რატომ გაგულისდა რუსებზე ერეკლე მეორე და რატომ გამოსახა მონეტებზე ერთთავიანი არწივი - გზაპრესი

რატომ გაგულისდა რუსებზე ერეკლე მეორე და რატომ გამოსახა მონეტებზე ერთთავიანი არწივი

ვლას ვაწაძე ისტორიითა და მითოლოგიით ბავშვობიდანვე დაინტერესდა და ამ ინტერესმა საბოლოდ განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი პროფესია. ვინ შეაყვარა ისტორია და რა ხიბლია საუკუნეების მიღმა საინტერესო ამბების ძიებაში? - ამის შესახებ თავად გვესაუბრა.

- პატარაობისას ხშირად ვუყურებდი ქართულ ისტორიულ ფილმებს და სულ მინდოდა გამეგო უფრო მეტი - რატომ მოხდა, ვინ და როგორები იყვნენ სინამდვილეში ეს პერსონაჟები... შემდეგ, ალექსანდრე დიუმას კითხვა რომ დავიწყე, მისი კავკასიაში მოგზაურობის გარდა, საფრანგეთის ისტორიითაც დავინტერესდი. ლიტერატურამ და ფილმებმა მომანდომა ისტორიკოსობა და 1995 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში. იცით, რატომ მიყვარს სიძველეების კვლევა და გვირაბებში ძრომიალი? ინდიანა ჯონსის პერსონაჟი მიყვარდა; მინდოდა, მეც ასე მემოგზაურა და რამე საინტერესო აღმომეჩინა, ოღონდ ძეგლების შენარჩუნებისთვის მებრძოლა.

განსაკუთრებით დავინტერესდი თბილისით. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კვლევაა ამ ქალაქზე, მაინც შეუსწავლელია. შეიძლება ისეთი ინფორმაცია აღმოაჩინო არქივში, წიგნში ან გაზეთში, რომ შენი წინანდელი შეხედულებები და ცოდნა საერთოდ შეცვალოს. ამბები, რომლებზეც ჩემს ვიდეოებში ვყვები, ლიტერატურაში დაწერილა, მაგრამ მხოლოდ გაკვრით. მე კი მინდა, ბოლომდე ჩავეძიო და ლეგენდები, რომლებიც თბილისს ეხება, გავაცოცხლო. ყველა ლეგენდაშია დამალული რეალური ისტორიული ფაქტი და თუ სწორად შევისწავლით, ბევრ საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ. ამ ვიდეოებს ვწერ ჩემს მეგობარ დათო შალიკაშვილთან ერთად. დათო ფოტოგრაფია. 2013 წლიდან დღემდე, ისე, რომ არავინ გვაფინანსებს, უამრავი ფოტო გადავიღეთ პროექტის ფარგლებში: "გადაიღე შენობა თბილისში, რომელიც მალე აღარ იქნება". გულდასაწყვეტია, რომ ბევრი შენობა დღეს უკვე აღარ არის და მხოლოდ ჩვენს ფოტოარქივს შემორჩა.

- რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ მოგვიყევით, რამაც თქვენი ყურადღება მიიქცია.

- თურმე ძველად თბილისში არსებობდა ასეთი დღესასწაული - ჯოჯოობა (თუ დოდოობა). ამ დღესასწაულზე ინფორმაციას 1855 წლის გაზეთ "კავკაზში" წავაწყდი. მანამდე ამის შესახებ თამაზ ბერიძის ნაშრომიდან ვიცოდი, პლატონ იოსელიანიც ახსენებს გამოქვაბულს და ამბობს, რომ მის დროს ეს ტრადიცია ჯერ კიდევ არსებობდა, თუმცა ჯოჯოობის ასეთ დაწვრილებით აღწერას პირველად წავაწყდი. გამოქვაბული მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ხალხი ავლაბრის მხრიდან ჩადიოდა თურმე. ადგილი ქვიშიანი ყოფილა და შეიძლებოდა წყალში ზღართანიც მოედინა კაცს. იყო ვერსია, რომ სახელწოდება მოდიოდა სახელიდან "დოდო". წმინდა დოდო გარეჯაში ცხოვრობდა, დავით გარეჯელის მოწაფე იყო. მას არასდროს უცხოვრია თბილისში და ამიტომ ეს სუსტი ვერსიაა. იმასაც ამბობდნენ, რაკი ბევრი ხვლიკი იყო, ამიტომაც ეწოდა "ჯოჯოს გამოქვაბულიო".

ჯოჯოობა ძველი სტილით 14 მაისს აღინიშნებოდა. ამ დღეს ანჩისხატიდან გამოჰქონდათ ხატი და დაასვენებდნენ, ხალხი კი მიდიოდა და სანთლებს ანთებდა. ყველას შეეძლო, სურვილი ჩაეთქვა. ამ გამოქვაბულთან ჩასული "მომლოცველები" ჯოჯოებისთვის შაქრის ნატეხს ტოვებდნენ და თუ მეორე დღეს ის არ დახვდებოდათ, სურვილები, რომლებსაც ჩაუთქვამდნენ, აუსრულდებოდათ.

