რატომ დაარქვეს ირმა გორდელაძეს "თანამედროვე დარიკო" - გზაპრესი

რატომ დაარქვეს ირმა გორდელაძეს "თანამედროვე დარიკო"

"ასე რომ გადავიკრავ ხოლმე ყაბალახს, დამთავრებული ამბავია, "ალტ-ინფოს" გლახად აქვს საქმე", - ნახევრად ხუმრობით ამბობს პედაგოგი ირმა გორდელაძე, რომელიც უკვე მთელმა საქართველომ გაიცნო. ჩვენმა საზოგადოებამ მას "თანამედროვე დარიკო" შეარქვა. ქალბატონი ირმა ჟურნალ "გზის" შეთავაზებას დათანხმდა და მრავალ საყურადღებო საკითხზე ისაუბრა.

- გურიაში, სოფელ ლიხაურში დავიბადე და გავიზარდე. გურია ერთადერთი მხარეა, სადაც ქალები ყაბალახს ატარებდნენ. ზამთარში, როცა ძალიან ცივა, თავშლის წაკვრა მიყვარს, თანაც, ყაბალახის სტილზე. ალბათ ამიტომ, ხუმრობით დარიკოს მეძახიან. ამაში ცუდი რა არის?.. ტრადიციების დაცვა გურულებმა რომ ვიცით, იმისთანა უნდა. თანაც, ჩვენი მხარე ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდა. რუსეთის იმპერიას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას სწორედ გურულები უწევდნენ. ჩემი მეგობრები, რომელთა შორის ვტრიალებ, მებრძოლი და დაუმორჩილებელი სულის ხალხია, ვისთვისაც პატრიოტიზმი ცარიელი სიტყვა არ არის. ის ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი. რაც შეეხება მებრძოლ ხასიათს, ცხოვრებაში ყველაფერს ჩემი შრომით ვაღწევ და უსამართლობასაც ვერ ვიტან. საბედნიეროდ, ჩემში და ჩემს მეგობრებში ქართული ძარღვი ჯერ არ გამქრალა და ჩვენი სამშობლოსთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც შევძლებთ. ამ ქვეყანაზე ერთხელ ვართ მოსული და უნდა ვიშრომოთ, ვიღვაწოთ, რომ მერე არ მოგვკლას სინანულმა - შეგვეძლო რაღაც გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთო.

- თქვენს რაიონში "ალტ-ინფოს" ოფისის გახსნა ჩაშალეთ. ეს როგორ მოხდა?

- არ იფიქროთ, რომ მათ სიძულვილით ვპასუხობთ, პირიქით, მათ საქმიანობას იუმორს და შემწყნარებლობას ვუპირისპირებთ. ძნელია, შენი თანამოძმე, რომელიც შენს ქალაქში, შენ გვერდით ცხოვრობს, მტრად გადაიკიდო, ამიტომ მათთან პაექრობას პოზიტივით ვცდილობთ: გამოვიყენეთ სიტყვები - "ვიყაით, სა იყაით, არ იყაით", რომელიც მათი ოფისის კარზე ჩამოვკიდეთ. ვცდილობთ, პრორუსულ ძალთა ამბიციები შევამციროთ და მათი გეგმები ჩავშალოთ. ასეთი სხარტულა მაქვს გაგონილი: ერთი გურული მეორეს შესჩივის, - მამა მყავს ცუდადო. რა სჭირსო? იძახის - გენერალი ვარ, გენერალი ვარ და იმდენი წამალი დავალევიეთ, რომ კაპიტნობამდე ჩამევიყვანეთო. ჩვენც ვცდილობთ, "ალტ-ინფოს" მიმდევრებს იმდენი წამალი ვაყლაპოთ, რომ ჯერჯერობით, კაპიტნობამდე ჩამოვიყვანოთ.

- თქვენი აზრით, რატომ გაჩნდნენ საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ძალები და მათი მიმდევრები?

