თავადი ნაკაშიძე - რუსული ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი შემქმნელი - გზაპრესი

თავადი ნაკაშიძე - რუსული ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი შემქმნელი

"1903 წელს მიხეილ ნაკაშიძემ საქმიანი კავშირი დაამყარა ფრანგულ ფირმასთან - Charron, Girardot&Voigt. ამ ფირმამ, ჩვეულებრივ საავტომობილო ნაწარმთან ერთად, 1902 წელს ააგო ექსპერიმენტული ჯავშანავტომობილი Charon 50 CV. ეს ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი პირველი ნიმუში იყო... თავადი ნაკაშიძის შესახებ ისტორიის მკვლევარი თენგიზ თხილავა გვიყვება.

- ნაკაშიძეთა გვარი პირველად მე-16 საუკუნეში მოიხსენიება. ნაკაშიძეთა ყველაზე ადრინდელ წარმომადგენლად მამუკა ნაკაშიძეს ასახელებენ. ის გურიის მთავრის, ვახტანგ პირველი გურიელის დარბაზის ერშია ნახსენები.

1810 წლის 19 ივნისს გურიის მთავარმა მამია მეხუთემ რუსეთის იმპერიასთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გურია იმპერიის პროტექტორატი ხდებოდა და ავტონომიურ სამთავროდ ცხადდებოდა. დანარჩენი დროის საკითხი იყო - 1828 წელს გურიის ავტონომია გაუქმდა და სამთავრო მაზრად იქცა. 1850 წლის 6 დეკემბერს ნაკაშიძეთა საგვარეულო რუსეთის იმპერიის თავადური გვარების სიაში შევიდა.

მიხეილ ნაკაშიძე კავკასიის და რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის მონაწილე, პოლკოვნიკ ალექსანდრე ნაკაშიძის ვაჟი იყო. ალექსანდრე ნაკაშიძე შემდგომში გენერალი და ელიზავეტპოლის (ახლანდელი განჯის) გუბერნატორი გახდა. ის ქუთაისის სამხედრო და სამოქალაქო გუბერნატორის, რუსულ სამსახურში მყოფი ესპანელი გენერლის, აკიმ ესპეხოს ქალიშვილ მარიაზე იყო დაქორწინებული.

- როგორც ვიცით, მიხეილ ნაკაშიძეზე მწირი ცნობებია...

- დიახ. მიხეილ ნაკაშიძე 1873 წელს მოსკოვში დაიბადა. უნდა ითქვას, რომ მის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე ცნობები ძალიან ცოტაა, მისი ფოტოც კი არ შემონახულა. ცნობილია, რომ მან საგვარეულო ტრადიცია გააგრძელა და სამხედრო განათლება მიიღო - 1893 წელს პაჟთა კორპუსი დაამთავრა. ცოტა ხანს სამოქალაქო მოხელე იყო, მერე სამხედრო სამსახურში შევიდა - 43-ე ტვერის დრაგუნთა და ლეიბ-გვარდიის გროდნოს ჰუსართა პოლკებში მსახურობდა. სწორედ ამ სამსახურისას მიაქცია ახალგაზრდა ოფიცერმა ყურადღება იმდროინდელი ტექნიკის უკანასკნელ მიღწევას - ავტომობილებს. რამდენიმე წელი ამ თემას სწავლობდა, 1902 წელს გამოსცა წიგნი „ავტომობილი, მისი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისთვის“. ამ ნაშრომში მიხეილ ნაკაშიძე ძალიან ოპტიმისტურად აღწერდა რუსეთის არმიის ავტომობილიზაციის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე. თუმცა, ნაკაშიძის ინტერესი ლიტერატურული საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა. მას მეწარმის თვისებები აღმოაჩნდა და სამხედრო კარიერა კომერციულ საქმიანობას შეუთავსა. იმავე 1902 წელს საავტომობილო ბიზნესით დაინტერესებულ გრაფ პოტოცკისა და პოლკოვნიკ გოლოვინთან ერთად ვარშავაში დააფუძნა ავტომობილთა ექსპლუატაციის ამხანაგობა Grand Garage International d’Automobiles – "ავტომობილების დიდი საერთაშორისო გარაჟი". მას შემოკლებით „ინტერნაციონალს“ უწოდებდნენ. „ინტერნაციონალის“ მთავარი საქმიანობა იმპორტული, ძირითადად ფრანგული ავტომობილებით ვაჭრობა იყო. ამავე დროს ფირმა ცდილობდა, საკუთარი ნაწარმიც შეექმნა და 1902-1904 წლებში რამდენიმე ავტომობილიც ააგო ფრანგული ძრავების გამოყენებით. ნაკაშიძე პირადად იყო დაკავებული პარტნიორთა ქსელის განვითარებით.

