"მან მეორედ მაჩუქა შვილის სიცოცხლე, სასწაული მოახდინა ჩვენთვის" - გზაპრესი

"მან მეორედ მაჩუქა შვილის სიცოცხლე, სასწაული მოახდინა ჩვენთვის"

21 წლის ლაშა სახეჩიძე შარშან, 29 მაისს დაჭრეს, როდესაც რეპეტიციაზე მივიდა. ლაშა სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „აფხაზეთის“ სოლისტია. იმ დღის შემდეგ აღარ უცეკვია; იმ დღის შემდეგ მის მშობლებს და ძმებს ლაშას ხმა აღარ გაუგიათ.…მეგობრები ამბობენ, რომ ამ ამბავმა მათი ცხოვრება შეცვალა. ლაშამ დაარწმუნა ისინი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როდესაც უიმედო მდგომარეობაში ხარ და რაც მთავარია, ამ შემთხვევამ უამრავ ახალგაზრდას დაანახვა, რომ ერთ ადამიანს ცოტა რამის გაკეთება შეუძლია, ერთად დგომით კი ბევრად მეტს შეძლებ. მიუხედავად ბევრი ადამიანის დახმარებისა, ლაშას რეაბილიტაციის ხარჯს ოჯახი ვეღარ სწვდება. იქნებ შევძლოთ და კიდევ ერთ ახალგაზრდას მივცეთ შანსი იცოცხლოს და კვლავაც ისეთივე ლაღი და ხალასი იყოს, როგორიც ადრე.

თამილა წიწილაშვილი, ლაშას დედა:

- ლაშას ბავშვობიდან უყვარდა ცეკვა, მისი სამომავლო გეგმებიც, რა თქმა უნდა, ცეკვას უკავშირდებოდა. ძალიან კარგი ბიჭია, კარგი შვილი. განა დედა რომ ვარ, ამიტომ ვამბობ, მაგრამ თავიდანვე განსხვავებული იყო - მოწესრიგებული, ზრდილობიანი, გულისხმიერი. ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა მის ცხოვრებაშიც და ჩვენსაშიც.…

- ვიცი, რთულია გახსენება, თუ რა მოხდა იმ დღეს...…

- წინადღეს მის მეგობრებსა და ვიღაც ბიჭებს შორის შელაპარაკება მომხდარა სიგარეტის გამო. ლაშა იქ არ იყო, მეორე დღეს სტუდიაში რომ მივიდა, ისინიც მაგ დროს მისულან საქმის გასარჩევად. მშობლები, რომლებიც ცეკვის გაკვეთილის დასრულებას ელოდებოდნენ, შეესწრნენ ამ ყველაფერს. კართან მდგარა ის ბიჭი, ვინც ჩემი შვილი დაჭრა. თურმე ტელეფონით საუბრობდა, უცებ გაუთიშავს და დანა მოუქნევია ლაშასთვის. გამეტებით ჩაარტყა გულში, გამავალი ჭრილობა იყო და ბევრი ორგანო დაზიანდა. ლაშა სისხლისგან იქვე დაიცალა და ალადაშვილის სახელობის კლინიკაში რომ შეჰყავდათ, გული გაუჩერდა. მისი დიაგნოზია გულის ტრავმა ჰემოპერიკარდიუმით, პლევრის ტრავმა, მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა, ჰიპოვოლემიური შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

რომ არა ლევან ბესელია, ალბათ დღეს შვილი აღარ მეყოლებოდა, მან გული აუმუშავა და მართლაც მეორედ მაჩუქა შვილის სიცოცხლე, სასწაული მოახდინა ჩვენთვის. ამიტომაც ვამბობ ხოლმე, ეს ექიმი ჩემი ღმერთია-მეთქი დედამიწაზე. არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა, შანსი არ იყო არც ერთი პროცენტი. 7-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, თვე-ნახევრის შემდეგ წამოვიყვანეთ და უკვე სახლში მოდიოდნენ ექიმები. მერე კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეექმნა და გადავიყვანეთ „ჯერარსის“ კლინიკაში, სადაც კვლავ დამძიმდა. გადავწყვიტეთ სარეაბილიტაციოდ საზღვარგარეთ წაგვეყვანა და გერმანია შევარჩიეთ. ჩემი მეუღლე გაჰყვა. 2 თვის მკურნალობის თანხა შევაგროვეთ, მაგრამ იქ უთხრეს, დიდი ხანი დასჭირდება რეაბილიტაციას, ეს თანხა კი არ გეყოფათ და ისევ საქართველოში დაბრუნდითო. ჩემმა მეუღლემ იმდენს მიაღწია, რომ სხვა კლინიკაში გადაეყვანა, მაგრამ იქ სხვა პრობლემები შეიქმნა და 3-4 თვის შემდეგ, როდესაც საქართველოში დაბრუნდნენ, ისევ ალადაშვილის კლინიკაში, ლევან ბესელიასთან მივიყვანეთ. ძალიან მძიმე მდგომარეობით ჩამოვიყვანეთ გერმანიიდან. ფაქტობრივად, ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა და სასიცოცხლო მაჩვენებელი თითქმის აღარ არსებობდა. ნემსს ვერ გაუკეთებდი, ისეთი გამხდარი იყო, ძვალი და ტყავი გახლდათ დარჩენილი. ლევანმა მაშინ კიდევ ერთხელ გადამირჩინა შვილი, არადა, გერმანიაში გვითხრეს, წარმოუდგენელია ამის მორჩენაო.

