სად გაიცნო გაბრიელ ჯაბუშანურმა მეგრელი გოგონა, რომელსაც ლექსი მიუძღვნა - გზაპრესი

სად გაიცნო გაბრიელ ჯაბუშანურმა მეგრელი გოგონა, რომელსაც ლექსი მიუძღვნა

რა აკავშირებდა პოეტ გაბრიელ ჯაბუშანურს ვახანიების დიდ ოჯახთან, რა ლექსი მიუძღვნა ოლია ვახანიას და ოთხი და-ძმიდან განსაკუთრებით ვისთან მეგობრობდა? - ამ ამბების შესახებ სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგი ნინო ვახანია გვიამბობს.

- გაბრიელი და მისი ბიძაშვილი თამარ ჯაბუშანური ერთად გაიზარდნენ, და-ძმასავით იყვნენ. ხევსურეთიდან ჩამოყვანილი პატარები თბილისში, მთიელი ბავშვებისათვის სპეციალურად გახსნილ ინტერნატში სწავლობდნენ... ულამაზესი თამარი ცოლად გაჰყვა გალაკტიონ ვახანიას, რომელიც იყო მამაჩემის ბიძა. მას თბილისში სახლი ჰქონდა. გაბრიელი თბილისში რომ ჩამოდიოდა, სიძისა და ბიძაშვილის ოჯახში მიდიოდა. პირველად აუცილებლად მათ ესტუმრებოდა რამდენიმე დღით, მერე კი ხან ერთ მეგობართან მიდიოდა და რჩებოდა, ხან მეორესთან, ბევრ მწერალთან ურთიერთობდა. გალაკტიონის ძმისშვილები იყვნენ: მამაჩემი ვახტანგი, მომდევნო იყო მამიდა ოლია (შინაურულად ოლიჩკა), ვაჟა და კოტე (კონსტანტინე). ოთხივემ სტუდენტობის წლები ბიძის სახლში გაატარა. ისინი თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდნენ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმიდან. გალაკტიონმა ჯერ მამაჩემი შეიფარა, ეს იყო სამამულო ომის წლები და მას ნელ-ნელა უმცროსებიც დაემატნენ. როცა კოტეც სტუდენტი გახდა, მან სხვაგან გადასვლა მოინდომა, მაგრამ ბიძამ და რაც მთავარია, ბიცოლა თამარმა არ გაუშვეს. თამარი ისე მიეჩვია ამ ბავშვებს, რომ თავისი შვილებისგან არ არჩევდა და ეუბნებოდა კიდეც, - ჩემი შვილები ხართო. ფაქტობრივად, ისინი თამარმა გამოზარდა წლების მანძილზე - სასმელ-საჭმელი, სითბო და სიყვარული არ მოჰკლებიათ. იყო ერთი პერიოდი, როცა ოთხივე ერთდროულად ცხოვრობდა ამ ოჯახში. სწორედ იმ პერიოდში ნახა გაბრიელ ჯაბუშანურმა მამიდაჩემი ოლია ვახანია და იქვე ლექსი მიუძღვნა - "ექსპრომტი მეგრელ გოგონას": "მე არ ვყოფილვარ სამეგრელოში,/ შენ ხევსურეთი არ განგიცდია;/ არც შენ მელოდი, არც მე გელოდი,/ ჩვენ ერთმანეთი არ გაგვიცვნია./ თბილისში შეყრა, თურმე, გველოდა/ დაი აი, შევხვდით ორი მარტვილი:/ შენ - მოფრენილი სამეგრელოდან,/ მე - არხოტიდან ჩამოვარდნილი.../ შენ კვლავ დაჯდები ტყემლის გრილოში,/ მეც, მალე, ქარაფს ავეტოტები;/ შენ დამელოდე სამეგრელოში,/ მე ხევსურეთში დაგელოდები!"

gabr-1650976276.jpg

ოლია მამიდა მაშინ იქნებოდა 19 წლის, გაბრიელი დაახლოებით 12-13 წლით უფროსია. მათი ნაცნობობა შედგა გასული საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში. მამიდამ უნივერსიტეტი 1949 წელს დაამთავრა, ფარმაცევტი იყო. ის საგანგებოდ და ხაზგასმით ამ თემაზე არასოდეს საუბრობდა. თუკი გაბრიელზე რამეს ვკითხავდით, გვეტყოდა: "არაფერი არ იყო, კაცო!" მერე ლექსზე ვეკითხებოდით, აქაც პასუხს თავს არიდებდა. როცა აღარ მოვეშვებოდით, ასე გვპასუხობდა: ჩვენ შორის სიყვარული არ ყოფილა, გაბრიელს ჩემთვის არასდროს არაფერი უთქვამსო. სამეგრელოდან ჩამოსული ქალი როგორ მოიქცეოდა, ვიცი - ის არ გააბამდა მეგობრობას... მამიდა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დარჩა არაჩვეულებრივი სალაღობო ლექსი, რომელსაც ექსპრომტი კი ჰქვია, მაგრამ სულაც არ ჰგავს სახელდახელოს. აქ ნამდვილად ჩანს პოეტის აღმაფრენა და შთაგონება, მიღებული მეგრელი ქალისგან.

კიდევ ერთ ეპიზოდზე გიამბობთ: გაბრიელი ოთხივე და-ძმას კარგად იცნობდა, მაგრამ მეგობრობდა უმცროსთან - კოტესთან, ის მათემატიკოსი იყო. მამაჩემის არქივში ინახება გაბრიელ ჯაბუშანურის ორი წიგნი წარწერებით, რომელიც კოტეს ავტორმა აჩუქა. კოტესგან ვიცი, რომ გაბრიელს ქეიფი უყვარდა და ამაში ისიც უბამდა მხარს. გავიხსენებ ბიძაჩემის მონაყოლს: "გაბრიელის ნაწერებში ჩახედვის უფლება არ გვქონდა, მაგრამ ერთხელ მის მაგიდაზე ფურცლებს თვალი გადავავლე. სახლში რომ დაბრუნდა, გავბედე და ვუთხარი: შენი ტექსტები წავიკითხე, ხელი არ მიხლია, მხოლოდ ზემოდან დავხედე და მაინტერესებს, ერთი პოემაა თუ ორი სხვადასხვა? ამას იმიტომ გეკითხები, რომ ორივეგან პერსონაჟის ერთი და იგივე სახელი შემხვდა-მეთქი. გაბრიელმა მიპასუხა: სხვადასხვა პოემაა და მერე, რა იყოო? - სხვა სახელი როგორ ვერ მოიფიქრე? ბოლოს და ბოლოს, კოტეს დავარქმევდი-მეთქი, - ვიხუმრე, რა თქმა უნდა. არ გასულა დიდი ხანი და გაბრიელმა დაწერა ნაწარმოები, რომლის პერსონაჟსაც კოტე დაარქვა".

ეს არის დაახლოებით 1955-56 წლები. ვეძებე გაბრიელ ჯაბუშანურის ნაწერებში ამ სახელის მქონე გმირი, მაგრამ ვერ მივაგენი...

ნანული ზოტიკიშვილი