"თუკი ადამიანს უარყოფითი ენერგიის დახარჯვაში დავეხმარე, ძალიან კარგი - არ მწყინს"
ხელმარჯვე, ფუსფუსა და დადებითი ენერგიით სავსე მსახიობი და ტელეწამყვანი - ნატუკა გულისაშვილი დილას მცენარეებთან, ძაღლთან, შინშილასა და თუთიყუშთან ურთიერთობით იწყებს. თითოეული წამისგან სიამოვნებას იღებს. მიიჩნევს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, ცხოვრებაში ბედნიერი ადამიანის როლი გვექნება თუ, მაგალითად, სასოწარკვეთილი დიასახლისის...
- სახლში ფუსფუსი ძალიან მიყვარს. რატომღაც, "ფუსფუსში" ყოველთვის კერძების მომზადება იგულისხმება, თუმცა მომწონს ავეჯის გადაადგილება, რაღაცების შელამაზება - სარემონტო სამუშაოები მეხერხება... მცენარეებს რომ ვუვლი, ეს ფუსფუსი კი არა, ჰობი და ცალკე სიამოვნებაა!.. მოკლედ, მაქსიმალურად ვცდილობ, შინ ისეთი სიმყუდროვე შევქმნა, როგორიც თავად მიყვარს და მსიამოვნებს... არის პერიოდები, როცა რაღაც აღარ მომწონს და გადავაკეთებ ხოლმე... კულინარიას რაც შეეხება, რაღაცების მომზადება იმ დროს მიყვარს, როდესაც სტუმრები არიან. ამჟამად მე და ჩემი შვილი ერთად ვცხოვრობთ. ამიტომ ვერ ვიტყვი, დიდ სადილებს ვამზადებ-მეთქი. საერთოდ, სულ მინდა, "გემრიელობები" მოვამზადო. შემდეგ ვცდილობ, ჩემი სამეგობრო მოვიწვიო, ჩემი კერძი თუ ტკბილეული ერთად დავაგემოვნოთ. კიდევ, ნივთების დახარისხება - ძველი ნივთების გადაყრა ან გაჩუქება ძალიან მიყვარს. ასეთ დროს თითქოს სახლიც დიდდება და ფართოვდება.
- დიდი ხანია, რაც შინ ფუსფუსი გიყვართ?
- კი, კი! ჩვენი ადათ-წესები, ზნე, ჩვევების უმეტესობა ოჯახიდან მოდის. შინ ფუსფუსი დედას ძალიან უყვარდა. ის არასოდეს მიშლიდა, რომ სამზარეულოს საქმეებსა თუ სახლის დალაგებაში დავხმარებოდი. არის შემთხვევები, როცა ბავშვი სამზარეულოში შედის, მშობელი კი უშლის - გამოდი, გეხვეწები, რა, ყველაფერს აურევო!.. დედა ასე არასოდეს მომქცევია. ყოველთვის საშუალებას მაძლევდა, რაღაცები ჩემებურად გამეკეთებინა. ჩემ მიერ მომზადებულს მერე შეცვლიდა თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ასე უნდა დაიწყო, რომ გაიზარდო.
- ამჟამად შინ რა სახის მცენარეები გაქვთ?
- ფლორა და ფაუნა ძალიან მიყვარს. ბევრჯერ, თუნდაც პანდემიის პერიოდში დეპრესია სწორედ ფლორა-ფაუნამ გადამატანინა, ასევე - ფუსფუსმაც: როდესაც ბევრი თავისუფალი დრო გაქვს და არ იცი, რა გააკეთო, შინ რაღაცას შეარემონტებ, შეღებავ... მცენარეებს რაც შეეხება, მაშაყირებენ - მცენარეების "112" ხარო: ქუჩაში გადაგდებული ან მაგალითად, სახურავზე ნაპოვნი მცენარე შინ "მომიყვანია" და სასწრაფო დახმარება გამიწევია. ძირითადად, მცენარეების სახელწოდებები არც ვიცი. ჩემებურად ვეძახი - ჩემი გოგოები-მეთქი. მხოლოდ ერთი "ბიჭი" მყავს - დიდი "ვაჟკაცია"... დილას ყვავილების მორწყვით, ძაღლთან, შინშილასთან და თუთიყუშთან ურთიერთობით ვიწყებ. ისინი ძლიერ ენერგიას მაძლევენ... სხვათა შორის, შარშან ამ დროს აივანზე უკვე კიტრის ბევრი მოსავალი მქონდა. რატომღაც, წელს ვეღარ მოვახერხე, მაგრამ არა უშავს - ზაფხული წინ არის... ძალიან სასიამოვნოა, როცა დილით საკუთარი აივნიდან ახალდაკრეფილ კიტრს მიირთმევ.
