მარიამ ვეფხვაძე - 62 წლის "ყველაზე აქტიური პერსონა" - გზაპრესი

მარიამ ვეფხვაძე - 62 წლის "ყველაზე აქტიური პერსონა"

გამთენიის ხუთ საათზე სამსახურში მიდის. იქამდე ათი კილომეტრი უნდა გაიაროს. მანძილს სპეციალური მაჯის ხელსაწყო ითვლის, რომელიც ყველა მორბენალის განუყოფელი აქსესუარია. გზა ზოგჯერ მანქანით, ზოგჯერ ველოსიპედით, ხანდახან კი ფეხით იფარება...

ექვსზე პაციენტი უნდა მიიღოს. მარიამ ვეფხვაძე უკვე 37 წელია დიალიზის ანუ ხელოვნური თირკმლის ექთანია. მუშაობს სხვადასხვა კლინიკაში და მოთხოვნის მიხედვით ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს. ამბობს, რომ აქვს პროფესია, რომლის საშუალებითაც შეუძლია ადამიანებს არგოს. ამ უპირატესობის უგულებელყოფა კი დანაშაული იქნებოდა. შესაბამისად, კოვიდპანდემიის პერიოდში პაციენტებს კლინიკების გარდა ბინაზეც ემსახურებოდა. უსასყიდლოდ.

2018-19 წლის ყველაზე აქტიურ პერსონად და ასევე, წლის ბებიად დასახელებული ქალბატონი მარიამი ტრაბზონიდან მეორე საპრიზო ადგილით ახლახან დაბრუნდა. წინა ორ მარათონთან შედარებით, შედეგი 11 წუთით გააუმჯობესა და მომავალი შეჯიბრებისთვის მზადებაც უკვე დაიწყო.

- სპორტი ბავშვობიდან მაინტერესებს. სიგრძეზე მხტომელი ვიყავი. თელავის რაიონის სოფელ აკურიდან ვარ. როცა მასწავლებელმა შენიშნა, რომ ამ მხრივ გამოვირჩეოდი, მწვრთნელი ამიყვანა - ვიქტორ სანეევის მეგობარი, ზეზვა ალხანაიძე. ძალიან მიჭირდა, ვარჯიშისთვის ადგილზე მისასვლელად ჩვიდმეტი კილომეტრის გავლა მიხდებოდა. თექვსმეტი წლის ასაკში შეჯიბრებაზე ხუთ მეტრსა და ცხრა სანტიმეტრზე გადავხტი.ნუხა გაგოშიძე ჩემს მშობლებთან მივიდა და სთხოვა თბილისის სპორტულ სკოლა-ინტერნატში გავეშვი. მთავაზობდნენ უმაღლეს განათლებასაც, მაგრამ მშობლებმა ამის ნება არ დამრთეს. ასე დასრულდა იმ ეტაპზე ჩემი "სპორტული კარიერა" (იცინის). შვილები რომ გაიზარდნენ, ისე დაემთხვა, რომ ისევ ნუხა გაგოშიძესთან მოვხვდი. მისი ინიციატივით მოწყობილ ხუთკილომეტრიან გარბენებზე შვილებთან ერთად დავრბოდი ხოლმე. ვმონაწილეობდით საოჯახო შეჯიბრებებში და მარათონს პირველი ადგილით ვტოვებდით. მეუღლე მოჭიდავე იყო, აფხაზეთის ომში დაიღუპა. როცა უკვე შვილები დავაბინავე, ჩემი სახლი დატოვეს და ცალკე გადავიდნენ, თავი მარტო ვიგრძენი. თავისუფალი დროც გამომიჩნდა და რეგულარული ვარჯიში დავიწყე. ეს იყო ექვსი წლის წინ...

156235981-481314569940333-7732845880195713860-n-copy-1650281385.jpg

- გარბენებზე ხშირად შვილიშვილებთან ერთად ჩნდებით...

- დიახ, სპორტულ ცხოვრებაში ისინიც აქტიურად ჩავრთე. შვიდი შვილიშვილიდან სამი კანადაში ცხოვრობს. ერთ-ერთი, ანა-სოფია, იქ წარმატებული ბალერინაა. აქ მყოფ შვილიშვილებს უკვე სამჯერ აქვთ თბილისი მარათონი მოგებული. ჩვენმა ცნობილმა მორბენალმა, ჰამლეტ მამიკონიანმა, რომელსაც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის საქმეში უდიდესი წვლილი აქვს, სირბილში ბავშვებიც აქტიურად ჩართო. ბავშვებთან მუშაობა ადვილი არ არის, მაგრამ ჰამლეტი თავს არ ზოგავს. ყოველი გარბენის წინ ასპარეზს ჯერ ბავშვებს ვუთმობთ. ჰამლეტი უკლებლივ ყველას მედლით აჯილდოებს, რომ გული არავის დასწყდეს. ამის შემდეგ იწყება ხოლმე ზრდასრულების გარბენი.

- თქვენთვის არც სამთო გარბენებია უცხო. კვების სპეციალურ რეჟიმს იცავთ?

