ვინ არის პარიზის პრესტიჟული ყვავილების მაღაზიის ქართველი დირექტორი - გზაპრესი

ვინ არის პარიზის პრესტიჟული ყვავილების მაღაზიის ქართველი დირექტორი

პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მე-18 საუკუნის შენობა დგას, რომლის პირველ სართულზე მრავალწლოვანი ისტორიის მატარებელი, ვინტაჟური სტილის ყვავილების მაღაზიაა ძველი ავეჯითა და პირვანდელი სახის ხელშეუხებელი ინტერიერით. მისი სტუმრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის: მთავრობის წევრები, ბიზნესმენები, მსახიობები, მაღალი მოდის ინდუსტრიის თანამშრომლები და ა.შ. ამ პრესტიჟული მაღაზიის კრეატიულ დირექტორს ბექა ცერცვაძეს 20 აპრილს 23 წელი შეუსრულდა.

ბექა მეოთხე წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. იქ ენის შესასწავლად გაემგზავრა, თბილისში ჟურნალისტიკას ეუფლებოდა და ამ კუთხით აპირებდა პროფესიული კარიერის გაგრძელებას, მაგრამ პარიზში ფლორისტთა სკოლაში მოხვედრისა და მისი დასრულების შემდეგ მისი გეგმები შეიცვალა. ყვავილების მაღაზიაში მუშაობის დაწყებიდან უმოკლეს დროში ზემოაღნიშნულ პოზიციაზე დაწინაურდა. დარწმუნებული ვარ, მას კიდევ უფრო წარმატებული და მრავალფეროვანი მომავალი ელის, სწორედ ისეთი, როგორიც მისი ხელით შექმნილი თაიგულებია.

- ბექა, თქვენი ხელით შექმნილი ყვავილების ზღაპრული კომპოზიციით მოხიბლული, პირველი რიგში გკითხავ: მგონია, ყვავილებსაც აქვს მოდა და ამ თვალსაზრისით ვარდია ყოველთვის ლიდერი თუ ვცდები?

- პიონი... ამ დიდ, ლამაზ და სურნელოვან ყვავილზე საფრანგეთში ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. ვფიქრობ, ვარდი თითქოს „მოძველდა“, გაუფასურდა, ხალხს მოჰბეზრდა. წითელი ვარდი სიყვარულთან ასოცირდება, მაგრამ ვალენტინის დღესთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე წელია, საფრანგეთში ეს ტენდენცია შეცვლილია. წელიწადის სხვადასხვა დროს ვარდების გამოყვანა ხდება სათბურებში ძირითადად ეკვატორზე, აფრიკასა და ჰოლანდიაში და იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტჯერ აყვავდნენ, დიდი გაიზარდონ, უზარმაზარ ელექტროენერგიას მოიხმარენ და ბევრ მავნე პროდუქტს იყენებენ. ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ საფრანგეთში მინიმალური ხელფასი 1.550 ევროა, ამაზე ნაკლები არავის აქვს და ეს ეხება ყველა პროფესიის წარმომადგენელს. კენიასა და აფრიკის სხვა ქვეყნებში ყვავილების მოყვანაში დასაქმებულს თვეში 98-დან 153 ევრომდე გამოსდის და ევროპაში თვლიან, რომ ამ მიდგომით თანამედროვე სამყაროში ისევ მონები გვყავს. გარდა იმისა, რომ ცოტას უხდიან, თან ადამიანებს წამლავენ იმ შხამ-ქიმიკატებით, რომლებთანაც ყოველდღიურად უწევთ შეხება და რომელთა გამოყენება ევროპაში აკრძალულია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საფრანგეთში ყველა და მათ შორის ჩვენც, ფლორისტები, ვამბობთ, რომ ვალენტინობას ვარდები არ გვჭირდება. ამ თემაზე ტელევიზიითაც მზადდება გადაცემები, სადაც დაწვრილებით ხსნიან, რომ ზამთარში წითელი ვარდების სეზონი არ არის, უჩვენებენ, თუ როგორ ხდება ამ ყვავილების გამოყვანა ხელოვნურ პირობებში და საუბრობენ რისკებზეც, იმ დაავადებებზე, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს შხამ-ქიმიკატებმა. მინდა, ერთი ფაქტი მოვიყვანო: ბევრგან, მათ შორის საქართველოში, ტორტებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის ცოცხალი ყვავილებით გაწყობა ხდება. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან შხამ-ქიმიკატები კრემზე, ბისკვიტზე გადადის. შეიძლება შეჭამო და ხვალ არ მოკვდე, მაგრამ ორგანიზმი იწამლება და ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს ჯანმრთელობაზე.