- კიტრის გარდა, სხვა კულტურის მოსავალიც აგიღიათ?
- კი, შარშან მარწყვი და ბულგარული წიწაკაც მქონდა.
- კორპუსის ბინაში ცხოვრობთ, არა?
- დიახ. ყოველთვის ვამბობ: მთავარია, გინდოდეს და პატარა ფართი იყოს, სადაც შენი სურვილის რეალიზებას მოახდენ, თორემ ყველამ იცის, რომ ჩემი ოცნებაა, მქონდეს პატარა სახლი თავისი ეზოთი, მაგრამ ამ შემთხვევაში, რისი საშუალებაც არის, იმას ვაკეთებ.
- ნატუკა, "ტიკტოკის" პლატფორმასაც კარგად იყენებთ...
- როგორც კი პანდემია დაიწყო, მგონი, ერთ-ერთი პირველი ასაკოვანი "ტიკტოკერი" გახლდით. იმ პერიოდში ყველანი ვცდილობდით, ერთმანეთთან კონტაქტი გვქონოდა. "ფეისბუკზე" ვიდეოებს ვაქვეყნებდი - "დარჩი სახლში გემრიელად", რომელშიც მაყურებლებს პატარ-პატარა კერძების რეცეპტებს ყოველდღე ვუზიარებდი. ძალიან მიხაროდა, რომ ბევრი მწერდა - სერიალივით ვუყურებთ; დღეს რატომ არაფერი გამოაქვეყნეო?.. "ტიკტოკიც" გართობის, კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმა იყო. აქვე აუცილებლად აღვნიშნავ: "ტიკტოკი" მართლა გართობის ფორმაა, მაგრამ რატომღაც საქმეების გარჩევისა და აგრესიის გადმოფრქვევის პლატფორმად იქცა, რაც ძალიან არ მომწონს.
- "ტიკტოკზე" ბულინგის შემთხვევა მართლა ხშირია, მაგრამ თქვენ როგორ ახერხებთ, რომ თითქმის სულ დადებითი გამოხმაურება გაქვთ?
- ჩემდა საბედნიეროდ, მინდა, ყველას მართლა დიდი მადლობა გადავუხადო, რომ უარყოფითი არც ერთი კომენტარი არ ყოფილა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ვიღაცამ დაწერა: რას ტინგიცობს ეს ბებერიო?!. არ მწყინს. იცი, რატომ? მან რომ დაწერა, ხომ კარგად გახდა, არა? შეუძლებელია, ადამიანი კარგად იყო და სხვას აგრესიული, ცუდი რამე დაუწერო, ხალხი დააბულინგო. თუ ასე იქცევი, ე.ი. რაღაც გიჭირს. ასე რომ, თუკი იმ ადამიანს უარყოფითი ენერგიის დახარჯვაში დავეხმარე, ძალიან კარგი. ჩემზე უკეთ არავინ იცის, რამდენი წლის ვარ, რა მიხარია, რა მწყინს და ა.შ.
- ნატუკა, ყველაზე უკეთ რისი მომზადება გამოგდით?
- რა არ გამომდის, იმას გეტყვი: ტაფაზე ვერაფრით მოვამზადე იმერული ხაჭაპური. აჩმას გავაკეთებ, კი, ბატონო, საფუვრიანი ცომით არაჩვეულებრივ ფუნთუშებსაც ვაცხობ, მაგრამ გულახდილად ვამბობ, რომ იმერული ხაჭაპური არ გამომდის. არაერთხელ მიცდია. კიდევ, კუჭმაჭი არ მიყვარს. თავისთავად, შინ არ ვამზადებ, მაგრამ რამდენჯერმე მეგობარმა მთხოვა სუფრისთვის კუჭმაჭის მომზადება... თავად არ გამისინჯავს, მაგრამ მითხრეს, რომ ძალიან გემრიელი გამოვიდა - თურმე, ესეც გამომდის. კერძების მომზადება მხოლოდ ინგრედიენტების ერთმანეთში არევა არ არის - მზარეული კერძში დადებით ენერგიას, ემოციებს "დებ". "ხელის გემოს" რომ უწოდებენ, ალბათ სწორედ ესაა - საჭმელს როგორი ენერგეტიკით მოამზადებ. რა თქმა უნდა, არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვა, მაგრამ ბევრი ისეთი კერძიცაა, რომლებიც "თვალით" უნდა მოამზადო. ვფიქრობ, ასე უფრო უპრიანია, რადგან გემო, დადებითი ენერგია მაშინ "ჯდება", რა!