- განსაკუთრებული კვება ნამდვილად საჭიროა, თუმცა, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. სრულფასოვანი კვება დღევანდელ რეალობაში ადვილი არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ წყალი არ მიყვარს. გარბენის წინადღეს ჩემითვე გადასხმას ვიკეთებ ხოლმე, რომ წყლის გამო პრობლემა არ შემექმნას. მენისკი მაქვს დაზიანებული. ოპერაციაც დამჭირდა, თუმცა, თავს მაინც მახსენებს. თიაქარიც მაქვს ხერხემალზე, რადგან ხშირად პაციენტების აწევა მიხდება. მაგრამ ჯერჯერობით, სირბილს შეუფერხებლად ვახერხებ. პირიქით, ვფიქრობ, სირბილის გამოა, რომ ის უფრო არ მწვავდება. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. წარმოიდგინეთ, გამუდმებით კორონავირუსიანებთან ვმუშაობდი და პანდემიამ ისე ჩაიარა, არ შემხვედრია.

- ტრიატლონშიც მონაწილეობთ ხოლმე?

- წყლიდან უგონო ამომიყვანეს და მას შემდეგ წყლის შიში მაქვს. ვცურავ ხოლმე, თუმცა, პროფესიონალურად არ მიცდია. ამის გამო ტრიატლონში მონაწილეობის მიღებისგან, ჯერჯერობით, თავს ვიკავებ. ცურვის ნაცვლად თუ სროლა, შუბი ან იარაღი იქნება, აუცილებლად ვცდი. ახლახან სპორტული ველოსიპედი შევიძინე და შეჯიბრებაზე გასვლას ვაპირებ. შარშანწინ პირველად დავდექი თხილამურებზე და მაშინვე უმაღლესი მწვერვალიდან დავეშვი.

215279200-575808453824277-6588391974433477433-n-copy-1650281402.jpg

- გარშემო მყოფები გბაძავენ?

- ვცდილობ, მაგრამ ძალიან მიჭირს მათი ცხოვრების წესის შეცვლა. მარიკა ჯამასპაშვილი ჩავაბი სპორტულ ცხოვრებაში და ახლა უკვე თავს ნახევარ მარათონსაც ართმევს და მარათონსაც. ველოსიპედიც შეიძინა და სერიოზული გეგმები აქვს.

- არასოდეს გიგრძნიათ გარშემო მყოფებისგან არასერიოზული დამოკიდებულება იმის გამო, რომ დარბიხართ?

- ნეტა რა დაგარბენინებსო, უთქვამთ. ცუდად როცა ვარ, მაშინ დავრბივარ და იმდენად ხშირად ვარ ცუდად, რომ ჩემპიონი გავხდი-მეთქი - ვეუბნები ხოლმე (იცინის). არ ვაქცევ ყურადღებას ვინ რას იტყვის. ყველაფრის სწავლა მინდა მოვასწრო და იგივე მიდგომა მაქვს შვილიშვილების შემთხვევაშიც. წინ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს განსახორციელებელი. მზე, ბუნება მიყვარს, მთელი საქართველო შემორბენილი მაქვს.

- თქვენს ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოში სულ რამდენიმე მორბენალია. სხვა ქვეყნებშიც ასეა? საქართველოში ეს უფრო სტიგმას ხომ არ უკავშირდება?

- საზღვარგარეთ ეს ცხოვრების წესია და შესაბამისად, მათი რაოდენობა შეჯიბრებაზეც ბევრად მეტია. ჩვენთან ამას სოციალური პრობლემებიც ხელს უშლის და რა თქმა უნდა, ბევრს ეუხერხულება კიდეც.

- მომავალი ტურნირისთვის უკვე ემზადებით?

- უახლოესი ტურნირი თურქეთშია. ჩემი მეგობრები თუ გადაწყვეტენ წამოსვლას, მეც წავალ. ტრაბზონში უკვე აღარაა რთული, ყველაფერი ვიცი. შარშანწინ ერთად თექვსმეტი წავედით და ხუთი თასი ჩამოვიტანეთ, წელს - სამი.

- ულამაზესი ეზო გაქვთ...

- ეზოს, ყვავილების, ბოსტნის, ხეხილისა და ვაზის მოვლა ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე და სიამოვნებაა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ არაჩვეულებრივ ღვინოს ვაყენებ. თითქმის ყველა ჯიშის ყვავილი მაქვს. უკვე სამი წელია წელიწადში ერთხელ ჩემს ეზოში გოგრის ფესტივალს ვატარებ ხოლმე. ოქტომბერში თათარას ვადუღებ, ჩურჩხელებს ვავლებ, გლინტვეინს ვამზადებ, ზუსტ დროს ვაანონსებ და ყველას ჩემს ლამაზად მორთულ ეზოში გოგრის ფესტივალზე ვეპატიჟები. რაოდენობა შეზღუდული არ არის. სხვადასხვა სახეობის გოგრა მომყავს. ხეზე ვკიდებ, "შევმოსავ", დეკორატიულად ვრთავ. საკუთარ თავს ცხოვრებას თავად ვულამაზებ. არავის არ უნდა დაელოდო ამისთვის. პრობლემაც ბევრი მაქვს, დარდიც, მაგრამ ვცდილობ, არასოდეს ავყვე მოწყენას. ბედნიერი ვარ, როცა საქმე მაქვს.

შორენა ლაბაძე