"საცხოვრებელი ხელფასი მხოლოდ ფიზიოლოგიურად გადარჩენას არ ნიშნავს" - გზაპრესი

"საცხოვრებელი ხელფასი მხოლოდ ფიზიოლოგიურად გადარჩენას არ ნიშნავს"

რას უნდა ნიშნავდეს საცხოვრებელი ხელფასი, რა კომპონენტებს უნდა ითვალისწინებდეს, როგორ უნდა მოხდეს მისი დათვლა, საქართველოში არსებული რეალობა როგორია - ამ საკითხებზე ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირის (სოლიდარობის ქსელი) წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს ვესაუბრეთ.

- საცხოვრებელი ხელფასი დაახლოებით საარსებო მინიმუმია, ოღონდ - მხოლოდ ფიზიოლოგიურად გადარჩენას არ ნიშნავს (როგორც საქსტატი ითვლის). საუბარია იმაზე, რომ ღირსეული ცხოვრება შეგეძლოს, კულტურული და სოციალური ცხოვრებაც რომ გქონდეს; როდესაც ადამიანის ბაზისური საცხოვრებელი პირობები საზოგადოებრივ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისია. ამ თვალსაზრისით, მშრომელები და მათი ოჯახები სიღარიბის ზღვარს ზემოთ უნდა ცხოვრობდნენ.

დათვლის სხვადასხვა მეთოდოლოგია არსებობს, რომლის მიხედვითაც ძალიან დაბალი ხელფასები გვაქვს. მაგალითად, ექთანების 95% ამბობს (კვლევა ჩავატარეთ), რომ ხელფასი არ ყოფნის და ვალს იღებს, რათა ბაზისური მოთხოვნები დაფაროს. ამის გამო უამრავი ადამიანი უცხოეთში მიდის, რომ გადარჩეს და იქიდან ოჯახს დაეხმაროს - რათა აქ დარჩენილებს საჭმელი და ელემენტარული საშუალებები ჰქონდეთ. დავიწყეთ გამოკვლევა - ღირსეული ხელფასის სახით ყველასთვის ბაზისური მინიმუმი რა იქნებოდა.

- თქვენი მეთოდოლოგიით რა სურათი მიიღეთ?

- ევროპული მეთოდოლოგიით ჩავთვალეთ, რომ 40%-ს საკვებზე უნდა ვხარჯავდეთ, არასასურსათო ნაწილზე 60% უნდა მოდიოდეს. შესაბამის კვებას, ადეკვატურ საცხოვრისს და კომუნალურების ხარჯს, ადეკვატურ ტანსაცმელს, არასასურსათო პროდუქტსა და სერვისებს, ტრანსპორტირებას, კულტურას და რეკრეაციას კიდევ ყოველთვიურად შესანახი ათი პროცენტი დავამატეთ - გაუთვალისწინებელი შემთხვევა რომ მოხდეს, გარკვეული თანხა მოგვეპოვებოდეს. ვნახეთ, რამდენი ღირდა თითოეული ეს კატეგორია და გადასახადის გარეშე თითო ადამიანზე 1.275 ლარი მივიღეთ. ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანაში საცხოვრებელი ხელფასი 1.500 ლარამდე უნდა იყოს - ყოველწლიური ინფლაციის ინდექსიც სათვალავშია.

- ამ დროს რეალობა როგორი გვაქვს? ექთანების დაბალი ხელფასები ახსენეთ...

- ექთანების ხელფასი 283-დან 582-მდე ლარის ფარგლებში მერყეობს, ე.ი. საცხოვრებელი ხელფასის მესამედი აქვთ. შევეკითხეთ, როგორი უნდა იყოს ღირსეული ხელფასი (რამდენი გინდათო)? - დაახლოებით 1.500-დან 2.000 ლარამდე გვიპასუხეს. ამ დროს, რეგიონებში 200-300 ლარს იღებენ, თბილისში - 500-ის ფარგლებში. თან 40 საათზე მეტხანს მუშაობენ - მინიმუმ 50-დან 80-90 საათამდე. უარესი გრაფიკებიც მინახავს. 95% ვალს იღებს, რომ ბაზისური საჭიროებები დაფაროს.