- ჯავშანავტომობილები როგორ გამოუშვა?

- 1903 წელს მან საქმიანი კავშირი დაამყარა კიდევ ერთ ფრანგულ ფირმასთან - Charron, Girardot&Voigt. ამ ფირმამ, ჩვეულებრივ საავტომობილო ნაწარმთან ერთად, 1902 წელს ააგო ექსპერიმენტული ჯავშანავტომობილი Charon 50 CV. მსოფლიოში ეს ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი პირველი ნიმუში იყო. დაიწყეს მისი გამოცდა ფრანგული არმიის პოლიგონებზე. სწორედ ამ დროს დაემთხვა ფირმა „შარონისა“ და თავად ნაკაშიძის გაძლიერებული კონტაქტები, რომელთა შედეგადაც ეს უკანასკნელი „შარონის“ ჯავშანავტომობილების განყოფილების უფროსი გახდა. საქმიანი წარმატებები აშკარა იყო და მიხეილ ნაკაშიძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა, რათა ავტომრეწველობისთვის სერიოზული ყურადღება დაეთმო. სწორედ ამ დროს დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი. მიხეილ ნაკაშიძე მაშინვე მოხალისედ ჩაეწერა მანჯურიის ფრონტზე. ის ციმბირის კაზაკთა მე-7 პოლკში ჩარიცხეს პოდესაულის წოდებით, რაც კავალერიის შტაბს-როტმისტრის, ქვეითი ჯარის შტაბს-კაპიტნის თანაბარი წოდება იყო. მიხეილ ნაკაშიძე ფრონტიდანაც აგრძელებდა ურთიერთობას ფირმა „შარონთან“. მანჯურიის ფრონტზე, საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, მან „შარონთან“ ჯავშანავტომობილის შექმნის პროექტი შეათანხმა. ამ დროისთვის „შარონი“ იყო ევროპაში (თუ მსოფლიოში არა) ერთადერთი ფირმა, რომელსაც ჯავშანავტომობილის შექმნის გამოცდილება ჰქონდა. თავადი მიხეილ ნაკაშიძე მანჯურიაში იმყოფებოდა და პროექტის შექმნაში აქტიურად ვერ მონაწილეობდა. ის ძირითადად ფრანგმა ინჟინრებმა დაამუშავეს, თუმცა გარკვეული კორექტივები ნაკაშიძემ მაინც შეიტანა, როგორც ფირმის ჯავშანავტომობილების განყოფილების უფროსმა. რადგან პროექტის სამხედრო უწყებისთვის წარდგენას აპირებდა, მანჯურიის ფრონტზე ყოფნით ისარგებლა და მოიპოვა გავლენიანი გენერლის, მანჯურიის პირველი არმიის სარდლის, ნიკოლაი ლინევიჩის მხარდაჭერა, რომელსაც ძალიან მოეწონა მტრისთვის მიუწვდომელი ტყვიამფრქვევიანი ჯავშანავტომობილის იდეა. გავლენიანი გენერლის პროტექციამ შედეგი მოიტანა - ნაკაშიძის პროექტი მოიწონეს, ოღონდ - თანადაფინანსების პირობით. ჯავშნოსანი ფირმას საკუთარი ხარჯით უნდა აეგო და სამხედრო სამინისტრო მისი შეძენის გარანტიას არ იძლეოდა, მხოლოდ მისი ტრანსპორტირებისა და მომსახურე ტექნიკოსის ხარჯების ანაზღაურებას კისრულობდა. ნაკაშიძე მანჯურიაში მანქანის ჩატანასა და საბრძოლო პირობებში გამოცდას ვარაუდობდა. მძღოლის მოვალეობის შესრულებასაც კისრულობდა. მანჯურიიდან ვარშავაში გაემგზავრა მანქანის შესახვედრად და ისევ უკან, ფრონტზე გადასაყვანად.

mir-1651734362.jpg

- შეძლო ჩანაფიქრის განხორციელება?

