ორი ღვაწლმოსილი პედაგოგის ცხოვრების ეპიზოდები - გზაპრესი

ორი ღვაწლმოსილი პედაგოგის ცხოვრების ეპიზოდები

აბესალომ (ანტონ) კოკაია და თამარ დოლიძე გასული საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან თბილისის პირველ გიმნაზიაში ასწავლიდნენ. ღვაწლმოსილი პედაგოგები მეუღლეები იყვნენ. ცოლ-ქმარმა მხოლოდ 2 წელი იცხოვრა ერთად. დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო, აბესალომი ფრონტზე წავიდა და იქიდან აღარ დაბრუნებულა. საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანებს გაგვაცნობს მათი რძალი, პედაგოგი ნარგიზ დემეტრაძე-კოკაია.

- აბესალომ კოკაიას პირველი მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა, დარჩა ვაჟი ოთარი. პატარას ზრდიდნენ - დედის ძმა, რომელიც იყო კავშირგაბმულობის კომისარი (ანუ მინისტრი) და მისი მეუღლე. მერე ჩემმა მამამთილმა ცოლად შეირთო თამარ დოლიძე, რომელმაც გაზარდა გერი 5 წლის ასაკიდან. თამარი ზრდიდა მეორე გერსაც, თავისი ყოფილი მეუღლის ვაჟს - რეზო მირცხულავას, ის ცნობილი რეჟისორი გახდა. როცა რეზოს მამას ცოლად გაჰყვა, კაცი ქვრივი იყო. ისე მოხდა, რომ ბავშვი ქმრის ნათესავებმა წაართვეს, რასაც ჩემი დედამთილი ძალიან განიცდიდა, რეზო სიგიჟემდე უყვარდა. შორიდან მაინც ზრუნავდა მასზე, საჩუქრებს და ფულს ისე უგზავნიდა, ვითომ მამის მეგობარი იყო. თამარს საკუთარი შვილი არ ჰყავდა.

- ბავშვი რატომ წაართვეს?

- რეზოს მამამ თამარს უღალატა და იმ ქალთან ერთად წავიდა დასავლეთ საქართველოში. პატარა რეზოს დედინაცვალი ზრდიდა. სულ მალე რეზოს მამა ქუთაისში, რიონში დამხრჩვალი იპოვეს. ვინაიდან თამარი ვაჟკაცური ქალი გახლდათ, მირცხულავებმა ჩათვალეს, ქმარმა რომ მიატოვა, ამან მოკლაო, და დაიჭირეს... გარკვეული დროის შემდეგ, სულ სხვა საქმეზე დაიჭირეს ვიღაც კაცი, რომელიც გამოტყდა, რომ მირცხულავა მან მოკლა. თამარი ციხიდან გამოუშვეს. დაბრუნდა სახლში და გაიგო, რომ ბავშვი ბიძებს წაუყვანიათ ქუთაისში, იქ იზრდებოდა... რეზო წამოიზარდა, თბილისში პლეხანოვზე მდებარე ბენდელიანის სახელობის საფრენოსნო სკოლაში შევიდა. თამარმა გაიგო და მიაკითხა. ბიჭს ახსოვდა თავისი დედინაცვალი და თბილად შეხვდა. იმ პერიოდში თამარი უკვე ჩემს მომავალ მეუღლეს, ოთარს ზრდიდა. ქალმა რეზო სასწავლებლიდან გამოიყვანა, - შენ თეატრალურში უნდა ჩააბაროო, - უთქვამს და სწორადაც მოქცეულა: ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო, არაჩვეულებრივი ხელოვანი გახდა. ჩემმა დედამთილმა უფროსი გერიც მოიყვანა შინ და ორივე (რეზო მირცხულავა და ოთარ კოკაია) ძმებივით გაზარდა. ბიჭები "დედას" ეძახდნენ. ჩემი ქმარიც ნიჭიერი იყო, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ხუთებზე სწავლობდა, სტიპენდიაც ჰქონდა. თამარს უნდოდა, ბიჭებს ერთმანეთი ჰყვარებოდათ და ასე იქცეოდა - ხელფასს რომ აიღებდა, მივიდოდა ოთართან, ფულს მისცემდა და ეტყოდა: ეს რეზომ მოგცაო, ასევე, რეზოსაც აძლევდა ფულს ოთარის სახელით. ბოლომდე შესანიშნავი ძმობა ჰქონდათ.

- დედამთილ-მამამთილის როგორც პედაგოგებისა და პიროვნებების შესახებ მიამბეთ.

