ქართველი მუსიკოსების კონცერტები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად
რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველოში არაერთი უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი ღონისძიება ტარდება. ქართველი ხელოვანები კონცერტებითა თუ სხვადასხვა აქტივობით ამ ომის წინააღმდეგ, როგორც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ისე გამართულ საღამოებზე შემოსული თანხით უკრაინელი ხალხის ფინანსურ დახმარებას ცდილობენ. მუსიკოსი ლიზი რამიშვილი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ ღონისძიებებში. 10 აპრილს, თამარ ლიჩელთან ერთად კონსერვატორიაში გამართულ კონცერტში მონაწილეობდა, ხოლო 11 აპრილს ჩელისტმა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში დაუკრა საერთაშორისო საქველმოქმედო ტელემარათონზე "უკრაინისთვის". პროექტის მიზანი რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება გახლდათ. აღნიშნულ კონცერტში ქართველი და უკრაინელი არტისტები მონაწილეობდნენ. უაღრესად ემოციური იყო ერთი გარემოება, თბილისში ჩამოსული გახლდათ ლვოვის სიმფონიური საერთაშორისო ორკესტრის კამერული შემადგენლობა, თუმცა მხოლოდ ქალები, რადგან ორკესტრის წევრი მამაკაცები ომში დარჩნენ, ქვეყნისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან...
ლიზი რამიშვილი:
- ქართველი ხალხი მძიმე წუთებში ყველას მხარში უდგას. ამჯერად უკრაინა გახდა ჩვენი თანადგომის მიზანი. ჩვენც არაერთხელ ვყოფილვართ რუსეთის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და ალბათ, სწორედ ამიტომ, დღეს ყველაზე უკეთ გვესმის უკრაინის. როცა ომი დაიწყო, სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ნინო ქათამაძე, ბექა გოჩიაშვილი მგონი მსოფლიოში პირველები იყვნენ, ვინც მუსიკალურად და კონცერტით დაუჭირეს მხარი უკრაინას პირველივე დღეს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუსიკა ჩვენი სათქმელისა და წუხილის მშვიდობიანად გამოხატვის ფორმაა. შემდეგ ყველა, მთელი საქართველო ჩაერთო ამ პროცესში. თამარ ლიჩელმა და მეც მივიღეთ მონაწილეობა მხარდამჭერი კონცერტის სახით ფონდ "იავნანასთან" ერთად, რომლის ორგანიზება თეონა ჯორბენაძემ თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მოახდინა. კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარებული კონცერტი, უკრაინაში დაღუპულ უკრაინელ და ქართველ გმირებს და დღემდე იქ მებრძოლებს მიეძღვნა. საღამოს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა, რომლის იდეა ფონდ "იავნანას" ეკუთვნოდა და კონკრეტულად ამ კონცერტით ჩვენ დავეხმარეთ იმ უკრაინელ ბავშვებს, რომლებსაც შექმნილი ვითარების გამო, საკუთარი ქვეყნის დატოვებამ და ახალი ცხოვრების დაწყებამ მოუწიათ და რომლებიც დღესდღეობით საქართველოში იმყოფებიან. ჩვენი მიზანი იყო ამ ბავშვებისთვის შეგვემსუბუქებინა ის ტკივილი, რასაც განიცდიან. მუსიკა გვაკეთილშობილებს, ყველას იმედს გვაძლევს, ამიტომ ფონდი "იავნანა" მათ დაუთმობს თავის სალონს, სადაც ისინი მუსიკის გაკვეთილებს მიიღებენ, იმ სპეციალობების მიხედვით, რითაც მანამდე იყვნენ დაკავებული. მეც შეძლებისდაგვარად, ყველანაირად ვიქნები ჩართული ამ პროცესში. ამ ეტაპზე ჯერ არავინაა, ვინც ჩელოზე უკრავს, მაგრამ თუ საჭირო იქნება ჩემი დახმარება, ბავშვებს გვერდით აუცილებლად დავდგები. უბედნიერესი ვარ, რომ ამ კონცერტით მე და თამარმა ჩვენი წვლილი შევიტანეთ და მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც ბილეთები შეიძინა და კონცერტს დაესწრო, რადგან თანხა სრულად მოხმარდება ბავშვებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი თანადგომა, სიყვარული და ერთობა ამ ხალხის მიმართ, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება, შეიძლება ხვალ მათ ნაცვლად ჩვენ ვიყოთ და ამიტომ ერთმანეთს ყოველთვის უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მარტონი არ ვართ.
