები, რუსეთის საამებლად...
ფილმში "ჩიტის რძე" ბოროტმა ჯადოქარმა, რომლის როლსაც ბატონი გურამ ფირცხალავა ასრულებდა, კლდეზე მიმაჯაჭვა და გეგა მათავისუფლებს. მსუბუქი საბავშვო ფილმია.
ახალ ათონში გვქონდა გადაღება, სოხუმისკენ. გურამ ფირცხალავა გეგას ეუბნებოდა: - კაი ძღაბია, ბიჭო, ესო. სხვათა შორის, მერე გეგამ სიყვარული ისე ამიხსნა, რომ გამაკვირვა. მუხლებზე დაჩოქილი მთხოვდა, მის გრძნობაზე მეპასუხა. ალალად ვუთხარი: გეგა, რა ვქნა, როგორც მეგობარი, მიყვარხარ და მომწონხარ, მაგრამ სხვანაირად ვერ შემოგხედავ. ჯერ ჩემთან სიყვარული, როგორც გრძნობა, საერთოდ არ მოსულა-მეთქი... მე მისთვის დღემდე ვლოცულობ...
- კიდევ გქონდათ კინოროლები?
- დიახ, მერე ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ გადამიღო ეპიზოდურ - ქეთევან დედოფლის მოახლის, თებრონიას როლში (ფილმი "ქეთევან დედოფალი")... შემდეგ ტაჯიკ-ფილმში გადამიღეს - "ნასრედინის პირველი სიყვარული". მაშინ უკვე 15 წლის ვიყავი და რეჟისორ ტურაევის მიწვევით, დეიდაჩემთან ერთად ტაჯიკეთში დაახლოებით ერთი თვე ვიყავი, სადაც საოცარი პატივი გვცეს. ის პერიოდიც დაუვიწყარია ჩემთვის...
- არის რაიმე, რაზეც გული გწყდებათ? რისი გაკეთებაც იმ პოპულარობის პერიოდში შეგეძლოთ და ეს შანსი ვერ გამოიყენეთ?
- სამწუხაროდ, არის! 1980 წელს გამოვიდა ნოდარ დუმბაძის "კუკარაჩა", რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა, ყველა კითხულობდა. მალევე, ამ წიგნის მიხედვით ტელესპექტაკლიც დადგეს, რომელშიც ერთი-ერთშია ის შავტუხა კუკარაჩა და ის ინგა ლალიაშვილი, რომელიც აღწერილი ჰყავს მწერალს...
პირველ წელს ვერ მოვეწყვე ინსტიტუტში (რადგან მედალოსანი ვიყავი, მხოლოდ ფიზიკას, ერთ საგანს ვაბარებდი), მეორე წელსაც არ გამომივიდა, რადგან 4-იანზე მაღალი ნიშანი არ მაღირსეს... მხოლოდ მესამე წელს, 1981-ში, როცა უკვე 19 წლის გავხდი, მოვეწყვე სამედიცინოზე, მაგრამ როგორ, ამას მოგვიანებით გიამბობთ... ზუსტად ამ პერიოდში დამიბარეს "კუკურაჩას" კასტინგზე, ინგას როლისთვის არჩევდნენ მსახიობს. საოცრება ისაა, რომ წავედი, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა, რადგან უარის თქმა მქონდა გადაწყვეტილი. ტელესპექტაკლში ნანახი ინგა ვერ ვიქნებოდი! ნაწარმოებში აღწერილ ქალს ვერ ვითამაშებდი! მოკლედ, ჩემგან მსახიობი ვერ დადგებოდა და იცი, რატომ? ნიჭი მაქვს, მაგრამ მეძავ ქალს ვერ ვითამაშებ-მეთქი, ვფიქრობდი, არადა, მსახიობმა ყველა როლი უნდა მოირგოს. ახლა ვაღიარებ, სულელურად მოვიქეცი...
ზის ბატონი სიკო, გვერდით ქეთი უზის. რომ დამინახა ამ დიდმა რეჟისორმა, ასე თქვა: სხვა არაფერი მინდა, მას ვამტკიცებ ინგას როლზეო. - მე არ მინდა ეს როლი-მეთქი, ვუპასუხე. შევატყვე, ჩემმა პასუხმა ქეთი გაახარა, - არ გინდა და, კარგად იყავიო. სავარაუდოდ, მას უკვე შერჩეული ჰყავდა მსახიობი, ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელსაც ფაქტობრივად, ლანგრით მივართვი ეს როლი და საოცარი შანსი ხელიდან გავუშვი... აი, ამ კასტინგზე უჩანეიშვილისთვის სადმე რომ მომეკრა თვალი, მივხვდებოდი, რომ ესენი სულ სხვანაირად აპირებდნენ ამ ფილმის გადაღებას და შესაძლო იყო, გადაწყვეტილება შემეცვალა, მაგრამ იმ პერიოდში ჯერ ინგას როლის შემსრულებელს არჩევდნენ...