იყო ასეთი ცრურწმენაც, რომ თუ ხვლიკს თვალებში ჩახედავდი და ისიც შემოგხედავდა, მოკლედ, თუ ზურგს არ შეგაქცევდა, შენი ნატვრა ასრულდებოდა. ძირითადად მიდიოდნენ ის ადამიანები, ვისაც ახლობელი ჰყავდა ციხეში ან ტყვედ ჩავარდნილი, ან შორს იყო წასული და მისთვის ლოცულობდნენ.

ნათლისღების ღამე თბილისში სასწაულების ღამედ ითვლებოდა. სჯეროდათ, რომ რაღაც მომენტში მდინარე მტკვარი ჩერდებოდა და თუ ამ დროს შეძლებდი მდინარიდან წყლის ამოღებას, წყალი მარგალიტად გადაიქცეოდა. ოღონდ ეს პროცესი, მტკვრიდან წყლის ამოღება, დიდ რისკთან იყო დაკავშირებული - თბილისელებს სჯეროდათ, რომ ამ ადგილას წყალში დევები ბინადრობდნენ, რომლებიც შეეცდებოდნენ აეტეხათ საშინელი ხმაური, რათა მარგალიტების მსურველები დაეფრთხოთ. ამ შემთხვევაში ადამიანს არ უნდა მიეხედა იმ მხარეს, საიდანაც ხმაური მოდიოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაქვავდებოდა.

ერთთავიანი და ორთავიანი არწივების გამოსახულებების შესახებაც საინტერესო ფაქტებია. თბილისის სიონის ჩრდილოეთ ფასადზე ვახტანგ მეექვსის დროინდელი, 1710 წლით დათარიღებული წარწერაა, რომლის ორივე მხარეს ვხვდებით ერთთავიანი და ორთავიანი არწივების გამოსახულებებს. ორთავიანი არწივი, პეტრე პირველის დროიდან, რუსეთის იმპერიის სიმბოლოა. საქართველოში ორთავიანი არწივის გამოსახულებას პირველად 1787-1789 წლებში გამოშვებულ ერეკლე მეორის დროინდელ ე.წ. ნახევრად ბისტებზე (სეფიანთა ირანში XV საუკუნის ბოლოს შემოღებული სამონეტო სისტემის უმცირესი ნომინალი) ვხვდებით. 1783 წლის 24 ივლისს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის 2 თვის თავზე, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის ძალითაც ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე მეორეს ნება დაერთო, მონეტებზე განეთავსებინა რუსეთის იმპერიის სიმბოლო - ორთავიანი არწივი - როგორც რუსეთის მფარველობის ქვეშ შემავალი სამეფოსი. 1787-1789 იჭრებოდა ე.წ. ბისტები და ნახევრად ბისტები, რომელზეც მონეტის ნომინალი დატანებული არ იყო. მონეტის გამოშვების თარიღი მითითებული იყო ქართული წელთაღრიცხვით და ჰიჯრის წელთაღრიცხვით, ამასთანავე, მეორე მხარეს წარწერა არაბულ ენაზე იყო დატანებული. შესაძლოა, ერეკლეს გათვლა გახლდათ, რომ ეს მონეტები მიმოქცევაში ყოფილიყო როგორც მუსლიმანურ, ისე რუსეთსა და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ შემავალ ქვეყნებში. მონეტა ასევე ასახავდა ერეკლე მეორის პოლიტიკურ ვექტორულ ცვლილებასაც, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა 1795 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ, როდესაც აღა-მაჰმად-ხანი ლაშქრით თბილისს დაეცა თავს. მანამდე აქ მდგარმა რუსეთის პოლკმა თბილისი დატოვა, აგვისტოში კი ერეკლე მეორე უშედეგოდ წარმართავდა მოლაპარაკებას გუდოვიჩთან, რომლის ჯარიც ვლადიკავკაზთან იდგა. ქართლ-კახეთის მეფე ატყობინებდა გენერალ გუდოვიჩს სპარსთა მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და 1783 წლის ტრაქტატის პირობებს ახსენებდა, რუსები კი, თავის მხრივ, აიმედებდნენ მეფეს, რომ ასეთი თავდასხმა წარმოუდგენელი იყო და ამასთანავე, - რუსეთის იმპერატრიცის ბრძანების გარეშე ვერაფერს მოვიმოქმედებთო. მოკლედ, რუსებმა ქართლ-კახეთი გაწირეს. 1795 წლის სექტემბერში აღა-მაჰმად-ხანის ჯარმა თბილისი აიღო და დაარბია, მათ შორის - სიონიც. სპარსელების წასვლის შემდეგ, ერეკლე მეორე თბილისში რომ დაბრუნდა, ქალაქის აღდგენა დაიწყო. რუსების ღალატით გულმოსულმა, 1796 წელს გამოუშვა ახალი მონეტა, რომელზეც უკვე ერთთავიანი არწივია გამოსახული და მარცხნივ იყურება. რუს ნუმიზმატებში არის ვერსია, შესაძლოა ეს ფულის მოჭრის დროს დაშვებული შეცდომა იყოს, არწივის მეორე თავი ცუდად ჩანსო, მაგრამ სიმართლესთან უფრო ახლოს არიან ის მეცნიერები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ რუსებზე გულმოსულმა ერეკლე მეორემ ერთთავიანი არწივი გამოსახა, რომელიც სახით სამხრეთისკენ ანუ სპარსეთისკენ იყურება. საინტერესოა, რომ ერთთავიანი არწივისგამოსახულებიანი მონეტები ძალიან ცოტაა შემორჩენილი. შესაძლოა, თავის დროზე არც ისე დიდი რაოდენობით გამოუშვეს. ახლა - რაც შეეხება ნუმიზმატიკურ კავშირს სიონის ეკლესიაზე გამოსახულ არწივებთან. შეიძლება, სიონის აღდგენის შემდეგ ერეკლე მეფემ ერთთავიანი არწივი გამოსახა და განათავსებინა ჩრდილოეთ ფასადზეც. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენი ვერსიაა. არწივებიც არ მიგვაჩნია ვახტანგ მეექვსის დროინდელად. ჩვენი ფრთხილი ვარაუდით, ის შეიძლება იყოს 1796 წლის სიონის აღდგენითი სამუშაოების შესრულების დროინდელი. საკითხი საინტერესოა შესასწავლად და უფრო მეტი ლიტერატურის გადასინჯვის შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდი ან დამტკიცდება, ან - არა.