- 11 აპრილს ტელემარათონშიც მონაწილეობდი...
- 11 აპრილის კონცერტის მთავარი ორგანიზატორი იყო სოფო ჭყონია. ასევე, მარინა ბერიძე, თეონა ჯორბენაძე და კიდევ არაერთი ადამიანი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ლვოვის სიმფონიური ორკესტრიდან მხოლოდ ქალბატონები ჩამოვიდნენ, რადგან მამაკაცები ყველანი ვალდებულები იყვნენ უკრაინაში დარჩენილიყვნენ საბრძოლველად. ამ ორი ორკესტრის გაერთიანება და პროგრამა ძალიან ემოციური იყო. სანამ ქალბატონები სცენაზე გავიდოდნენ, თვალზე ცრემლები ჰქონდათ. ეს ყველაფერი იყო მძიმე და ამავე დროს იმედისმომცემი. ისინი ძლიერები არიან, არ დანებდნენ და დადიან ყველგან, სადაც შეუძლიათ. ცდილობენ მთელ მსოფლიოში ყველგან მიაწვდინონ ხმა და გააგებინონ, თუ რა მდგომარეობაში არიან დღესდღეობით. ამავე კონცერტში მონაწილეობდნენ ნინო ქათამაძე, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, უკრაინელი მომღერალი ჯამალა, ხოლო მე, სოფო ბათილაშვილმა და პაპუნა შარიქაძემ კინოფილმიდან "შინდლერის სია" არაჩვეულებრივ ჯონ უილიამსის მუსიკაზე მარინა ბერიძის იდეით გაკეთებული ვერსია შევასრულეთ. ტექსტის ავტორი გახლავთ მუსიკოსი ნინო ჟვანია. მისთვის ეს პირველი გამოწვევა იყო, რადგან მანამდე ასეთ მუსიკაზე არასოდეს დაუწერია ტექსტი, თან ინგლისურ ენაზე. არანჟირება კი პაპუნა შარიქაძეს ეკუთვნოდა. ტელემარათონი საქართველოს რამდენიმე არხზე გადაიცემოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა არხზე არ გავიდა.
- როგორც ვიცი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემოდა და ასეთი პროექტების დროს ესაა მთავარი...
- როცა ასეთი სიტუაციაა, როცა ყველა ვიბრძვით, ერთიანობა მნიშვნელოვანია და სხვადასხვა მიზეზით გვერდზე გადგომა არც მეგობრობაა და არც თანადგომა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ მარათონი სხვადასხვა ქვეყანაში გადაიცემოდა და ქართველებმა ხმამაღლა, მშვიდობიანად გამოვხატეთ ჩვენი ტკივილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. კონცერტმა ძალიან ემოციურად ჩაიარა, ლვოვის ორკესტრის გოგონებს საქართველოს დატოვება აღარ უნდოდათ, ისე ბედნიერად იგრძნეს აქ თავი.
- ლიზი, საზღვარგარეთ სწავლობდი და ურთიერთობა გექნება სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსთან. ალბათ მიმოწერაში, საუბარში ომის თემასაც ეხებით. ვინ როგორ აღიქვამს ამ და აფასებს მიმდინარე პროცესებს?