ახლა ვფიქრობ, ჯობდა, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები არ წამეკითხა და ის სპექტაკლი არ მენახა, ამ შემთხვევაში ხომ არ მეცოდინებოდა, რაზე იყო ლაპარაკი და სცენარს რომ წავიკითხავდი, არ შემეშინდებოდა. ან ბუბა ხოტივართან დამერეკა და მეკითხა მისთვის აზრი. ახლა ძალიან მწყდება გული. ამ უარით საკუთარ თავს ცუდი პიარი გავუკეთე და მანამდე რომ მეგონა, სულ დამიძახებდნენ რეჟისორები, მას მერე არავის არსად მივუწვევივარ...
სხვათა შორის, ერთხელ შევხვდი ქალბატონ ნინელის რაღაც ღონისძიებაზე. მივედი, - რომ არ გითხრათ, არ შემიძლია-მეთქი და მოვუყევი ეს ამბავი, რაც გადამხდა. გაეცინა. მერე ისიც დავძინე: ნინელი, იმ ფილმმა არაფერი დაკარგა, თქვენ ბრწყინვალე იყავით, გადასარევი "ინგა ლალიაშვილი" ხართ, მაგრამ ამ უარით მე კი ნამდვილად ბევრი დავკარგე-მეთქი.
- რატომ აირჩიეთ პროფესიად მედიცინა და არა მსახიობობა?
- დედაჩემი ეთერ ცერცვაძე ყველანაირად შემკული ქალი ყოფილა. ადამიანი, რომელსაც თურმე არავინ ეზიზღებოდა, ცუდს არავისზე იტყოდა. ექიმი იყო. ჩირქოვანი გლანდები ჰქონია ბავშვობაში, თავის დროზე ვერ გაუკეთეს ოპერაცია და გულის მანკი ჩამოუყალიბდა. მისთვის მშობიარობა არ შეიძლებოდა. ეს შეიძლება ახლა არაა პრობლემა, მაგრამ მაშინ ნამდვილად იყო... იმ დღეს ვკითხე დეიდას: დე, ეთერმა რომ იმშობიარა, ვინ იყო ექიმი-მეთქი? - უფ, მაგარი პროფესორი იყოო, - და ძალიან აქო. თუ ასეთი მაგარი ბრძანდებოდა, ქალს პირდაპირი ჩვენება ჰქონდა საკეისროსი და რატომ არ გაუკეთა, 2 დღე რომ წვალობდა ჩემზე-მეთქი? თან, უცებ კი არა, მშობიარობიდან 5 თვის მერე გარდაიცვალა... მოკლედ, გესმით ალბათ, საიდან მქონდა ექიმობის მძაფრი სურვილი; სულ იმაზე ვოცნებობდი, ხალხი გადამერჩინა.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ მისაღები გამოცდა მესამე ჯერზე ჩააბარეთ და ამასთან დაკავშირებით გინდოდათ რაღაცის მოყოლა...
- მოკლედ, სკოლა 1979 წელს დავამთავრე. იმ პერიოდში მოვეწონე ცეკას წარმომადგენელს, რობერტ ღარიბაშვილს, რომელიც ჩემზე 10-12 წლით უფროსი იყო. ის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი გახლდათ და მითხრა, ჩვენ თქვენისთანა წარმატებულ ახალგაზრდებს ვეძებთო (როგორც აღვნიშნე, კარგი მოსწავლე ვიყავი, ეკრანიდანაც მიცნობდნენ, პრესაში ჩემზე სტატიები იბეჭდებოდა და საწყალი ბებიაჩემი ამ წერილებს აგროვებდა). მოკლედ, კომკავშირის ცეკას წევრი გავხდი და იცით, ვისთან ერთად? - მაია ჩიბურდანიძესთან, რომელიც მაშინ მწვერვალზე იყო... პირველ წელს რომ ვერ მოვეწყვე, გავბედე და სხვების რჩევით ბატონ ჟიული შარტავასთან შევედი. ამ ადამიანის ლურჯი თვალები არ მავიწყდება და თან იცით, როგორ იცვამდა? ლურჯი პერანგი, ამავე ფერის კოსტიუმი და ჰალსტუხი - ასეთ სამოსში კი მისი თვალები კიდევ უფრო ანათებდა. საოცარი, ძალიან კარგი ადამიანი იყო. ვუთხარი ჩემი გასაჭირის შესახებ. მიპასუხა, - სამედიცინოზე ვერაფრით დაგეხმარები, მაგრამ შემიძლია ჟურნალისტიკაზე მოგაწყოო. უარი ვთქვი. ჯიუტად მინდოდა ექიმობა...