243875977-4472265109475439-4941367663785141549-n-1651133277.jpg

- პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით. რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, სწორად იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია და ექცევა თუ არა სათანადო ყურადღება სკოლაში საქართველოს ისტორიის შესწავლას?

- კერძო სკოლაში ვასწავლი. ასევე ვკითხულობ ლექციებს უნივერსიტეტში, როგორც მიწვეული სპეციალისტი, ტურიზმის განხრით. ჩემი აზრით, ისტორია უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ დადებითი კუთხით, რათა ნებისმიერმა ადამიანმა იამაყოს თავისი ქვეყნით. ეს ჩემი პირადი აზრია. ძალიან ბევრს მწირი ინფორმაცია აქვს და მათი ცოდნა, თუნდაც თბილისის შესახებ, შემოიფარგლება ლეგენდით, როგორ მოკლა ვახტანგ მეფემ ხოხობი... ამას რომ ვამბობ, მხოლოდ ახლანდელ თაობას როდი ვგულისხმობ. ადამიანი, რომელმაც თავისი წარსული არ იცის, საცოდავია: ვერც იამაყებს და პატრიოტიც ვერ იქნება, ვერც სხვისას სცემს პატივს. გულისტკივილით ვიტყვი, რომ ტურისტებმა მეტი იციან საქართველოს, მისი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ, ვიდრე ჩვენ, რაც განათლების სისტემის ბრალია. სკოლის მოსწავლეებმა არ იციან საქართველოს ისტორია, რაც დიდ პრობლემად მიმაჩნია. ბევრი რამ არის დამოკიდებული პედაგოგზეც. სამწუხაროდ, შთაბეჭდილება მექმნება, რომ მათი 80% არაპროფესიონალია. მასწავლებელმა უნდა შეძლოს თავისი ცოდნის გადაცემა ისე, რომ დააინტერესოს, ანალიზის უნარიც გამოუმუშაოს მოსწავლეს. უნდა ასწავლო მსჯელობა, შეაქო გამოვლენილი ინტერესისთვის, წაახალისო... მამა გარდამეცვალა და იმ პერიოდში ჩამოვრჩი, ცუდ ნიშნებს ვიღებდი. ერთხელ, ტექნიკურ საგანში მოვინდომე და კარგად მოვამზადე გაკვეთილი. მასწავლებელმა გამიძახა. მოყოლის დროს უეცრად აზრი გამიწყდა და არც კი დამაცადა, - დაჯექი, სამიანს დაგიწერო, - მითხრა, ნაცვლად იმისა, რომ წავეხალისებინე. სრულიად დამაკარგვინა ინტერესი საგნის მიმართ, მას შემდეგ ის წიგნი აღარც გადამიშლია.

ერთხელ, პატრიარქმა იქადაგა, შენი სამშობლოს სიყვარული ოჯახიდან იწყებაო და სწორედაც რომ ასეა. სკოლაც ხომ პატარა ოჯახია, სადაც მასწავლებელმა უნდა ჩაგინერგოს სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი.

- როგორც ისტორიკოსი, რას იტყვით - როგორ შევა ისტორიაში უკანასკნელი 30 წელი?

- როგორც თვითდამკვიდრების პერიოდი. ჩვენდა სამწუხაროდ, აქციებსა და მიტინგებზე "საქართველოს გაუმარჯოს" ძახილს ვერ გადავეჩვიეთ. ალბათ ესეც გაივლის და საქმის კეთებაზეც გადავალთ.

ნინო ჯავახიშვილი