რამ გააკვირვა სტუდენტები, როცა ავლიპ ზურაბაშვილის სახლში პირველად მივიდნენ - გზაპრესი

რამ გააკვირვა სტუდენტები, როცა ავლიპ ზურაბაშვილის სახლში პირველად მივიდნენ

სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ნუნუ ლაითაძეს ძალიან მოსწონდა ლექციები, იქაური ატმოსფერო, მაგრამ მოულოდნელად სხვა უმაღლეს სასწავლებელში აღმოჩნდა... თუ რატომ, ამაზე თავად გვიამბობს. ქალბატონი ნუნუ მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი გახლავთ. ის ხალისითა და იუმორით მესაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე.

- სოლოლაკში გავიზარდე, ის დრო ძალიან კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდგომი, გაჭირვების პერიოდი იყო. მამაჩემი - შალვა ჰიდროინჟინერი გახლდათ. მისი გაყვანილია წყალსადენები ბულაჩაურში, კოჯორში, მანგლისში... მეტისმეტად მშვიდი და წყნარი, პატიოსანი კაცი იყო, მართლა უყვარდა ყველა თანამშრომელს და ამას მაშინ მივხვდი, როცა გარდაიცვალა. დედა მყავდა გვარად ნემიროვიჩ-დანჩენკო, ბევრს რუსი ეგონება, მაგრამ არა, უკრაინელია. ცნობილი თეატრალური მოღვაწის, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს ახლო ნათესავები იყვნენ. 4 ძმიდან სამი ლენინგრადში წავიდა, მხოლოდ ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა დარჩა საქართველოში. დღემდე კარგად მახსოვს დედას მამიდა, ბრწყინვალე და გამოპრანჭული ქალბატონი! მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან კარგი ოჯახი იყო. დედაჩემი არაჩვეულებრივად საუბრობდა რუსულად და ქართული იცოდა ბევრად უკეთ, ვიდრე მე, სულ დასცინოდა ჩემს ქართულს.

- რატომ, კარგად არ სწავლობდით?

- ოთხიანი არ მიმიღია, სკოლა ისე დავამთავრე. რუსულ სკოლაში შემიყვანეს, რასაც დიდ შეცდომად ვთვლი და ახლაც არ ვპატიობ მშობლებს, მაგრამ მაშინ მოდა იყო. შეიძლება ითქვას, სკოლაში სუფევდა სამხედრო დისციპლინა, ყველაფერში საოცარ სიმკაცრეს იჩენდნენ. მხოლოდ სწავლაზე ვიყავით აქცენტირებული და ყველას ფრიადოსნობა გვინდოდა. პიონერთა სასახლეში თეატრალურ წრეზე დავდიოდი, კოტე სურმავა იყო ხელმძღვანელი. დავდგით სპექტაკლი „ლენინის ოჯახი“, სადაც ლენინის დედის როლს ვთამაშობდი. უცნაურია ბავშვებისთვის ასეთი წარმოდგენა, რატომ ლენინი? მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. რამდენიმე ფრიადოსანი მოსწავლე დაგვაჯილდოეს და გემით „გრუზია“ წაგვიყვანეს ბათუმიდან ოდესაში და უკან. თეატრი ძალიან მიყვარდა, მაგრამ მერვე კლასში ჩემმა მკაცრმა დედამ გამომიცხადა: მორჩა შენი თეატრი, მსახიობობას ხომ არ აპირებ? ეგღა გვაკლიაო და გამომიყვანა თეატრალური ჯგუფიდან. იმერელმა, ქუთაისელმა მამამ კი მითხრა: რა მსახიობი, გოგო, ყვავს ჰგავხარო. ასე დასრულდა ჩემთვის თეატრი.

სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ყოველგვარი გამოცდის გარეშე (ამის უფლებას მაძლევდა მედალი) უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ჩავირიცხე. აღფრთოვანებული ვიყავი, ისე მომწონდა ლექციები. ჩემი მეგობარი ნანა ქურდიანი, ასევე ოქროსმედალოსანი სამედიცინოზე შევიდა მშობლების სურვილით, მაგრამ საშინლად არ უნდოდა მედიცინა, დღე და ღამე ტიროდა. ნანას დედამ და დედაჩემმა მოილაპარაკეს და ჩვენ დაუკითხავად გადაიტანეს საბუთები, ადგილები გაგვიცვალეს... ასე აღმოვჩნდი სამედიცინოზე და უკვე მე ვტიროდი, ზუსტად ერთი კვირა. მერე წავედი ინსტიტუტში, სხვა რა გზა მქონდა.

- როგორ შეეგუეთ ახალ ინსტიტუტს?