- სადღესასწაულო სუფრისთვის აუცილებელი კერძებიდან რამის მომზადება არ გამოგდით?
- ნოემბერში დედა გარდამეცვალა. წელს ახალი წლის პირველი დღესასწაული იყო, როცა გოზინაყი გავაკეთე. წლების განმავლობაში გოზინაყს ყოველთვის დედა ამზადებდა... მომზადებისას ძალიან ვნერვიულობდი - თითქოს დედა თვალწინ მედგა... აღმოჩნდა, რომ უგემრიელესი გოზინაყი მოვამზადე, რაც ძალიან გამიხარდა. აღდგომასაც კვერცხებს ყოველთვის დედა ღებავდა. წელს პირველად თავად შევღებე - ესეც გამომივიდა. აღდგომის ყოველ დღესასწაულზე დედა ტარხუნის ღვეზელს აცხობდა დაკეპილი ცომისგან. წელს ღვეზელებიც გამოვაცხვე... თავს ძალიან ვიქებ, მაგრამ - არა, სხვები რომ სინჯავენ, მათ ნათქვამს გიზიარებთ.
- პასქის შესახებ არაფერი გითქვამთ...
- წელს ვიზარმაცე და პასქა არ გამომიცხვია, რადგან შარშან რომ გამოვაცხვე, აღდგომის დადგომამდე აღარ იყო - ოჯახის წევრებმა შეჭამეს. საერთოდ, დიდი ხანია, ხაჭოს პასქას ჩემებური რეცეპტით ვამზადებ. იყო პერიოდი, როდესაც ეს პასქა პირდაპირ ეთერში გავაკეთე ჩემს კულინარიულ რუბრიკაში. როდესაც ტელევიზიის თანამშრომლებმა გასინჯეს, ისე მოეწონათ, რომ შეკვეთები მომცეს. 2-3 წლის განმავლობაში ხაჭოს პასქით ძალიან კარგი შემოსავალი მქონდა... სიმბოლურად, 1 ცალი წელსაც მოვამზადე. ჯერჯერობით, კარგი და გემრიელი გამომდის, ოღონდ - ძალიან ნოყიერია და რომ შეჭამ, 1 კილო "ნაჩუქარი" გაქვს, მაგრამ ღირს...
- სერიოზული, შრომატევადი სარემონტო სამუშაო ჩაგიტარებიათ?
- როდესაც რემონტს ვაკეთებდით ხოლმე, ყოველთვის ხელოსნებთან ერთად ვიყავი, ვუყურებდი, მაინტერესებდა და თანდათან ვსწავლობდი. ხანდახან ხელოსნები შაყირობდნენ - სხვა დამხმარე აღარ გვჭირდება, ისე გვეხმარებიო. ზოგი საჩუქრად "დრელს" მიტოვებდა, ზოგი ნაკლებ თანხას მართმევდა... ვხალისობდით: მუსიკა ჩართული გვქონდა და ხელოსნებთან ერთად რაღაცებს მეც ვაკეთებდი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ვერ ვისწავლე, მეტალოპლასტმასის წყლის მილების გადაბმაა, რადგან ამ საქმეს სპეციალური უთო სჭირდება. კედლის ამოყვანას, შელესვას, "შპაკლს", შეღებვას რაც შეეხება - ეს საქმეები გამიკეთებია. მაგალითად, საახალწლოდ, ოთახებში შპალერი განვაახლე. ეს სიამოვნებას მანიჭებს... ერთადერთი, რაც არაფრით გამომდის, კერვა და ქსოვაა. ძალიან მინდოდა, მესწავლა - დედა არაჩვეულებრივად კერავდა. ბევრი ვიწვალე, მაგრამ ვერაფრით ვისწავლე და მივხვდი, რომ "ჩემი" არ არის. თუ აკეთებ, ხარისხიანად უნდა გააკეთო, თორემ ღილსაც ვაკერებ, მაგრამ ვაი იმ მიკერებას!.. ასე რომ, ჯობია, იმას შევეშვა, რაც არ გამომდის.
- მზა ტანსაცმელს ყიდულობთ ხოლმე?
- ან მზა ტანსაცმელს, ან - მკერავს ვაკერვინებ ისეთს, როგორიც მინდა.
- გაპრანჭვა რა ასაკიდან დაიწყეთ?
