ომი და ბავშვები - როგორ გავუღვივოთ პატარებს დაცულობის განცდა - გზაპრესი

ომი და ბავშვები - როგორ გავუღვივოთ პატარებს დაცულობის განცდა

რუსეთი უკრაინაში ამა წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას დღემდე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. ამ ომის გარშემო, პრესით, ტელევიზიითა და სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველდღიურად შემზარავ ისტორიებს ვისმენთ და ვკითხულობთ. ამ ინფორმაციასთან წვდომა აქვს ბავშვებსა და მოზარდებსაც. ბუნებრივია მათთვის სტრესულია, როცა ხედავენ, თუ როგორ იღუპება მათი თანატოლი, როგორ ეძებს დედა აფეთქებული კორპუსის ნანგრევებში ჩაკარგული შვილის გვამს და ა.შ. სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, როცა კონფლიქტი ან ომი საინფორმაციო საშუალებების პირველ გვერდებზეა, ამას ადამიანებში შეუძლია გამოიწვიოს: შიში, სევდა, მღელვარება, ფსიქოლოგიური სტრესი. ბავშვებმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ რომ იგრძნონ, ისინი მხარდაჭერასა და ნუგეშს პირველ რიგში, ყოველთვის მშობლებთან ეძებენ. ასეთ დროს უფროსს ორმაგი ყურადღება მართებს და არავითარ შემთხვევაში ბავშვის სიტყვებისა თუ განცდების იგნორი.

ნინო ჭარხალაშვილი, ფსიქოთერაპევტი:

- დღევანდელი ბავშვისთვის ინფორმაცია გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე წლების წინ, როცა შინ ერთი ტელევიზორი იდგა და ორი არხი იყო. ეს 21-ე საუკუნის მოცემულობაა, რეალობის ნაწილი, რაც უნდა მოვინდომოთ, ამას ვერ შევეწინააღმდეგებით და ბავშვს კოლბაში ვერ ჩავსვამთ. ისინი არა მხოლოდ ომთან დაკავშირებით, არამედ სხვა თემებზეც უამრავ ინფორმაციას იღებენ და ზოგჯერ ბევრად ინფორმირებული არიან, ვიდრე მშობლები. შეიძლება მშობელმა გარკვეული ტექნიკური ჩარევით, ამა თუ იმ საიტზე წვდომა შეუზღუდოს, თუმცა ამას სრულიად ვერ შეძლებს. შესაბამისად, გამოსავალი ისაა, რომ ასეთ დროს ბავშვთან კომუნიკაცია გვქონდეს, ვიცოდეთ რას უყურებს, რას კითხულობს და შემდეგ ვეცადოთ, იმ ინფორმაციასთან მარტო არ დარჩეს, რომელიც მიიღო. ამავდროულად, ბავშვს იცავს თავდაცვითი მექანიზმები, რომელიც ეხმარება გაუმკლავდეს ინფორმაციას და შედეგად შეიძლება არცთუ ისე მძიმედ აღიქვას ნანახი და მისი ტრავმირება არ მოხდეს. ვიცით, დაცულობის ბაზისური განცდა, ადრეულ ასაკში ყალიბდება ისეთ გარემოში, სადაც ბავშვზე ზრუნავენ, უყვართ და მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ეს ერთგვარ ჯავშანს ქმნის, რომელიც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში განცდას - "ყველაფერი კარგად იქნება" უფრო იოლად უზრუნველყოფს, ვიდრე ბავშვებთან, რომლებთანაც ამ უსაფრთხოების ბაზისური განცდის ჩამოყალიბება თავის დროზე ვერ მოხდა. შესაბამისად, ისინი მატრავმირებელი ინფორმაციის შედეგად უფრო მოწყვლადები და დაუცველები არიან.

nino-1652085225.jpg

- ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სიყვარულის ნაკლებობას ვინც განიცდის, ის უფრო მეტად მგრძნობიარეა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით...

