"ბედნიერი დღეების" აბსურდულობა თბილისის კამერული თეატრის სცენაზე - გზაპრესი

"ბედნიერი დღეების" აბსურდულობა თბილისის კამერული თეატრის სცენაზე

"როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ!" - ასე "ხსნიდა" ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შესრულებულ საკუთარ პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს ირლანდიელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი სემუელ ბეკეტი. ნობელის პრემიის ლაურეატს საკუთარ შემოქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც მკვლევრები ძირითადად, აბსურდის დრამასთან აკავშირებენ, არასოდეს გამოუყენებია სიტყვა "აბსურდი".

სემუელ ბეკეტის შემოქმედება, რომელიც ძირითადად, ადამიანის არსებობის მიმართ პესიმისტური დამოკიდებულებითაა ცნობილი, თბილისის კამერული თეატრის სცენაზე გათამაშდა. "ბედნიერი დღეები", რომელიც უკაცრიელ და განადგურებულ დედამიწაზე დარჩენილი ორი ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, მაყურებელს რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ შესთავაზა.

გიორგი აფხაზავა, რეჟისორი:

- თეატრით ბავშვობაში დავინტერესდი. მოზარდ მაყურებელთა თეატრში სამსახიობო და სარეჟისორო სტუდიაში თეატრის მთავარ რეჟისორთან, გია კიტიასთან ვსწავლობდი, რომელიც მოგვიანებით თეატრალურ უნივერსიტეტში ჩემი პედაგოგი გახდა. ასე გროვდებოდა, ყალიბდებოდა აზრები და საბოლოოდ, ამ ფიქრებმა ხორცი კამერული თეატრის სახით შეისხა. მიტოვებული სარდაფის თეატრალურ სივრცედ გადაქცევა ხუთი წლის წინ მეგობრებთან ერთად განვიზრახვე. ფართის რეკონსტრუქცია ჩვენი სახსრებით მოვახერხეთ. ყველაფერი საკუთარი ფიზიკური შრომით ავაშენეთ. განათების აპარატურა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შევიძინეთ. სპექტაკლებს ხშირად გვიფინანსებს მერიის კულტურის სამსახური. იქიდან გამომდინარე, რომ სტაბილური დაფინანსება არ გვაქვს, მუდმივი დასი არ გვყავს.

- თეატრი პანდემიის პირობებშიც მუშაობდა?

- პანდემიის პერიოდში რეგულაციების დაცვით წარმოდგენებს მცირე პროექტების სახით ვდგამდით.

- სემუელ ბეკეტის "ბედნიერი დღეები" აბსურდის ჟანრია. ამ ჟანრში მუშაობა, ალბათ, ორმაგ პასუხისმგებლობას მოითხოვს. რამდენად მაღალი აღმოჩნდა მაყურებლის მიმღებლობა?

- ვფიქრობ, საზოგადოების მიმღებლობა ყოველთვის ზუსტი და შესაბამისი იქნება, თუკი ესა თუ ის ნაწარმოები სწორად და გასაგებად იქნება თარგმნილი თეატრის ენაზე. ასეთ შემთხვევაში კი თვით ძალიან რთულად აღსაქმელი ნაწარმოებიც მარტივად მისაღები ხდება.

- თუმცა, აბსურდის ჟანრი მაყურებლის ფართო მასშტაბზე გათვლილი მაინც არ არის...

- დიდი იმედი მაქვს, ჩვენი სპექტაკლი ამ მიდგომას აუცილებლად შეცვლის.

- მაყურებლისთვის სპექტაკლის მთავარი გზავნილი რა არის?

- მთავარი მოქმედი გმირი დადებითი მუხტის, სინათლის, იმედისა და რწმენის მატარებელი ქალია. მთავარი ამ სპექტაკლში ორი პოზიციაა – რწმენა და აბსოლუტური უიმედობა. ოპტიმიზმს, სინათლეს მივყავართ მარადიული სიცოცხლისკენ. როგორც კი ამას ვკარგავთ, როცა ვკარგავთ შეგრძნებას, რომ ჩვენ ადამიანები ვართ, ცოცხალ მკვდრებად ვიქცევით. ორი მთავარი გმირი დიამეტრალურად განსხვავებული პერსონაჟები არიან - ქალი აბსოლუტური სინათლის, მამაკაცი კი უიმედობისა და ურწმენოების ხორცშესხმა. თავისი უიმედობით ბოჭავს ქალს, თუმცა, ის ბოლომდე ცდილობს მეუღლის გადარჩენას.

- ახალ სპექტაკლზე უკვე მუშაობთ?