- სხვა სფეროებში რა ხდება?

- დაახლოებით მსგავსი სიტუაციებია. მაღაზიებში 400-500-ლარიანი ხელფასებია. გახსოვთ სოციალური სამსახურის გაფიცვები? მანამდე 200-300 ლარი ჰქონდათ, 40-60% მოუმატეს - ახლა 600-700 და 800 ლარი აქვთ. რეალურად, 15 წლის განმავლობაში ხელფასი მომატებული არ ჰქონდათ. ინფლაცია რომ გავითვალისწინოთ, 15 წლის წინ უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება ჰქონდათ, ვიდრე ახლა, ხელფასის მომატების შემდეგ.

- ხელისუფლებისთვის რა რეკომენდაციები გაქვთ?

- არ გვჯერა, რომ მარტო რეკომენდაციებით სახელმწიფო დაფიქრდება და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. ბრძოლის გარეშე არაფერი გამოდის. რეალურად, ქვეყანაში მინიმალური ხელფასიც არ არსებობს - წარმოიდგინეთ, ეს მაჩვენებელი თვეში 20 ლარია. ამისთვის მინიმალური ხელფასის კანონპროექტი დავწერეთ, შევიტანეთ პარლამენტში და უარი გვითხრეს. ამ პროექტის მიხედვით, საქართველოში მინიმალური სახელფასო ზღვარი 500 ლარი უნდა ყოფილიყო. როგორც ვიცით, 229 ათასი დაქირავებული მშრომელი დღემდე ამაზე ნაკლებს იღებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ძალიან ბევრი მუშახელი არ გვყავს - ასეთი კატეგორია დაახლოებით მილიონზე ცოტა მეტია. აქედან ერთი მეოთხედი 500 ლარზე ნაკლებს იღებს, რაც საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, ესეც გადასახადებით - ხელზე ოთხას ლარამდე იღებენ.

ამგვარად, მინიმალური ხელფასის დაწესებაზე უნდა ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. დათვლის მექანიზმი მაინც უნდა არსებობდეს. მეორე - მედიანურ (საშუალო) ხელფასს არ ითვლიან, რაც სერიოზული პრობლემაა. ასევე, ეს ყველაფერი 40-საათიან სამუშაო დროზე უნდა იყოს მიბმული. ახლა 48 საათი წერია იმავე სპეცკატეგორიაში. მაგალითად, მიტანის სერვისის კურიერები რომ აიღოთ, უფრო მაღალი ხელფასები აქვთ, ვიდრე სხვებს, მაგრამ იმდენს მუშაობენ, რეალურად სახლშიც არ შედიან. სულ გარეთ ვართო, ამბობენ. თუ ყოველდღე 12 საათი მუშაობ, ეს უკვე ღირსეულ ხელფასს აღარ ნიშნავს; 40 საათზე მეტი შრომა თუ გიწევს გადარჩენისთვის, ეს სხვა რეალობაა. აქ ზეგანაკვეთური ტარიფიც დადგენილი არ არის. 40 საათზე მეტს რომ მუშაობ, ერთ-ნახევარი და ორმაგი უნდა გადაგიხადონ. ამ დროს, მხოლოდ ის წერია, რომ ტარიფი მეტი უნდა იყოს, ბევრი სულაც ერთ თეთრს წერს. ამ მხრივ, ძალიან ცუდი შრომის კოდექსი და აღსრულების მექანიზმები გვაქვს. მოკლედ, თუ მუშაობ და მაინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ხარ, ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. ისმის კითხვა, საერთოდ რატომ მუშაობ?.. ამ ფონზე, ბევრი სოციალურად დაუცველი ხდება, რადგან არ ღირს 50-70 საათი იმუშაო და 300-400 ლარი აიღო. უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს ესეც იწვევს. თავად მშრომელებმა უნდა იბრძოლონ და პირობების გაუმჯობესება მოითხოვონ. ასევე, ქვეყანაში სოლიდარობის გამომხატველი გაფიცვა აკრძალულია. ეს ნიშნავს, რომ როგორც პროფკავშირი, დიდ გაფიცვებს ვერასოდეს მოვაწყობთ - ეს ნორმაც გასაუქმებელია.

sopo-1367x1536-copy-1652084905.png

- ხელისუფლებამ თქვენი კანონპროექტი რატომ არ მიიღო, რა გიპასუხეს?