- დიახ, შეიძლება ასეც ითქვას. ფსიქოლოგიაში ბევრი სკოლა იკვლევს ბავშვის აღზრდის საკითხებს და თითოეულს განსხვავებული მიდგომები აქვთ, მაგრამ ერთზე ყველა თანხმდება - ჯანსაღი ფსიქიკის განვითარების ქვაკუთხედი სიყვარულშია. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი ბაზისური მოთხოვნილებები უზრუნველყოფილია კომპეტენტური, ძლიერი, მის ზევით მყოფი პირის მიერ, იქნება ეს დედა, მამა, ბებია თუ სხვა ადამიანი, ვინც ზრდის და მასზე ზრუნავს. ეს არის ბავშვისთვის ერთგვარი ქოლგა, რომელიც მთელ მის ცხოვრებასა და ზოგადად, სამყაროსადმი დამოკიდებულებას განაპირობებს. ეს მისი ძლიერი ჯავშანია და რა თქმა უნდა, ამ დროს ბავშვი ნაკლებად მოწყვლადია.

- ეს გასაგებია, მაგრამ არსებობენ განსაკუთრებულად მგრძნობიარე ბავშვები, რომლებიც თუნდაც ფილმსაც კი ემოციურად აღიქვამენ და როცა რეალური ფაქტებია მათ თვალწინ, ალბათ გაცილებით მძიმეა მათი ფიქრები. არაერთ მძიმე კადრთან ერთად, სოციალურ ქსელში უკრაინელი მოზარდის წითელი, დაცხრილული ქუდის ფოტო გავრცელდა, რაც მისმა თანატოლებმაც ნახეს. ასეთ დროს, რა ვუთხრათ მათ?

- ეს ქუდი მართლაც შემზარავი სანახავი იყო. უნდა ითქვას, დღევანდელ დროს არა მხოლოდ ბავშვი, უფროსიც კი დაუცველია. ხშირად ინფორმაცია ისეა მოწოდებული, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანების ემოციებით მანიპულირება ხდება. ამასთან გამკლავება ჩვენც გვჭირდება. ბავშვის ფსიქიკა და ფიქრი კიდევ უფრო ემოციურია, მას უჭირს კონკრეტული ამბების დიფერენცირება, ამიტომ არის რომ მასზე დიდ გავლენას ახდენს არა ნიუსი, არამედ გრაფიკული გამოსახულება და ამ შემთხვევაში ის ფოტო, რომელიც ახსენეთ. შეიძლება ეს ქუდი თავის ქუდთანაც დააკავშიროს და ირაციონალური ბმა მოხდეს. მოგეხსენებათ, ბავშვი ბუნებით ეგოცენტრიკულია, მას უჭირს სხვისი განსაცდელის განცდა. მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი უსაფრთხოება აწუხებს და თუ ასეთ დროს მის დახმარებას განვიზრახავთ, პირველ რიგში, უნდა გავუჩინოთ განცდა, რომ ამ თემაზე ჩვენთან საუბარი შეუძლია. განვიხილოთ, რამდენად რეალურია ის, რაც მას აშინებს და რამდენად საფრთხის შემცველია მასთან მიმართებაში. აქ მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკი, ამ თემაზე 4-5 წლის ბავშვს ვერ დაველაპარაკებით. მათ შეიძლება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მხოლოდ ემოციური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და გარანტია მივცეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გადავცეთ მესიჯი: "მე ის ვარ, ვინც შენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს". მოზრდილებთან კი დიალოგი და თემის გაშლა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ აქ კიდევ ერთი დილემაა. ომის სტრესის ქვეშაა დედაც და მამაც, საფრთხის ქვეშ ვართ ყველანი და არავითარი გარანტია არ გვაქვს, რომ იგივე შეიძლება ჩვენც და ჩვენ შვილებაც არ დაემართოს. ამიტომ აქ ზღვარია გასავლები, თუ სადამდე შეიძლება ბავშვთან გულწრფელი იყო. თავადაც უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ.

- ამ ომის ფონზე, ზოგიერთ ბავშვს, საკმაოდ მძაფრი განცდები აქვს. ღამით შფოთვა, მარტო დარჩენის შიში და მსგავსი ქცევები განუვითარდათ. როგორ მივუდგეთ მათ?