- სამწუხაროდ, აგენტურა ჩვენს ქვეყანაში უმაღლეს დონეზე მუშაობს. ის სხვადასხვა ხერხსა და მეთოდს იყენებს, რომ არჩეული კურსი შეგვაცვლევინოს: ყველამ ვიცით, ჩვენმა ქვეყანამ კარგა ხანია ევროატლანტიკური კურსი აირჩია, რაც მტრებს ძალიან აღიზიანებს. ცუდია, რომ ბოლო ხანებში ამ კურსს ავცდით და უფრო ცუდია, რომ ეს ჩვენი ხელისუფლებიდან მოდის. ზოგიერთები წლების განმავლობაში მუშაობენ, რომ პრორუსულ ძალებს რაც შეიძლება მეტი მომხრე ჰყავდეთ და რუსეთს ჩაგვაბარონ. "ალტ-ინფოსა" და მსგავსი ძალების აქტიურობაც აქედან მოდის. ყოველდღიური განცხადებები, რომლებსაც მთავრობის წევრები აკეთებენ, მომზადებაა იმისთვის, რომ საზოგადოებას აფიქრებინონ: ჩვენ მარტო ვერ ვიარსებებთ, ევროპაში უზნეობა ბატონობს და იქ მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლები ცხოვრობენო. ისინი კარგად ახერხებენ მრევლის გადაბირებას და ცდილობენ, ეს ყველაფერი "გააპრავონ". რატომ?.. ხვალ ან ზეგ რუსეთს რომ ჩაგვაბარონ, წინააღმდეგობა ნაკლები იყოს - აი, რა არის მათი მთავარი მიზანი. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ სატყუარაზე უკვე ბევრია წამოგებული და ამას ემსახურება "ალტ-ინფოს" საქმიანობაც. ახლა მათი ხელმძღვანელები მოსკოვში არიან, ალბათ - დაფინანსებისთვის. ჯერჯერობით უცნობია, სიტუაცია როგორ განვითარდება. მე კი მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ დამშვიდების უფლება არ გვაქვს, არ უნდა მოვდუნდეთ და ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. გურიაში, ოზურგეთში უკვე ჩამოვაყალიბეთ სამოქალაქო მოძრაობა "თავისუფლებისთვის" და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსულ პროპაგანდას ცივილიზებული ფორმებით გავუწიოთ წინააღმდეგობა. თავის დროზე ქართველი ერი დიდმა ილიამ ჩაახედა სარკეში. მან შეძლო ერის გამოფხიზლება და ეროვნული მუხტის გაღვივება. ახლაც, ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი მიძინებულია, რადგან დამპყრობელი დღესაც იმავე, "რბილ" პოლიტიკას ახორციელებს, რუსეთის კლანჭებიდან გათავისუფლება ადვილი არ არის, მით უმეტეს, როდესაც ამდენი ხანი მისი კოლონია იყავი...

- როგორ ფიქრობთ, ამ პოლიტიკის ბრალია, რომ ჩვენი საზოგადოება ასე დანაწევრებულია?

- დიახ, ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ ერთმანეთი დავჭამოთ, არ გვიყვარდეს, სალანძღავი იარლიყები მივაკეროთ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ შევთანხმდეთ, ვერ გავერთიანდეთ. სამწუხაროდ, იმპერიული პოლიტიკისა და აზროვნებისგან ვერ გავთავისუფლდით. ამისთვის ალბათ დროა საჭირო. ისინი ყველგან ავრცელებენ მოსაზრებას, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვერ ვიარსებებთ, რომ სუსტები ვართ... ამან გადაფარა 9 აპრილის ტრაგედია, გადაფარა 2008 წლის ომი და ხალხს ეს ყველაფერი დაავიწყა. ამას ხელს უწყობს ეკონომიკური კრიზისიც, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. ბევრი გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ თავისუფლებისგან ხეირი არ გვაქვს, რომ საბჭოთა კავშირში უკეთესი ცხოვრება იყო. ასეთ ხალხს ჰგონია, რომ თუ ისევ რუსეთთან ვიქნებით, ძველ ცხოვრებას დაიბრუნებს. ბევრისთვის ყოფა უფრო მნიშვნელოვანია. მაღალ ღირებულებებს ყველას ხომ ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ერთ რამეზე მწყდება გული: როგორ შეიძლება დაგავიწყდეს, რამდენი რამ გვავნო რუსეთმა?! ხალხი ყოფითი პრობლემებით ისეა გადაღლილი, რომ მაღალი მატერიები - ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, იდენტობის შენარჩუნება, წინსვლა და პროგრესი - ნაკლებად აინტერესებს. მთავარია, თვითონ იყოს კომფორტში და მაძღრად. ეს იმის ბრალია, რომ განათლებაც გვაკლია, შეგნებაც და რაც მთავარია, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მათ არ იციან, რომ მთავარი შენი შემოღობილი კი არ არის, მთავარია ის, თუ რა პრობლემები და სატკივარი აქვს ჩვენს ქვეყანას.

- საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისულების სიფრთხილე ამ სიტუაციაში გამართლებულია, თქვენ რა აზრი გაქვთ ამ საკითხზე?

