ნიდერლანდებში თეატრის სცენაზე გაერთიანებული ქართველი ემიგრანტები და სპექტაკლი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად - გზაპრესი

ნიდერლანდებში თეატრის სცენაზე გაერთიანებული ქართველი ემიგრანტები და სპექტაკლი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად

200-კაციან დარბაზში მაყურებელს შორის იყვნენ როგორც ჩვენი ერის წარმომადგენლები, ისე ქართული კულტურით დაინტერესებული ჰოლანდიელები. თემიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, სპექტაკლი საკმაოდ ემოციური გამოვიდა. წარმოდგენა ქართულ ენაზე, სუბტიტრებით მიმდინარეობდა.

ნიდერლანდების სამეფოში შექმნილმა პირველმა ქართულმა სამოყვარულო თეატრმა "ათინათი" ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვითა და ბადრი წერედიანის რეჟისურით შექმნილი სპექტაკლი "ჰელადოს" წარმოადგინა. საზღვარგარეთ სამოყვარულო თეატრის დაარსების იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი აწ გარდაცვლილი თინა ახვლედიანი გახლდათ. დღეს დედის საქმეს მისი შვილები - ნათია და ბაიკო ახვლედიანები აგრძელებენ და თეატრს ხელმძღვანელობენ.

პირველი ქართული თეატრალური დასის ჩამოყალიბების იდეის სათავესთან ქალბატონი თინას გვერდით ბადრი წერედიანი იდგა. ამჟამად ის ლიეტუვაში ცხოვრობს და იქვე რამდენიმე თეატრთან თანამშრომლობს. რაც შეეხება "ათინათს", ბადრის სამომავლო გეგმები ამ დასსაც უკავშირდება. ამ ეტაპზე კი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, "ათინათისა" და ბადრი წერედიანის წარმოდგენა საქველმოქმედო იყო და სპექტაკლიდან შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხება.

ბადრი წერედიანი:

- მესამე წელია, ლიეტუვაში ვიმყოფები. საქართველოში ყოფნის დროსაც მქონდა ამ ქვეყანასთან ურთიერთობა, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა საქართველოში შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი. მას შემდეგ რამდენჯერმე ვიმყოფებოდი ლიეტუვაში ფესტივალზე, ტრენინგებზე. შემდეგ ქალაქ ტელშაის დრამატულმა თეატრმა შემომთავაზა ოფიციალური კონტრაქტის გაფორმება, რომლის მიხედვითაც ამავე თეატრის პროფესიული განვითარების ხაზს უნდა გავძღოლოდი. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს შემოთავაზება და დავთანხმდი. ტელშაი პატარა, ტბისპირა ქალაქია. მე აფხაზეთში დავიბადე, გავიზარდე და ეს ადგილი ძალიან მაგონებს იქაურობას. ასე რომ, დღესდღეობით ვმუშაობ ქალაქ ტელშაის დრამატულ თეატრში და გარდა ამისა, ვთანამშრომლობ რამდენიმე სხვა თეატრთან. ამავე ქალაქში არის ხელოვნების აკადემია, სადაც ტელშაის თეატრისთვის პროფესიული თეატრალური ჯგუფის აყვანა იგეგმება. ესეც ძალიან მიმზიდველი იყო ჩემთვის, რადგან პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება მაქვს და ახალგაზრდებთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესოა. მით უმეტეს, განვითარების დამატებითი სტიმულია, როცა სხვა მენტალიტეტისა და კულტურის ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა. უახლოესი რამდენიმე წელი, მინდა, დასახულ გეგმებს მივყვე და ეტაპობრივად განვახორციელო. მართალია, პანდემიამ თეატრზე და საერთოდ, ხელოვნების ყველა სფეროზე მსოფლიოში ცუდი გავლება იქონია, მაგრამ მიუხედავად ამისა, არც ერთი საქმე და გეგმა არ ჩაშლილა.

- პარალელურად ბოლო დროს მუშაობთ დასთან "ათინათი", წარმოსადგენად ამზადებდით სპექტაკლს "ჰელადოს". ამ მოთხრობის დადგმა რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე გადაწყვიტეთ თუ მანამდეც იყო ეს იდეა?

- ჯერ კიდევ მაშინ, როცა ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი, ჰოლანდიაში, კერძოდ ამსტერდამში გასტროლებზე ვიმყოფებოდით. მაშინ გავიცანი ქალბატონი თინა ახვლედიანი, რომელიც იქ ცხოვრობდა და სპექტაკლებზე იყო მოსული. მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა არ გაწყვეტილა. ერთხელაც დამიკავშირდა და მითხრა, რომ თეატრის ჩამოყალიბებას აპირებდა. ის წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა და იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, ეს იდეა განეხორციელებინა, უარი ვერ ვუთხარი. ეს ყველაფერი უამრავ ტექნიკურ საკითხთან იყო დაკავშირებული, რაც ამ ქალბატონმა წარმატებით მოაგვარა და საამისოდ ბევრი იშრომა. სამწუხაროდ, ქალბატონი თინა გარდაიცვალა. დღეს ამ თეატრის საქმეს მისი შვილები - ნათია და ბაიკო ახვლედიანები აგრძელებენ, შემოუერთდნენ სხვა ქართველი ემიგრანტებიც, რომლებიც ჰოლანდიაში ცხოვრობენ. ქალბატონ თინასთან ერთად ბევრ ნაწარმოებს განვიხილავდით. ერთ-ერთ ვარიანტად გვქონდა ნოდარ დუმბაძის "ჰელადოს". ეს ნაწარმოები ძალიან ახლოს არის ემიგრაციის თემასთან. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, როცა სოხუმიდან ბერძნების გასახლება გადაწყვიტეს, ამის ფონზე განვითარდა ყველა ის ამბავი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი შეიწირა. იანგულის იმდენად არ უნდოდა სოხუმის დატოვება, გემიდან გადახტა და დაიღუპა. ეს არის ფაბულა და დღევანდელი ვითარებაც ამ ამბავთან მჭიდრო კავშირშია. ქალბატონი თინა მძიმე სენით იყო დაავადებული, იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ შექმნა და დატოვა თეატრი. ჰოდა, პირველი სპექტაკლი ეხება როგორც ემიგრაციის თემას, იმ ადგილს, რომელიც დღეს ოკუპირებულია. ამავდროულად ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ რა ხდება უკრაინაში. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც აფხაზეთში ხდებოდა. ნათიასა და ბაიკოს იდეით, სპექტაკლიდან შემოსული თანხა უკრაინის ომში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გადაირიცხება.