- მნიშვნელოვანია მშობელმა შეძლოს ბავშვის გულისყურით მოსმენა და რამდენადაც შესაძლებელია, ესაუბროს მას, როგორც ზრდასრულს, თანატოლს. იქონიოს მასთან გულწრფელი დიალოგი. გაზიარებული წუხილის კარგად მოსმენა, კარგავს ნეგატიურ ემოციურ მუხტს და ამცირებს შფოთვას. თუმცა, მშობლებს შვილებთან ამ ტიპის საუბარი უჭირთ. უფრო დამრიგებლური ტონი უადვილდებათ, სწავლებით, ზემოდან-ქვემოთ კომუნიკაციით. სამწუხაროდ, დიალოგისთვის მშობლები ვეღარ იცლიან. მიიჩნევა, რომ ამის დრო აღარ არის, როცა უამრავი სხვა საზრუნავია: ბავშვი მატერიალურად უზრუნველსაყოფელია, საკვები, სწავლა უფრო პრიორიტეტულია და გულისყურით მოსმენის დრო აღარ რჩება.

- პანდემიის პერიოდში მოზარდების გარკვეული ნაწილი საკუთარ თავში მეტად ჩაიკეტა, მშობლებისგან გაუცხოვდა, თანატოლებთან ურთიერთობის სურვილმაც იკლო. ისინი უფრო მეტად მიეჯაჭვნენ ინტერნეტს. თან, სწავლება ონლაინ მიმდინარეობდა და ესეც იყო სოციუმისგან გაუცხოების მიზეზი. დღეს ამას ომი დაემატა, რამდენად შეიძლება ეს ორი ფაქტი ერთმანეთს დავuკავშიროთ და ჩაითვალოს, რომ გაუცხოების თვალსაზრისით ეს ბავშვისთვის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია?

- მე პირადად პანდემიასა და ომს შორის კავშირს ვერ ვხედავ, თუმცა პანდემიის დროს ბავშვების სოციუმისგან გაუცხოებასთან დაკავშირებით გეთანხმებით. მათ თანატოლებთან კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონდათ, ონლაინსწავლებაც არასრულფასოვანი იყო და ისინი ყოველდღიური რუტინიდან ამოვარდნენ. ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენი ბავშვებისთვის იმ ხარისხით მატრავმირებელი არ არის, როგორიც პანდემია იყო. საბედნიეროდ, დღეს ბავშვებიც და ჩვენც სრულფასოვან ურთიერთობაში ვართ გადასული და ნელ-ნელა ძველებურ ცხოვრებას ვუბრუნდებით.

- ნაწილი თუ სიამოვნებით დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ნაწილს აღარც სახლიდან გასვლის სურვილი აქვს და არც "ცოცხალი" კომუნიკაციების, ეზარება. ფაქტია, დიდი ხნით ონლაინცხოვრებამ ბევრი რამ შეცვალა...

- ზრდასრულებში ასეა, გეთანხმებით, მაგრამ არა ბავშვებთან. ჩემი აზრით, პატარები ცოცხალ ურთიერთობებს იყვნენ მოწყურებული. ისინი ხალისითა და ენერგიით დაუბრუნდნენ ერთმანეთს.

- დაბოლოს, დასკვნის სახით რომ შევაჯამოთ, როცა სტრესული რამ ხდება და მეზობელ ქვეყანაში ომია, ბავშვის სიმშვიდის გარანტი, მაინც მშობლები ან ის ადამიანები არიან, ვის გვერდითაც იზრდება და ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია, ასეა?

- რა თქმა უნდა ასეა. მშვიდი დედა, შვილის სიმშვიდის გარანტიაა. რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან გამკლავებით მშობელი ერთგვარ მოდელს ქმნის, რომელსაც გაუცნობიერებლად ბავშვს გადასცემს. ბავშვისთვის (განსაკუთრებით პატარა ასაკზეა საუბარი), მშობელსა და სამყაროს შორის ტოლობის ნიშანი დგას. თუკი მშობელი ახერხებს ფიზიკური და ემოციური საჭიროებებით შვილის უზრუნველყოფას, ეს ბავშვისთვის ნიშნავს, რომ სამყარო მისთვის სტაბილური და კეთილგანწყობილია. თუკი ეს არ ხერხდება, შესაბამისად, სამყაროს მიმართ უნდობლობლობა, ბრაზი და წყენა ყალიბდება, რაც შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება ნარჩუნდება და სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

ანა კალანდაძე