5-copy-1651130904.jpg

- როდის ხართ ხოლმე ყველაზე დატვირთული?

- ყოველი დღე დატვირთულია, რადგან დიდი მოთხოვნაა ყვავილებზე. საფრანგეთში ყვავილების 4 ათასი მაღაზიაა. აქ არა მხოლოდ დაბადების დღეებზე, არამედ მეგობრები ერთმანეთის სანახავად ან შვილი დედის მოსანახულებლად რომ მიდის, ყვავილები მიაქვთ. კიდევ ერთი კარგი ტრადიციაა - მაგალითად, თქვენი ქმარი მოდის მაღაზიაში, იხდის ათას ევროს და მის მეუღლეს სამი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ შეუძლია ნებისმიერ დროს მოვიდეს და სახლისთვის მისთვის სასურველი თაიგული წაიღოს.

- ენის შესასწავლი კურსების გავლის შემდეგ პარიზის ფლორისტთა სკოლა დაამთავრეთ. სწავლის პარალელურად, ალბათ სადმე მუშაობაც გიწევდათ. რა ეტაპები გაიარეთ დღემდე?

- თავიდან საფრანგეთში მხოლოდ რამდენიმე თვით დარჩენა მქონდა გადაწყვეტილი - ფრანგული ენის კურსებს გავდიოდი. გაკვეთილები რომ მიმთავრდებოდა, მივდიოდი 2 გოგონასთან, რომლებიც დამყავდა სკოლაში, სხვადასხვა მასწავლებელთან, იოგაზე. ისინი საღამოს 7 საათამდე მებარნენ და მათ მოვლაში მიღებული თანხა იყო ჩემი შემოსავალი. ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავდი, სადაც უკვე ვიყავი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი და ვფიქრობდი, სწავლა გამეგრძელებინა. ვიცოდი, პარიზში ამას ვერ შევძლებდი, ქვეყანას არ ვიცნობდი და ეს ძალიან ამბიციური განაცხადი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ბევრმა მეგობარმა მირჩია, რომ შეიძლებოდა, საფრანგეთიდან წამოსვლა მენანა და კარგი იქნებოდა, თუ პარიზში დავრჩებოდი... სწორედ მაშინ ვცადე ჩემი საბუთების გაგზავნა სხვადასხვა სასწავლებელში და ერთ-ერთი იყო პარიზის ფლორისტთა სკოლა, საიდანაც 3 დღეში დამირეკეს. ბარდებოდა: ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა, ისტორია, ფრანგული. იმ დროს გამართული ფრანგულით ჯერ კიდევ ვერ ვსაუბრობდი, 2-გვერდიანი თემის ნაცვლად, დაახლოებით ასეთი რამ დავწერე: „გამარჯობა. მე მქვია ბექა. ჯერჯერობით ფრანგულად კარგად ვერ ვსაუბრობ, ბოდიში“ (იცინის). რამდენიმე დღეში შემატყობინეს, რომ სკოლაში ჩარიცხული ვიყავი. ამ ადგილას მოხვედრა ძალიან რთულია, უბრალოდ იმიტომ გამიმართლა, რომ საქართველოდან ვიყავი, არავინ იცოდა, ეს ქვეყანა სად იყო და ვფიქრობ, ამან დააინტერესათ. შემდეგ უკვე სწავლის პროცესში გაკვეთილებზე ჩემი მასწავლებლები 10-15 წუთს მითმობდნენ, რომ საქართველოზე მელაპარაკა, მათ შორის - სიმბოლოებზეც. 9 აპრილის ფოტოებს ვაჩვენებდი და მოვუყევი, რომ რუსთაველზე ამ დღეს ყოველთვის ტიტები და მიხაკები მიგვაქვს. აღდგომის ტრადიციებზეც ვუამბობდი, როცა ხორბალს ვზრდით, კვერცხებს ენდროთი ვღებავთ. არც კი იცოდნენ, რომ ენდრო მცენარეა და მისი ფესვები წითელ ფერს გამოჰყოფს. მთელი სწავლების განმავლობაში ინფორმაციას ვცვლიდით, ისინი მე მასწავლიდნენ, მე კი ფლორისტებს იმ ინფორმაციას ვაწვდიდი, რაც თითქმის ყველამ იცის საქართველოში.

- სწრაფი ტემპით წარიმართა თქვენი კარიერული წინსვლა და დღეს ერთ-ერთი პრესტიჟული ყვავილების მაღაზიის კრეატიული დირექტორი ხართ...