- ამასობაში რუსეთი იაპონიასთან ომში დამარცხდა. ნაკაშიძის შეკვეთაზე მუშაობაც მდგომარეობის გარკვევამდე შეჩერდა. დაიდო რუსეთისთვის მარცხიანი ზავი. ამის გამო შეიარაღებული ძალების გენშტაბმა ჯავშანმანქანის მანჯურიაში წაღებაზე უარი თქვა და მისი გამოცდა სანქტ-პეტერბურგში დანიშნა. ეს ნაკაშიძისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ის თავის წარმატებაში დარწმუნებული იყო და „შარონში“ ექვსი მანქანა დაამზადებინა. სამხედროებმა მხოლოდ ერთის შეძენა გადაწყვიტეს, ისიც - გამოსაცდელად.

1906 წლის მარტში ჯავშანავტომობილმა, როგორც იქნა, პეტერბურგამდე ჩააღწია, სადაც „ნაკაშიძე-შარონ“-ი ეწოდა. მან სერიოზული გამოცდები გაიარა გარბენაში, სროლასა და სხვა საჭირო პოზიციებში. მანქანა მთლიანობაში გამოსადეგად აღიარეს დაზვერვისთვის, კავშირის დამყარებისთვის, ცხენოსან ჯართან ბრძოლისთვის, მოწინააღმდეგის დევნისთვის, მაგრამ სამხედროებმა იქვე აღნიშნეს მისი ნაკლიც - დიდი მასა, რაც მოუქნელს ხდიდა. ამ სახით მანქანა მიღებისთვის უვარგისად ცნეს. ნაკაშიძე მაშინვე ახალ შეტევაზე გადავიდა და გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსს, გენერალ ფიოდორ პალიცინს დაუკავშირდა. მანქანის გამოცდები გაგრძელდა, მაგრამ მეორე კომისიამ პირველის დასკვნები ძირითადად გაიმეორა. ნაკაშიძემ „შარონს“ ნიმუშის მოდერნიზაციის მითითებები გაუგზავნა და შეეცადა, მანქანით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაეინტერესებინა საპოლიციო მიზნით გამოყენებისთვის. მთლად სანაქებო საქციელი ვერაა, მაგრამ ნაკაშიძისაც უნდა გავიგოთ - ის სიახლის დანერგვას ცდილობდა. მანქანის საჭიროების დასამტკიცებლად მიხეილ ნაკაშიძე მიღებაზე ჩაეწერა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე პიოტრ სტოლიპინთან. ნაკაშიძის მიღება 1906 წლის 12 აგვისტოს დანიშნეს სტოლიპინის აგარაკზე პეტერბურგში, სააფთიაქო კუნძულზე. ნაკაშიძე მიღებამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადდა პროექტებით, ნახაზებითა და განმარტებითი ბარათებით ხელში. მიღება 14 საათზე დაიწყო. ნახევარი საათის შემდეგ აგარაკს ეტლი მიადგა, საიდანაც ორი ჟანდარმი გადმოვიდა, პორტფელებით ხელში. ისინი შენობაში შევიდნენ, მაგრამ პირველსავე მისაღებში გზა გენერალმა ალექსანდრ ზიმოატინმა გადაუღობა, რომელიც მიღებაზე წერდა ხალხს. ეს ჟანდარმები სინამდვილეში ესერი-მაქსიმალისტი ტერორისტები იყვნენ, რომლებმაც პორტფელები მომდევნო კართან დაყარეს და გაიქცნენ. მოხდა დიდი სიძლიერის აფეთქება. თავადი სტოლიპინი მსუბუქად დაშავდა, მაგრამ აფეთქებისგან 33 კაცი მძიმედ დაიჭრა, 27 კი დაიღუპა. დაღუპულთა შორის იყო მიხეილ ნაკაშიძეც.

მისი დაღუპვის შემდეგ რუსეთის არმიაში ან პოლიციაში ჯავშანავტომობილების გამოყენება რამდენიმე წლით შეჩერდა. თუმცა „ნაკაშიძე-შარონის“ პროექტი და მასზე მუშაობის გამოცდილება მაინც დაეხმარა რუსეთს, 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, შეექმნა საკუთარი ჯავშნოსანი, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდებოდა დასავლურ მოდელებს.

მანანა გაბრიჭიძე