- დასის წევრები მსახიობები არიან თუ მხოლოდ თეატრის მოყვარულები?

- არც ერთი პროფესიონალი მსახიობი არ არის. ბევრს ვფიქრობდით, დასში ჩაგვერთო თუ არა პროფესიონალები, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე შევთანხმდით. ამ შემთხვევაში მხოლოდ მე ვარ პროფესიონალი რეჟისორი და ვცდილობთ, ყველაფერი ერთობლივი ძალებით დავძლიოთ. გასაოცარია მათი მონდომება და ამ საქმის მიმართ სიყვარული. ეს ადამიანები ჰოლანდიაში წარმატებული ქართველები არიან, თითოეული ძალიან ბევრს შრომობს. მათ გამოთქვეს სურვილი, ურთიერთობა ჰქონდეთ ქართულ ენასთან, ხელოვნებასთან და ამ ორ გოგონასთან ერთად, საქმე სისრულეში მოიყვანეს. ბოლო ხანს დასში გაწევრების სურვილი ბევრმა გამოთქვა, ჯგუფი ნელ-ნელა გაიზარდა და ყველა სერიოზულად, დიდი ინტერესით ეკიდება ამ საქმეს. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ამ ადამიანების ინტერესი და ენთუზიაზმი მაოცებს. მთელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება პროფესიონალ მსახიობებს, ჩემი დიდი პატივისცემა მათ, მაგრამ ეს ადამიანები მონდომებით მათ ტოლს არაფერში უდებენ. ისინი ამ საქმეში ანაზღაურებას არ იღებენ, პირიქით, თავიანთ დროსა და რესურსს ხარჯავენ და მაქსიმალურად ცდილობენ, კარგი შედეგი მიიღონ.

- მუშაობის პროცესიც განვიხილოთ. როგორ წარიმართა რეპეტიციები?

- es სპექტაკლი გაცილებით ადრე იგეგმებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ევროპაში ყველაფერი ჩაიკეტა. იმ დროს გადავწყვიტეთ, პროცესი არ გაგვეჩერებინა და თავდაპირველად რეპეტიციები ონლაინ წარვმართეთ. სპექტაკლის წარმოდგენამდე რეპეტიციების გამო, ყველა ამ ადამიანმა საკუთარი საქმე გადადო, შვებულება აიღო, რაც მოგეხსენებათ, ჰოლანდიაში ფინანსებთან არის დაკავშირებული. ბაიკომ დაიქირავა უშველებელი სახლი იმისათვის, რომ ყველა ერთად განთავსებულიყო და დილიდან საღამომდე გაგვევლო რეპეტიციები. სპექტაკლი პროფესიულ თეატრში შედგა. ამსტერდამის გარშემო პატარ-პატარა ქალაქებია და მათ შორის არის პურმერენდი.

bikzzfd-1651734544.jpg

- თქვენი სამომავლო გეგმები ისევ თუ უკავშირდება "ათინათს"?

- რა თქმა უნდა. თეატრის ხელმძღვანელობა და დასიც სამუშაოდ არიან განწყობილი. აქტიურია და ბევრი პროექტის განხორციელებაა ჩაფიქრებული. ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემია ის ფაქტი, რომ მსახიობებს, მათ ასე მოვიხსენიებ, დიდი სურვილი აქვთ, ქართულ ფესვებს არ დაშორდნენ, მუდმივად კავშირი ჰქონდეთ ქართულ ენასა და კულტურასთან. ამ ყველაფერმა ჩემში დიდ სიხარულთან ერთად, მათთან ურთიერთობის სურვილი გამიმძაფრა. მეც მათსავით ემიგრანტი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვაში ოფიციალური მიწვევით ვიმყოფები. ემიგრანტების თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საკუთარი ქვეყანა სხვებს გააცნონ და წინ წამოსწიონ. სამომავლოდ ვგეგმავთ, ჩვენი ძალები ვცადოთ კომედიურ ჟანრშიც.

- დაბოლოს, უახლოესი წლების განმავლობაში ლიეტუვაში დარჩებით ალბათ, ხომ?

- დიახ, სამწუხაროდ, ჩემი გეგმები ჯერჯერობით ლიეტუვას უფრო უკავშირდება, ვიდრე საქართველოს. შორეულ მომავალზე საუბარი რთულია. სამუდამო დარჩენას არ ვგეგმავ, მაგრამ ალბათ უახლოესი 3 წლის განმავლობაში ლიეტუვაში ვიქნები.

ანა კალანდაძე