- სიფრთხილე ერთია და ქვეყნის ღალატი - სულ სხვა. სიფრთხილე იმას როდი ნიშნავს, რომ შენს ქვეყანას კურსი შეუცვალო და რუსეთს გადასცე. დასავლური კურსის შეცვლა შეიძლება მთავრობას სურდეს, მაგრამ ხალხს არ უნდა. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით, ქვეყანას ვიცავდით და მტერს მცირე ძალებით ვუმკლავდებოდით. მე 9 აპრილის თაობას ვეკუთვნი. ამ თაობამ ჩვენი თავისუფლება სისხლით მოიპოვა და რაც მოვიპოვეთ, იმას შენარჩუნება უნდა. სიფრთხილე ერთია და დიპლომატია - სულ სხვა. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი და, ჩვენი ქვეყნის მომავალი დამთავრებულია!

dhhshs-1650368199.jpg

- რას უპასუხებთ იმ ხალხს, ვინც ამტკიცებს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და დამოუკიდებლად ვერ იარსებებს?

- ეს ჩვეულებრივი იმპერიული, კოლონიური ხერხია: დაგარწმუნონ, რომ უუნარო ხარ, რომ დამოუკიდებლად ვერ იცხოვრებ და არ ივარგებ. ამას უნერგავენ ხალხს, რომელიც ისედაც დაშინებული და ზომბირებულია. ამ შიშის გაქარწყლება და ძალების მობილიზებაა საჭირო. მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ეროვნული, სტრატეგიული გეგმები უნდა შეიქმნას, მაგრამ ამას, პირველ რიგში, მთავრობა უნდა აკეთებდეს. ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო მოაგვარებს ყველაფერს მშვიდობიან ქვეყნებთან ერთად, მშვიდობიან და ცივილიზებულ ბანაკში ყოფნით. რუსეთი რომ ბნელი ძალაა, ეს ბევრჯერ დამტკიცდა. ამ ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში არც ერთი ხელშეკრულება და დაპირება არ შეუსრულებია, რა ხანია ატყუებენ მთელ მსოფლიოს და ჩვენ არ მოგვატყუებენ?!. ეს მითი უნდა დაიმსხვრეს, არ უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენ მარტო არსებობა არ შეგვიძლია და რუსეთის გარეშე ჩვენი საშველი არ იქნება. როგორმე ამ მენტალიტეტისგან უნდა გავთავისუფლდეთ. კიდევ კარგი, იმედი გაჩნდა: დღეს ხდება ის, რაც მსოფლიოს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინა: პუტინის რუსეთს ერთიანი ძალით უტევენ და ამ საქმეში მსოფლიოს ლიდერი, მოწინავე ქვეყნები მონაწილეობენ. ახლა ჩვენს გასაკეთებელ საქმესაც უკრაინა აკეთებს. ყველა მითი, რომელიც რუსეთზე არსებობდა, ნელ-ნელა იმსხვრევა.

- ქალბატონო ირმა, რომელიმე პარტიის წევრი თუ ხართ?

- მართალია, სამოქალაქო აქტივობაც პოლიტიკაა, მაგრამ არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ. უბრალო მოქალაქე ვარ, სკოლაში ვმუშაობ და ორ მნიშვნელოვან საგანს ვასწავლი - ისტორიას და სამოქალაქო განათლებას. სულ ვცდილობ, ბავშვებს სწორი აზროვნება ჩამოვუყალიბო. თავიდანვე უნდა იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ყველამ ერთად უნდა მივხედოთ. ჩვენი ქვეყნის ისტორია კარგად უნდა იცოდნენ, პატრიოტები იყვნენ... სხვათა შორის, ჩვენს მოძრაობაში "ქოცებიც" არიან და "ნაცებიც", მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებში ყველა ვთანხმდებით და როცა კრიტიკული სიტუაციაა, ერთად ვდგავართ.

- დასასრულ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა უნდა დაგისვათ: ოჯახი თუ უჭერს მხარს თქვენს საქმიანობას?

- განქორწინებული ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ტრაგედია არ არის. მართალია, ძალიან კარგია, როცა გვერდით ნამდვილი მეგობარი და კარგი მეუღლე გყავს, რომელიც შენი იდეების გამზიარებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება. ცხოვრება საკმაოდ რთულია, მაგრამ რომ ვაკვირდები, თუ ქალი მარტოხელაა, უფრო მეტ ძალასა და გამბედაობას იკრებს. სიძლიერე აუცილებელია, მით უმეტეს, როცა შვილი გყავს და იცი, რომ მას სჭირდები... ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ჩემი დიდი იმედია. ის ყველანაირად მეხმარება, მხარში მიდგას და ეს თანადგომა ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია.

ხათუნა ჩიგოგიძე