235324392-2067658996730437-3747733238371460286-n-copy-1650280839.jpg

- ის, რომ ლაშას გასტროსტომა აღარ სჭირდება და ბგერების თქმას ახერხებს, იძლევა იმედს, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა მკურნალობა ძალიან ძვირია, არა?

- ლევანი ყოველ კვირას მოდის ჩვენთან; მოდიან სხვა ექიმებიც: რეაბილიტოლოგი, ლოგოპედი, თერაპევტი. გარდა ამისა, ყოველ კვირას სჭირდება ძვირად ღირებული ანალიზები. ექიმები ამბობენ, რომ დროა საჭირო. ნელ-ნელა გონზეც მოდის, ბგერების თქმაც დაიწყო. ამდენი ხნის შემდეგ პირველად თქვა „მამა“. ემოციებსაც გამოხატავს. ნევროლოგმა მითხრა, რომ ნათელი ცნობიერება აქვს, ხვდება თავის მდგომარეობას და ამიტომაც ტირის ხოლმე, როდესაც მეგობრები სანახავად მოდიანო. არადა, ბევრი მეგობრები ჰყავს, ისინი დღემდე ჩვენ გვერდით არიან.

ლევანმა რომ გვითხრა, შეიძლება მდგომარეობა არ გაუმჯობესდესო, ანუ ასეთი პაციენტები საწოლს ეჯაჭვებიან და რამდენიმე წელს ცოცხლობენო, ვუთხარი, რომ ამის გაფიქრებაც კი არ მინდოდა და ამას არ დავუშვებდი. იმ ღამეს დიდხანს ვეხვეწე უფალს... ღმერთს ვთხოვდი, ასეთი ტანჯვისთვის არ გაიმეტო ჩემი შვილი, მირჩევნია, ახლავე წაიყვანო-მეთქი. გათენდა და სწორედ იმ დილით მოხსნეს ლაშა აპარატიდან... არავის სჯეროდა, რომ გადარჩებოდა, მე კი ერთხელაც არ გამივლია გულში, რომ ის აღარ მეყოლებოდა! მაძლიერებს იმედი, რომ ლაშა ფეხზე დადგება და ეს აუცილებლად მოხდება. ამდენი ხნის განმავლობაში ცრემლი არ დამინახვებია მისთვის. ერთადერთხელ, დედის დღეს მაკოცა და მაშინ ავტირდი...…

რაც გულით გინდა, ყველაფერი გამოგივა, მაგრამ დღეში ხან 600-700 ლარიც კი გვჭირდება, ზოგჯერ - მეტიც. 21 მარტს გავუკეთეთ მარჯვენა ხელსა და ფეხზე ბოტოქსი, რომელიც ადუნებს კუნთებს და რეაბილიტოლოგს შესაძლებლობას მისცემს, მაქსიმალური დატვირთვით იმუშაოს. მხოლოდ ამ ბოტოქსის ღირებულებამ შეადგინა 4.600 ლარი. ლაშას მეგობრების და ხალხის დახმარებით მოვედით დღემდე. ახლა, პატარა იმედს რომ ხედავენ, კიდევ მეტს ინდომებენ და მეხმარებიან უცხო ადამიანებიც კი; ისინი, ვინც საერთოდ არ იცნობს ლაშას...

P.S. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

სიმბოლურად 1 ლარი ნომერზე: 0 901 000 884

„საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე: #GE74BG0000000101023232

მიმღები: ლევან სახეჩიძე;

„თიბისი ბანკის“ ანგარიშზე: #GE42TB7140445064300024

მიმღები: ლევან სახეჩიძე

Tamilawiwilashvili82@gmail.com am meilis meSveobiT SegiZliaT gadmoricxoT Tanxa nebismieri qveynidan: https://paypal.me/lashastvis?locale.x=en-US

ნინო ჯავახიშვილი