მეორე წელსაც ხომ ვერ ჩავაბარე და მესამე წელსაც რომ ოთხიანი გამომიცხადეს, ხელი ჩავიქნიე, - მორჩა, მივდივარ ბატონ ჟიულისთან მისი წინადადების მისაღებად-მეთქი... მაგრამ ბატონმა ლავროსი შევარდნაძემ, რომელთანაც საგანში ვემზადებოდი, მთხოვა დამეწერა ფურცელზე ის, რაც გამოცდაზე დამაწერინეს. როცა ნამუშევარი შემიმოწმა, - ეს ხუთიანზეა დაწერილი, უნდა გავაპროტესტოთო. მეგონა, მაინც არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე და დავთანხმდი. მოკლედ, ნიშნის გაპროტესტების შემდეგ დამიკავშირდნენ, თქვენი ნაწერი ვერ იპოვესო. ბატონი ლავროსი მეუბნება, - ნინო, ეს იმას ნიშნავს, რომ ნახეს ნამუშევარი, მაგრამ რადგან კარგი იყო, ამიტომ უნდა შეიკრიბოს კონსილიუმი, ამას კი დრო სჭირდებაო და მართლაც, 2 დღის მერე დამიძახეს და ხუთიანი გამომიცხადეს. ტირილი დავიწყე. - რატომ ტირი, შემდეგი გამოცდებისთვის მოემზადეო, - მითხრეს. ბატონმა ლავროსიმ, - რა გამოცდებისთვის, მედალოსანია და უკვე ჩარიცხულიაო. მერე მოითხოვა იმ 12-კაციანი სიის ნახვა, რომელმაც ჩემი ნამუშევარი გაასწორა და მაინცდამაინც სიის ბოლოს მიწერილი სახელი, "ნოდარ ჩხარტიშვილი" ამოიკითხა...
ბებოს გზიდანვე დავურეკე, ვიღაც ნოდარ ჩხარტიშვილს გაუსწორებია ჩემი ნაწერი და იმას დაუწერია ოთხიანი-მეთქი. გადაირია ქალი: - იმან არ გაიხაროს, როგორ დაგღუპაო. მოკლედ, თბილისი ხომ ძალიან პატარა ქალაქია და ეს ამბავი ნოდარის დის, ლიანა ჩხარტიშვილის ყურამდეც მივიდა. თურმე დამ უსაყვედურა, - ახალგაზრდა გოგოს რას ერჩოდიო? ახლა ნოდარი გადარეულა, რას მაბრალებთო? გაუგია ჩემი ტელეფონის ნომერი და დამირეკა: თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ ჩემზე. შევხვდეთ, ვისაუბროთო. - კარგი-მეთქი და შევუთანხმდი, რომ სასწავლებელში მოსულიყო იმ დროისთვის, როცა ლექციები დამიმთავრდებოდა... მოვიდა ინსტიტუტში და რომ დავინახე ეს გესტაპოსავით კაცი, ლაიკის ლაბადაში გამოწყობილი და შინდისფერი "ვოლგიდან" გადმობრძანებული, რაღაცნაირად შემეშინდა მისი და სახლში გავიპარე. საღამოს გადმომირეკა, მე კი მოვატყუე: იცით, 2 ლექცია გაგვიცდა და ვერ დაგელოდებოდით-მეთქი. არა უშავსო და შეხვედრა მეორე დღისთვის, "ლაღიძეებთან" დამინიშნა. არ მივედი. საღამოს გაცეცხლებულმა დამირეკა: ვინ გგონია შენი თავი? ერთ საათში მოსკოვში მივფრინავ, ამიტომ კეთილი ინებე და ჩემს ტყუილუბრალოდ ლანძღვას ჯობია, შენს კორპუსთან ჩამობრძანდე, თანაც ახლავეო! - ეს ისე მითხრა, უარი და მოტყუება ვეღარ გავბედე, ჩავედი. დამელაპარაკა, ამიხსნა ყველაფერი. საუბრისას ჩემი იმხელა ნდობა მოიპოვა, რომ მთაწმინდაზე გავყევი. მას მერე სულ ერთად მოვდივართ. ეს ადამიანი დღეს ჩემი მეუღლეა და მდიდრები ვართ შვილებით, შვილიშვილებით...
სხვათა შორის, როცა ნოდარს გავყევი, მერე მამიდამ მიამბო, რომ თურმე ჩემი დიდი ბაბუა, მამაჩემის დედის მამა ერმილე გოგიჩაიშვილი ჯუმათის მთავარანგელოზის მონასტრის დეკანოზი, წინამძღვარი ყოფილა და ჩემი ნოდარ ჩხარტიშვილი სწორედ ამ ტაძრის მამაოებს ეხმარებოდა. ჰოდა, იმასაც სულ აღვნიშნავ, ეტყობა ერმილე ბაბუას უნდოდა ჩვენი შეხვედრა, რადგან კარგი ადამიანი ხარ-მეთქი...
დაბოლოს, ჩემი სათხოვარია, "როცა წარმატების მატარებელი ჩამოგიქროლებს, მას აუცილებლად უნდა შეახტე" - ეს ასწავლეთ საკუთარ შვილებს და ისიც, რომ ხე ფესვების გარეშე არაფერია, ჩვენს წინაპრებზე ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ...
ლიკა ქაჯაია