- არაფერი, საპარლამენტო კომიტეტში მათი რამდენიმე წარმომადგენელი მოვიდა და საკითხის გადამისამართებით იყვნენ დაკავებული. ყოველთვის ერთი პასუხი აქვთ - რომ ეს მიდგომა ბიზნესის თავისუფლებას შეზღუდავს, მას ხელი უნდა შევუწყოთ და ა.შ. მაგრამ ბიზნესს ხელი შეუწყო და ხალხი აღარ დაგრჩეს ქვეყანაში, უკვე არაადეკვატურად გამოიყურება.

კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ არ შეიძლება, პროგრესული გადასახადი გვქონდეს. მაგალითად: მეც 20 პროცენტს ვიხდი და მილიონერიც. რეალურად, რეგრესული გადასახადები მოქმედებს. მე თუ სამუშაო ადგილზე 500 ლარს ვიღებ და აქედან სახელმწიფოს ას ლარს ვუხდი, ჩემთვის ეს ასი ლარი შეუდარებლად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმისთვის, ვინც ვთქვათ, 10-ათასლარიან ხელფასს იღებს; უფრო დიდ სახლს ან მაგარ მანქანას შეიძლება ვერ შეიძენს, მაგრამ ხუთასი ლარიდან ას ლარს რომ ტოვებ, ნიშნავს, რომ შეიძლება, ერთი კვირა მშიერი დარჩე. ამიტომ დიდი ხელფასიდან მეტს უნდა იხდიდე, ვიდრე მაშინ, როცა ისედაც მინიმალურზე ნაკლები გასამრჯელო გაქვს. კიდევ, დღგ-ს იხდი, იმ ხუთასი ლარიდან ყველაფერს ხარჯავ, ფულს საერთოდ ვერ ინახავ. ასე გამოდის, რომ ხელფასის 40%-მდე სახელმწიფოს უტოვებ.

ამ ფონზე, ბიუჯეტს რომ შეხედო, სულ ღარიბების გადასახადებითაა შევსებული, რაც სამწუხარო სურათს ქმნის. ქვეყანაში პროგრესული გადასახადები უნდა დაკანონდეს. ჩვენ შევეცადეთ, კონსტიტუციიდან ეს „თავისუფლების აქტი“ ამოგვეღო, მაგრამ ბრძოლა წავაგეთ. "ქართულმა ოცნებამ" წინა ხელისუფლების დროინდელი ეს ჩანაწერი შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ მის ამოღებაზე დაპირებებიც იყო. გაუგებარია, ქვეყნის ძირითად კანონში ასეთი რეგრესული გადასახადები რატომ უნდა ეწეროს.

საქართველოში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ დერეგულაცია, თავისუფალი ბაზარი, ყველაფერი - ბიზნესზეა მორგებული. მაგრამ ამ ბიზნესსაც ხომ მომუშავე ხალხი სჭირდება, სტაბილურად რომ იმუშავებს, პროდუქციას შექმნის, სამსახურში ყოფნისას იმაზე არ iდარდeბს, ელემენტარულ გადასახადს როგორ გადაიხდის.

ქვეყნის ბიუჯეტი ყველაზე ღარიბ საზოგადოებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს - მშრომელს ნორმალური ხელფასი უნდა ჰქონდეს, შრომა იყოს დაცული, ადამიანს არ ეშინოდეს სამსახურში სიკვდილის (რომ შენობიდან არ ჩამოვარდება), არ ეშინოდეს, რომ ბავშვებს საჭმელს ვერ მიუტანს, სულ იმაზე არ იდარდოს, როგორმე ევროპაში გაიქცეს, რადგან აქ ნორმალურ ხელფასს არ უხდიან და ა.შ.

გელა მამულაშვილი