- ბედნიერი ვარ, რომ საღად მოაზროვნე მეგობრები მყავს. ჩემი უცხოელი კოლეგებიც ფიქრობენ, რომ ეს არის რუსეთის ომი და არა მხოლოდ პუტინის. შეიძლება პუტინმა ჯარს უბრძანოს "ამოჟლიტეთ", მაგრამ ჯარისკაცები, ვინც ქალებზე, ბავშვებზე ძალადობენ და იმ ადამიანებზე, ვინც რეალურად ხელშეუხებლები უნდა იყვნენ, შემაძრწუნებელია. ამაზე ყველა ვსაუბრობთ და ვთანხმდებით, რომ ასეთი აგრესია არ წაგვადგება დღევანდელ მსოფლიოში და ერთიანობა ყველაზე მთავარია. დღეს, როცა მსოფლიო ასეთი განვითარებულია მეცნიერულად, ტექნიკურად, ის რაც ხდება, უბრალოდ სირცხვილია. მუსიკოსი პოლიტიკასთან არავითარ კავშირშია, მაგრამ მიმდინარე პროცესებში ყველა აცნობიერებს თავის წილ პასუხისმგებლობას. დღეს რომ რუსეთი ასეთი გათამამებულია, თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნების ბრალია. ჩემი მეგობრები საკუთარ ქვეყნებში უკრაინისადმი მხარდამჭერ კონცერტებს მართავენ. ახლა საფრანგეთში ჩასვლა მიწევს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები ვერთიანდებით და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს გავმართავთ. რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. ვცდილობთ ვთქვათ, რაც გვაწუხებს და ჩვენი სათქმელი მშვიდობიანად გამოვხატოთ.
- შენმა თაობამ გადმოცემით იცის რუსეთის აგრესიის შესახებ ოსეთსა და აფხაზეთში. მამაშენის თაობასა და კიდევ უფრო უფროსებს მოუწია იქ ბრძოლამაც და ომის ყველა თანმდევი ტკივილის გამოვლამაც. ხშირად გვესმის, რომ ახალმა თაობამ, რომელსაც შენც გულისხმობ, არ იცის ის რაც მოხდა უწინ ჩვენს ქვეყანაში, არც ცალკეულ გმირობის მაგალითებს იცნობს და სწორედ ამიტომ უკვირთ ასე გამორჩეულად უკრაინელი ხალხის გმირობა. რას ფიქრობ, შენს თანატოლებში ნაკლები ინფორმირებულობაა საკუთარ წარსულზე?
- თავს ნამდვილად ვერ დავდებ და ზუსტად ვერაფერს გეტყვით, რადგან ალბათ ზოგი ინფორმირებულია და ზოგიც ნაკლებად, მაგრამ მე უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება არ იცოდე ისტორია, რომელიც შენს ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ მოხდა, ეს ხომ არ ყოფილა შორეული წარსული - პირველი საუკუნე?! უცხო ადამიანებსა და მათზე, ვისთანაც კომუნიკაცია არ მაქვს, რამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ მე და ჩემ გარშემო მყოფები ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, ყველამ კარგად იცის ჩვენი წარსული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას უშუალოდ ვერ მოვესწარით, მომხდარს მაინც განვიცდით და ეს ის ტკივილია, რომელიც არ განელდება, სულ ჩვენში იქნება ჩაბეჭდილი.
- დაბოლოს, ლიზი, გარდა იმისა, რომ უკრაინისთვის მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობ, შენს კარიერაში რა სიახლეებია?
- პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა და არაერთი კონცერტი გაგვიუქმდა არა მხოლოდ მე, არამედ სხვა მუსიკოსებსაც, მაგრამ ახლა უკვე ნელ-ნელა დაიწყო მოძრაობა და სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებიც დაიგეგმა. საფრანგეთში გავემგზავრები, მაისში დუბაიში. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და თარიღებს ვაზუსტებთ, თუ როდის გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის ორკესტრთან ერთად კონცერტები. მსოფლიოში ბევრი სოლისტია და ისე უნდა დაიგეგმოს ყველაფერი, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. ასე რომ, ახლა ყველა ნელ-ნელა თავიდან ვიწყებთ საკონცერტო ცხოვრებას. მგონი ყველა რეგულაცია მოხსნილია და ალბათ ისევე, როგორც სამი წლის წინ იყო, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით.
P.S. მასალაში გამოყენებულია ზაქარია ჭელიძის ფოტოები ტელემარათონიდან.
ანა კალანდაძე