- თამარი მათემატიკას ასწავლიდა, მამამთილი ისტორიის პედაგოგი და დირექტორის მოადგილე იყო. აბესალომს სანამ პირველ სკოლაში მიიწვევდნენ, სხვა სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ უმუშავია. მას ასეთი ეპითეტებით ახასიათებდნენ: კეთილშობილი, მშვიდი, სიტყვაძუნწი, ჰუმანური, არაჩვეულებრივი პედაგოგი და პიროვნება. ნაძალადევში ცხოვრობდა. ერთ წელიწადს თბილისში დიდი წყალდიდობა მოხდა და აბესალომის ბინა დაინგრა. კაცი დარჩა იმ კოსტიუმის ამარა, რომელიც სამსახურში ეცვა. იმდენად უყვარდათ, რომ პირველმა სკოლამ ერთი ოთახი გამოუყო, სადაც მეორედ დაქორწინებამდე ცხოვრობდა. მეურნე კაცი იყო, ბაზარში როცა მიდიოდა, კალათებს აავსებდა ხოლმე სეზონური ხილით. ომში წასული, მეუღლეს საოცრად თბილ წერილებს სწერდა. აბესალომთან დაკავშირებით ერთი ეპიზოდი მახსოვს. ჩემს დედამთილთან ბავშვი მეცადინეობდა, რომელსაც დედამ მოაკითხა. მშობელი შინ შემოვიპატიჟე და დაბრძანდით-მეთქი, ვუთხარი. ქალი ჩემს ბიჭს გაესაუბრა - ჯერ სახელი ჰკითხა, მერე - გვარი. "აბესალომ კოკაია" რომ გაიგონა, თქვა: მე მყავდა ისტორიის პედაგოგი აბესალომ კოკაია, რომლის სიყვარულით დავამთავრე ისტორიის ფაკულტეტიო. - ეს ბავშვი მისი შვილიშვილია-მეთქი, - ვუთხარი. ისე გაუხარდა, კიდევ ოცი წუთი საუბრობდა საყვარელ მასწავლებელზე, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ტაქსი ელოდებოდა.

დედამთილი მკაცრი მასწავლებელი იყო, დისციპლინა უყვარდა, მოსწავლეებს მისი რიდი და შიში ჰქონდათ. შეეძლო კლასის ხელში აყვანა, მასალას კარგად ხსნიდა, ნიშნებს სამართლიანად წერდა. სხვათა შორის, ჩემს დედამთილს კომუნისტური პარტია და ბოლშევიკები არ მოსწონდა. როცა მენშევიკებს დასდევდნენ, თამარს არაერთი ნაცნობი თუ მეგობარი დაუმალია თავის სახლში. ერთხელ, რაიონიდან ჩამოსული სამი უცნობი ახალგაზრდა ერთი კვირა თავისთან აცხოვრა. თან დაეხმარა რაღაც საკითხების მოგვარებაში. რევოლუციური სულის, დაუდგრომელი ქალი იყო. ეცოდებოდა გაჭირვებული, ღარიბი, საწყალი ადამიანი - მას ყველაფერს გაუკეთებდა. ვინც არაკეთილსინდისიერი შრომით იყო გამდიდრებული და გაზულუქებული, იმას ვერ იტანდა. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. ავკარგიანი და თავისებური ქალი, ხანდახან ისე გაბრაზდებოდა, თუ ვინმე არ მოეწონებოდა, მტრისას! სულერთია ვინ იქნებოდა, ახლობელი, ნათესავი... მათემატიკის პედაგოგი ვარ და რადგან დედამთილის სკოლაში საათები არ იყო, ცოტა ხანს პიონერთა ხელმძღვანელად და ფიზიკის კაბინეტის ლაბორანტად ვმუშაობდი. როგორც ამბობენ, თამარი „ბლატნოი“ ქალი იყო. ერთი მისი კოლეგა სკოლის დირექტორად დანიშნეს, ეს რომ გაიგო, შეხვდა და სთხოვა: რძალი უმუშევარი მყავს და ადგილი მიშოვეო... სკოლაში 45 წელი ვიმუშავე. დედამთილი მეტყოდა ხოლმე, ზუსტად ისეთი რძალი მყავს, როგორიც მინდოდაო. ბოლოს ავადმყოფობდა, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

- მათი მოსწავლეებიდან ვინ გახდა ცნობილი ადამიანი?

- აბესალომის მოსწავლე იყო კოტე მახარაძე... სხვებიც იყვნენ, მაგრამ აღარ მახსოვს. როცა ვაჟი შემეძინა, კოტემ ჩემს დედამთილს დაურეკა და უთხრა: გილოცავთ პატარა აბესალომის დაბადებასო. ქალიშვილსაც დედამთილის სახელი - "თამარი" დავარქვით. თამარი ასწავლიდა დევი სტურუას, გურამ დოჩანაშვილს... პირველად რომ შედგა ფეხი სამწერლო ასპარეზზე გურამმა, თავისი პატარა ბროშურა აჩუქა მასწავლებელს წარწერით, გარეკანზე მისი ფოტო იყო - ახალგაზრდობაში შავი, ხვეული თმა ჰქონია.