- პარიზში ჩამოსვლიდან 1 წელიწადში ყვავილების მაღაზიაში მუშაობა დავიწყე, რამაც ძალიან გამიადვილა მთელი რიგი საკითხების გადაჭრა. ბინის დაქირავება და პარიზში დარჩენა გადავწყვიტე. მეორე წელია, მაღაზიის კრეატიული დირექტორი ვარ.

4-copy-1651130947.jpg

დღის უდიდეს ნაწილს მაღაზიაში ვატარებ. ყოველდღე ყვავილებით ვცხოვრობ და მათზე ვსაუბრობ. საერთოდ, არა მხოლოდ ყვავილები, არამედ ყველაფერი მიყვარს, რაც ბუნებასთან ასოცირდება. შეიძლება ხავსმა, სოკომ, ფესვებმა მომცეს ინსპირაცია და მისგან რამე გავაკეთო. დღემდე ვმუშაობ ფერებზე და არა ყვავილებზე. ორი ერთნაირი თაიგული არასდროს გამიკეთებია. კვირაში ორჯერ, დილის 4 საათზე მიწევს ყვავილების ბაზრობაზე გასვლა, სხვა დროს დილის 10 საათიდან მაღაზიაში ვარ და საღამოს 7 საათამდე ვმუშაობ, კვირაში მხოლოდ 4 დღე. დანარჩენი 3, როცა ვისვენებ, შინ მშრალი ყვავილებით გვირგვინებს ვაკეთებ ან მეგობარი ფლორისტების მაღაზიებში დავდივარ. მოკლედ, სულ ყვავილებით ვცხოვრობ. ფლორისტების სკოლაში ჩვენი მასწავლებლები 60 წელს გადაცილებული ადამიანები იყვნენ, დიდი გამოცდილებით, რომლებიც თვლიდნენ - ფლორისტი რომ გახდე, მხოლოდ ტექნიკის ცოდნა საკმარისი არ არის, რადგან ამ სფეროში ნიჭი და კრეატიულობაა გადამწყვეტი და თუ ფერებს ვერ გრძნობ, არაფერი გამოვა. ჩემზე ხშირად აღნიშნავდნენ, „ბექას რაღაც აქვს“. არავინ აკონკრეტებდა, ეს „რაღაც“ რა იყო და მეც ვერ ვიგებდი. მერე ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა, რომ შეიძლებოდა ინსპირაცია ჩემი სიღრმისეული ბავშვობიდან წამოსული ყოფილიყო, თუნდაც ქართული ეკლესია-მონასტრების დათვალიერების დროს ან ბებიაჩემის ბაღიდან წამოსული სურათები, და სწორედ იმ წარსულიდან მქონდა რაღაცები „აღებული“.

- კი, მეც ვიფიქრე, რომ გამორიცხულია, ბავშვობაში რაიმე კავშირი არ გქონოდათ სოფელთან, ბუნებასთან...

- დიახ, ასე იყო. ბებიაჩემი და მისი და გორის რაიონიდან არიან, სადაც ულამაზესი ბაღები აქვთ. განსაკუთრებით ბებიაჩემის დის, ციცი ბებოს ბაღია ულამაზესი, მას მებაღეებიც ჰყავს და, როგორც გადმოცემით ვიცი, 80-იან წლებში მას საქართველოში პირველს ჰქონია მსხმოიარე ყავის ხეები და ერთხელ თბილისიდან ჩასული ბიოლოგებისთვის ამ ნაყოფისგან ყავაც კი მოუდუღებია. ბავშვობაში არდადეგებს ხშირად ვატარებდი ციცო ბებოსთან, რომელიც მაჩვენებდა, როგორ უვლიდა ყვავილებს. ბებიაჩემთან დაბრუნებული კი, რომელსაც უფრო მეტად ხილ-ბოსტნის მოვლა იტაცებდა, მიწიდან ამოვგლეჯდი ტიტებს ან სხვა ყვავილს, ერთი ადგილიდან მეორეზე გადავრგავდი და ჩემს „პატარა ბაღებს“ ვაკეთებდი. ამაზე ბებია სულ გიჟდებოდა (იღიმის).

- თქვენს მაღაზიას სხვადასხვა ღონისძიების ყვავილებით გაფორმებაც უწევს და მათ შორისაა მოდის სახლები...

