"შემოსული თანხის 30%-ს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ვრიცხავ" - გზაპრესი

"შემოსული თანხის 30%-ს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ვრიცხავ"

15 წლის გორელი ნუცა ფურცელაძე თავის ნახატებს ყიდის და მიღებული შემოსავლით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. პირველი ნახატი ბებიამ შეიძინა, რაც მისთვის დიდი სტიმული იყო. ბებიამ შეაყვარა ხელოვნებაც. გორის მესამე საჯარო სკოლაში, მეათე კლასში სწავლობს და დედასთან, ბებიასა და ძმასთან ერთად ცხოვრობს. ხატვა ძალიან უყვარს, მაგრამ მსახიობობაზე ოცნებობს.

- მეუბნებიან, რომ ხატვის ნიჭი გენეტიკურად მაქვს. ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე: ბებია ხელოვნებათმცოდნეა, მამის მხრიდან პაპა მხატვარი იყო, მამიდაც მხატვარია და მეც პატარაობიდან სულ ვხატავ. ხელოვნების სხვა სფეროებიც არანაკლებ მაინტერესებს, განსაკუთრებით - თეატრი. საბავშვო სპექტაკლებში 6 როლი მაქვს შესრულებული, რამაც შემაყვარა და მომანდომა მსახიობობა.

სოფიო ნარიაშვილი, დედა:

- ძალიან დამოუკიდებელი და ცელქი ბავშვი იყო. თუ გინდოდა, როგორმე ცოტა ხნით მაინც გაგეჩერებინა, ფურცელი და ფანქარი უნდა მიგეცა. მხოლოდ ხატვის დროს იყო წყნარად. შეეძლო, საათობით ეხატა, ძალიან ამშვიდებდა ეს პროცესი. განსაკუთრებით უყვარდა სახლების დახატვა. ნუციკო, ხე დამიხატეო, რომ გეთქვა, ხესთან ერთად აუცილებლად გაჩნდებოდა სახლი და უშველებელი, მოღიმარი მზე.

ნუცა:

- სახლების ხატვა ახლაც ძალიან მიყვარს. მამშვიდებს ხატვის პროცესი. ეს არის საშუალება, ზუსტად გამოვხატო ჩემი ემოციები და გრძნობები. ზოგჯერ საერთოდ არ ვარ ხატვის განწყობაზე, ზოგჯერ - პირიქით, გამუდმებით მინდა ვხატო და დღეში 2 ნახატიც კი დამისრულებია. 9 წლისა მიმიყვანა ბებომ სამხატვრო სტუდიაში, სადაც ვისწავლე სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრის შექმნა, 10 წლისამ კი პირველად მივიღე მონაწილეობა გამოფენაში, როდესაც ხატვის მასწავლებელმა ბავშვების საერთო გამოფენა მოაწყო.

- პირველსავე საქველმოქმედო ღონისძიებაზე გაიყიდა შენი 2 ნახატი, ხომ ასეა?

- დიახ, ერთ-ერთი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის დროს ორი ნამუშევარი - "გაზაფხული" და "ეიფელის კოშკი" - უცხოელმა შეიძინა.

277909068-306267314950038-4711607421460930667-n-copy-1652085063.jpg

სოფიო:

- ეს ღონისძიება გორის კულტურის ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა. ხიდისთაველ და-ძმას დავეხმარეთ, ერთს ლეიკემიის დიაგნოზი აქვს, მეორეს - ცერებრული დამბლის. ნახატებს ფასი არ ედო, სიმბოლურად, ვისაც რამდენი უნდოდა, იმდენს გადაიხდიდა. გამოფენის შემდეგ გვითხრეს, რომ ვიღაც უცხოელმა ნუცას 2 ნახატი 100 დოლარად იყიდა. ძალიან ბედნიერი იყო, რომ სხვების დახმარება შეძლო.

გორში არსებობს ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრი, რომელიც ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, საბავშვო სპექტაკლებს. ეს ხდება 2015 წლიდან. შშმ ბავშვებთან ერთად გორის თეატრშიც, კულტურის ცენტრის სცენაზეც გვქონდა სპექტაკლები და ნუცა ჩემთან ერთად იყო ჩაბმული ამ საქმიანობაში. ხშირად დამყვებოდა თან და როლებიც ზეპირად იცოდა. მეკითხებოდა, რატომ მიატოვეს ეს ბავშვები, შეიძლებოდა თუ არა გაუმჯობესებულიყო მათი მდგომარეობა და ა.შ. მოკლედ, ძალიან წუხდა მათზე. ერთხელ თავისი სკოლის ბუკი აჩუქა იმ ხიდისთაველ და-ძმას, ეტლით მოსარგებლეებს. მათ ეზოში ვითამაშეთ თოჯინების სპექტაკლი, რადგან თვითონ მოსვლა ვერ შეძლეს და სწორედ მაშინ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, კიდევ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ამ ბავშვებისთვის.

ნუცა:

- ბევრ სოციალურ ჯგუფთან მომიხდა ურთიერთობა - სპექტაკლებში ვითამაშე სპეციალური საჭიროების ბავშვებთან ერთად სხვა მზრუნველობამოკლებული და მძიმე დაავადების მქონე ბავშვების გასახალისებლად. ბევრს დავუმეგობრდი და რომ გახარებოდათ, ჩემს საყვარელ ნივთებსაც ვჩუქნიდი. ჩემი ბუკი რომ გავაჩუქე, ზედ მოღიმარი მზე დავხატე და ისე გადავეცი, მულტფილმებიც ჩავუწერე. ნახატების რეალიზების იდეაც ამ მიზნით გაჩნდა. დედასთან ერთად შევქმენი "ფეისბუკ-გვერდი", სადაც ნახატები და ჩემი გაკეთებული ყულაბები განვათავსე. თვეში დაახლოებით 20 ნახატი მაინც იყიდება და შემოსული თანხის 30%-ს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ვრიცხავ.

მართლაც დიდი ბედნიერებაა, მათ გახარებულ და გაბრწყინებულ თვალებს რომ ვუყურებ - რწმუნდებიან, რომ მარტონი არ არიან და იციან, მათ გვერდით ხარ. ამას წინათ ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელმა, დედა თინათინმა ერთი საყვარელი ბავშვის ფოტო გამომიგზავნა, - აი, ვის ეხმარებიო!.. ეს ძალიან ემოციური იყო, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებ და იმედი არ უნდა გავუმტყუნო ჩემს თანატოლებს, ვისაც თანადგომა სჭირდებათ.

ნინო ჯავახიშვილი