- როდესაც ქალი ხარ, ჩვილობიდან მშობლებმა უნდა გაგრძნობინონ თავი ქალად: ჩაგაცვან, გაგპრანჭონ, გაგალამაზონ, სანამ ამ ყველაფერს თავად შეძლებ. ყოველთვის ჩემი ოჯახის წევრებს ვუყურებდი: დედას, მამიდას, ბებიებს, როგორ იცვამდნენ, როგორ იქცეოდნენ... ამის საფუძველზე, ყოველთვის ვამბობ: ქალი მაქსიმალურად მოწესრიგებული, ფორმაში უნდა იყოს. ზედმეტად გაპრანჭულ-გადატყლარჭული ცოტათი დამღლელია. არსებობს ადგილები, სადაც დრესკოდი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ თუნდაც პურის საყიდლადაც მოწესრიგებული უნდა გახვიდე. მნიშვნელობა არ აქვს, რა ასაკის ხარ. სახლიდან უცებ, "ჩუსტებში" გამოწყობილი გავარდნა არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ასე თავადაც მოვქცეულვარ, გამოგიტყდებით. მამაკაცებიც ყოველთვის ფორმაში უნდა იყვნენ - ამაზე საუბარიც ზედმეტია. ვანგრევ სტერეოტიპს, რომ ქართველ კაცს ფრჩხილები "გაკეთებული" არ უნდა ჰქონდეს. რატომაც არა?! ეს ხომ ესთეტიკაა, სისუფთავეა?!.
- სილამაზის სალონებს, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს ხშირად სტუმრობთ?
- შეიძლება, ძალიან სირცხვილია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ - არა. 50 წელს რომ მივუკაკუნე, ესთეტიკის ცენტრებს მაშინ მივმართე, სახის დასატენიანებლად და მსგავსი პროცედურებისთვის და არა - თოჯინის სახის "გასაკეთებლად". როცა ეკრანზე ჩანხარ, ხალხისგან ამხელა სიყვარულს გრძნობ, უფლება არ გაქვს, რომ რაღაცნაირად, მომჩვარული იყო... ჩემი ბევრი მეგობარი სალონში თავის დასაბანად დადის. თავად ასე არ ვიქცევი. ვარცხნილობის გაკეთება მეც და ჩემს შვილსაც გვეხერხება. მაქსიმალურად ვცდილობთ, თმის მოწესრიგება თავად მოვახერხოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სალონში არ დავდივარ, თმას არ ვიჭრი, როცა საჭიროა მისი ჯანსაღი ზრდისთვის...
- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?
- რასაკვირველია, წამის მეასედში ამას ყველა ქალი გრძნობს. ერთ რამეს გეტყვი: დიასახლისი იქნები, პოლიტიკოსი, ექიმი თუ ნებისმიერი ვინმე, მნიშვნელობა არა აქვს. პირადად მე, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ხანდახან მოწყენილი ვარ, ხან - სასოწარკვეთილი დიასახლისი, გაბრაზებულიც, შეიძლება, ბევრჯერ საკუთარი თავისთვის მითქვამს - რა უბედურებაა-მეთქი! მიუხედავად ამისა, ყოველი წამი ბედნიერებაა. ყოველ დილით ვამბობ, რომ ბედნიერი ვარ, რადგან ვიღვიძებ, დავდივარ, ვმოძრაობ... თუ მტკივა, ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ და ტკივილის შეგრძნება მაქვს. ყოველი წამისგან სიამოვნებას ვიღებ, ბედნიერებას ვპოულობ. ამიტომ ეს გაელვებები - სასოწარკვეთილი დიასახლისობიდან დაწყებული, დეპრესიამდე - ყველას გვაქვს. ჩვენზეა დამოკიდებული, ეს როლი მოგვეწონება და ჩავეჭიდებით თუ არა. არ ჯობია, რომ ბედნიერი როლი გვქონდეს?! სრულ ბედნიერებას, როგორც სიყვარულს, ყველა თავისებურად განმარტავს, მაგრამ რეალურად, როცა სიყვარული არსებობს, ბედნიერი მაშინ ხარ ადამიანი, თორემ ჩამოთვლა რომ დაიწყო, ბედნიერებისთვის რა გჭირდება, არასოდეს აღარ გაჩერდები. ჰოდა, მარტივად: ცოცხალი რომ ხარ, საუბრობ, ხედავ, სუნთქავ, უკურნებელი სენი არ გჭირს, ეს ხომ უკვე დიდი ბედნიერებაა, არა?!.
ეთო ყორღანაშვილი