- დიახ, სამ მოდის სახლთან ოფიციალური კონტრაქტი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება, ყოველკვირა მოგვიწიოს მათი ოფისებისა და შოურუმების გაფორმებამ. მოდის სახლებს შორის ერთ-ერთი „შანელია“; კონტრაქტის მიხედვით, დანარჩენი ორის დასახელების უფლება არ მაქვს, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. რაც შეეხება ცნობილ ადამიანებს, თავიდან ბევრს ვერც კი ვიცნობდი. ერთხელ, ჟერარ დეპარდიე შემოვიდა. ჩემმა უფროსმა გადაკოცნა, მოიკითხეს ერთმანეთი, მეგობრობენ. ის იმავე ქუჩაზე, ჩვენს მაღაზიასთან ახლოს ცხოვრობს. უცბად მისი სახელი ვერ გავიხსენე და ფილმიდან „ასტერიქსი და ობელიქსი“, "ბატონი ობელიქსით" მივმართე. ამაზე ორივეს გაეცინა (იღიმის). მას ჩვენგან დაახლოებით 10 მეტრში, პარიზში ერთ-ერთი საუკეთესო თევზის მაღაზია აქვს, სადაც კვირაში ერთხელ 2 საათით თავად დგება დახლთან, ხალხს თევზს უწონის ან იქვე ჯდება და ამით თავის შოუს აკეთებს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ცნობილმა მწერალმა, მილან კუნდერამ, მადლობის ნიშნად თავისი წიგნი მაჩუქა ავტოგრაფით, სადაც წერს: იცეკვე და იბედნიერე მთელი შენი ცხოვრებაო. ის და მისი მეუღლე ვერა კუნდერა არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ორივე ძალიან ხანდაზმულია, სახლიდან ვეღარც გამოდიან. მათ შინ უზარმაზარი ბიბლიოთეკა აქვთ, სადაც, პირველად რომ მივედი, ერთ თაროზე ყველა წიგნის ყდაზე ეწერა "კუნდერა". მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო, მერე ჩემს უფროსს ვკითხე. თურმე ამ მწერალს თავისი ნაწარმოებების რამდენიმე ეგზემპლარი აქვს, მათ შორის - სხვადასხვა ენაზე თარგმნილი და ვინც მასთან სტუმრად მივა, რომელიმე წიგნით ასაჩუქრებს... აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ასეთი ხალხი, მინისტრები თუ სხვადასხვა სფეროს საზოგადოებისთვის ცნობილი წარმომადგენლები ჩვენი მაღაზიის ხშირი სტუმრები არიან. ჟერარ დეპარდიესთან ფოტოებიც მაქვს გადაღებული, მაგრამ საჯაროდ არ ვფენ და არც სპეციალურად ვიღებ ფოტოებს სხვა ცნობილ ადამიანებთან. აქ ასეთი რაღაცები ძალიან ცუდად ჩანს და არ მინდა, ეს ერთგვარი პოპულარობისთვის გამოვიყენო, ზედმეტად მიმაჩნია.

3-copy-1651130930.jpg

- კარგია... ბექა, შენი უფროსი ფლორისტი რამდენჯერმე ახსენე და ალბათ შვილივით გექცევა...

- შეიძლება, ასეც ითქვას. ჩემი უფროსი 40 წელია, ფლორისტია და უკვე პენსიაზე გადის, დაიღალა. ბოლო დროს ბარათებიდან თავისი სახელი ამოიღო და მხოლოდ მაღაზიის დატოვა, რომ ყვავილების თაიგულები მხოლოდ მის სახელთან არ ასოცირდებოდეს. ამით თითქოს „ადგილი დამიტოვა“, რომ ჩემი ხაზი გამეგრძელებინა. სხვათა შორის, ხალხი თაიგულზე რომ იტყოდა, რა ლამაზიაო, ის პირველი იყო, ვინც ხაზგასმით ეუბნებოდა: „ეს ბექამ გააკეთა“. ლიდერობის კუთხით განვითარებაში ის ბევრი რამით დამეხმარა და მასწავლა. ხშირად ვუხდი მადლობას, რადგან დიდი თავისუფლება მომცა. ახლა უკვე შეიძლება, რამდენიმე კვირა მაღაზიაში აღარც მოვიდეს, ნელ-ნელა გაერიდა ყოველდღიურობას, რადგან მენდობა და ასეთი შემთხვევა წლების განმავლობაში არასოდეს ჰქონია. მისი ოჯახიდან არავის აინტერესებს ყვავილები და უნდა, რომ მისი ბიზნესი გავაგრძელო, მაგრამ მე სულ სხვა გეგმა მაქვს: მინდა, პარიზში საკუთარი ყვავილების მაღაზია გავხსნა, სადაც ქართული და ფრანგული კულტურა იქნება გაერთიანებული, ინტერიერიც - ქართული დეტალებით დატვირთული. მინდა, ჩემს მაღაზიაში ხალხი რომ შემოვა, ქართული ღვინოც გავასინჯო, ჩურჩხელაც და კარალიოკის ჩირიც (იღიმის).

ანა კალანდაძე