- თავიდან გამიჭირდა, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. უნივერსიტეტში რაღაც აკადემიურად ვიქცეოდით, აქ კიდევ, ლექციებზე რომ მივედი, პირველი, რაც თვალში მომხვდა, იყო ორი გოგონა, რომლებიც კიბის მოაჯირზე ისხდნენ და ფეხებს აქანავებდნენ. ტკბილი, მხიარული, ყოველმხრივ კარგი ჯგუფი და კურსი შემხვდა, დავმეგობრდით. გვასწავლიდა ბატონი ავლიპ ზურაბაშვილი, მისი შვილი ზურაბი ჩემი კურსელია. მე და ზურიკოს ერთად გვიწევდა გამოცდებზე შესვლა, ჯგუფის სიაში ჩვენი გვარები ახლოს იყო ერთმანეთთან. როგორც წესი, ზურიკო გამოცდის წინადღეს დამირეკავდა და მეტყოდა: ბოლო ფურცელზე მივედი და ყველაფერი ვისწავლეო. მე ვპასუხობდი: რატომ იტყუები-მეთქი? ჯგუფელები, ყველანი ვმეგობრობდით. ზურიკოსთან სახლში ხშირად მივდიოდით. მისმა დედამ, შვედმა ჰელენამ ქართული არ იცოდა, ძალიან თბილი და მზრუნველი ქალბატონი ყოველთვის სიამოვნებით გვიწყობდა სუფრას. პირველი, რამაც ყველანი გაგვაკვირვა, მათი კერძო დიდი სახლი იყო იმიტომ, რომ არც ერთ ჩვენგანს მსგავსი სახლი არ გვქონდა და მანამდე არც გვენახა. მახსოვს ორსართულიან შენობაში იყო დიდი ლოჯია, საბილიარდო. შევდიოდით ბატონ ავლიპთან კაბინეტში, რომელიც მუდამ წიგნებში ჩაფლული იჯდა და წერდა. შვილის მეგობრებს აუცილებლად მოგვიკითხავდა და უნდა ბევრი ისწავლოთო, - ამ სიტყვებს ხშირად გვიმეორებდა.

- თქვენი შვილი, ნეიროქირურგი ირაკლი ჭელიშვილი თავის დროზე მუსიკალური ჯგუფის „სოფთ ეჯექთის“ წევრი (პეჩო) იყო. ქალბატონო ნუნუ, თქვენ თუ უკრავთ ან მღერით?

- არ მიყვარს არც დაკვრა და არც სიმღერა. ჩემი ქმარი მიხეილი (ნეიროქირურგი) ძალიან კარგად მღეროდა, არაჩვეულებრივი სმენა და ლამაზი ხმა ჰქონდა. მისი ნიჭი გამოჰყვა ირაკლის. 90-იანი წლების სიბნელისა და შიმშილის პერიოდი ჩვენმა ოჯახმა ასე გავატარეთ - მამა-შვილი შუა ოთახში იჯდა და უკრავდა, მე კიდევ პატარა ოთახში ვიწექი და ვყვიროდი: "როდის გაჩუმდებით?" აბსოლუტურად უნიჭო ვარ სიმღერაში, არც გარეგნობით გამოვირჩევი და ჩემს მეუღლეს ვეკითხებოდი: რამ გაგაგიჟა, რომ დამდევდი-მეთქი? დაფიქრდებოდა ხოლმე: იცი რა, შენმა ლაპარაკმა მომხიბლაო. ჩემი ქმარი მართლა ლამაზი კაცი იყო: თხელი, მაღალი. ანეკდოტია - ახალგაზრდები როცა ვიყავით, სადაც მივიდოდით, ყველა ამბობდა, ბიჭი სჯობსო. 20 წლისა გავთხოვდი, ქალ-ვაჟი შემეძინა.

- ოჯახის საექიმო ტრადიციას თქვენი შვილიშვილი აგრძელებს, არა?

- სოფიო ჭელიშვილი სამედიცინოზე, მეოთხე კურსზე სწავლობს, მაგრამ ჩვენ ვაიძულეთ. იცით, რატომ? საოცრად ნიჭიერია. მისი ცხოვრება არის სულ სწავლა და წიგნები, წიგნები... ბრწყინვალედ ლაპარაკობს ინგლისურად და გაგიჟებით უყვარს მათემატიკა. ოცნებობდა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ „ნასაში“ წავიდოდა სამუშაოდ... გადავაფიქრებინეთ. ჩვენ ვთხოვეთ, დავიფიცეთ და პირობა მივეცით, რომ საბუთები შეეტანა სამედიცინოზე და ერთი წლის მერე გამოვიყვანდით. პირველი კურსი როცა დაამთავრა, ვკითხე: რომელიმე საგანი მოგეწონა-მეთქი? მან მიპასუხა: მივხვდი, რომ აქ საინტერესოა იმიტომ, რომ ჰისტოლოგია ვისწავლეო. ბავშვს რომ ჰისტოლოგია მოეწონება, ეს უკვე პათოლოგიაა. ყველას სძულს უჯრედის აგებულება, ამას - მოსწონს. მისთვის სწავლა სიამოვნებაა.

- პაციენტები მადლიერებას როგორ გამოხატავენ?