- სპექტაკლის პრემიერა, რომელიც ბერტოლტ ბრეხტის სამი პატარა პიესის მიხედვით შეიქმნა, რამდენიმე კვირაში გვექნება. რეჟისორი ანასტასია ნავროზაშვილი გახლავთ. მალე გადმოვიტანთ ჩვენს სივრცეში თოჯინურ სპექტაკლს - "დონ კიხოტი". ნამუშევარი რამდენიმე სხვადასხვა სცენაზე უკვე გათამაშდა და საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეც გახლდათ. ახლა კი ბინას ჩვენს კამერულ თეატრში დაიდებს. შემოდგომაზე თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტების შემოქმედებითი ოპუსების ჩვენებას ვგეგმავთ. ასე რომ, მაყურებელს ჩვენი თეატრისგან არაერთი სიახლე ელის.

bddd-1650271709.jpg

ცოტნე მაისურაძე, მსახიობი:

- აბსურდის ჟანრთან ამ სპექტაკლის საშუალებით შეხება პირველად მქონდა. ეს საკმაოდ სპეციფიკური, შესაბამისად, მეტად საყურადღებო ჟანრია. თითოეული დეტალი, სიტყვა, მოქმედება შინაგან ასოციაციებზეა აგებული. ბეკეტის მთელ შემოქმედებას თან სდევს ადამიანური არსებობის უაზრობის განცდა. ადამიანი დაბადებიდანვე აბსურდისთვისაა განწირული და ეს ქმნის ტრაგიზმს. რაც შეეხება გამომხატველობის ფორმას, კლასიკურ და აბსურდულ პიესას შორის განსხვავება ამ შემთხვევაშიც რადიკალურად განსხვავებულია. ერთ ფიქრს, ერთ ემოციას განუწყვეტლივ ცვლის ახალი, განსხვავებული ემოცია. შესაბამისად, მის ზუსტად გადმოსაცემად მუდმივად ახლის ძიებაში, ახალი შეგრძნების ძებნაში ხარ. განწყობა მუდმივად იცვლება.

- მაყურებელმა კონკრეტულად თქვენი როლი როგორ შეაფასა?

- მიუხედავად იმისა, რომ თემები მუდმივად იცვლება და ერთი შეხედვით, მათ შორის ლოგიკური ბმა არ არის, მაყურებელი ადვილად მიჰყვა მთავარ ხაზს. ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ მაყურებელი არ "დაკარგო", ბოლომდე "გაიყოლო" და საბოლოო დასკვნამდე "მიაცილო".

- თქვენთვის რა იყო სპექტაკლის მთავარი სათქმელი?

- ეს გახლავთ ადამიანის მონოტონური ყოველდღიურობა, სადაც წამიერად ჩნდება იმედები, ღიმილი და შემდეგ ყველაფერი ისევ რუტინას უბრუნდება. გაუცხოება საკუთარ თავთან და შესაბამისად, შემდეგ უკვე გარემოსთან. ბეკეტის სამყაროში დრო არ იძვრის, მისი პერსონაჟები სამყაროში დაკარგულები არიან. ყველა დღე მონოტონურია, ირგვლივ სულ მოწყენაა. ერთადერთ ნათელ წერტილად კი სიკვდილი მოჩანს. მწერლის პიესებში პერსონაჟებს არა მარტო რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული, ფიზიკური გადაადგილების უნარიც დაქვეითებული აქვთ.

- თეატრთან თანამშრომლობას სამომავლოდაც აპირებთ?

- ბუნებრივია, რადგან ეს არის სივრცე, სადაც ადამიანებს ნამდვილად უყვართ თავისი საქმე, აქვთ სურვილი შექმნან ახალი პროდუქტი და მისი საშუალებით მაყურებელსაც განაცდევინონ ის, რასაც თავად განიცდიან. კამერული სივრცე ამის საშუალებას დამატებით იძლევა, რადგან მაყურებელსა და სცენას შორის აქ განსაკუთრებული კავშირია. შესაბამისად, პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იმატებს. ყოველი სიტყვა, ჟესტი თუ მოძრაობა ნამდვილი, "ნატურალური" უნდა იყოს, რადგან სიყალბე მაშინვე შესამჩნევი ხდება.

godot-web-banner-with-billing-1650271742.jpg

1976 წელს სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ თეატრში 400 ტუსაღის წინაშე დადგეს სპექტაკლი "გოდოს მოლოდინში". სპექტაკლი სამ საათს გაგრძელდა და პატიმრები, რომლებსაც განზრახული ჰქონდათ წარმოდგენის ჩაშლა, სუნთქვაშეკრული უყურებდნენ წარმოდგენას. რთული ინტელექტუალური პიესა, რომელსაც კრიტიკოსები, ლიტერატორები, ხელოვანები დიდი გულმოდგინებით აანალიზებდნენ, პირველივე სიტყვებიდან გასაგები და ნაცნობი გახდა ადამიანებისთვის, რომელთა ინტელექტი და განათლების დონე, სავარაუდოდ, არც ისე სახარბიელო იყო. ოთხასმა ტუსაღმა საკუთარი ცხოვრების სპექტაკლი იხილა. ის, რის გაანალიზებასაც ინტელექტუალები დიდი ძალ-ღონით ცდილობდნენ, ამ პატიმრების ყოველდღიურობა იყო. ბეკეტის პერსონაჟებივით ისინიც საპყრობილეში, იგივე აბსურდის სამყაროში იყვნენ დამწყვდეული.

შორენა ლაბაძე