- დედამთილი შვილიშვილებს ამეცადინებდა? მკაცრი ბებია ხომ არ იყო?

- ბავშვების მეცადინეობისთვის არ ვაწუხებდი, მე ვასრულებდი ამ მოვალეობას, ის უკვე პენსიაზე იყო. შვილიშვილებზე გიჟდებოდა, განსაკუთრებით ჩემს ბიჭზე, დანარჩენები გოგონები არიან. თამარს "ბებიას" კი არა, "ნენას" ეძახდნენ. რეზოს უფროსი გოგონა ახალფეხადგმული იყო, ბავშვი წაიქცა და დედამთილმა - ვაიმე, ნენაო! - წამოიძახა. ბავშვი წამოდგა და, - ნენაო, - უთხრა. იმის შემდეგ ყველა შვილიშვილისთვის "ნენა" გახდა. დედამთილს გურულად მოქცევა უყვარდა, მაგრამ - მხოლოდ ოჯახში, შინაურებთან. წარმოშობით ოზურგეთიდან იყო.

nargiz-demetraze-kokaia-copy-1651131168.jpg

- სკოლაში დიდხანს მუშაობდა?

- 1969 წლამდე. 70 წლის იყო. რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის წოდება მიანიჭეს, ჰქონდა რამდენიმე მედალი. ყველაფერი შენახული მაქვს - მისი პასპორტი, შრომის წიგნაკი, მედლები, ჯილდოები, ფოტოები, ასევე - აბესალომის დიპლომი და რამდენიმე საბუთი, რაც დაგვრჩა... თბილისის კლასიკური გიმნაზიის მუზეუმი როცა იხსნებოდა, გვთხოვეს, ორივეს შესახებ მიგვეწოდებინა მასალები და ფოტოები. თითქმის ყველაფერი მივეცით. სამწუხაროდ, სამოქალაქო ომის დროს მუზეუმის ექსპონატები დაიწვა. აბესალომის ფოტო აღარ გვქონდა, მის ნათესავთან ვნახე რაიონში და წამოვიღე. ცოლ-ქმარმა ერთმანეთი სკოლაში გაიცნო. გარდა იმისა, რომ სიმპათია გაჩნდა მათ შორის, აბესალომს თამარზე უთქვამს: ჯერ ერთი, კარგი ადამიანია, და მეორეც - ასე რომ ზრუნავს გერზე, ჩემს ოთარსაც კარგად გამიზრდისო...

- ბოლოს მინდა, თემიდან გადავუხვიოთ: თქვენ სადაც ცხოვრობთ, ამ სახლში გადაღებულია ფილმი „ქორწილი“. ხომ არ შესწრებიხართ გადაღების პროცესს?

- როგორ არა?! მისაღები ოთახის ფანჯრიდან მე და ჩემი ქმარი გადაღების მომზადებას ვუყურებდით. ჩვენი პატარა შვილი აბესალომი ორი წლისაც არ იყო, ისიც ფანჯარასთან ბალიშზე დავსვი. როცა გადაღება დაიწყო, ვიფიქრე, ხელს შევუშლით, უხერხულია-მეთქი, და ფარდა ჩამოვუშვი. იქიდან მანიშნეს, იყავით, არ წახვიდეთო. ასე რომ, ჩვენც გადაგვიღეს, თუმცა ფილმის საბოლოო ვარიანტში არ აღმოვჩნდით. ეკატერინე ვერულეიშვილის გმირი ყვავილებს რომ ყრის, თავიდან ჩვენი ფანჯრიდან, პირველი სართულიდან უნდოდათ გადაეღოთ, მაგრამ მერე მეორეზე გადაინაცვლეს. გოგონას როლის შემსრულებელი ნანა ქავთარაძე ტანსაცმელს ჩვენს ბინაში იცვლიდა ხოლმე.

აქვე, სახლის გვერდით იღებდნენ ფილმ „ლაზარეს“. ერთი ეპიზოდი მახსოვს, როცა მედუქნე სცემდა ბავშვს და მსახიობი ამბობდა: იმდენს ვცემ, ბავშვი ხელში არ შემომაკვდესო. სახლის ზემოთ ადის ძალიან მოკლე და ვიწრო ქუჩა, ლაბორატორიის შესახვევს ეძახდნენ, ძერჟინსკის ქუჩამდე (ასე ერქვა მაშინ) გრძელდება. აქ გადაიღეს „მონანიების“ ცნობილი კადრი, ვერიკოს გავლა და მისი ფრაზა: „ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“

ნანული ზოტიკიშვილი