- ამას ყოველდღიურად ვგრძნობ, ეს ბედნიერებაა. მადლიერება განსაკუთრებულია მაშინ, როცა ლოცულობენ ჩემ თვალწინ და ღმერთს მადლობას ეუბნებიან. ასეთი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში ხშირად ყოფილა. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი. მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ ხოლმე, - არ მითხრათ, დიდხანს იცოცხლე! ისედაც დიდხანს ვიცოცხლე.

- ცნობილი ადამიანების შესახებ რას გაიხსენებთ, ვინც თქვენი პაციენტი ყოფილა?

- ერთი ცნობილი მომღერალი მამაკაცი (სამწუხაროდ გარდაიცვალა) მოვიდა კონსულტაციაზე, წელი სტკიოდა, რადიკულიტი ჰქონდა. გამიხარდა ჩემთან რომ მოვიდა, ძალიან თბილად მივიღე. გამოვუწერე წამალი - სპრეი, რომელიც უნდა მიესხურებინა დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს. მხიარული კაცი იყო, სამი დღის მერე მოდის და მეუბნება: "ექიმო, ეს რა მიქენით, დამღუპეთ!" გაკვირვებული ვარ... თურმე სპრეის ყელში ისხურებდა. ძალიან გავბრაზდი, ეს როგორ მოიფიქრა, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა.

ბელა მირიანაშვილი იყო ნათელა ბარათაშვილის პაციენტი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ნათელას გვერდით ვიჯექი კაბინეტში. ბელამ ნახევარი ცხოვრება ჩვენთან გაატარა, ყველაფერს ვისმენდი და მაინტერესებდა. ის იყო ძალიან სიმპათიური, თბილი ქალი. ბელა ჩვენი კურსელის კლასელი გახლდათ და იქიდანაც ვიცნობდი. ნათელა მასთან ყოველი შეხვედრის დროს კვდებოდა... ყველაფერს უკეთებდა. იმდენი მოახერხა, რომ პოლონეთში გააგზავნა ცნობილ ნევროლოგთან, რომელიც ზურგის ტვინზე მუშაობდა. მახსოვს ის ტრაგიკული მდგომარეობა, როცა ბელა ფეხებს უკვე სხვანაირად დგამდა...

nun-1-1650365635.jpg

- დღეს არ მეგულება ადამიანი, ვისაც მეტ-ნაკლებად ნევროზული ფონი არ გასდევს. თქვენ რა ტენდენციებს გამოყოფთ და რა არის მთავარი, რასაც ურჩევთ ხოლმე პაციენტებს?

- ჩემი თავი მეცოდება, რომ მოვხვდი იმ პერიოდში, სადაც ყოველ მეორეს ნევროზი აქვს. ადამიანი შემოდის კაბინეტში ისეთი ჩივილით და დეპრესიით, რომელიც 20 წლის წინ იშვიათობა იყო. იშვიათი ავადმყოფობა ნორმა გახდა. ყველას აქვს თავის ტკივილი, უძილობა... მილიონერებიც არ არიან ბედნიერები, მომავლის შიში აქვთ, ძალიან არიან ემოციურად დათრგუნვილები. ასე რომ, ფული არაფერს ნიშნავს. 80 წლის ვხდები და არასოდეს გამიგია დიაგნოზი: „მენეჯერის სინდრომი“, ახალია „ქრონიკული დაღლილობის სინდრომიც“. მსგავსი რამ, აქამდე არ ყოფილა. თითქოს მენეჯერი რა შუაშია, მაგრამ წარმოიდგინეთ მენეჯერები რამდენად დეპრესიულები არიან, რომ ამ დიაგნოზს ვწერთ.

მახსოვს, ომის შემდგომ პერიოდში ერთი კაბა გვქონდა ორ ამხანაგს და რიგრიგობით ვიცვამდით, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობდით. ახლა ბედნიერი თითქმის აღარავინაა; დავკარგეთ უნარი, ვიყოთ ბედნიერები. მთხოვენ წამალს... მჭირდება დიდხანს საუბარი, რომ პაციენტი მიხვდეს, წამალი არ არის გამოსავალი! ის მხოლოდ ცოტას გეხმარება. არ შეიძლება, როცა აღარც ყვავილი მოგწონს, აღარც შვილი, აღარც ქმარი... თუ შენ ნევროპათოლოგი ხარ და ნევროზთან გაქვს საქმე, უნდა შთააგონო პაციენტს, რომ ცხოვრებაში არსებობს სიამოვნება. მაგალითად, ქალი, რომელიც იყიდის ახალ კაბას, ის ბედნიერია მთელი კვირა... როდის გაიცინეთ ბოლოს მთელი გულით? - ამას ვეკითხები შუახნის ასაკის ქალბატონებს და ვერ იხსენებენ. ისინი არაფერზე ფიქრობენ შვილების გარდა. შვილი შვილად, მაგრამ ქალმა უნდა ისიამოვნოს თავადაც, არ ესმით და ეს არის მთავარი უბედურება.

ნანული ზოტიკიშვილი